Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0011 465168 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



შეთანხმება სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების შესახებ
 
ბოლო განახლება: 2019-02-16

იხ. ოფიციალური ინგლისური ტექსტი

შეთანხმება სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენების შესახებ

შენიშვნა: ეს შეთანხმება წარმოადგენს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების 1 დანართის შემადგენელ ნაწილს და საქართველოსთვის სავალდებულოა შესასრულებლად 2000 წლის 14 ივნისიდან, როცა საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი გახდა.

არაოფიციალური თარგმანი*

წევრები,

კვლავ ადასტურებენ რა, რომ არცერთი წევრი არ უნდა იყოს შეზღუდული ისეთი ზომების მიღებაში და/ან გამოყენებაში, რომლებიც აუცილებელია ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დასაცავად, იმ პირობით თუ ეს ზომები არ გამოიყენება ისეთი სახით, რომ წარმოადგენდეს ერთნაირი პირობების მქონე წევრებს შორის უსაფუძვლო ან გაუმართლებელი დისკრიმინაციის საშუალებას, ან საერთაშორისო ვაჭრობის ფარულ შეზღუდვას;

იმ სურვილით, რომ გააუმჯობესონ ადამიანების ჯანმრთელობა, ცხოველების ჯანმრთელობა და ფიტოსანიტარული მდგომარეობა ყველა წევრ-ქვეყანაში;

აღნიშნავენ რა, რომ სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები ხშირად გამოიყენება ორმხრივი შეთანხმებების ან პროტოკოლების საფუძველზე;

იმ სურვილით, რომ შექმნან სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების შემუშავების, მიღებისა და გამოყენების მარეგულირებელი წესებისა და დისციპლინების მრავალმხრივი ჩარჩო, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ამ ზომების ნეგატიური ზემოქმედება ვაჭრობაზე;

აღიარებენ რა მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც შეიძლება შეიტანოს საერთაშორისო სტანდარტებმა, წესებმა და რეკომენდაციებმა ამ მიმართებით;

იმ სურვილით, რომ ხელი შეუწყონ წევრებს შორის ჰარმონიზებული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენებას საერთაშორისო სტანდარტების, განმარტებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებიც შემუშავებულია შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის “კოდექს ალიმენტარიუსის” კომისიის, ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროსა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის ჩარჩოებში მოქმედი შესაბამისი საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების მიერ, წევრებისთვის მათ მიერ დადგენილი ადამიანების, ცხოველების და მცენარეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის დონეების ცვლილების მოთხოვნის გარეშე.

აღიარებენ რა, რომ განვითარებად წევრ-ქვეყნებს შეიძლება შეექმნათ განსაკუთრებული სიძნელეები იმპორტიორი წევრი-ქვეყნების სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების დაცვის თვალსაზრისით, და აქედან გამომდინარე ბაზარზე დაშვების, ასევე მათ საკუთარ ტერიტორიაზე სანიტარული ან ფიტოსანიტარული ზომების შემუშავების და გამოყენების თვალსაზრისით, აქვთ სურვილი დაეხმარონ მათ, მათ შესაბამის ძალისხმევაში;

სურვილით, რომ ამ მიზეზით შეიმუშავონ წესები 1994 წლის GATT-ის იმ დებულებების გამოყენებისათვის, რომლებსაც შეხება აქვთ სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენებასთან, განსაკუთრებით კი XX (ბ) მუხლისა 1;

თანხმდებიან შემდეგზე:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. არსებული შეთანხმება გამოიყენება ყველა სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების მიმართ, რომელთაც პირდაპირ ან ირიბად შეუძლიათ ნეგატიური გავლენა იქონიონ საერთაშორისო ვაჭრობაზე. ესეთი ზომები შემუშავდება და გამოიყენება არსებული შეთანხმების დებულებების შესაბამისად.

2. არსებული შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება განმარტებები, რომელიც მოცემულია A დანართში.

3. დანართები წარმოადგენს არსებული შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

4. არაფერი არსებულ შეთანხმებაში არ არღვევს "ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმებით" წევრებისათვის მინიჭებულ უფლებებს იმ ზომებთან მიმართებაში, რომლებიც არ ჯდება არსებული შეთანხმების ჩარჩოებში.

მუხლი 2. ძირითადი უფლებები და ვალდებულებები

1. წევრებს უფლება აქვთ შემოიღონ სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, რომლებიც აუცილებელია ადამიანების, ცხოველების და მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დასაცავად, იმ პირობით თუ ეს წესები არ ეწინააღმდეგება არსებული შეთანხმების დებულებებს.

2. წევრები უზრუნველყოფენ, რომ ნებისმიერი სანიტარული ან ფიტოსანიტარული ზომა გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ დონით, რომელიც აუცილებელია ადამიანების, ცხოველების და მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დასაცავად, დაფუძნებული იქნება მეცნიერულ პრინციპებებზე და ძალაში არ დარჩება საკმარისი მეცნიერული დასაბუთების გარეშე, იმ შემთხვევათა გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-5 მუხლის მე-7 პუნქტში.

3. წევრები უზრუნველყოფენ, რომ მათი სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები არ მოემსახურება უსაფუძვლო ან გაუმართლებელ დისკრიმინაციას არსებითად ერთნაირ პირობებში მყოფ წევრ-ქვეყნებს შორის, მათ შორის საკუთარი ტერიტორიების და სხვა წევრ ქვეყანათა ტერიტორიებს შორის. სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები არ იქნება გამოყენებული იმ სახით, რომ წარმოადგენდეს ფარულ დაბრკოლებას საერთაშორისო ვაჭრობისათვის.

4. სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, რომლებიც შეესაბამება არსებული შეთანხმების სათანადო დებულებებს, ითვლება 1994 წლის GATT-ის იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომლებსაც კავშირი აქვთ სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენებასთან, განსაკუთრებით კი XX (ბ) მუხლის დებულებებთან.

მუხლი 3. ჰარმონიზაცია

1. სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების შესაძლოდ ფართო საფუძველზე ჰარმონიზაციის მიზნით წევრი ქვეყნები დააფუძნებენ თავიანთ სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს საერთაშორისო სტანდარტებზე, წესებსა ან რეკომენდაციებზე თუ კი არსებულ შეთანხმებაში, კერძოდ კი მე-3 პუნქტში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, წესებს ან რეკომენდაციებს, ითვლება ადამიანების, ცხოველების და მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელ ზომებად და მიიჩნევა 1994 წლის GATT-ის და არსებული შეთანხმების სათანადო დებულებების შესაბამისად.

3. წევრებს შეუძლიათ შემოიღონ ან შეინარჩუნონ სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, რომელიც უზრუნველყოფს სანიტარული ან ფიტოსანიტარული დაცვის უფრო მაღალ დონეს, ვიდრე ამის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, წესების ან რეკომენდაციების საფუძველზე, თუ კი არსებობს მეცნიერული დასაბუთება2, ან თუ ეს წარმოადგენს წევრის მიერ მე-5 მუხლის 1 - 8 პუნქტების სათანადო დებულებების შესაბამისად დადგენილი სანიტარული ან ფიტოსანიტარული დაცვის დონის შედეგს. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, ყველა ზომა, რომლის შედეგია საერთაშორისო სტანდარტების, წესების ან რეკომენდაციების საფუძველზე მიღწევადი დონისგან განსხვავებული სანიტარული ან ფიტოსანიტარული დაცვის დონე, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არსებული შეთანხმების ნებისმიერ სხვა დებულებას.

4. თავისი შესაძლებლობების ფარგლებში წევრები სრულფასოვან მონაწილეობას იღებენ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი დამხმარე ორგანოების, განსაკუთრებით “კოდექს ალიმენტარიუსის” კომისიის, ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროსა, მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების მუშაობაში, რათა ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს სტანდარტების, წესებისა და რეკომენდაციების შემუშავებასა და პერიოდულ გადასინჯვას სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების ყველა ასპექტთან მიმართებაში.

5. სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების კომიტეტი, რომელიც გათვალისწინებულია მე-12 მუხლის 1 და მე-4 პუნქტებში (შემდგომში კომიტეტი), ამუშავებს საერთაშორისო ჰარმონიზაციაზე დაკვირვების პროცედურებს და კოორდინირებას უწევს ამ სამუშაოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მუხლი 4. ექვივალენტობა

1. წევრები სხვა წევრების სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს აღიარებენ ექვივალენტურად იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ზომები განსხვავდებიან მათი საკუთარი ზომებისგან ან იმ ზომებისაგან, რომელსაც იყენებენ სხვა წევრები, რომლებიც იგივე პროდუქციით ვაჭრობენ, თუკი ექსპორტიორი წევრი ობიექტურად უჩვენებს იმპორტიორ წევრს, რომ მისი ზომები უზრუნველყოფს იმპორტიორი წევრის სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის დონის მიღწევას. ამ მიზნით, იმპორტიორ წევრს, მოთხოვნის საფუძველზე, უნდა მიეცეს ინსპექტირების, გამოცდის და სხვა შესაბამისი პროცედურების ჩატარების შესაძლებლობა.

2. მოთხოვნის საფუძველზე, წევრებმა, ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებათა მიღწევის მიზნით, უნდა გამართონ კონსულტაციები კონკრეტული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების ექვივალენტობის აღიარებისათვის.

მუხლი 5. რისკის შეფასება და სანიტარული ან ფიტოსანიტარული დაცვის სათანადო დონის განსაზღვრა

1. წევრები უზრუნველყოფენ, რომ მათ სანიტარულ ან ფიტოსანიტარულ ზომებს საფუძვლად ედოს ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, გარემოებებთან შესაბამისი, რისკების შეფასება, რომელიც განხორციელდება შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რისკის შეფასების მეთოდების გათვალისწინებით.

2. რისკის შეფასებისას წევრები ითვალისწინებენ არსებულ მეცნიერულ დასაბუთებას; წარმოებისა და დამუშავების შესაბამის მეთოდებს; ინსპექტირების, ნიმუშის აღებისა და გამოცდის შესაბამის მეთოდებს; კონკრეტული დაავადებებისა და პარაზიტების გავრცელების ხარისხს; დაავადებებისა და პარაზიტებისაგან თავისუფალი ზონების არსებობას; შესაბამის ეკოლოგიურ და ბუნებრივ პირობებს; და საკარანტინო ან სხვა რეჟიმის არსებობას.

3. ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის რისკის შეფასებისას და ასეთი რისკისაგან სანიტარული ან ფიტოსანიტარული დაცვის სათანადო დონის მისაღწევად საჭირო ზომების განსაზღვრისას წევრები ითვალისწინებენ შესაბამის ეკონომიკურ ფაქტორებს, კერძოდ: რომელიმე დაავადების ან მავნებლის (ქვეყნის ტერიტორიაზე) შემოსვლის, დამკვიდრების ან გავრცელების შემთხვევაში წარმოების ან რეალიზაციის შემცირებისა შედეგად მოსალოდნელ ეკონომიკურ ზარალს; იმპორტიორი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე დაავადებათა ან მავნებელთა კონტროლისა და განადგურებისთვის საჭირო ხარჯებს; და რისკების შეზღუდვის ალტერნატიულ მიდგომების ფარდობით ხარჯთ-ეფექტურობას.

4. სანიტარული ან ფიტოსანიტარული დაცვის შესაბამისი დონის დადგენისას წევრებმა უნდა გაითვალისწინონ ვაჭრობაზე უარყოფითი გავლენის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობა.

5. ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე ცხოველებისა და მცენარეების სოცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკისაგან სანიტარული ან ფიტოსანიტარული დაცვის სათანადო დონის კონცეფციის გამოყენებისას წევრებს შორის შეთანხმების მიღწევისათვის ყოველი წევრი თავს არიდებს ცალკეულ სიტუაციებში განსხვავებული დაცვის დონეების დაუსაბუთებელ ან გაუმართლებელ გამოყენებას, თუკი ასეთი განსხვავება იწვევს საერთაშორისო ვაჭრობის დისკრიმინაციას ან მის ფარულ შეზღუდვას. მე-12 მუხლის 1, მე-2, და მე-3 პუნქტების თანახმად წევრები კომიტეტში თანამშრომლობენ იმ მითითებების შემუშავების მიზნით, რომლებიც ხელს უწყობს არსებული შეთანხმების პრაქტიკულ განხორციელებას. მითითებების შემუშავებისას კომიტეტი ითვალისწინებს ყველა შესაბამის ფაქტორს, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობისათვის იმ რისკების განსაკუთრებულ ხასიათს, რომლებშიც ისინი ნებაყოფლობით აგდებენ საკუთარ თავს.

6. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულებების დაურღვევლად, სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის სათანადო დონის მისაღწევად სანიტარული ან ფიტოსანიტარული ზომების შემოღების ან შენარჩუნების დროს, წევრები უზრუნველყოფენ, რომ ასეთმა ზომებმა არ შეზღუდონ ვაჭრობა იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭიროა სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის სათანადო დონის მისაღწევად, ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით3.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი მეცნიერული დასაბუთება არასაკმარისია, ნებისმიერ წევრს შეუძლია დროებით შემოიღოს სანიტარული ან ფიტოსანიტარული ზომები სათანადო ინფორმაციის არსებობის საფუძველზე, იმ ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც მიიღება შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე ინფორმაცია სხვა წევრების მიერ გამოყენებული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების შესახებ. მსგავსი გარემოებების დროს წევრები ცდილობენ მოიპოვონ აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია რისკის იბიექტური შეფასებისათვის და გონივრულ ვადაში გადასინჯონ თავისი სანიტარული ან ფიტოსანიტარული ზომები.

8. როდესაც წევრს აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ სხვა წევრის მიერ შემოღებული ან შენარჩუნებული სანიტარული ან ფიტოსანიტარული ზომა აფერხებს ან შეუძლია შეაფერხოს მისი ექსპორტი და მას საფუძვლად არ უდევს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, წესები და რეკომენდაციები, ან ასეთი სტანდარტები, წესები და რეკომენდაციები არ არსებობს, მას შეუძლია მოითხოვოს განმარტება ასეთი სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენების მიზეზების შესახებ, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს იმ წევრის მიერ, რომელიც იყენებს ამ ზომებს.

მუხლი 6. რეგიონალურ პირობებთან ადაპტაცია, მათ შორის დაავადებებისა და მავნებლებისაგან თავისუფალი ზონები და დაავადებებისა და პარაზიტების დაბალი გავრცელების ზონები

1. წევრები უზრუნველყოფენ, რომ მათი სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები მორგებული იყოს საქონლის წარმოშობისა და მისი დანიშნულების ტერიტორიის სანიტარულ და ფიტოსანიტარულ მახასიათებლებზე - იქნება ეს მთლიანად ქვეყანა, მისი ცალკეული რეგიონი, თუ რამოდენიმე ქვეყის ყველა ან რამოდენიმე ნაწილი. რეგიონის სანიტარული ან ფიტოსანიტარული მახასიათებლების შეფასებისას წევრები სხვა დანარჩენ ფაქტორებთან ერთად მხედველობაში იღებენ კონკრეტული დაავადებებისა და პარაზიტების გავრცელების ხარისხს, ამ დაავადებებისა და პარაზიტების კონტროლისა და განადგურების პროგრამების არსებობას და სათანადო კრიტერიუმებსა და მითითებებს, რომლებიც შეიძლება შემუშავებული იქნას შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

2. წევრები აღიარებენ დაავადებებისა და პარაზიტებისაგან თავისუფალი ზონებისა და დაავადებებისა და პარაზიტების დაბალი გავრცელების ზონების კონცეფციებს. ამგვარი ზონების განსაზღვრას საფუძვლად უდევს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გეოგრაფია, ეკოსისტემები, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ეფექტურობა.

3. ექსპორტიორმა ქვეყნებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ზონები მათი ტერიტორიის ფარგლებში წარმოადგენენ დაავადებებისა და პარაზიტებისაგან თავისუფალ ზონებს ან დაავადებებისა და პარაზიტების დაბალი გავრცელების ზონებს, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები, რათა ნათლად დაუსაბუთონ იმპორტიორ წევრ-ქვეყანას, რომ ეს ზონები არიან და სავარაუდოდ დარჩებიან დაავადებებისა და პარაზიტებისაგან თავისუფალ ზონებად ან დაავადებებისა და პარაზიტების დაბალი გავრცელების ზონებად, შესაბამისად. ამ მიზნით, იმპორტიორ წევრ-ქვეყანას, მისი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა მიეცეს გონივრული შესაძლებლობა ინსპექტირების, გამოცდისა და სხვა შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად.

მუხლი 7. გამჭვირვალობა

წევრები ატყობინებენ სხვა წევრებს თავიანთ სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებში ცვლილებების შეტანის შესახებ და მიაწვდიან ინფორმაციას ამ სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების შესახებ, B დანართის დებულებების შესაბამისად.

მუხლი 8. კონტროლის, ინსპექტირებისა და აღიარების პროცედურები

კონტროლის, ინსპექტირებისა და აღიარების პროცედურების გამოყენებისას წევრები იცავენ C დანართის დებულებებს, მათ შორის საკვები დანამატების დაშვების ეროვნული სისტემების, ან სურსათში, სასმელებსა ან ცხოველთა საკვებში დამაბინძურებული ნივთიერებების დასაშვები დონეების დადგენისას, ან სხვაგვარად უზრუნველყოფენ, რომ მათი პროცედურები არ ეწინააღმდეგებოდეს არსებული შეთანხმების დებულებებს.

მუხლი 9. ტექნიკური დახმარება

1. წევრები თანხმდებიან ტექნიკური დახმარება აღმოუჩინონ სხვა წევრებს, განსაკუთრებით განვითარებად წევრ ქვეყნებს, როგორც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ასევე შესაბამისის საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტექნოლოგიური გადამუშავება, გამოკვლელები და ინფრასტრუქტურა, აგრეთვე ნაციონალური მარეგულირებელი ორგანოს ჩამოყალიბება. ასეთმა დახმარებამ შეიძლება მიიღონ კონსულტაციების, კრედიტებისა და გრანტების გამოყოფის სახე ტექნიკური კვალიფიკაციის, კადრების გადამზადებისა და მოწყობილობების შესაძენად, რაც ამ ქვეყნებს საშუალებას მისცემს მათი სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები შესაბამისობაში მოიყვანონ საექსპორტო ბაზრების სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის შესაბამის დონესთან.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც იქმნება აუცილებლობა განვითარებად ექსპორტიორ ქვეყნაში განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რათა მან შეძლოს უპასუხოს იმპორტიორი ქვეყნის სანიტარულ და ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს, ეს უკანასკნელი განიხილავს ამგვარი ტექნიკური დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობას, რომელიც საშუალებას მისცემს განვითარებად წევრ ქვეყანას შეინარჩუნოს და გააფართოვოს კონკრეტული საქონლის ბაზარზე დაშვებისა და მისი ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები.

მუხლი 10. სპეციალური და დიფერენცირებული რეჟიმი

1. სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების შემუშავებისა და გამოყენებისას წევრები ითვალისწინებენ განვითარებადი წევრი ქვეყნების და განსაკუთრებით სუსტად განვითარებული წევრი ქვეყნების სპეციფიკურ მოთხოვნილებებს.

2. როდესაც სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის შესაბამისი დონე ახალი სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების ეტაპობრივი შემოღების საშუალებას იძლევა, განვითარებად წევრ ქვეყნებს ამ ზომებთან შესაგუებლად მათთვის საინტერესო საქონელზე უნდა მიენიჭოთ უფრო ხანგრძლივი პერიოდი მათი ექსპორტის შესაძლებელობების შენარჩუნების მიზნით.

3. იმისათვის, რომ განვითარებადმა წევრმა ქვეყნებმა შეძლონ არსებული შეთანხმების დებულებების შესრულება, ამ ქვეყნების ფინანსური, სავაჭრო და განვითარებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების გათვალისწინებით, კომიტეტს ენიჭება უფლება შეტყობინების საფუძველზე მკაცრად განსაზღვრული ვადით მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ასეთი ქვეყნები შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან.

4. წევრები ხელს უწყობენ განვითარებადი წევრი ქვეყნების აქტიურ მონაწილეობას შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში.

მუხლი 11. კონსულტაციები და დავების გადაწყვეტა

1. 1994 წლის GATT-ის XXII და XXIII მუხლების დებულებები იმ სახით, როგორითაც ისინი შემუშავებულია და გამოიყენება “დავების გადაწყვეტის შეთანხმებაში”, გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების ჩარჩოებში კონსულტაციებისა და დავების გადაწყვეტის მიმართ, თუ მასში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ შეთანხმების ფარგლებში სამეცნიერო და ტექნიკური პრობლემებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავის დროს საბჭო იღებს რჩევებს მის მიერ დანიშნული ექსპერტების ჯგუფის მხრიდან დავის მონაწილე მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე. ამის შემდეგ, საბჭოს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია შექმნას მრჩეველთა ტექნიკური ექსპერტების ჯგუფი ან დაიწყოს კონსულტაციები შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დავის მონაწილე რომელიმე მხარის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივის საფუძველზე.

3. არაფერი წინამდებარე შეთანხმებაში არ ზღუდავს წევრი ქვეყნების უფლებებს სხვა საერთაშორისო შეთანხმებების სფეროში, მათ შორის უფლებებს მიმართონ შუამავლებს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დავების გადაწყვეტის მექანიზმებს ან ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილ მექანიზმებს.

მუხლი 12. მართვა

1. კონსულტაციებისთვის რეგულარული ფორუმის გამართვის მიზნით იქმნება სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების კომიტეტი, რომელსაც ეკისრება არსებული შეთანხმების დებულებათა და მისი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ფუნქციები, განსაკუთრებით ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსის გზით.

2. კომიტეტი ხელს უწყობს და ახალისებს სპეციალური კონსულტაციების ან მოლაპარაკებების გამართვას წევრ ქვეყნებს შორის სპეციფიკურ სანიტარულ და ფიტოსანიტარულ პრობლემებთან დაკავშირებით. კომიტეტი წაახალისებს ყველა წევრის მიერ საერთაშორისო სტანდარტების, განმარტებებისა და რეკომენდაციების გამოყენების გაფართოვებას და აქედან გამომდინარე ხელს შეუწყობს ტექნიკურ კონსულტაციებსა და სწავლებას საერთაშორისო და ადგილობრივ სისტემებს შორის კოორდინაციისა და ინტეგრაციის გაზრდის მიზნით და მისაღებ დაახლოვებას საკვების დანამატების ან საკვებში, სასმელსა და ცხოველების საკვებში გაფუჭების ნორმის დადგენას.

3. კომიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის სფეროში. განსაკუთრებით "კოდექს ალიმენტარიუსის" კომისიასთან, ეპიზოოტიის საერთაშორისო ოფისთან და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის სამდივნოსთან წინამდებარე შეთანხმების მართვისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი სამეცნიერო და ტექნიკური რჩევების მიღების თვალსაზრისით, აგრეთვე საქმიანობის დუბლირების თავიდან აცილების მიზნით.

4. კომიტეტი შეიმუშავებს დაკვირვების პროცედურას საერთაშორისო სტანდარტების, განმარტებების ან რეკომენდაციების საერთაშორისო ჰარმონიზაციისა და გამოყენების პროცესზე. ამ მიზნით კომიტეტი სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად დაადგენს იმ სანიტარული ან ფიტოსანიტარული ღონისძიებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტების, განმარტებების და რეკომენდაციების სიას, რომლებიც კომიტეტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნია ვაჭრობაზე. სია უნდა მოიცავდეს წევრი ქვეყნების მიერ აღნიშნულ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, განმარტებებსა და რეკომენდაციებს, რომლებსაც ისინი იყენებენ როგორც წინაპირობას იმპორტირებისათვის ან რომელთა საფუძველზეც იმპორტული საქონელი რომელიც აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, დაშვებული იქნება ბაზარზე. იმ შემთხვევაში, როდესაც წევრი ქვეყანა არ იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს, განმარტებებსა და რეკომენდაციებს როგორც იმპორტისათვის წინაპირობას, წევრმა ქვეყანამ უნდა განმარტოს მიზეზები, კერძოდ მიუთითოს, მიიჩნევს თუ არა, რომ სტანდარტი არ უზრუნველყოფს სანიტარული ან ფიტოსანიტარული დაცვის საკმარის დონეს. თუ ნებისმიერი წევრი შეტყობინების შემდეგ გადახედავს თავის პოზიციას სტანდარტების, განმარტებების და რეკომენდაციების გამოყენების თაობაზე, როგორც იმპორტირების პირობას, მან უნდა განმარტოს მის მიერ შეტანილი ცვლილებების მიზეზები და აცნობოს სამდივნოს, აგრეთვე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, თუ კი ამგვარი შეტყობინება და განმარტებება წარდგენილი არ იქნება დანართ B-ში მითითებული პროცედურების შესაბამისად.

5. არასაჭირო დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, კომიტეტს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში მოქმედი პროცედურების, განსაკუთრებით შეტყობინების პროცედურების შედეგად მიღებული ინფორმაციის გამოყენების შესახებ.

6. კომიტეტს შეუძლია, რომელიმე წევრის ინიციატივის საფუძველზე, შესაბამისი არხების საშუალებით მოიწვიოს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები ან მათი წარმომადგენლობები, ცალკეულ სტანდარტთან, განმარტებასთან ან რეკომენდაციასთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხების განსახილველად, მე-4 პუნქტის შესაბამისად მათი არგამოყენების მიზეზების ჩათვლით;

7. კომიტეტი WTO-ს შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდეგ და შემდგომ აუცილებლობის შემთხვევაში განიხილავს შეთანხმების მოქმედებისა და განხორციელების პირობებს. საჭიროების შემთხვევაში კომიტეტს შეუძლია საქონლით ვაჭრობის საკითხთა საბჭოს მიაწოდოს თავისი წინადადებები არსებული შეთანხმების ტექსტში ცვლილებების შესატანად, ამავე დროს გაითვალისწინოს შეთანხმების განხორციელებისას მიღებული გამოცდილება.

მუხლი 13. განხორციელება

წევრები წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მთლიანად არიან პასუხისმგებელნი ყველა ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების შესრულებაზე. წევრები ჩამოაყალიბებენ და განახორციელებენ გარკვეულ ღონისძიებებსა და მექანიზმებს, არსებული შეთანხმების დებულებების იმ ორგანიზაციების მიერ შესრულების ხელშესაწყობად, რომლებიც არ წარმოადგენენ ცენტრალურ სამთავრობო ორგამოებს.წევრები მიიღებენ შესაბამის გონივრულ ზომებს იმისთვის, რომ მათ ტერიტორიაზე არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც რეგიონალურმა ორგანოებმა, რომელშიც გაწევრიანებულია მათ ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციები, შეასრულონ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებები. გარდა ამისა წევრები არ მიიღებენ ზომებს რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოითხოვს ან ხელს შეუწყობს ამგვარ რეგიონალურ ან არასამთავრობო ორგანიზაციებს, ან ადგილობრივ სამთავრობო ორგანოებს იმოქმედონ წინამდებარე შეთანხმების დებულებების დარღვევით. წევრები უზრუნველყოფენ, რომ სანიტარული ან ფიტოსანიტარული ზომების განხორციელებისას ისარგებლებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მომსახურებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ორგანიზაციები ასრულებენ წინამდებარე შეთანხმების დებულებებს.

მუხლი 14. დასკვნითი დებულებები

ნაკლებად განვითარებულ წევრებს, მათი სანიტარულ ან ფიტოსანიტარულ ზომებთან მიმართებაში, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ იმპორტზე ან იმპორტირებად პროდუქციაზე, შეუძლიათ გადაავადონ არსებული შეთანხმების დებულებათა შესრულება WTO-ს შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში. სხვა განვითარებად ქვეყნებს მათ სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებთან მიმართებაში, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ იმპორტზე ან იმპორტირებად პროდუქციაზე, შეუძლიათ გადაავადონ არსებული შეთანხმების დებულებათა შესრულება, გარდა მე-5 მუხლის მე-8 პუნქტისა და მე-7 მუხლის დებულებებისა, WTO-ს შთანხმების ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ზომების გამოყენებას ხელს უშლის ტექნიკური გამოცდილების, ტექნიკური ინფრასტრუქტურის ან რესურსების ნაკლებობა.

დანართი A4

ტერმინთა განმარტება

1. სანიტარული ან ფიტოსანიტარული ზომა - ნებისმიერი ზომა, რომელიც გამოიყენება:

ა) წევრი-ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოველთა ან მცენარეთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის იმ რისკისაგან დასაცავად, რომელიც წარმოიშვება წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მავნებლების, დაავადების მატარებელი ან დაავადების გამომწვევი ორგანიზმების შესვლის, დამკვიდრებისა ან გავრცელებისას;

ბ) წევრი-ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანთა ან ცხოველთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის იმ რისკისაგან დასაცავად, რომელიც გამოწვეულია სურსათში, სასმელებში ან ცხოველის საკვებში დანამატების, დამაბინძურებელი ნივთიერებების, ტოქსინების ან დაავადების გამომწვევი ორგანიზმების მოხვედრით;

გ) წევრი-ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანთა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის იმ რისკისაგან დასაცავად, რომელიც გამოწვეულია ცხოველების, მცენარეების ან მათგან დამზადებული პროდუქციის საშუალებით გადატანილი დაავადებებით ან ქვეყანაში მავნებლების შესვლით, დამკვიდრებით ან გავრცელებით; ან

დ) წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მავნებლების შესვლის, დამკვიდრების და გავრცელებისას მიყენებული სხვა სახის ზიანის აღმოსაფხვრელად ან შეზღუდვისათვის.

სანიტარული ან ფიტოსანიტარული ზომები მოიცავს ყველა შესაბამის კანონს, წესს, დადგენილებას, მოთხოვნას და პროცედურას, მათ შორის მაგალითად, მოთხოვნებს საბოლოო პროდუქტისადმი, დამუშავებისა და წარმოების მეთოდებს, გამოცდის, ინსპექტირების, სერტიფიკაციის და აღიარების პროცედურებს; საკარანტინო რეჟიმებს, სათანადო მოთხოვნების ჩათვლით, რომელიც დაკავშირებულია ცხოველების ან მცენარეების ტრანსპორტირებასთან ან ნივთიერებებთან, რომლებიც აუცილებელია ტრანსპორტირებისას მათი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად; შესაბამისი სტატისტიკური მეთოდების დებულებები, სინჯის აღების პროცედურები და რისკის შეფასების მეთოდები; და შეფუთვისა და ეტიკეტირების ის მოთხოვნები, რომლებიც უშუალო კავშირშია სურსათის უვნებლობასთან.

2. ჰარმონიზაცია - სხვადასხვა წევრების მიერ ერთიანი სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების დადგენა, აღიარება და გამოყენება.

3. საერთაშორისო სტანდარტები, განმარტებები და რეკომენდაციები

ა) სურსათის უვნებლობასთან მიმართებაში - “კოდექს ალიმენტარიუსის” კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტები, განმარტებები და რეკომენდაციები, რომელიც ეხება საკვებ დანამატებს, ვეტერინარულ პრეპარატებისა და პესტიციდების ნარჩენებს, დამაბინძურებელ ნივთიერებებს, ანალიზისა და სინჯის აღების მეთოდებს, ასევე ჰიგიენური პრაქტიკის კოდექსები და სახელმძღვანელო მითითებები.

ბ) ცხოველებისა და ცხოველთა სამყაროს ჯანმრთელობასთან მიმართებაში - სტანდარტები, განმარტებები და რეკომენდაციები, რომლებიც შემუშავებულია ეპიზოოტიის საერთაშორისო ბიუროს ეგიდით.

გ) მცენარეთა ჯანმრთელობასთან მიმათებაში - სტანდარტები, განმარტებები და რეკომენდაციები, რომლებიც შემუშავებულია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის სამდივნოს ეგიდით, რეგიონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომლებიც ფუნქციონირებენ მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის ჩარჩოებში; და

დ) იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებსაც არ მოიცავს ზემოთ ხსენებული ორგანიზაციები - სათანადო სტანდარტები, განმარტებები და რეკომენდაციები, გავრცელებული სხვა ისეთი შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც, კომიტეტის დასკვნით, ღიაა ყველა წევრისათვის გასაწევრიანებლად.

4. რისკის შეფასება - იმპორტიორი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე პარაზიტის ან დაავადების შეღწევის, დამკვიდრების ან გავრცელების შესაძლებლობის და მასთან დაკავშირებული პოტენციური ბიოლოგიური და ეკონომიკური შედეგების შეფასება იმ სანიტარული ან ფიტოსანიტარული ზომების გათვალისწინებით, რომელიც შესაძლოა იყოს გამოყენებული; ან ადამიანების ან ცხოველების ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შესაძლებლობის შეფასება, რომელიც წარმოიშვა საკვები დანამატების, დამაბინძურებელი ნივთიერებების, ტოქსინების, ან დაავადების გამომწვევი ორგანიზმების არსებობის გამო სურსათში, სასმელებში ან ცხოველთა საკვებში.

5. სანიტარული ან ფიტოსანიტარული დაცვის დონე - დაცვის დონე, რომელიც მიიჩნევა სათანადოდ იმ წევრი ქვეყნის მიერ, რომელიც საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობის დასაცავად იყენებს სანიტარულ ან ფიტოსანიტარულ ზომებს.

შენიშვნა: ბევრი წევრი ამ კონცეფციას მოიხსენიებს როგორც - “რისკის მისაღები დონე”.

6. მავნებლებისა და დაავადებებისაგან თავისუფალი ზონა - ტერიტორია, იქნება ეს ქვეყანა, ქვეყნის ნაწილი, ან რამოდენიმე ქვეყანა ან მათი ნაწილები, რომელზეც, კომპეტენტური ორგანოების დასკვნით, კონტრეტული მავნებელი ან დაავადება არ გვხვდება.

შენიშვნა: პარაზიტებისა და დაავადებებისაგან თავისუფალი ზონა შეიძლება გარს ეკრას, თვითონ იყოს გარშემორტყმული, ან ესაზღვრებოდეს ნებისმიერ ზონას - ქვეყნის ნაწილში ან გეოგრაფიულ რეგიონში, რომელიც მოიცავს რამდენიმე ქვეყანას ან მათ ნაწილებს - რომელშიც გვხვდება კონკრეტული მავნებლები ან დაავადებები, მაგრამ ხორციელდება რეგიონალური კონტროლის ისეთი ზომები, როგორიცაა დაცვა, დაკვირვება და ბუფერული ზონების შექმნა, რომლებიც შეზღუდავენ ან აღმოფხვრიან აღნიშნული მავნებლების ან დაავადებების გავრცელებას.

7. პარაზიტების ან დაავადებების დაბალი გავრცელების ზონა - ტერიტორია, იქნება ეს ქვეყანა, ქვეყნის ნაწილი, ან რამოდენიმე ქვეყანა ან მათი ნაწილები, რომელზეც, კომპეტენტური ორგანოების დასკვნით, კონტრეტული მავნებლის ან დაავადების გავრცელების დონე დაბალია და სადაც ხორციელდება დაკვირვების, კონტროლისა და აღმოფხვრის ღონისძიებები.

დანართი B

სანიტარული და ფიტოსანიტარული წესების გამჭვირვალობა

წესების გამოქვეყნება

1. წევრები უზრუნველყოფენ, რომ ყველა მიღებული სანიტარული და ფიტოსანიტარული წესი5 დაუყოვნებლივ იქნას გამოქვეყნებული, რათა დაინტერესებულ წევრებს ჰქონდეთ მათი გაცნობის საშუალება.

2. გადაუდებელი შემთხვევების გარდა, წევრები გაითვალისწინებენ დროის გონივრულ პერიოდს ნებისმიერი სანიტარული ან ფიტოსანიტარული წესის გამოქვეყნებასა და მის ძალაში შესვლას შორის, რათა მისცენ დრო ექსპორტიორი წევრი ქვეყნების მწარმოებლებს და განსაკუთრებით განვითარებად წევრ ქვეყნებს, თავიანთი პროდუქციისა და წარმოების მეთოდების იმპორტიორი წევრი ქვეყნის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

საკონტაქტო პირები

3. ყოველი წევრი უზრუნველყოფს ერთი საკონტაქტო პირის არსებობას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაინტერესებული წევრის მიერ წარდგენილი საფუძვლიანი შეკითხვების დაკმაყოფილებაზე, ასევე შესაბამისი დოკუმენტების წარდგენაზე, რომლებიც ეხება:

ა) მის ტერიტორიაზე მიღებულ ან შემუშავებულ ნებისმიერ სანიტარულ ან ფიტოსანიტარულ წესს;

ბ) მის ტერიტორიაზე მოქმედ კონტროლის ან ინსპექტირების ნებისმიერ პროცედურას, წარმოების ან კარანტინის რეჟიმებს, პესტიციდების დასაშვები დონის დადგენის და საკვები დანამატების დაშვების პროცედურებს;

გ) რისკის შეფასების პროცედურებს, გასათვალისწინებელ ფაქტორებს, ასევე სანიტარული ან ფიტოსანიტარული დაცვის სათანადო დონის მნიშვნელობას;

დ) წევრი ქვეყნის ან მის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი ორგანოების წევრობას და მონაწილეობას საერთაშორისო და რეგიონალურ სანიტარულ ან ფიტოსანიტარულ ორგანიზაციებსა და სისტემებში, ასევე წინამდებარე შეთანხმების ჩარჩოებში მიმდინარე ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში; და წინამდებარე შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ტექსტს.

4. იმ შემთხვევებში, როცა დაიტერესებული წევრები მოითხოვენ დოკუმენტების ასლებს, წევრები უზრუნველყოფენ მათ მიწოდებას იმავე ფასში (თუ ასეთი არსებობს) რაც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის6 მოქმედებს, გაგზავნის ხარჯების გათავალისწინების გარეშე.

შეტყობინების პროცედურები

5. იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო სტანდარტები, განმარტებები და რეკომენდაციები არ არსებობს ან შემუშავებული სანიტარული ან ფიტოსანიტარული წესების შინაარსი არსებითად განსხვავდება საერთაშორისო სტანდარტების, განმარტებებისა და რეკომენდაციების შინაარსისაგან და თუ ამ წესებს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სხვა წევრი ქვეყნების ვაჭრობაზე, მაშინ წევრები:

ა) ადრეულ ეტაპზე აქვეყნებენ შეტყობინებას, რათა დაინტერესებულ წევრებს საშუალება მიეცეთ გაეცნონ კონკრეტული წესების შემოღების განზრახვას;

ბ) სამდივნოს საშუალებით ატყობინებენ სხვა წევრებს იმ საქონლის შესახებ, რომელსაც ეს წესი შეეხება და თან ურთავენ მოკლე მითითებას შემუშავებული წესის შემოღების მიზნებისა და მიზეზების შესახებ. მსგავსი შეტყობინებები კეთდება წინასწარ, რათა შესაძლებელი იყოს შესწორებების შეტანა და შენიშვნების გათვალისწინება.

გ) მოთხოვნისთანავე მიაწოდებენ სხვა წევრებს შემუშავებული წესების ასლებს და შეძლებისდაგვარად მიუთითებენ იმ ნაწილებს, რომლებიც არსებითად განსხვავდება საერთაშორისო სტანდარტების, განმარტებებისა და რეკომენდაციებისაგან.

დ) დისკრიმინაციის გარეშე მისცემენ სხვა წევრებს სათანადო დროს შენიშვნების წერილობითი სახით მოსამზადებლად, მოთხოვნის შემთხვევაში განიხილავენ ამ შენიშვნებს და გაითვალისწინებენ გაკეთებულ შენიშვნებსა და განხილვის შედეგებს.

6. თუმცა იმ შემთხვევებში, როცა წევრი აწყდება ან შეიძლება რეალურად წააწყდეს ჯანმრთელობის დაცვის გადაუდებელ პრობლემებს, მას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია არ შეასრულოს ამ დანართის მეხუთე პუნქტში ჩამოთვლილი პროცედურები იმ პირობით, თუ მოცემული წევრი:

ა) სამდივნოს საშუალებით დაუყოვნებლივ ატყობინებს სხვა წევრებს კონკრეტული წესებისა და საქონლის შესახებ, რომლებსაც ისინი მოიცავენ, თანდართული მოკლე მითითებით წესის შემოღების მიზნებისა და მიზეზების შესახებ, გადაუდებელი პრობლემის არსის ჩათვლით;

ბ) მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს სხვა წევრებს ამ წესის ასლს;

გ) შესაძლებლობას აძლევს სხვა წევრებს შენიშვნების წერილობითი სახით მოსამზადებლად, მოთხოვნის შემთხვევაში განიხილავს მათ და ითვალისწინებს გაკეთებულ შენიშვნებსა და განხილვის შედეგებს.

7. სამდივნოს შეტყობინება წარედგინება ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე.

8. განვითარებული წევრი-ქვეყნები სხვა წევრების მოთხოვნის შემთხვევაში მიაწვდიან კონკრეტული შეტყობინების შესაბამისი დოკუმენტების ასლებს, ან დიდი მოცულობის დოკუმენტების შემთხვევაში - მათ მოკლე შინაარსს, ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე.

9. სამდივნო დაუყოვნებლივ მიაწვდის ასლებს ყველა წევრსა და დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციას და განვითარებადი წევრი-ქვეყნების ყურადღებას გაამახვილებს ნებისმიერ შეტყობინებაზე, რომელიც შეეხება მათთვის განსაკუთრებით საინტერესო საქონელს.

10. წევრები ნიშნავენ ერთიან ცენტრალურ მმართველ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შეტყობინების პროცედურებთან დაკავშირებული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელებაზე ამ დანართის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

ზოგადი გამონაკლისები

11. არაფერი არსებულ შეთანხმებაში არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მოთხოვნა:

ა) მიეწოდოს პროექტების ან მისი ცალკეული ნაწილების ასლები ან გამოქვეყნდეს ტექსტები წევრი ქვეყნისათვის უცხო ენაზე, ამ დანართის მე-8 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა;

ბ) გამჟღავნდეს წევრების მიერ კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც ხელს შეუშლიდა სანიტარული ან ფიტოსანიტარული კანონმდებლობის აღსრულებას ან დააზარალებდა ცალკეული საწარმოების კანონიერ კომერციულ ინტერესებს.

დანართი C

კონტროლის, ინსპექტირებისა და აღიარების პროცედურები

1. სანიტარული ან ფიტოსანიტარული ზომების შესრულების შემოწმებისა და უზრუნველყოფის ნებისმიერ პროცედურებთან დაკავშირებით წევრები უზრუნველყოფენ, რომ

ა) ასეთი პროცედურები ჩატარდეს და დასრულდეს დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე, და იმპორტულ საქონელზე გავრცელდეს არანაკლები ხელშემწყობი მიდგომა, ვიდრე ეს მსგავს ადგილობრივ საქონელზე ვრცელდება;

ბ) გამოქვეყნდეს ყოველი პროცედურის ჩატარების სტანდარტული ხანგრძლივობა ან მოთხოვნის თანახმად ეცნობოს განმცხადებელს პროცედურის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ. განაცხადის მიღებისთანავე კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ დოკუმენტების სრულყოფილება და განმცხადებელს ნათლად და ამომწურავად მიაწოდონ ინფორმაცია დოკუმენტის ხარვეზების შესახებ. კომპეტენტურმა ორგანომ რაც შეიძლება სწრაფად, ნათლად და ამომწურავად აცნობოს განმცხადებელს პროცედურების შედეგები, რათა საჭიროების შემთხვევაში მიღებული იქნას გამოსასწორებელი ზომები; იმ შემთხვევაშიც კი, თუ განაცხადი ხარვეზიანია, განმცხადებელი მოთხოვნის  შემთხვევაში პროცედურები შეძლებისდაგვარად სრულად განხორციელდეს; და მოთხოვნის შემთხვევაში განმცხადებელი ინფორმირებული იყოს პროცედურის ჩატარების სტადიის შესახებ, ნებისმიერ შეფერხებასთან დაკავშირებულ ახსნა-განმარტებებთან ერთად;

გ) მინიმუმამდე იყოს შეზღუდული კონტროლის, ინსპექტირებისა და აღიარების პროცედურებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნები, საკვები დანამატების დაშვებისა და სურსათში, სასმელებსა და ცხოველთა საკვებში დამაბინძურებელი ნივთიერებების დასაშვები დონის დადგენის პროცედურების ჩათვლით;

დ) არანაკლები ხელშეწყობით იყოს დაცული იმ ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც შეეხება კონტროლის, ინსპექტირებისა და აღიარების პროცედურებთან დაკავშირებით გამოვლენილ ან მიღებულ იმპორტირებულ საქონელს, ვიდრე ინფორმაცია, რომელიც შეეხება ადგილობრივი წარმოების საქონელს, და უზრუნველყოფილი იქნეს კანონიერი კომერციული ინტერესების დაცვა;

ე) საქონლის ცალკეული ნიმუშების კონტროლის, ინსპექტირებისა და აღიარების პროცედურებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა უნდა იყოს გონივრული და დასაბუთებული;

ვ) იმპორტირებულ საქონელზე პროცედურებთან დაკავშირებით დარიცხული ნებისმიერი მოსაკრებელი იყოს იმ მოსაკრებლის თანაბარზომიერი, რომელიც დაწესებულია ადგილობრივ ან ნებისმიერი სხვა წევრი ქვეყნის საქონელზე და არ უნდა იყოს მომსახურების მოქმედ ღირებულებაზე მაღალი;

ზ) იმპორტირებული საქონლის შემთხვევაში ობიექტების და ნიმუშების შერჩევისას უნდა მიმართონ იგივე კრიტერიუმებს, რასაც მიმართავენ ადგილობრივი საქონლისათვის, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი განმცხადებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების ან მათი აგენტების უხერხულობები;

თ) ყოველთვის, როდესაც მოქმედი წესების გათვალისწინებით განხორციელებული კონტროლისა და ინსპექტირების შემდეგ პროდუქციის სპეციფიკაცია იცვლება, მოდიფიცირებულ საქონელთან დაკავშირებული პროცედურები შემოიფარგლებოდეს იმის განსაზღვრით, რაც აუცილებელია საკმაო დამაჯერებლობის მისაღწევად იმაში, რომ საქონელი კვლავინდებურად შეესაბამება მოქმედ წესებს;

ი) არსებობდეს ასეთ პროცედურებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვისა და მაკორექტირებელი ზომების მიღების პროცედურები იმ შემთხვევაში, თუ პრეტენზია საფუძვლიანია;

იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტიორ წევრ ქვეყანაში არსებობს სურსათში, სასმელებში ან ცხოველურ საკვებში დანამატების დაშვების ან დამაბინძურებელი ნივთიერებების დასაშვები დონის დამდგენი სისტემა, რომელიც კრძალავს ან ზღუდავს მის შიდა ბაზარზე ისეთი საქონლის დაშვებას, რომელიც აღიარებული არ არის, იმპორტიორი წევრი ქვეყანა განიხილავს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებას ბაზარზე დაშვების მიზნით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

2. იმ შემთხვევაში, როდესაც სანიტარული ან ფიტოსანიტარული ზომა განსაზღვრავს კონტროლის პირობებს წარმოების დონეზე, წევრი, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება წარმოება, უზრუნველყოფს დახმარებას მაკონტროლებელი ორგანოების მუშაობის ხელშესაწყობად;

3. არაფერი არსებულ შეთანხმებაში ხელს არ უშლის წევრებს, განახორციელონ გონივრული ინსპექტირება საკუთარ ტერიტორიაზე.


შენიშვნები:

1. ამ შეთანხმებაში, XX მუხლის (ბ) პუნქტზე მითითებებში იგულისხმება აგრეთვე ამ მუხლის საწყისი ფრაზა.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, მეცნიერული დასაბუთება არსებობს, თუკი ამ შეთანხმების სათანადო მოთხოვნების შესაბამისად, ხელმისაწვდომი სამეცნიერო ინფორმაციის შესწავლისა და შეფასების საფუძველზე, წევრი-ქვეყანა დაასკვნის, რომ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, წესები და რეკომენდაციები მისი სათანადო სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის დონის მისაღწევად საკმარისი არ არის.

3. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისთვის, ზომა არ არის ვაჭრობისთვის საჭიროზე მეტად შემზღუდველი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს სხვა, ტექნიკურ-ეკონომიკური შესაძლებლობების ფარგლებში გონივრულად ხელმისაწვდომი ზომა, რომელიც ვაჭრობისთვის ნაკლებად შემზღუდველია და რომლის საშუალებით სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის იგივე დონე მიიღწევა.

4. ტერმინთა ამ განმარტების მიზნებისთვის "ცხოველი" აგრეთვე მოიცავს თევზებს და ცოცხალ ფაუნას; "მცენარე" აგრეთვე მოიცავს ტყეს და ველურ ფლორას; "მავნებლები" აგრეთვე მოიცავს სარეველებს; და "დამბინძურებლები" აგრეთვე მოიცავს პესტიციდებისა და ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენებს და უცხო მასალას.

5. ისეთი სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, როგორიცაა კანონები, დეკრეტები ან ბრძანებულებები, რომელიც ზოგადი გამოყენებისაა.

6. ამ შეთანხმებაში გამოიყენებული ტერმინი “მოქალაქე”, იმ წევრებთან მიმართებაში, რომელიც  ცალკეულ საბაჟო ტერიტორიას წარმოადგენენ, აღნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან ფლობენ ნამდვილად არსებულ და მოქმედ სამეწარმეო ან კომერციულ დაწესებულებას ამ საბაჟო ტერიტორიაზე.

7. კონტროლის, ინსპექტირების და აღიარების პროცედურები მოიცავს, მათ შორის, სინჯის აღების, გამოცდისა და სერტიფიცირების პროცედურებსაც.


* თარგმნილი ტექსტი აღებულია პროგრამიდან codex.ge და შესწორებულია ამ საიტის ადმინისტრატორების მიერ. უსწორობის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე asocireba.ge@gmail.com