Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0012 464688 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ხარისხის ინფრასტრუქტურა
 
ბოლო განახლება: 2021-03-28

მეწარმე ვალდებულია ბაზარზე მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი განათავსოს. გარდა ამისა, მომხმარებელი მისგან გარკვეულ ხარისხსაც მოელის. ეს ნიშნავს რომ მეწარმემ თავად უნდა შეამოწმოს და საჭიროების შემთხვევაში ამტკიცოს მისი პროდუქციის უსაფრთხოებაც და ხარისხიც.

იმისთვის, რომ ქვეყანაში ამა თუ იმ პროდუქციის უსაფრთხოების ან ხარისხის საიმედო შემოწმება შესაძლებელი იყოს, უნდა ფუნქციონირებდეს შესაბამისობის შემოწმების გამართული სისტემა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც "ხარისხის ინფრასტრუქტურა". ასოცირების ხელშეკრულებაში ეს სისტემა მოხსენიებულია, როგორც "სტანდარტიზაცია, მეტროლოგია და შესაბამისობის შეფასება".

სქემატურად ეს სისტემა ასე გამოიყურება:

სქემის აღწერა:

სქემაზე სახელმწიფოს მონაწილეობა წითელი ისრებით არის აღნიშნული: სახელმწიფო იღებს შესასრულებლად სავალდებულო ტექნიკურ რეგულაციებს და ბაზრის ზედამხედველობის ორგანოები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ამოწმებენ შეესაბამება თუ არა ესა თუ ის პროდუქცია ამ სავალდებულო მოთხოვნებს.

პროდუქციის ესა თუ ის ხარისხი მეწარმის არჩევანია. კონკრეტული ხარისხის მისაღწევად მას შეუძლია გამოიყენოს სტანდარტები, ანუ აწარმოოს პროდუქცია რამე კონკრეტული სტანდარტის შესაბამისად. სტანდარტებს შეიმუშავებს და ყიდის სტანდარტიზაციის ორგანოები. როგორც წესი, ეროვნული სტანდარტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ამავე დროს, მეწარმეს თავადაც შეუძლია სტანდარტი შეიმუშაოს. მას აგრეთვე შეუძლია საერთოდ არ გამოიყენოს არც ერთი სტანდარტი.

იმისთვის, რომ მეწარმემ მისი პროდუქციის ამა თუ იმ სტანდარტთან ან ტექნიკურ რეგულაციასთან შესაბამისობა ამტკიცოს, მას შეუძლია დაიქირავოს ე.წ. სერტიფიკაციის ორგანოები. ამისთვის მეწარმე უფლებას აძლევს სერტიფიკაციის ორგანოს, შეამოწმოს (მათ შორის გაუფრთხილებლად, მოულოდნელად) როგორც პროდუქცია, ასევე საწარმოო პროცესი. თუ შემოწმებამ წარმატებულად ჩაიარა, სერტიფიკაციის ორგანო გასცემს შესაბამისობის სერტიფიკატს, სადაც მითითებულია, თუ კონკრეტულად რომელი რეგულაციის ან სტანდარტის მოთხოვნებს შეესაბამება ესა თუ ის პროდუქტი.

თავის მხრივ, სერტიფიკაციის ორგანო არის ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც გარკვეული ვადით მიღებული აქვს შესაბამისობის შეფასების მომსახურების გაწევის უფლება, ანუ გააჩნია აკრედიტაცია. ამ აკრედიტაციის მისაღებად სერტიფიკაციის ორგანო თავადაც უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს. ამ შესაბამისობას ამოწმებს აკრედიტაციის ორგანო. იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში გაცემულ შესაბამისობის სერტიფიკატს სხვა ქვეყანაშიც ენდონ, ამ ქვეყნის აკრედიტაციის ცენტრს უნდა გააჩნდეს საერთაშორისო აღიარება.

როგორც წესი, შესაბამისობის შეფასებისას სერტიფიკაციის ორგანოს სჭირდება პროდუქციის ან პროცესის ამა თუ იმ მახასიათებლის ლაბორატორიული შემოწმება. ასეთი შემოწმებისთვის მან უნდა გამოიყენოს მხოლოდ აკრედიტებული ლაბორატორიები, ანუ ის ლაბორატორიები, რომელსაც გააჩნია ამ პარამეტრის შემოწმების აკრედიტაცია.

ამა თუ იმ პარმეტრის შემოწმების აკრედიტაციის მისაღებად ლაბორატორია აგრეთვე უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ სტანდარტებს. ამ შესაბამისობას აგრეთვე ამოწმებს აკრედიტაციის ორგანო. გარდა ამისა, აუცილებელია ლაბორატორიის ხელსაწყოებს გავლილი ჰქონდეს სათანადო დაკალიბრება. ამ მომსახურებას გასწევს მეტროლოგიის ორგანო, რომლის სანდოობა აგრეთვე საერთაშორისო აღიარებით უნდა იყოს მოპოვებული.