Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0026 464992 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



მომხმარებელთა დაცვის პრინციპები
 
ბოლო განახლება: 2021-03-03

მომხმარებელთა დაცვა საკითხთა ორ დიდ სფეროს მოიცავს:

  1. ბაზარზე არსებული სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების/უვნებლობის უზრუნველყოფა;
  2. მომხმარებლის დაცვა შეცდომაში შეყვანისგან.

1. ევროკავშირის და WTO-ს ზოგადი მიდგომა ბაზარზე არსებული სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების/უვნებლობისადმი შემდეგია:

  1. ყველა მეწარმე ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი;
  2. სახელმწიფომ:
    1. უნდა დაადგინოს ამა თუ იმ პროდუქტის უსაფრთხოების/უვნებლობის კონკრეტული კრიტერიუმები/ნორმები;
    2. უნდა უზრუნველყოს პროდუქტის ამ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმების საიმედო სისტემის არსებობა;
    3. რეგულარულად უნდა აკონტროლოს მეწარმეების მიერ ბაზარზე მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტის განთავსების ვალდებულების შესრულება და სათანადოდ დასაჯოს დამრღვევები. კონტროლის ზომები განსხვავდება იმის მიხედვით, წარმოადგენს ეს პროდუქცია სურსათს თუ არა.

2. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიდგომები ევროკავშირში ეფუძნება იმ რწმენას, რომ სამომხმარებლო ბაზარის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ მომხმარებლები ენდონ ბაზარს, ანუ დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ მათ შეუძლიათ აირჩიონ და მიიღონ ის პროდუქცია, რაც მათ სურთ და სჭირდებათ. ამისათვის კი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი:

  • პროდუქციის არჩევისას მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სწორი, საკმარისი და გასაგები ინფორმაცია მისი თვისებების/თავისებურებების შესახებ;
  • მომხმარებელს საშუალება უნდა ჰქონდეს თავისუფლად, ზეწოლის გარეშე გაიაზროს მიწოდებული ინფორმაცია, რათა მიიღოს გადაწყვეტილება საქონლის/მომსახურების შეძენის თაობაზე;
  • მომხმარებელს უნდა მიაწოდონ ზუსტად ის პროდუქცია, რაც მან აირჩია;
  • პროდუქციის ნაკლი უფასოდ უნდა გამოსწორდეს - პროდუქცია უნდა შეკეთდეს ან გამოიცვალოს;
  • პროდუქციის ნაკლის/წუნის შედეგად მომხმარებლისთვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს.

ამისათვის ევროკავშირის კანონმდებლობა ადგენს მაგალითად შემდეგს:

  • დადგენილია ე.წ. "კანონისმიერი გარანტია", რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელმა ნაკლის მქონე1 პროდუქტი შეიძინა, შეძენიდან 2 წლის განმავლობაში2 მას აქვს უფლება მოვაჭრეს ამ საქონლის ნაკლის გამოსწორება, საქონლის გამოცვლა ან დაბრუნება მოსთხოვოს. მომხმარებლის ეს მოთხოვნა უნდა განხორციელდეს მომხმარებლისათვის ყოველგვარი დამატებითი ხარჯის დაკისრების გარეშე. მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის დადებული რაიმე ხელშეკრულება ან თუნდაც მოვაჭრის მიერ გაცემული გარანტია ამ უფლებაზე არ მოქმედებს. გარდა ამისა, ნივთის შეძენიდან 6 თვის განმავლობაში მოქმედებს ე.წ.  მომხმარებლის "უდანაშაულობის პრეზუმპცია" - თუკი ნაკლი ნივთს ამ პერიოდში აღმოაჩნდა, იგულისხმება, რომ ნივთს ნაკლი გაყიდვისას ჰქონდა - თუკი მოვაჭრე საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს. ამ უფლებებს უზრულველყოფს ევროკავშირის 1999/44/EC დირექტივა. (იხ. აგრეთვე მისი განმარტებები)
  • ინტერნეტით შეძენილ საქონელზე უარის თქმის უფლება - ინტერნეტში შეძენილი საქონლის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში მომხმარებელს აქვს უფლება, ყოველგვარი მიზეზის და ახსნა განმარტების გარეშე საქონელი (უხმარი!) დააბრუნოს. ასეთ შემთხვევაში მოვაჭრემ უნდა დააბრუნოს მომხმარებლის მიერ საქონლის მისაღებად გაწეული ყველა ხარჯი, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯი3 (თუმცა პროდუქტის დაბრუნებისათვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯი მომხმარებელმა უნდა გაიღოს) . ამ უფლებას უზრუნველყოფს 97/7/EC დირექტივა, რომელიც ამჟამად ჩანაცვლებულია 2011/83/EU დირექტივით.
  • ხელშეკრულების უსამართლო პირობების ბათილობა. ბათილია ხელშეკრულების ისეთი პირობები, როგორიცაა მაგალითად: მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების უფლება, მომხმარებლის გაფრთხილების და კომპენსაციის გარეშე, ან ხელშეკრულების ცალმხრივად გაგრძელების უფლება, მომხმარებლისთვის უარის თქმის საშუალების მიცემის გარეშე; შეძენილი საქონლის ან მომსახურების ცალმხრიად ცვლილების უფლება; აგრეთვე ხელშეკრულების "ფარული" პირობები, რომლის წინასწარ გაცნობის საშუალება მომხმარებელს არ ჰქონდა და სხვა (მეტი დეტალებისთვის იხ. ხელშეკრულების უსამართლო პირობების ჩამონათვალი). ხელშეკრულების ყველა გაუგებარი ტერმინი მომხმარებლისთვის სასარგებლოდ უნდა განიმარტოს. ეს მოთხოვნები დადგენილია 93/13/EEC დირექტივით.
  • მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი და აგრესიული მარკეტინგული ხერხების აკრძალვა. იკრძალება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა მაგალითად ისეთი ხერხებით, როგორიცაა ცრუ პრიზები და საჩუქრები, ცრუ ლიკვიდაციები და სპეციალური შეთავაზებები, ემოციური ზეწოლა მომხმარებელზე ან მათი დაშინება, ვაჭრობის პირამიდული სქემები, საქონლის დაჟინებული შეთავაზება ტელეფონით და სხვა (უფრო დეტალურად იხ. "მარკეტინგის შავი სია"). აკრძალულია აგრეთვე შეცდომაში შემყვანი რეკლამა. ეს აკრძალვები დადგენილია 2005/29/EC დირექტივით. დამატებით 98/6/EC დირექტივა ადგენს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანისგან დაცვის კიდევ ერთ ხერხს - მოვაჭრის ვალდებულებას, მიუთითოს არა მხოლოდ დაფასოებული პროდუქტის ფასი, არამედ აგრეთვე 1 კილოგრამის ან 1 ლიტრის ფასი, რათა მომხმარებელმა სხვადასხვა პროდუქტის ფასის შედარება შეძლოს.
  • მომხმარებელთა უფლებების/ინტერესების დარღვევის კონტროლი და აღკვეთა. თუკი მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნები ირღვევა (მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კონკრეტული დაზარალებული მომხმარებელი), მომხმარებელთა დამცველ საჯარო ან კერძო ორგანიზაციებს უფლება აქვთ მიმართონ სათანადო ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს, რომელიც სწრაფად გამოიძიებს და აღკვეთს დარღვევას. ეს მოთხოვნა დადგენილია 98/27/EC დირექტივით, ხოლო უცხოელი მომხმარებლების შემთხვევაში - 2006/2004 რეგულაციით.

გარდა აღწერილი ზოგადი უფლებების დამდგენი კანონმდებლობისა, 2019 წელს გათვალისწინებულია საქართვლოს კანონმდებლობაში იმ ნორმატიული აქტების გადმოტანაც, რომელიც მომხმარებელთა ინტერესებს მომსახურების ორ კონკრეტულ სფეროში (ტურიზმი და ფინანსური მომსახურება) იცავს. 


1. საქონლის ნაკლად მიიჩნევა მისი არსებითი შეუსაბამობა ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებთან.

2. მომხმარებელმა მოვაჭრეს ამ პრეტენზიით უნდა მიმართოს ნაკლის აღმოჩენიდან 2 თვის განმავლობაში.

3. იგულისხმება ტრანსპორტირების ის საშუალება, რაც მოვაჭრემ მომხმარებელს თავად შესთავაზა. თუ ასეთი შეთავაზებები რამდენიმე იყო, მიუხედავად იმისა, თუ რომელი აირჩია მომხმარებელმა, ანაზღაურდება ტრანპორტირების ყველაზე იაფი ვარიანტი.