Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0006 465264 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ასოცირების შეთანხმება
 
ბოლო განახლება: 2022-06-07

ინგლისური ოფიციალური ტექსტი (კონსოლიდირებული)

 ასოცირების დღის წესრიგები: 2014-2016, 2017-2020, 2021-2027 ინგლ., ქართ.

ასოცირების შესახებ შეთანხმება
ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და
მეორეს მხრივ, საქართველოს შორის

კონსოლიდირებული ვერსია

სარჩევი

"საქართველოს საკანონდებლო მაცნის" განმარტება შეთანხმების ძალაში შესვლის თაობაზე:

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, რომელიც რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 18 ივლისს.

შეთანხმების 431-ე მუხლი ითვალისწინებს შეთანხმების ძალაში შესვლამდე, მისი დროებითი გამოყენების პირობებს. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დროებით გამოყენება ძალაში შედის  შეთანხმების დეპოზიტარის მიერ შესაბამისი დოკუმენტების მიღების თარიღიდან მეორე თვის პირველ დღეს, რაც მოიცავს - საქართველოს მიერ შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებასა და ევროკავშირის საპასუხო შეტყობინებას ამ შეთანხმების მიმართ შესაბამისი პროცედურების დასრულების შესახებ, რომელშიც ასევე მითითებულია შეთანხმების ის ნაწილები,რომლებიც გამოიყენება დროებით.

2014 წლის 25 ივლისს შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელი გადაეცა ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს, რის საფუძველზეც გენერალურმა სამდივნომ ქართულ მხარეს გადმოსცა შესაბამისი ნოტიფიკაცია, სადაც შეთანხმების 431-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეთანხმების დროებითი გამოყენების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 1 სექტემბერი და ასევე მოწოდებულ იქნა შეთანხმების იმ ნაწილების ჩამონათვალი, რომელზედაც გავრცელდება დროებით გამოყენება, შეთანხმების ძალაში სრულად შესვლამდე. (იხ, ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება)

იხილეთ ჩამონათვალი:

რაც შეეხება შეთანხმების სრულ ამოქმედებას, შეთანხმების 431-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეთანხმება ძალაში შედის ბოლო რატიფიკაციის ან დამტკიცების სიგელის დეპონირების თარიღიდან მეორე თვის პირველ დღეს.შეთანხმება სრულად ამოქმედდა 2016 წლის 1 ივლისს.

პრეამბულა

ბელგიის სამეფო,

ბულგარეთის რესპუბლიკა,

ჩეხეთის რესპუბლიკა,

დანიის სამეფო,

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა,

ესტონეთის რესპუბლიკა,

ირლანდია,

საბერძნეთის რესპუბლიკა,

ესპანეთის სამეფო,

საფრანგეთის რესპუბლიკა,

ხორვატიის რესპუბლიკა,

იტალიის რესპუბლიკა,

კვიპროსის რესპუბლიკა,

ლატვიის რესპუბლიკა,

ლიტვის რესპუბლიკა,

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო,

უნგრეთი,

მალტის რესპუბლიკა,

ნიდერლანდების სამეფო,

ავსტრიის რესპუბლიკა,

პოლონეთის რესპუბლიკა,

პორტუგალიის რესპუბლიკა,

რუმინეთი,

სლოვენიის რესპუბლიკა,

სლოვაკეთის რესპუბლიკა,

ფინეთის რესპუბლიკა,

შვედეთის სამეფო,

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო,

„ევროკავშირის ხელშეკრულებისა“ და „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების” ხელშემკვრელი მხარეები, შემდგომში წოდებულნი, როგორც „წევრი სახელმწიფოები” და

ევროკავშირი, შემდგომში წოდებული, როგორც  „ევროკავშირი” და

ევროპის ატომური ენერგიის თანამეგობრობა, შემდგომში წოდებული, როგორც „ევრატომი”

ერთის მხრივ, და

საქართველო

მეორეს მხრივ,

შემდგომში ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“,

ითვალისწინებენ რა მხარეებს შორის მჭიდრო კავშირებსა და საერთო ღირებულებებს, რომლებიც წარსულში დამყარდა ერთის მხრივ, ევროპულ თანამეგობრობასა და მის წევრ სახელმწიფოებს და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ”  შეთანხმებით  და ამჟამად ვითარდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის”, როგორც „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის” განსაკუთრებული მიმართულების, ფარგლებში;  და აღიარებენ რა მხარეთა საერთო სურვილს, შემდგომში განავითარონ, გააძლიერონ და გააღრმაონ  ურთიერთობები ამბიციური და ინოვაციური გზით;

ცნობენ რა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს;

აღიარებენ რა, რომ ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება  ევროკავშირი – დემოკრატია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა – ასევე წარმოადგენს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებით;

აღიარებენ რა, რომ საქართველო, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, ვალდებულია  იხელმძღვანელოს ამ ღირებულებებით   და ხელი შეუწყოს მათ დამკვიდრებას;

აღიარებენ რა, რომ საქართველოსა და წევრ სახელმწიფოებს გააჩნიათ ისტორიული კავშირები და საერთო ღირებულებები;

მხედველობაში იღებენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს  და ღიას  ტოვებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო პროგრესული განვითარების გზას;

ვალდებულებას იღებენ რა, შემდგომში გააძლიერონ მხარეთა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ფუნდამენტური თავისუფლებების, ადამიანის უფლებების, მათ შორის იმ პირების უფლებების, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობებს, დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის პატივისცემა;

აცნობიერებენ რა, რომ დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის გაძლირებისკენ მიმართული შიდასახელმწიფოებრივი რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის პოლიტიკაში, პროგრამებსა და სააგენტოებში. ეს პროცესი და კონფლიქტის მდგრადი მოგვარება  გააძლიერებს ერთმანეთს და წვლილს შეიტანს კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენაში;

სურთ რა, წვლილი შეიტანონ საქართველოს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციონალური განვითარების პროცესში, საერთო ინტერესთა  სფეროების  ფართო სპექტრში  მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის გზით, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კარგი მმართველობა, მათ შორის საგადასახადო სფეროში, სავაჭრო ინტეგრაცია და გაღრმავებული ეკონომიკური თანამშრომლობა, ინსტიტუციური განვითარება, საჯარო  მმართველობისა და საჯარო სამსახურის რეფორმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სიღარიბის შემცირება და თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობა, რაც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის და აღნიშნავენ რა ევროკავშირის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოში შესაბამისი რეფორმების განხორციელებას;  

ვალდებულებას იღებენ რა, ყველა პრინციპისა და დებულების მიმართ, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო), კერძოდ კი 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნითი აქტით, 1991 წლისა და, შესაბამისად, 1992 წლის მადრიდის, სტამბულისა და ვენის კონფერენციების დასკვნითი დოკუმენტებით და 1990 წლის პარიზის ქარტიით ახალი ევროპისათვის, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციით.    

ეხმიანებიან რა, თავიანთ სურვილს, ხელი შეუწყონ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ასევე ჩაერთონ მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად განხორციელებასა და დავების მშვიდობიან მოგვარებაში, კერძოდ კი, ამ მიზნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა (გაერო) და ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის გზით;

ვალდებულებას იღებენ რა, დაიცვან ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ეხება მასობრივი განადგურების იარაღისა  და მათი მიწოდების საშუალებების გაუვრცელებლობას, ასევე ითანამშრომლონ განიარაღების საკითხებზე;

აღიარებენ რა, სხვადასხვა რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებში მხარეთა აქტიური მონაწილეობის დამატებით მნიშვნელობას;

მოწადინებულნი არიან რა, კიდევ უფრო  განავითარონ რეგულარული პოლიტიკური დიალოგი საერთო ინტერესთა სფეროში შემავალ  ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებზე, რეგიონული ასპექტების ჩათვლით, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და მათ შორის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გათვალისწინებით;

გამოხატავენ რა სრულ პატივისცემას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების მიმართ, საერთაშორისო სამართლის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების, 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად;

აღიარებენ რა, შერიგების კუთხით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებისა და საქართველოს ძალისხმევის მნიშვნელობას, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სრული და ეფექტური კონტროლი საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი რეგიონებზე, კონფლიქტის მშვიდობიანი და საბოლოო მოგვარების მისაღწევად საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე და ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულებების მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიან და საბოლოო მოგვარებას;

აღიარებენ რა, ამ კონტექსტში, 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებისა და მისი შემდგომი საიმპლემენტაციო ზომების, მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით ადგილზე ქმედითი საერთაშორისო მექანიზმების არსებობის, ურთიერთხელშემწყობი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარების, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ხელშეწყობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების  მნიშვნელობას;

ვალდებულებას იღებენ რა, საქართველოს ყველა მოქალაქეზე, კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებული საზოგადოების ჩათვლით, გაავრცელონ ევროკავშირთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებელი;

ვალდებულებას იღებენ რა, ებრძოლონ ორგანიზებულ დანაშაულსა და უკანონო ვაჭრობას (ტრეფიკინგს) და კიდევ უფრო გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში;  

ვალდებულებას იღებენ რა, გააღრმაონ დიალოგი და თანამშრომლობა მობილურობის, მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის მიმართულებით, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის „პარტნიორობა მობილურობისათვის” ინიციატივის გათვალისწინებით, ყოვლისმომცველი მიდგომის გამოყენებით, ყურადღება გაამახვილონ კანონიერ მიგრაციაზე, ცირკულარული მიგრაციის ჩათვლით, და უკანონო მიგრაციის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლასა და რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისკენ მიმართულ თანამშრომლობაზე;

აღიარებენ რა, საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაბამის ეტაპზე, უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობას, კარგად მართული და უსაფრთხო მობილურობის პირობებში, ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების ეფექტიანი იმპლემენტაციის ჩათვლით;

ვალდებულებას იღებენ რა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვისა და ევროკავშირის მზადყოფნის კუთხით, წვლილი შეიტანოს საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის „ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა” და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში;

ვალდებულებას იღებენ რა, მიაღწიონ ეკონომიკურ ინტეგრაციას, განსაკუთრებით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA), როგორც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილის საშუალებით, რეგულაციური დაახლოების ჩათვლით და მხარეთა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრობის შედეგად წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად;

სჯერათ რა, რომ წინამდებარე შეთანხმება შექმნის მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებისათვის ახალ გარემოს და წაახალისებს კონკურენციას, რაც წარმოადგენს ეკონომიკური რესტრუქტურიზაციისა და მოდერნიზაციისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს;

ვალდებულებას იღებენ რა, პატივი სცენ მდგრადი განვითარების პრინციპებს, დაიცვან გარემო და შეამსუბუქონ კლიმატის ცვლილების პროცესი, მუდმივად გააუმჯობესონ გარემოსდაცვითი მმართველობა და გარემოსდაცვითი საჭიროებების გათვალისწინება, საზღვრისპირა თანამშრომლობისა და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების ჩათვლით;

ვალდებულებას იღებენ რა, გააძლიერონ ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოება, მათ შორის „სამხრეთის დერეფნის” განვითარების მეშვეობით, inter alia, საქართველოში შესაბამისი პროექტების განვითარების წახალისების  გზით, რაც  ხელს შეუწყობს სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, საქართველოს გავლით ტრანზიტისთვის, ბაზრის ინტეგრაციის ზრდასა და ევროკავშირის კანონმდებლობის (EU acquis) ძირითად ელემენტებთან ეტაპობრივ რეგულაციურ დაახლოებას; აგრეთვე, ხელი შეუწყონ ენერგოეფექტურობის ზრდასა და განახლებადი ენერგორესურსების გამოყენებას;

ცნობენ რა, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებასა და მხარეთა ვალდებულებას, შეასრულონ ენერგოქარტიის ხელშეკრულება;

სურთ რა, გააუმჯობესონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დონე და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, როგორც მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ელემენტი;

ვალდებულებას იღებენ რა, გააძლიერონ ხალხთაშორისი კონტაქტები, მათ შორის, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ, ბიზნესის, ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობისა და გაცვლების გზით;

ვალდებულებას იღებენ რა, ხელი შეუწყონ საზღვრისპირა და რეგიონთაშორის თანამშრომლობას ორივე მხარის მიერ, კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებით;

აღიარებენ რა საქართველოს ვალდებულებას შესაბამის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე თანდათანობით დაახლოებისა  და მისი ეფექტური იმპლემენტაციის კუთხით;

აღიარებენ რა, საქართველოს ვალდებულებას, განავითაროს თავისი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა იმ დონეზე, რამდენადაც ეს აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების შესასრულებლად;

მხედველობაში იღებენ რა ევროკავშირის სურვილს, ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას და ამ მიზნით გამოიყენოს თანამშრომლობის ყველა შესაძლო მექანიზმი და ტექნიკური, ფინანსური და ეკონომიკური დახმარება;  

ადასტურებენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმების დებულებები, რომლებიც ექცევა „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ”  ხელშეკრულების III კარის V თავის ფარგლებში, სავალდებულოა გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიისთვის, როგორც ცალკე ხელშემკვრელი მხარეებისთვის და არა, როგორც ევროკავშირის ნაწილისთვის, თუ ევროკავშირი, გაერთიანებულ სამეფოსა ან/და ირლანდიასთან ერთად, არ შეატყობინებს საქართველოს, რომ გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიისთვის ეს დებულებები სავალდებულოა, როგორც ევროკავშირის ნაწილისთვის „თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სივრცესთან მიმართებით გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის პოზიციის შესახებ” N 21 ოქმის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის „ევროკავშირის ხელშეკრულებასა“ და „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ” ხელშეკრულებას. თუ ხსენებული დებულებები აღარ იქნება სავალდებულო გაერთიანებული სამეფოსა ან/და ირლანდიისთვის, როგორც ევროკავშირის ნაწილისათვის, ამ ოქმის მე-4(a) მუხლის შესაბამისად, ევროკავშირი, გაერთიანებულ სამეფოსა ან/და ირლანდიასთან ერთად, დაუყოვნებლივ შეატყობინებს საქართველოს მათი პოზიციის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რის შედეგადაც მათთვის სავალდებულო დარჩება წინამდებარე შეთანხმების ის დებულებები, რომლებიც სავალდებულოა მათთვის საკუთარი უფლების ნაწილში. იგივე ეხება დანიას, დანიის პოზიციის შესახებ N 22 ოქმის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის ხსენებულ ხელშეკრულებებს.

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

მიზნები

1. ამრიგად, ერთის მხრივ, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის მყარდება ასოცირება.

2. აღნიშნული ასოცირების მიზნებია:

(a) ხელი შეუწყოს მხარეებს შორის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთო ღირებულებებსა და მჭიდრო კავშირებზე, მათ შორის, ევროკავშირის პოლიტიკაში, პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილოების გაზრდის გზით;

(b) უზრუნველყოს გაძლიერებული ჩარჩოს შექმნა საერთო ინტერესთა ყველა სფეროში გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგისთვის, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს, განავითარონ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები;

(c) ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სტაბილურობას;

(d) ხელი შეუწყოს, დაიცვას და გააძლიეროს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და  ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებზე დაყრდნობით, მათ შორის, დაძაბულობის კერების აღმოფხვრის, საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების; და აგრეთვე, საზღვრისპირა თანამშრომლობასა და კეთილმეზობლური ურთიერთობების წახალისების მიზნით, ძალისხმევის გაერთიანების გზით;

(e) ხელი შეუწყოს თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას;

(f) გააძლიეროს თანამშრომლობა თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში, რომლის მიზანია  კანონის უზენაესობის განმტკიცება და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა;

(g) მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, განავითაროს მისი ეკონომიკური პოტენციალი საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, მათ შორის მისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების გზით;

(h) მიაღწიოს ევროკავშირის შიდა ბაზართან საქართველოს ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმებით, განსაკუთრებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნის გზით, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე  საფუძვლიან დაშვებას მდგრადი და ყოვლისმომცველი რეგულაციური დაახლოების საფუძველზე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრობის შედეგად წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულებების დაცვით;

(i) შექმნას პირობები საერთო ინტერესთა სხვა სფეროებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის.  

კარი I

ზოგადი პრინციპები

მუხლი 2

ზოგადი პრინციპები

1. დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემა, როგორც ეს აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და განსაზღვრულია 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით, 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნითი აქტითა და 1990 წლის პარიზის ქარტიით ახალი ევროპისთვის, წარმოადგენს მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი და საგარეო პოლიტიკის საფუძველს და წინამდებარე შეთანხმების არსებით ელემენტს. მასობრივი განადგურების იარაღის, ასეთ იარაღთან დაკავშირებული მასალებისა და მათი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა ასევე წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების არსებით ელემენტს.

2. მხარეები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ მათ ერთგულებას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანი მულტილატერალიზმის პრინციპებისადმი.     

3. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ პატივისცემას კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის პრინციპების, ასევე მათი საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ, განსაკუთრებით გაეროს, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს პრინციპების შესაბამისად. კერძოდ, ისინი თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების პატივიცემას.

4. მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ კანონის უზენაესობა, განახორციელონ კარგი მმართველობა, ებრძოლონ კორუფციას და სხვადასხვა ფორმის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმს, ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას, ეფექტიანი მულტილატერალიზმს და იბრძოლონ მასობრივი განადგურების იარაღის და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ. ეს ვალდებულებები წარმოადგენს მხარეებს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების ძირითად ფაქტორს და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.  

კარი II

პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა;

თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში

მუხლი 3

პოლიტიკური დიალოგის მიზნები

1. პოლიტიკური დიალოგი საერთო ინტერესთა ყველა სფეროში, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებისა და შიდასახელმწიფოებრივი რეფორმის ჩათვლით, მხარეებს შორის კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება. აღნიშნული გაზრდის პოლიტიკური თანამშრომლობის ეფექტიანობასა და ხელს შეუწყობს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დაახლოებას, ურთიერთობების გაძლიერებას ამბიციური და ინოვაციური გზით.

2. პოლიტიკური დიალოგის მიზნებია:

(a) გააღრმაოს პოლიტიკური ასოცირება და გაზარდოს პოლიტიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დაახლოება და ეფექტიანობა;  

(b) ხელი შეუწყოს ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, როგორც ეს განმტკიცებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებასა და 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნით აქტში;

(c) ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას;

(d) ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად განხორციელების საფუძველზე;  

(e) გააძლიეროს მხარეებს შორის თანამშრომლობა და დიალოგი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და კრიზისის მართვის საკითხებზე, განსაკუთრებით გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებსა და მთავარ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით;

(f) გააძლიეროს თანამშრომლობა მასობრივი განადგურების იარაღისა და მათი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბძროლის სფეროში, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებულ პროგრამებში ადრე დასაქმებულ მეცნიერთათვის ალტერნატიული სამუშაოს შეთავაზების ჩათვლით;

(g) ხელი შეუწყოს მხარეებს შორის შედეგზე ორიენტირებულ და პრაქტიკულ თანამშრომლობას ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად;

(h) გააძლიეროს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და იმ პირების უფლებების პატივისცემა, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობებს, ასევე წვლილი შეიტანოს შიდა პოლიტიკური რეფორმების კონსოლიდაციაში;

(i) განავითაროს დიალოგი და გააღრმაოს მხარეთა თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში;

(j) იმუშაოს სხვადასხვა ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის შემდგომი წახალისების მიზნით;

(k) უზრუნველყოს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო პოლიტიკური ასოცირების შედეგად მიღებული ყველა სარგებელი, გაზრდილი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დაახლოების ჩათვლით, გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

  მუხლი 4

შიდასახელმწიფოებრივი რეფორმა

მხარეები ითანამშრომლებენ, რათა განავითარონ, გაამყარონ და გაზარდონ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის სტაბილურობა და ეფექტიანობა; ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემას;  განაგრძონ პროგრესი სასამართლო და სამართლებრივი რეფორმის კუთხით, რათა გარანტირებულ იქნეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, გაძლიერდეს მისი ადმინისტრაციული შესაძლებლობა და უზრუნველყოფილ იქნას სამართალდამცავ ორგანოთა მიუკერძოებლობა და ეფექტიანობა; განაგრძონ საჯარო მმართველობის რეფორმა და შექმნან ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ქმედითი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახური; გააგრძელონ ეფექტიანი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით, და უზრუნველყონ შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების, როგორიცაა „კორუფციის წინააღმდეგ” გაეროს 2003 წლის კონვენცია, ეფექტიანი იმპლემენტაცია.

მუხლი 5

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა

1. მხარეები გააძლიერებენ დიალოგსა და თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ ეტაპობრივ დაახლოებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით, განსაკუთრებით შეეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და კრიზისების მართვა, რეგიონული სტაბილურობა, განიარაღება, იარაღის გაუვრცელებლობა, იარაღისა და ექსპორტის კონტროლი.  თანამშრომლობა დაეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს და მიმართული იქნება  პოლიტიკის დაახლოებისა და ეფექტიანობის გაზრდისკენ, ორმხრივი, საერთაშორისო და რეგიონული ფორმატების გამოყენებით.

2. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ, როგორც ეს დადგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებითა და 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის  ჰელსინკის დასკვნითი აქტით, ასევე, ვალდებულებას, გაავრცელონ აღნიშნული პრინციპები მათ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებში. მხარეები ასევე ხაზს უსვამენ მათ სრულ მხარდაჭერას მასპინძელი სახელმწიფოს თანხმობის პრინციპის მიმართ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების მათ  ტერიტორიებზე განლაგების თაობაზე. მხარეები თანხმდებიან, რომ უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების  მათ ტერიტორიაზე განლაგება უნდა მოხდეს მხოლოდ მასპინძელი სახელმწიფოს მკაფიო თანხმობის საფუძველზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.   

მუხლი 6

საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მძიმე დანაშაულები

1. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და ამგვარი დანაშაულებისათვის დაუსჯელობა თავიდან უნდა იქნეს აცილებული ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ზომების მიღების გზით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩათვლით.  

2. მხარეები მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსება და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება წარმოადგენს მნიშვნელოვან განვითარებას საერთაშორისო მშვიდობისა და მართლმსაჯულებისთვის. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ვალდებულებას, განაგრძონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების იმპლემენტაციის გზით, მისი ერთიანობის დაცვის მიმართ სათანადო ყურადღების გამახვილებით.

მუხლი 7

კონფლიქტის პრევენცია და კრიზისის მართვა

მხარეები გააძლიერებენ პრაქტიკულ თანამშრომლობას კონფლიქტის პრევენციისა და კრიზისის მართვის კუთხით, განსაკუთრებით  ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო კრიზისის მართვის ოპერაციებში, ასევე შესაბამის სწავლებებსა და წვრთვნებში, საქართველოს შესაძლო მონაწილეობის მიზნით, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში და ევროკავშირის მიერ შესაძლო მოწვევის შემდეგ.

მუხლი 8

რეგიონული სტაბილურობა

1. მხარეები გააძლიერებენ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარებას, ასევე იმუშავებენ, რათა დამატებით წაახალისონ რეგიონული თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატებში და კერძოდ, იმუშაონ რეგიონში მოუგვარებელი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით.

2.    ეს ძალისხმევა დაეფუძნება საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების შესახებ საერთო პრინციპებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, 1975 წლის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნით აქტსა და სხვა შესაბამის მრავალმხრივ დოკუმენტებში. მხარეები ასევე სრულად გამოიყენებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩარჩოს, რომელიც თანამშრომლობის ღონისძიებების განხორციელებისა და ღია და თავისუფალი დიალოგის საშუალებას იძლევა, ხელს უწყობს რა კავშირებს თავად პარტნიორ ქვეყნებს შორის.

მუხლი 9

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება

1. მხარეები ადასტურებენ მათ ვალდებულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში  მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით,  ასევე კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისა და შერიგებისადმი მიმართული ძალისხმევის ერთობლივად ხელშეწყობის მიმართ.  კონფლიქტის მდგრად გადაწყვეტამდე  და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებული ფორმატებისთვის ზიანის მიუყენებლად, კონფლიქტის მშვიდობიანი  მოგვარება იქნება პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა მხარეთა შორის, ასევე საერთაშორისო დონის სხვა შესაბამის მონაწილე მხარეებთან დიალოგისას.

2. მხარეები აღიარებენ შერიგების მიმართულებით საქართველოს ვალდებულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართ მისი ძალისხმევის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი და საბოლოო მოგვარების მისაღწევად;  ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმებისა და მისი შემდგომი საიმპლემენტაციო ზომების სრულად შესრულების,  ურთიერთხელშემწყობი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების; და ადგილზე ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას.     

3. მხარეები კოორდინაციას გაუწევენ, ასევე, სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, მათ ძალისხმევას ხელი შეუწყონ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით.    

4. ყველა ეს ძალისხმევა დაეფუძნება საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების შესახებ საერთო პრინციპებს, რომლებიც განმტკიცებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის 1975 წლის კონფერენციის  ჰელსინკის დასკვნით აქტსა და სხვა შესაბამის მრავალმხრივ დოკუმენტებში.

 
მუხლი 10

მასობრივი განადგურების იარაღი

1. მხარეები მიიჩნევენ, რომ მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელება, როგორც სახელმწიფო ასევე არასახელმწიფო აქტორებს შორის, წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს. შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ და წვლილს შეიტანენ მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო განიარაღებისა და გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე სხვა შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მათი არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებისა და ეროვნულ დონეზე მათი იმპლემენტაციის გზით.  მხარეები თანხმდებიან, რომ ეს დებულება წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების  არსებით ელემენტს.   

2. მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ და წვლილს შეიტანენ მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი მიწოდების საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში შემდეგი ქმედებების განხორციელების გზით:

(a) მიიღონ ზომები, რათა საჭიროების შემთხვევაში, ხელი მოაწერონ, რატიფიკაცია მოახდინონ, ან შეუერთდნენ და სრულად შეასრულონ ყველა სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტი; და

(b) ჩამოაყალიბონ ექსპორტის კონტროლის ეფექტიანი ეროვნული სისტემა, რომელიც გააკონტროლებს მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული ტვირთების ექსპორტსა და ტრანზიტს, რაც მოიცავს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე  მასობრივი განადგურების იარაღის საბოლოო გამოყენების კონტროლსა და ექსპორტის კონტროლის დარღვევებზე ეფექტიანი სანქციების დაწესებას.  

3. მხარეები თანხმდებიან, რომ აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ მათი პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში.  


მუხლი 11

მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა და ჩვეულებრივი
შეიარაღების ექსპორტის კონტროლი

1. მხარეები აღიარებენ, რომ მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა და, მათ შორის,  საბრძოლო მასალების უკანონო წარმოება, გადატანა და გავრცელება, და მათი დიდი რაოდენობით დაგროვება, ცუდი მართვა, არასათანადოდ დაცული მარაგები და უკონტროლო გავრცელება, კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთოხოებას.

2. მხარეები თანხმდებიან, რომ დაიცავენ და სრულად შეასრულებენ მათ შესაბამის ვალდებულებებს, რათა აღმოფხვრან მცირე და მსუბუქი შეიარაღებით, მათ შორის საბრძოლო მასალებით, უკანონო ვაჭრობა, არსებული საერთაშორისო შეთანხმებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, ასევე, ამ სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში მათი ვალდებულებების თანახმად, როგორიცაა „მცირე და მსუბუქი შეიარაღებით უკანონო ვაჭრობის პრევენციის, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი აღმოფხვრის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქმედო პროგრამა, მისი ყველა ასპექტის გათვალისწინებით.  

3. მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ ითანამშრომლობენ და უზრუნველყოფენ კოორდინაციას, ქმედებათა ურთიერთშევსებადობასა და ერთობლივ ძალისხმევას მცირე და მსუბუქი შეიარაღებით, მათ შორის საბრძოლო მასალებით, უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და დიდი რაოდენობით მარაგების განადგურების კუთხით, გლობალურ, რეგიონულ, ქვე-რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე.   

4. გარდა ამისა, მხარეები თანხმდებიან, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ჩვეულებრივი შეიარაღების ექსპორტის კონტროლის სფეროში, საბჭოს 2008 წლის 8 დეკემბრის, 2008/944/CFSP ერთიანი პოზიციის ჭრილში, რომელიც განსაზღვრავს ერთიან წესებს „სამხედრო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ექსპორტის კონტროლის შესახებ“

5. მხარეები თანხმდებიან, რომ  აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ თავიანთი პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში.   

მუხლი 12

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

1. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის მნიშვნელობას და თანხმდებიან, რომ ერთად იმუშავებენ, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, რათა მოახდინონ ტერორიზმის პრევენცია და იბრძოლონ ტერორიზმის ყველანაირი ფორმისა და გამოვლინების წინააღმდეგ.

2. მხარეები თანხმდებიან, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა განხორციელდეს კანონის უზენაესობის სრული პატივისცემითა და საერთაშორისო სამართალთან სრულ შესაბამისობაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩათვლით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებითა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ყველა სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტით გათვალისწინებული პრინციპების თანახმად.  

3. მხარეები ხაზს უსვამენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული გაეროს ყველა კონვენციისა და ოქმის უნივერსალური რატიფიკაციისა და მათი სრულად იმპლემენტაციის მნიშვნელობას. მხარეები თანხმდებიან, რომ გააგრძელებენ დიალოგის ხელშეწყობას, რომელიც ეხება „საერთაშორისო ტერორიზმის შესახებ“ ყოვლისმომცველი კონვენციის პროექტს და ითანამშრომლებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიის, ასევე, გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა შესაბამისი რეზოლუციისა და ევროპის საბჭოს კონვენციის იმპლემენტაციის მიმართულებით. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ითანამშროლებენ, რათა ხელი შეუწყონ საერთაშორისო კონსენსუსს ტერორიზმის პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.


კარი III

თავისუფლება,  უსაფრთხოება და მართლმსაჯულება

მუხლი 13

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა და
ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემა

1. თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობისას, მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ კანონის უზენაესობის შემდგომ ხელშეწყობაზე, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე.

2. მხარეები სრულად ითანამშრომლებენ სამართალდამცავ და მართლმსაჯულების მართვის სფეროებში მოქმედი ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა საფუძვლად დაედება თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობას.   


მუხლი 14

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ პერსონალურ მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვა წინამდებარე შეთანხმების I დანართში მითითებული ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისად.

მუხლი 15

თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა
და საზღვრის მართვის სფეროებში

1. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ტერიტორიებს შორის მიგრაციული ნაკადების ერთობლივი მართვის მნიშვნელობას და მიგრაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან  მიმართებაში დანერგავენ ყოვლისმომცველი დიალოგის ფორმატს, რაც ასევე მოიცავს ლეგალურ მიგრაციას, საერთაშორისო დაცვასა და არალეგალური მიგრაციის,  კონტრაბანდისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას.

2. თანამშრომლობა დაეფუძნება კონკრეტული საჭიროებების შეფასებას, რომელიც განხორციელდება მხარეთა შორის ორმხრივი კონსულტაციების შედეგად და შესრულდება შესაბამისი  მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.  კერძოდ, ყურადღება გამახვილდება შემდეგ ასპექტებზე:  

(a) მიგრაციის ძირეული მიზეზები და შედეგები;

(b) საერთაშორისო დაცვასთან მიმართებით ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარება და იმპლემენტაცია, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციისა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმის, ასევე სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებათა შესრულების გათვალისწინებით, როგორიცაა 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, და „იძულებით უკან დაბრუნების არდაშვების“ (“non-refoulement“)  პრინციპის პატივისცემის უზრუნველყოფა;

(c) პირთა მიღების (ადმისიის) წესები და მიღებულ პირთა უფლებები და სტატუსი, კანონიერად მცხოვრებ არამოქალაქეთა მიმართ სამართლიანი მოპყრობა და ინტეგრაცია, განათლება და ტრეინინგი; და  რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები;

(d) არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი და პრევენციული პოლიტიკის გაძლიერება, მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანა და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), მათ შორის ის საკითხი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მიგრანტთა საზღვარზე უკანონოდ გადამყვან პირთა და ადამიანით მოვაჭრეთა ქსელის წინააღმდეგ ბრძოლა და ამგვარი ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვა;

(e) 2008 წლის 4 დეკემბერს ხელმოწერილი „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე ოპერატიული თანამშრომლობის მართვის ევროპულ სააგენტოსა (FRONTEX) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) შორის ოპერატიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესახებ“ სამუშაო შეთანხმების იმპლემენტაცია;

(f) დოკუმენტების უსაფრთხოებისა და საზღვრის მართვის სფეროებში ისეთი საკითხები, როგორიცაა ორგანიზაცია, ტრეინინგი, საუკეთესო პრაქტიკა და სხვა ოპერატიული ღონისძიებები.

3. თანამშრომლობამ შესაძლოა ასევე ხელი შეუწყოს ცირკულარულ მიგრაციას განვითარების სასარგებლოდ.

მუხლი 16

პირთა გადაადგილება და რეადმისია

1. მხარეები უზრუნველყოფენ შემდეგი დოკუმენტების სრულ იმპლემენტაციას:

(a) "საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება, რომელიც ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს; და

(b) "საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმება, რომელიც ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს.  

2. მხარეები გააგრძელებენ მცდელობას, გაზარდონ მოქალაქეთა მობილურობა და გადადგამენ ეტაპობრივ ნაბიჯებს ერთობლივი მიზნის, კერძოდ, შესაბამის ეტაპზე უვიზო რეჟიმის შემოღების მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, რომ დაცული იქნება ორფაზიანი „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული კარგად მართული და უსაფრთხო მობილურობის პირობები.   

მუხლი 17

ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

1. მხარეები ითანამშრომლებენ დანაშაულის და სხვა სახის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის კუთხით, კერძოდ, ისეთ ტრანსნაციონალურ, ორგანიზებულ ან სხვა სახის ქმედებებთან მიმართებაში, როგორიცაა:

(a) საზღვარზე ადამიანთა უკანონო გადაყვანა და ტრეფიკინგი, ასევე მცირე შეიარაღებითა და  ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა;

(b) კონტრაბანდა და საქონლით უკანონო ვაჭრობა;

(c) უკანონო ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობა, როგორიცაა გაყალბება, ფისკალური თაღლითობა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში თაღლითობა;

(d საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების თანხების გაფლანგვა;

(e) აქტიური და პასიური კორუფცია, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში;

(f) დოკუმენტების გაყალბება, ყალბი ამონაწერების წარდგენა; და

(g) კიბერ დანაშაული.

2. მხარეები გააძლიერებენ ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ევროპოლსა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარების ჩათვლით. მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად შეასრულონ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, და განსაკუთრებით ის სტანდარტები, რომლებიც განმტკიცებულია „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2000 წლის კონვენციასა (UNTOC) და მის სამ ოქმში, ასევე, „კორუფციის წინააღმდეგ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2003 წლის კონვენციაში.  


მუხლი 18

უკანონო ნარკოტიკული საშუალებები

1. მხარეები, მათი შესაბამისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებენ ნარკოტიკულ საშუალებებთან  მიმართებაში დაბალანსებული და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით. ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული პოლიტიკა და ქმედებები მიზნად ისახავს უკანონო ნარკოტიკული საშუალებების პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სტრუქტურების გაძლიერებას, უკანონო ნარკოტიკული საშუალებების მიწოდების, ვაჭრობისა და მათზე მოთხოვნის შემცირებას, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან  დაკავშირებულ  ჯანმრთელობასა და სოციალურ შედეგებზე კონცენტრაციას ზიანის შემცირების მიზნით, ასევე, ქიმიური პრეკურსორების, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო წარმოებისათვის,   გავრცელების უფრო ეფექტიან პრევენციას.

2. ხსენებული მიზნების მისაღწევად მხარეები შეთანხმდებიან თანამშრომლობის აუცილებელ მეთოდებზე. ქმედებები დაეფუძნება ერთობლივად შეთანხმებულ პრინციპებს, შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებისა და ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ევროკავშირის სტრატეგიის (2013-20) გათვალისწინებით, ასევე, 1998 წლის ივნისში, ნარკოტიკული საშუალებების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მეოცე სპეციალური სესიის მიერ დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალებების მოთხოვნის შემცირების სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ“ პოლიტიკური დეკლარაციის გათვალისწინებით.


მუხლი 19

ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება

1. მხარეები ითანამშრომლებენ, რათა არ დაუშვან მათი ფინანსური და შესაბამისი არაფინანსური სისტემების გამოყენება ზოგადად, კრიმინალური საქმიანობების და კერძოდ, ნარკოტიკული დანაშაულების შედეგად მიღებული შემოსავლების გათეთრებისა და აგრეთვე ტერორიზმის დაფინანსების მიზნით.  

ეს თანამშრომლობა ასევე ვრცელდება დანაშაულის შედეგად მიღებული აქტივების ან ფულადი სახსრების დაბრუნებაზე.

2. აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობა საშუალებას იძლევა გაიცვალოს სათანადო ინფორმაცია შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში და მიღებულ იქნას შესატყვისი სტანდარტები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რომლებიც შეესაბამება ფულის გათეთრებაზე ფინანსური მოქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) და მისი მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ სტანდარტებს.   

მუხლი 20

თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

1. წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად, რომლებიც საფუძვლად უდევს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს  მნიშვნელობას და თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ ტერორიზმის პრევენციისა და მის აღსაკვეთად შემდეგი საშუალებებით:

(a) ტერორისტული დანაშაულების კრიმინალიზაციის უზრუნველყოფა, საბჭოს 2008 წლის 28 ნოემბრის ჩარჩო გადაწყვეტილებაში 2008/919/JHA, რომელმაც შეცვალა ჩარჩო გადაწყვეტილება  2002/475/JHA, მოცემული განმარტებების შესაბამისად;

(b) ტერორისტული დაჯგუფებებისა და ინდივიდების და მათი მხარდამჭერი ქსელების თაობაზე ინფორმაციის გაცვლა, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, მონაცემთა დაცვასთან და პირადი ცხოვრების დაცვასთან მიმართებით;

(c) ტერორიზმის პრევენციისა და აღმოფხვრის, მისი მეთოდებისა და საშუალებების და მათი ტექნიკური ასპექტების, ასევე წვრთნების თაობაზე გამოცდილების გაცვლა,  შესაბამისი სამართლებრივი ნორმების თანახმად;

(d) რადიკალიზაციისა და რეკრუტირების წინააღმდეგ ბრძოლისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებით საუკეთესო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლა;

(e) მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლა ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა ტრანს-სასაზღვრო გადაადგილებასა და მოგზაურობასთან, ასევე ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებით;

(f) ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, სისხლის სამართლებრივ პროცედურებთან მიმართებაში, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება;

(g) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული ტერორიზმის საფრთხეების წინააღმდეგ ზომების მიღება და აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული მასალების ტერორისტული მიზნებისათვის შეძენის, გადატანისა და გამოყენების პრევენციის მიზნით, ასევე მაღალი რისკის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საშუალებების წინააღმდეგ უკანონო ქმედებების პრევენცია.

2. თანამშრომლობა დაეფუძნება შესაბამის არსებულ შეფასებებს, როგორიცაა გაეროს და ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოთა შეფასებები და განხორციელდება მხარეთა შორის ორმხრივი კონსულტაციების მეშვეობით.


მუხლი 21

სამართლებრივი თანამშრომლობა

1. მხარეები თანხმდებიან, რომ განავითარებენ სასამართლო თანამშრომლობას სამოქალაქო და კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით, სამოქალაქო საკითხებზე სასამართლო თანამშრომლობის შესახებ მრავალმხრივი კონვენციების თაობაზე მოლაპარაკებების, მათი რატიფიცირებისა და იმპლემენტაციის კუთხით და კონკრეტულად, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენციის კონვენციების თაობაზე საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობისა და სამართალწარმოების, ასევე, ბავშვთა დაცვის სფეროში.   

2. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ საკითხებზე სასამართლო თანამშრომლობას, მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას ორმხრივი სამართლებრივი დახმარების კუთხით შესაბამისი მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. ეს, საჭიროების შემთხვევაში, მოიცავს გაეროსა და ევროპის საბჭოს შესაბამის საერთაშორისო აქტებთან მიერთებასა და მათ იმპლემენტაციას, ასევე ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან (EUROJUST) მჭიდრო თანამშრომლობას.   

კარი IV

ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები

თავი 1

ეროვნული რეჟიმი და საქონლისათვის ბაზრის ხელმისაწვდომობა

ნაწილი 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 22

მიზანი

მხარეები შექმნიან თავისუფალ სავაჭრო ამ შეთანხმების დებულებების და ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების (GATT 1994) XXIV მუხლის შესაბამისად.

მუხლი 23

მოქმედების სფერო და გავრცელება

1. ამ თავის დებულებები ვრცელდება მხარეებს შორის საქონლით[1]  ვაჭრობაზე.

2. ამ თავის მიზნებისთვის, „წარმოშობილი“ ნიშნავს წარმოშობის წესების დაკმაყოფილებას, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების I ოქმში.

ნაწილი 2

საბაჟო  გადასახადების, გადასახდელებისა და სხვა მოსაკრებლების გაუქმება

მუხლი 24

საბაჟო გადასახადის განმარტება

ამ თავის მიზნებისთვის, „საბაჟო გადასახადი“ მოიცავს ყველა სახის გადასახადს ან ნებისმიერი ტიპის მოსაკრებელს, რომელიც დაწესებულია ან დაკავშირებულია საქონლის ექსპორტსა ან იმპორტთან, ყველა სახის ქვე-გადასახადის ან ქვე-მოსაკრებელის ჩათვლით, რომელიც დაწესებულია ან დაკავშირებულია ასეთ იმპორტსა ან ექსპორტთან. „საბაჟო გადასახადი“ არ მოიცავს არცერთი სახის:

(a) მოსაკრებელს, რომელიც ამ შეთანხმების 31-ე მუხლის თანახმად დაწესებული შიდა გადასახადის ეკვივალენტურია;

(b) გადასახადს, რომელიც დაწესებულია წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-2 თავის (სავაჭრო ზომები) შესაბამისად;

(c) გადასახდელებს ან სხვა მოსაკრებლებს, რომლებიც დაწესებულია ამ შეთანხმების 30-ე მუხლის შესაბამისად.


მუხლი 25

საქონლის კლასიფიკაცია

მხარეებს შორის საქონლით ვაჭრობის კლასიფიკაცია უნდა ეფუძნებოდეს თითოეული მხარის სატარიფო ნომენკლატურას, რომელიც შესაბამისობაშია 2012 წლის ჰარმონიზებულ სისტემასთან, "საქონლის აღწერილობის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 1983 წლის რედაქციისა (HS) და მასში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.

მუხლი 26

იმპორტზე საბაჟო გადასახადების გაუქმება

1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან, მხარეებმა უნდა გააუქმონ ყველა საბაჟო გადასახადი მეორე მხარეში წარმოშობილ პროდუქციაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტისათვის ზიანის მიყენების გარეშე.

2. ამ შეთანხმების II–A დანართში ჩამოთვლილი პროდუქტები საბაჟო გადასახადის გარეშე უნდა იქნას იმპორტირებული ევროკავშირში, ამ დანართში მითითებული სატარიფო კვოტის ფარგლებში. სატარიფო კვოტაზე გადაჭარბებით იმპორტისას გამოყენებული უნდა იყოს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის შესაბამისი საბაჟო გადასახადის განაკვეთი.

3. ამ შეთანხმების II-B დანართში ჩამოთვლილი პროდუქტები ევროკავშირში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის ადვალორული კომპონენტის გარეშე.

4. საქართველოში წარმოშობილი პროდუქტის იმპორტი, რომელიც ჩამოთვლილია ამ შეთანხმების II-C დანართში, დაექვემდებარება გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს წინამდებარე შეთანხმების 27-ე მუხლის შესაბამისად.

5. ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ, ერთ-ერთი მხარის მოთხონვის საფუძველზე, მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები მხარეებს შორის ვაჭრობაში საბაჟო ტარიფების ლიბერალიზაციის მასშტაბის გაფართოებასთან დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით.  


მუხლი 27

გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო გადამუშავებული პროდუქტებისთვის

1. წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მოცემული პროდუქტები ექვემდებარება ამ მუხლით განსაზღვრულ გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს. ამ პროდუქტების თითოეული კატეგორიის საქართველოდან ევროკავშირში იმპორტის საშუალო წლიური მოცულობა მოცემულია ამ შეთანხმების II-C დანართში.

2. როდესაც ნებისმიერი წლის განმავლობაში, დაწყებული 1 იანვრიდან, პირველ პუნქტში აღნიშნული ერთი ან მეტი პროდუქტის იმპორტის მოცულობა მიაღწევს წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მითითებული მოცულობის 70%-ს, ევროკავშირი ატყობინებს საქართველოს კონკრეტული პროდუქტ(ებ)ის იმპორტის მოცულობის შესახებ. ამ შეტყობინების შემდეგ და 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც პირველ პუნქტში აღნიშნული ერთი ან მეტი პროდუქტის იმპორტი მიაღწევს წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მითითებული რაოდენობის 80%-ს, საქართველო წარუდგენს ევროკავშირს საფუძვლიან დასაბუთებას იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა აწარმოოს პროდუქცია ევროკავშირში ექსპორტისათვის  ამ დანართში მითითებული მოცულობის ზემოთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს იმპორტი მიაღწევს წინამდებარე შეთანხმების II-C დანართში მითითებული რაოდენობის 100%-ს და იმავდროულად არ არსებობს საქართველოს მხრიდან წარდგენილი საფუძვლიანი დასაბუთება, ევროკავშირს შეუძლია დროებით შეაჩეროს პრეფერენციული რეჟიმი შესაბამის პროდუქტებზე.   

აღნიშნული შეჩერება გამოიყენება 6 თვის განმავლობაში და ძალაში შედის პრეფერენციული რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების დღიდან.

3. მე-2 პუნქტის თანახმად მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას დროებითი შეჩერების შესახებ ევროკავშირი დაუყოვნებლოვ აცნობებს საქართველოს.

4. ევროკავშირის მიერ დროებითი შეჩერება მოიხსნება მისი ძალაში შესვლიდან ექვსთვიანი ვადის ამოწურვამდე იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად შექმნილ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს წარუდგენს დამაკმაყოფილებელ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ შესაბამისი იმპორტირებული პროდუქტ(ებ)ის რაოდენობის სიჭარბე ამ შეთანხმების II-C დანართში მითითებულ რაოდენობაზე, გამოიწვია საქართველოს საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობების ცვლილებამ ამ კონკრეტულ პროდუქტ(ებ)თან მიმართებაში.     

5. ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტში საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს ამ შეთანხმების II-C დანართის ცვლილება და მოცულობის მოდიფიკაცია, რათა აისახოს საქართველოს საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობებში განხორციელებული ცვლილება კონკრეტულ პროდუქტ(ებ)თან მიმართებაში.     

 
მუხლი 28

უმოქმედობა

არცერთ მხარეს არ შეუძლია დააწესოს ახალი საბაჟო გადასახადი მეორე მხარეში წარმოშობილ საქონელზე ან გაზარდოს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისათვის არსებული საბაჟო გადასახადები. ამავდროულად, ეს არ გამორიცხავს რომელიმე მხარის შესაძლებლობას, ვმო-ს დავების განხილვის ორგანოს (DSB) მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეინარჩუნოს ან გაზარდოს საბაჟო გადასახადი.

მუხლი 29

საბაჟო გადასახადები ექსპორტზე

არცერთ მხარეს არ აქვს უფლება, დააწესოს ან შეინარჩუნოს საბაჟო ან სხვა გადასახადი, გარდა ამ შეთანხმების 30-ე მუხლით გათვალისწინებული შიდა მოსაკრებლებისა, მეორე მხარის ტერიტორიაზე საქონლის ექსპორტზე ან ექსპორტთან დაკავშირებით.


მუხლი 30

გადასახდელები და სხვა მოსაკრებლები

GATT 1994-ის VIII მუხლის და მისი განმარტებითი ჩანაწერის შესაბამისად, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ყველა სახის გადასახდელი და მოსაკრებელი, გარდა ამ შეთანხმების 26-ე მუხლით განსაზღვრული საბაჟო გადასახადებისა და სხვა ზომებისა, რომლებიც დაწესებულია ან დაკავშირებულია პროდუქციის ექსპორტთან ან იმპორტთან, არ აღემატება გაწეული მომსახურების მიახლოებით ხარჯს და არ წარმოადგენს არაპირდაპირი სახით ადგილობრივი პროდუქციის დაცვას ან ფისკალური მიზნებისათვის იმპორტის ან ექსპორტის დაბეგვრას.

 
ნაწილი 3

არასატარიფო ზომები

მუხლი 31

ეროვნული რეჟიმი

თითოეული მხარე მიანიჭებს მეორე მხარის საქონელს ეროვნულ რეჟიმს GATT 1994-ის III მუხლისა და მისი განმარტებითი ჩანაწერების შესაბამისად. ამ მიზნით, GATT 1994-ის III მუხლი და მისი განმარტებითი ჩანაწერები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების შემადგენელ  და განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 32

შეზღუდვები იმპორტსა და ექსპორტზე

არცერთმა მხარემ არ უნდა დააწესოს ან შეინარჩუნოს აკრძალვა ან შეზღუდვა მეორე მხარის საქონლის იმპორტზე ან საქონლის ექსპორტზე ან ექსპორტის მიზნით გაყიდვებზე, რომელიც განკუთვნილია მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე გასატანად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვაგვარად არის განსაზღვრული ამ შეთანხმებით ან GATT 1994-ის XI მუხლით და მისი განმარტებითი ჩანაწერებით. ამ მიზნით, GATT 1994-ის XI მუხლი და მისი განმარტებითი ჩანაწერები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს.


ნაწილი 4

საქონელთან დაკავშირებული სპეციფიკური დებულებები

მუხლი 33

ზოგადი გამონაკლისები

წინამდებარე თავში მოცემული პირობებიდან არაფერი არ უნდა უშლიდეს ხელს მხარის მიერ GATT 1994-ის XX და XXI მუხლების და ამ მუხლების შესაბამის განმარტებითი ჩანაწერებში მოცემული ნებისმიერი ზომის მიღებასა ან გატარებას, რაც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს.

ნაწილი 5

ადმინისტრაციული თანამშრომლობა და
კოორდინაცია სხვა ქვეყნებთან

მუხლი 34

პრეფერენციათა დროებითი შეჩერება

1. მხარეები თანხმდებიან, რომ ადმინისტრაციული თანამშრომლობა და დახმარება  მნიშვნელოვანია ამ თავით მინიჭებული პრეფერენციული სატარიფო რეჟიმის განხორციელებისა და კონტროლისთვის და ხაზს უსვამენ მათ ვალდებულებას, ებრძოლონ დარღვევებსა და გაყალბებას საბაჟოზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2. როდესაც ხელშემკვრელი მხარე, ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე, აღმოაჩენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ თანამშრომლობას ან დახმარებას და/ან ადგილი აქვს ამ თავით გათვალიწინებულ დარღვევას და გაყალბებას, აღნიშნულ მხარეს, ამ მუხლის შესაბამისად, შეუძლია დროებით შეაჩეროს პრეფერენციული რეჟიმი კონკრეტულ პროდუქტ(ებ)ზე.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის, მხარის მიერ ადმინისტრაციული თანამშრომლობის ან დახმარების მიწოდების ვერ შესრულება გულისხმობს შემდეგს:

(a) მუდმივად არ ხდება საქონლის წარმოშობის სტატუსის გადამოწმების ვალდებულებების შესრულება;

(b) ადგილი აქვს განმეორებით უარს ან დაუსაბუთებელ შეფერხებას წარმოშობის გადამოწმების და/ან ამ გადამოწმების შედეგების მიწოდების კუთხით;

(c) ადგილი აქვს მუდმივ უარს ან დაუსაბუთებელ შეფერხებას, პრეფერენციული რეჟიმის სარგებლობისათვის საჭირო დოკუმენტების აუთენტურობის ან ინფორმაციის სიზუსტის დასადგენი ვიზიტის განხორციელების ნებართვის მისაღებად

4. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, დარღვევის ან გაყალბების აღმოჩენა, მათ შორის, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა დამაკმაყოფილებელი განმარტებების გარეშე ხდება საქონლის იმპორტის სწრაფი ზრდა, რაც აღემატება მხარის ჩვეულებრივ საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობებს და რაც დაკავშირებულია დარღვევის ან გაყალბების შესახებ ობიექტურ ინფორმაციასთან.

5. დროებითი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მოხდეს შემდეგ შემთხვევებში:

(a) მხარე, რომელმაც ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე, აღმოაჩინა, რომ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ თანამშრომლობას ან დახმარებას და/ან ადგილი აქვს მეორე მხარის მიერ დარღვევას ან გაყალბებას, ამ ობიექტურ ინფორმაციასთან ერთად თავისი აღმოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს და შესაბამისი ინფორმაციის და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამართავს კონსულტაციებს ამ კომიტეტში, რათა მიღწეულ იქნას ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება.

(b) იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა გამართეს კონსულტაციები ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის ფარგლებში და კონსულტაციების დაწყების შესახებ შეტყობინებიდან სამი თვის თავზე ვერ მიიღეს ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება, დაინტერესებულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა დროებით შეაჩეროს პრეფერენციული რეჟიმი კონკრეტულ საქონელზე. პრეფერენციული რეჟიმის დროებითი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს.

(c) ამ მუხლის შესაბამისად პრეფერენციული რეჟიმის დროებითი შეჩერება უნდა განხორციელდეს იმ ფარგლებში, რაც საჭიროა დაინტერესებული მხარის ფინანსური ინტერესების დასაცავად. ის არ უნდა აღემატებოდეს ექვსთვიან პერიოდს, რომლის განახლებაც შესაძლებელია, თუ არაფერი შეცვლილა იმ ვითარებაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა თავდაპირველი შეჩერება. ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის ფარგლებში უნდა გაიმართოს პერიოდული კონსულტაციები დროებითი შეჩერების ზომების თაობაზე და განსაკუთრებით მათ გაუქმებაზე, ზომების დაწესების საფუძვლების აღკვეთის შემდეგ.

6. თითოეულმა მხარემ, შიდა პროცედურების გათვალისწიებით, უნდა გამოაქვეყნოს  შეტყობინება იმპორტიორებისათვის, რომელიც ეხება: მე-5 პუნქტის „a“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას; მე-5 პუნქტის „b“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას და მე-5 პუნქტის „c“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გაგრძელებას ან გაუქმებას.


მუხლი 35

ადმინისტრაციული შეცდომების მართვა

თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დაშვებულია შეცდომა პრეფერენციული რეჟიმის  სრულფასოვან მართვაში ექსპორტისას, განსაკუთრებით წინამდებარე შეთანხმების I ოქმის იმ დებულებების გამოყენებაში, რომელიც ეხება პროდუქციის წარმოშობის განსაზღვრას და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდებს, იმ შემთხვევაში, როდესაც დაშვებული შეცდომა გავლენას ახდენს იმპორტის გადასახადზე, მსგავსი ვითარების წინაშე მყოფი ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია მიმართოს ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს, რათა გამოკვლეულ იქნას და დაწესდეს ყველა შესაძლო ზომა არსებული ვითარების გამოსასწორებლად.


მუხლი 36

შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან

1. ამ შეთანხმებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საბაჟო კავშირების, თავისუფალი სავაჭრო ზონებისა ან საზღვრისპირა მიმოსვლის შესახებ მექანიზმების შექმნას ან შენარჩუნებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ ვაჭრობის პირობებს.

2. ერთერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მხარეებს შორის უნდა გაიმართოს კონსულტაციები ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის ფარგლებში, საბაჟო კავშირების, თავისუფალი სავაჭრო ზონების, საზღვრისპირა მიმოსვლის შესახებ მექანიზმების შექმნისა და მესამე ქვეყნების მიმართ სავაჭრო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. კონკრეტულად, მესამე ქვეყნის  ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, მსგავსი კონსულტაციები უნდა გაიმართოს, რათა გათვალისწინებულ იქნას ევროკავშირის და საქართველოს ორმხრივი ინტერესები ამ შეთანხმების თანახმად.

თავი 2

სავაჭრო ზომები

ნაწილი 1

საერთო დაცვითი ზომები

მუხლი 37

ზოგადი დებულებები

1. მხარეები ადასტურებენ თავიანთ უფლებებს და მოვალეობებს GATT 1994-ის XIX მუხლის და ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმების („დაცვითი ზომების შეთანხმება“) და ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული სოფლის მეურნეობის შესახებ შეთანხმების („შეთანხმება სოფლის მეურნეობის შესახებ“)  მე-5 მუხლის შესაბამისად.

2. წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) პირველ თავში (ეროვნული რეჟიმი და საქონლის ბაზარზე დაშვება) ფორმულირებული წარმოშობის პრეფერენციული წესები არ გამოიყენება ამ ნაწილთან მიმართებაში.

3. ამ ნაწილის დებულებები არ ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავს (დავების მოგვარება). 

მუხლი 38

გამჭვირვალობა

1. მხარე, რომელიც იწყებს დაცვით ზომებთან დაკავშირებულ მოკვლევას, აცნობებს მეორე მხარეს აღნიშნული მოკვლევის დაწყების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელს გააჩნია არსებითი ეკონომიკური ინტერესი.

2. ამ შეთანხმების 37-ე მუხლის გათვალისწინების გარეშე, მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, დაცვით ზომებთან დაკავშირებული მოკვლევის დამწყები მხარე, რომელიც მიზნად ისახავს დაცვითი ზომების დაწესებას, დაუყოვნებლივ წარმოადგენს წერილობით შეტყობინებას ყველა იმ სათანადო ინფორმაციის თაობაზე, რომელიც ეხება დაცვითი ზომების შესახებ მოკვლევის დაწყებასა და დაცვითი ზომების დაწესებას და აგრეთვე, სადაც საჭიროა, წარმოადგენს ინფორმაციას დაცვითი ზომების შესახებ მოკვლევის დაწყების შესახებ, დაცვითი ზომების შესახებ მოკვლევის დროებითი და საბოლოო შედეგების შესახებ და ასევე მისცემს მეორე მხარეს კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობას.  

3. ამ მუხლის მიზნებისთვის, მხარე მიჩნეულია არსებითი ეკონომიკური ინტერესის მქონედ იმ შემთხვევაში, თუ იგი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმყოფება იმპორტირებული საქონლის ხუთ უდიდეს მიმწოდებელს შორის, რაც გამოითვლება აბსოლუტური მოცულობით ან ღირებულებით.    

მუხლი 39

ზომების გამოყენება

1. დაცვითი ზომების დაწესებისას, მხარეები შეეცდებიან, რომ დააწესონ ისინი იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლები გავლენა მოახდინოს მხარეებს შორის არსებულ ორმხრივ ვაჭრობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, თუ ერთი მხარე მიიჩნევს, რომ დაცვითი ზომების დაწესებისთვის საჭირო სამართლებრივი მოთხოვნები არის დამაკმაყოფილებელი და მიზნად ისახავს ამ ზომების დაწესებას, ეს მხარე აცნობებს მეორე მხარეს აღნიშნულის თაობაზე და მისცემს მას შესაძლებლობას გამართოს ორმხრივი კონსულტაციები. თუ შეტყობინების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, იმპორტიორ მხარეს შეუძლია დააწესოს შესაბამისი ზომები არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.


ნაწილი 2

ანტიდემპინგური და საკომპენსაციო ზომები

მუხლი 40

ზოგადი დებულებები

1. მხარეები ადასტურებენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს GATT 1994-ის VI მუხლის, ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული GATT 1994-ის VI მუხლის განხორციელების შესახებ შეთანხმების („ანტიდემპინგის შეთანხმება“) და ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული სუბსიდიებისა და დაცვითი ზომების შესახებ შეთანხმების („სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შეთანხმება“) შესაბამისად.

2. წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) პირველ თავში (ეროვნული რეჟიმი და საქონლის ბაზარზე დაშვება) ფორმულირებული წარმოშობის პრეფერენციული წესები არ გამოიყენება ამ ნაწილთან მიმართებაში.

3. ამ ნაწილის დებულებები არ ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავს (დავების მოგვარება).  

მუხლი 41

გამჭვირვალობა

1. მხარეები თანხმდებიან, რომ ანტიდემპინგის და საკომპენსაციო ზომები გამოყენებული იქნება ანტიდემპინგის და სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმებების მოთხოვნების სრული შესაბამისობით და დაეფუძნება სამართლიან და გამჭვირვალე სისტემას.  

2. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ დაუყოვნებლივ დროებითი ზომების დაწესების შემდეგ მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სრულად და გონივრულად ინფორმაცია ყველა იმ  არსებითი ფაქტისა და განხილვის შესახებ, რომლებიც ქმნიან ამ ზომების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. აღნიშნული არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ანტიდემპინგის შეთანხმების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტთან და სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტთან. ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება წერილობითი ფორმით და დაინტერესებულ მხარეებს მიეცემათ საკმარისი დრო კომენტარების გასაკეთებლად.

3. თითოეულ დაინტერესებულ მხარეს მიეცემა შესაძლებლობა იქნეს მოსმენილი და გამოხატოს თავისი შეხედულებები ანტიდემპინგური და სუბსიდიის საწინააღმდეგო მოკვლევების მიმდინარეობის დროს, თუ ეს არ აფერხებს მოკვლევის ჩატარების პროცესს.  

 
მუხლი 42

საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინება

მხარემ შესაძლოა არ გამოიყენოს ანტიდემპინგური ან საკომპენსაციო ზომები თუ, მოკვლევის დროს არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, ნათლად შეიძლება იმის დადგენა, რომ ამგვარი ზომების გამოყენება ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს. საზოგადოებრივი ინტერესის განსაზღვრა ეფუძნება სხვადასხვა ინტერესის ერთობლივად გათვალისწინებას, მათ შორის,  ადგილობრივი წარმოების, მომხმარებლების და იმპორტიორების ინტერესების, იმის გათვალისწინებით, რომ მათ წარუდგინეს შესაბამისი ინფორმაცია მოკვლევის მწარმოებელ ორგანოებს.


მუხლი 43

ნაკლები გადასახადის წესი

თუ მხარე გადაწყვეტს, რომ დააწესოს დროებითი ან საბოლოო ანტიდემპინგური ან საკომპენსაციო გადასახადი, ამგვარი გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დემპინგის ზღვარს ან სუბსიდიის მთლიან ოდენობას, და ამავე დროს, იგი უნდა იყოს დემპინგის ზღვარზე ან სუბსიდიის მთლიან ოდენობაზე ნაკლები იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაკლები გადასახადი იქნება ადეკვატური ადგილობრივი წარმოებისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.  

თავი 3

ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია და შესაბამისობის შეფასება

მუხლი 44

მოქმედების სფერო და განსაზღვრებები

1. ეს თავი ეხება სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების მომზადებას, მიღებასა და გამოყენებას იმგვარად, როგორც განსაზღვრულია ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემულ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმებაში („ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმება“), რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მხარეთა შორის საქონლით ვაჭრობაზე.

2. პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, მოცემული თავი არ ეხება სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, რომლებიც განსაზღვრულია ვმო-ს შეთანხმების 1A დანართში მოცემული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენების შესახებ შეთანხმების („სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების შეთანხმება“) A დანართში, ასევე არ ეხება საჯარო უწყებების მიერ იმ შესყიდვებთან დაკავშირებით მომზადებულ სპეციფიკაციებს, რომლებიც განკუთვნილია საკუთარი წარმოების ან მოხმარების მიზნებისთვის.

3. წინამდებარე თავის მიზნებისთვის გამოყენებული იქნება ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმების დანართ 1-ში მოცემული განსაზღვრებები.

მუხლი 45

ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმების დამტკიცება

მხარეები ადასტურებენ ერთმანეთის მიმართ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმების ფარგლებში არსებულ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელიც შეტანილია ამ შეთანხმებაში და წარმოადგენს მის ნაწილს.

მუხლი 46

ტექნიკური თანამშრომლობა

1. მხარეებმა უნდა განამტკიცონ თანამშრომლობა სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, მეტროლოგიის, ბაზრის ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების სისტემების სფეროში, მხარების შესაბამისი სისტემების უკეთ გაცნობისა და მათ შესაბამის ბაზრებზე დაშვების გაადვილების მიზნით. ამ მიზნიდან გამომდინარე, მათ შეიძლება აწარმოონ რეგულირებასთან დაკავშირებული დიალოგები როგორც ჰორიზონტალურ, ისე სექტორულ დონეებზე.

2. თანამშრომლობის პროცესში, მხარეებმა უნდა გამოავლინონ, განავითარონ და წაახალისონ ვაჭრობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ინიციატივები, რაც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგით:

(a) რეგულირებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის განმტკიცება  გამოცდილებისა და მონაცემთა ურთიერთგაცვლის და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის გზით, ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების,  ბაზრის ზედამხედველობის, შესაბამისობის შეფასებისა და აკრედიტაციის ხარისხის გაუმჯობესების და რეგულირებებთან დაკავშირებული რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით;

(b) თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება მხარეების მეტროლოგიაზე, სტანდარტიზაციაზე, ბაზრის ზედამხედველობაზე, შესაბამისობის შეფასებასა და აკრედიტაციაზე პასუხისმგებელ შესაბამის საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებს შორის.

(c) საქართველოში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასებისა და ბაზრის ზედამხედველობის სისტემისათვის ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების სტიმულირება;

(d) შესაბამისი ევროპული ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა;

(e) გადაწყვეტილებების მოძიება ვაჭრობაში იმ ტექნიკურ ბარიერებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა  წარმოიქმნას; და

(f) საჭიროებისამებრ, ძალისხმევის მიმართვა საკუთარი პოზიციების შესაჯერებლად საერთო ინტერესების საკითხებზე ვაჭრობასა და რეგულირებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა ვმო და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისათვის (UN-ECE).

მუხლი 47

ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების დაახლოება

1. სხვადასხვა სექტორებში დაახლოების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველომ უნდა მიიღოს საჭირო ზომები ევროკავშირის მხარის ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების სისტემებთან და ბაზრის ზედამხედველობის სისტემასთან ეტაპობრივი დაახლოების მიზნით და  იღებს ვალდებულებას დაიცვას ევროკავშირის მხარის შესაბამის კანონმდებლობაში გაწერილი პრინციპები და მეთოდები (საორიენტაციო ნუსხა მოცემულია ამ შეთანხმების III-B დანართში). დაახლოებისათვის საჭირო ღონისძიებების ჩამონათვალი მოცემულია ამ შეთანხმების III-A დანართში, რომელშიც ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, საქართველომ უნდა:

(a) საკუთარი პრიორიტების გათვალისწინებით, ეტაპობრივად დაუახლოოს საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის მხარის შესაბამის კანონმდებლობას; და

(b) მიაღწიოს და შეინარჩუნოს ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური ეფექტიანობის იმ დონეს, რომელიც საჭიროა ქმედუნარიანი და გამჭვირვალე სისტემის უზრუნველსაყოფად, ამ თავის განხორციელებისთვის.  

3. დაახლოების პრიორიტეტულ სფეროებში საქართველომ თავი უნდა შეიკავოს თავისი ჰორიზონტალური და სექტორული კანონმდებლობის ცვლილებისგან, გარდა ისეთი ცვლილებებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ კანონმდებლობის პროგრესულ დაახლოებას და დაახლოების დონის შენარჩუნებას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან. საქართველომ ეროვნული კანონმდებლობის ასეთი ცვლილებების შესახებ უნდა აცნობოს ევროკავშირს.

4. საქართველომ უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს შესაბამისი ეროვნული ორგანოების მონაწილეობას ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, სტანდარტიზაციის, საკანონმდებლო და ფუნდამენტური მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროებში, აკრედიტაციის ჩათვლით, ამ ორგანოების საქმიანობის სფეროსა და მასთან დაკავშირებული წევრობის სტატუსის გათვალისწინებით.

5. სტანდარტიზაციის სისტემის ინტეგრირების მიზნით, საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მისმა სტანდარტიზაციის უწყებამ:

(a) ეტაპობრივად მიიღოს ევროპული (EN) სტანდარტების ნაკრები ეროვნულ სტანდარტებად, ჰარმონიზებული ევროპული სტანდარტების ჩათვლით, რომელთა ნებაყოფლობითი გამოყენება იძლევა საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის პრეზუმფციას.

(b) მათი მიღების პარალელურად, გააუქმოს ევროპულ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მყოფი ეროვნული სტანდარტები;

(c) ეტაპობრივად შეასრულოს ევროპის სტანდარტიზაციის ორგანიზაციების სრული წევრობისათვის საჭირო სხვა პირობები.


მუხლი 48

შეთანხმება სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობის შეფასებასა და აღიარებაზე (ACAA)

საბოლოოდ, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობის შეფასებასა და აღიარებაზე შეთანხმება (ACAA) ოქმის სახით დაერთოს ამ შეთანხმებას და შეთანხმებისამებრ მოიცვას ერთი ან რამდენიმე  სექტორი, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მიერ დადასტურდება, რომ საქართველოს შესაბამისი ჰორიზონტალური და სექტორული კანონმდებლობა, ინსტიტუტები და სტანდარტები სრულად იქნა დაახლოებული ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან. ასეთი ACAA უზრუნველყოფს, რომ მხარეებს შორის პროდუქტებით ვაჭრობა იმ სფეროებში, რომლებსაც მოიცავს აღნიშნული შეთანხმება, განხორციელდება იმავე პირობებში, რომლებიც გამოიყენება ამ პროდუქტებით ვაჭრობისას  წევრ სახელმწიფოებს შორის.


მუხლი 49

ნიშანდება და ეტიკეტირება

1. ამ შეთანხმების 47-ე და 48-ე მუხლების დებულებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე და ნიშანდებისა და ეტიკეტირების მოთხოვნებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გათვალისწინებით, მხარეები ადასტურებენ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმების 2.2 თავის პრინციპებს, რომ მსგავსი მოთხოვნების შემუშავება, მიღება და გამოყენება არ მოხდება საერთაშორისო ვაჭრობაში დამატებითი დაბრკოლებების შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ნიშანდებასა და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ იქნება ვაჭრობის იმაზე მეტად შემზღუდავი, ვიდრე საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, იმ რისკების გათვალისწინებით, რაც შეუსრულებლობამ შეიძლება განაპირობოს.

2. კერძოდ, სავალდებულო ნიშანდებასა ან ეტიკეტირებასთან დაკავშირებით, მხარეები თანხმდებიან, რომ:

(a) ისინი ეცდებიან მინიმუმამდე დაიყვანონ საკუთარი მოთხოვნები ნიშანდებასა ან ეტიკეტირებასთან მიმართებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა ამ სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის მისაღებად და ასევე ჯანმრთელობის, უსაფრთხოების ან გარემოს დაცვის ან საჯარო პოლიტიკის სხვა კეთილგონივრული მიზნების შესასრულებლად;

(b) მხარემ შეიძლება დაადგინოს  ეტიკეტირების ან ნიშანდების ფორმა, მაგრამ არ უნდა მოითხოვოს ეტიკეტების დამტკიცება, რეგისტრაცია ან სერტიფიცირება; და

(c) მხარეები იტოვებენ უფლებას მოითხოვონ, რომ ინფორმაცია ეტიკეტზე ან ნიშანდებაზე მიეთითოს რომელიმე კონკრეტულ ენაზე.

თავი 4

სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები

მუხლი 50

მიზანი

1. ამ თავის მიზანია სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობა მხარეებს შორის, IV დანართში ჩამოთვლილი ყველა ღონისძიების ჩათვლით, ამავე დროს   ადამიანების, ცხოველთა ან მცენარეთა სიცოცხლისა ან ჯანმრთელობის დაცვა შემდეგი სახით:   

(a) სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ვაჭრობასთან დაკავშირებული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გატარებისას, რომლებიც ჩამოთვლილია IV დანართში.

(b) ქართული მარეგულირებელი სისტემის ევროკავშირის მარეგულირებელ სისტემასთან დაახლოება.

(c) მხარეების ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის აღიარება და რეგიონალიზაციის პრინციპის გატარება.  

(d) მხარის მიერ გატარებული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების, რომლებიც ჩამოთვლილია ამ შეთანხმების IV დანართში, ეკვივალენტურობის აღიარების სისტემის ჩამოყალიბება.    

(e) SPS შეთანხმების აღსრულების გაგრძელება.  

(f) ვაჭრობის წახალისებისთვის მექანიზმებისა და პროცედურების შემუშავება; და

(g) კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესება მხარეთა შორის ამ შეთანხმების IV დანართში ჩამოთვლილ ზომებთან დაკავშირებით.

2. ამ თავის მიზანია ასევე მიაღწიოს მხარეთა შორის ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებთან დაკავშირებით საერთო აზრს.  

მუხლი 51

მრავალმხრივი ვალდებულებები

მხარეები კვლავ ადასტურებენ ვმო-ს შეთანხმებებით და კერძოდ,  SPS შეთანხმებით მათთვის განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს.  

მუხლი 52

მოქმედების სფერო

ეს თავი  ვრცელდება მხარის ყველა სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომაზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახდენენ გავლენას  მხარეთა შორის ვაჭრობაზე, IV დანართში ჩამოთვლილი ზომების ჩათვლით.  წინამდებარე მოქმედების სფერო ზიანს არ აყენებს დაახლოების მოქმედების სფეროს, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების 55-ე მუხლით.

მუხლი  53

ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი ტერმინთა გამარტება:

1. „სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები“ ნიშნავს  SPS შეთანხმების  A დანართის 1 პუნქტით განსაზღვრულ ზომებს (SPS ზომები).

2. "ცხოველები" ნიშნავს ცხოველებს, როგორც ეს განსაზღვრულია  ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) წყლის ცხოველთა და ხმელეთის ცხოველთა კოდექსებში.

3. "ცხოველური პროდუქტები" ნიშნავს ცხოველური წარმოშობის პროდუქციას, წყლის ცხოველების პროდუქტების ჩათვლით,  როგორც ეს განსაზღვრულია  OIE-ს  წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსით.  

4. "ცხოველური სუბპროდუქტები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის" ნიშნავს ცხოველის მთლიან სხეულს ან მის ნაწილს, ცხოველური წარმოშობის პროდუქტს ან ცხოველისაგან მიღებულ სხვა პროდუქტს, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის, როგორც ეს ჩამოთვლილია ამ შეთანხმების IV-A დანართის მეორე ნაწილში (II);   

5. "მცენარეები" ნიშნავს ცოცხალ მცენარეებსა და მათ ცოცხალ ნაწილებს, მათ შორის თესლებსა და გერმაპლაზმას:  

(a) ბოტანიკური კუთხით ხილი, გარდა ღრმა გაყინვით შენახულისა;

(b) ბოსტნეული, გარდა ღრმად გაყინვით შენახულისა;  

(c) ტუბერები, გორგლბოლქვები, ბოლქვები, ფესვის ნაწილები;

(d) მოჭრილი ყვავილები;

(e) დაფოთლილი ტოტები;

(f) მოჭრილი ხეები დარჩენილი ფოთლებით;

(g) მცენარეების ქსოვილური კულტურები;

(h) ფოთლები; ყლორტები;

(i) ცოცხალი მცენარეული მტვერი; და

(j) ხის კვირტები, ყლოტები, კალმები

6. "მცენარეული პროდუქტები" ნიშნავს მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს, დაუმუშავებელს ან რომელსაც გავლილი აქვს მცირე დამუშავება და არ არის ამ შეთანხმების IV-A დანართის მესამე ნაწილის მცენარეთა ჩამონათვალში.    

7. "თესლები"  ნიშნავს თესლებს ბოტანიკური მნიშვნელობით, რომელიც დარგვისათვისაა განკუთვნილი.

8. "მავნებლები“ ნიშნავს ნებისმიერი ტიპის, სახის, მცენარის ბიოტიპის, პათოგენურ ან ცხოველურ აგენტს, რომელიც საზიანოა მცენარის ან მცენარეული პროდუქტისათვის (მავნე ორგანიზმები).    

9. "დაცული ზონები" ნიშნავს ზონებს, ევროსაბჭოს 2000 წლის 8 მაისის 2000/29/EC მცენარეებისათვის და მცენარეული პროდუქტებისათვის მავნე ორგანიზმების ევროგაერთიანებაში შეღწევისა და  გავრცელების საწინააღმდეგო დამცავი ზომების შესახებ დირექტივის 2(1)(h) მუხლის ან რომელიმე შემდგომი შესწორების მიხედვით;

10. "ცხოველთა დაავადება " ნიშნავს ცხოველებში ინფექციის კლინიკურ ან პათოლოგიურ  გამოვლინებას;

11. "აკვაკულტურის დაავადება" ნიშნავს  კლინიკური ან არაკლინიკური ინფექციის  OIE -ს წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსში აღნიშნულ დაავადებათა ერთი ან მეტი ეტიოლოგიური აგენტით გამოვლენას.

12. "ცხოველთა ინფექცია" არის მდგომარეობა, როდესაც  ცხოველები ინარჩუნებენ ინფექციურ აგენტს, ინფექციიის კლინიკური ან პათოლოგიური  ნიშნებით გამოვლენით ან მათ გარეშე.

13. "ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტები" ნიშნავს  ცხოველთა დაცვის სტანდარტებს, როგორც ეს შემუშავებულია და მიღებულია მხარეთა მიერ და შეესაბამება OIE-ს  სტანდარტებს;

14. "სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის შესაბამისი დონე" ნიშნავს  სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის დონეს SPS შეთანხმების A დანართის მე-5 პარაგრაფის მიხედვით;   

15. "რეგიონი" ცხოველთა ჯანმრთელობის  კუთხით ნიშნავს ზონას ან რაიონს OIE-ს ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის მიხედვით და  წყლის ცხოველებთან მიმართებაში - ზონას OIE-ს წყლის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის მიხედვით. ევროკავშირისათვის ტერმინი „ტერიტორია“ ან „ქვეყანა“ ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიას.

16. "მავნებლისაგან თავისუფალი ზონა" ნიშნავს ზონას, ტერიტორიას, სადაც მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კონკრეტული მავნებელი არ არის წარმოდგენილი და სადაც, თუ კი შესაძლებელია, აღნიშნული მდგომარეობა შენარჩუნებულია ოფიციალურად.

17. ;"რეგიონალიზაცია" ნიშნავს რეგიონალიზაციის კონცეფციას, როგორც ეს აღწერილია  SPS შეთანხმების მე-6 მუხლში;

18. "ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების ტვირთი“ ნიშნავს ერთი და იგივე ტიპის ცხოველთა ან  ცხოველურ პროდუქტთა გარკვეულ რაოდენობას, რომელთაც ფარავს ერთი სერტიფიკატი ან დოკუმენტი, გადაიზიდება ერთნაირი სატრანსპორტო საშუალებებით, გაგზავნილია ერთი გამგზავნის მიერ, და წარმოშობილია ერთი და იგივე ექსპორტიორ მხარეში, ან მის რომელიმე რეგიონ(ებ)ში. ცოცხალი ცხოველების ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე საქონლის ან პარტიისგან;      

19. "მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების ტვირთი" ნიშნავს მცენარეთა, მცენარეულ პროდუქტთა ან/და სხვა საგანთა რაოდენობას, რომელიც გადაადგილდება ერთი მხარიდან მეორე მხარეში და ახლავს საჭიროების შემთხვევაში, ერთი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე საქონლისგან ან პარტიისგან;

20. "პარტია" ნიშნავს ერთი საქონლის რაოდენობას ან ერთეულებს, რომლის იდენტიფიცირება ხდება მისი ჰომოგენური შემადგენლობისა და წარმოშობის მიხედვით და წარმოადგენს ტვირთის ნაწილს;

21. "ეკვივალენტობა ვაჭრობის მიზნებისათვის" (ეკვივალენტობა) ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ექსპორტიორ ქვეყანაში დანერგილი წინამდებარე შეთანხმების IV დანართში ჩამოთვლილი ღონისძიებები, იმის მიუხედავად განსხვავდება თუ არა იმპორტიორი მხარის მიერ დანერგილი ამ დანართში ჩამოთვლილი  ღონისძიებებისგან, რეალურად აღწევს იმპორტიორი მხარის  დაცვის შესაბამის ან რისკის მისაღებ დონეს;

22. "სექტორი" ნიშნავს მხარის წარმოებისა და ვაჭრობის სტრუქტურას პროდუქტის ან პროდუქტების კატეგორიისთვის;

23. "ქვესექტორი" ნიშნავს სექტორის ზუსტად განსაზღვრულ და კონტროლირებად ნაწილს;

24. "საქონელი" ნიშნავს პროდუქტებს ან საგნებს, რომლებიც მოცემულია 2-7 პუნქტებში;

25. "იმპორტის სპეციალური ნებართვა" ნიშნავს იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური სამსახურების მიერ ინდივიდუალური იმპორტიორის სახელზე გაცემულ წინასწარ ოფიციალურ ნებართვას  საქონლის ერთი ან რამოდენიმე  პარტიის იმპორტზე ექსპორტიორი მხრიდან, მოცემული თავის ფარგლებში;

26. "სამუშაო დღეები" მოიცავს კვირის დღეებს, შაბათ-კვირისა და ერთ-ერთი მხარის სახელმწიფო დასვენების დღეების გამოკლებით;  

27. ;"ინსპექტირება" ნიშნავს სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ნებისმიერი ასპექტის შემოწმებას იმისათვის, რომ დადგინდეს ამ ასპექტის (ასპექტების) სურსათისა და ცხოველთა საკვების კანონთან და ცხოველთა ჯანმრთელობის და ცხოველთა კეთილდღეობის წესების მოთხოვნებთან შესაბამისობა;  

28. "მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექტირება" ნიშნავს მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტების ან სხვა რეგულირებადი ობიექტების  ოფიციალურ ვიზუალურ შემოწმებას მავნებლის არსებობის დასადგენად და/ან მათი ფიტოსანიტარულ რეგულაციებთან შესაბამისობის განსაზღვრას;

29. "დამოწმება" ნიშნავს შემოწმებას კვლევის მეშვეობით და ობიექტური გარემოებების მხედველობაში მიღებას, იმისათვის, რომ დადგინდეს, სრულდება თუ არა განსაზღვრული მოთხოვნები. 

მუხლი 54

კომპეტენტური ორგანოები

მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას მათი კომპეტენტური ორგანოების, სტრუქტურის, ორგანიზაციისა და კომპეტენციათა გადანაწილების შესახებ სანიტარული და ფიტოსანიტარული  ქვეკომიტეტის პირველ შეხვედრაზე, როგორც მოცემულია ამ შეთანხმების 65-ე მუხლში (SPS ქვეკომიტეტი). მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ სტრუქტურის, ორგანიზაციისა და კომპეტენციათა გადანაწილების შესახებ ყოველი ცვლილების თაობაზე, საკონტაქტო პირების ცვლილების ჩათვლით.  


მუხლი 55

ეტაპობრივი დაახლოება

1. საქართველომ უნდა განაგრძოს მისი სანიტარული და ფიტოსანიტარული, ცხოველთა კეთილდღეობისა და სხვა საკანონმდებლო ღონისძიებების, როგორც მოცემულია ამ შეთანხმების IV  დანართში,  ევროკავშირის  კანონმდებლობასთან დაახლოება, წინამდებარე შეთანხმების XI დანართში მოცემული პრინციპებისა და პროცედურების მიხედვით.   

2. მხარეები ითანამშრომლებენ ეტაპობრივი დაახლოებისა და შესაძლებლობების ზრდის მიმართულებით.  

3. SPS ქვეკომიტეტი რეგულარულად დააკვირდება ამ შეთანხმების XI დანართით განსაზღვრულ  დაახლოების პროცესის განხორციელებას, დაახლოების თაობაზე საჭირო რეკომენდაციების გაცემის მიზნით.   

4. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა, საქართველო წარადგენს ევროკავშირის იმ სანიტარულ, ფიტოსანიტარულ, ცხოველთა კეთილდღეობისა და სხვა საკანონმდებლო ღონისძიებების სიას, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების IV  დანართით,  რომელსაც ის დაუახლოებს  თავის კანონმდებლობას.  სია დაყოფილი იქნება პრიორიტეტულ სფეროებად, სადაც გარკვეული საქონლით ან საქონელთა ჯგუფით ვაჭრობის ხელშეწყობა განხორციელდება საკანონმდებლო დაახლოების გზით. დაახლოების სია წარმოადგენს წინამდებარე თავის განხორციელების სახელმძღვანელო დოკუმენტს.  

მუხლი 56

ცხოველთა ჯანმრთელობის, მავნებელთა მდგომარეობისა და რეგიონალური პირობების აღიარება ვაჭრობის მიზნებისთვის  

ცხოველთა დაავადებების, ცხოველებში ან მავნებლებში ინფექციების მდგომარეობის აღიარება

1. ცხოველთა დაავადებებთან და ცხოველებში ინფექციებთან (ზოონოზის ჩათვლით) მიმართებაში განხორციელდება შემდეგი:

(a) იმპორტიორი მხარე აღიარებს ექსპორტიორი მხარის ან მისი რეგიონების ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაჭრობის მიზნით, ამ შეთანხმების V დანართის A ნაწილით განსაზღვრულ დაავადებებთან მიმართებაში, ამ შეთანხმების V დანართში  მოცემული პროცედურების შესაბამისად;

(b) როდესაც მხარე თვლის, რომ მის ტერიტორიაზე ან მისი ტერიტორიის რეგიონში მას აქვს განსაკუთრებული მდგომარეობა კონკრეტულ ცხოველთა დაავადების კუთხით, გარდა იმ დაავადებებისა, რომლებიც მოცემულია ამ შეთანხმების V-A დანართში, მას შეუძლია მოითხოვოს ამ სტატუსის აღიარება ამ შეთანხმების VI დანართის C ნაწილში მოცემული პროცედურის შესაბამისად. ამასთან მიმართებაში იმპორტიორ მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს  გარანტიები, განმარტებითი კომენტარის თანდართვით, ცოცხალ ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით, რომელიც შეესაბამება მხარეთა შორის შეთანხმებულ სტატუსს;

(c) მხარეების ტერიტორიის, რეგიონების, სექტორის თუ ქვესექტორის სტატუსი, რომელიც დაკავშირებულია ცხოველთა დაავადებებთან (V-A დანართში ჩამოთვლილი დაავადებების გარდა), ან ინფექციასთან ცხოველებში, და/ან მასთან დაკავშირებულ რისკებთან, შესაბამისად, როგორც განსაზღვრულია OIE-ს მიერ,  მხარეების მიერ განიხილება, როგორც მათ შორის ვაჭრობის ძირითადი საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით, იმპორტიორმა მხარემ შესაძლებელია მოითხოვოს გარანტიები ცოცხალ ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების იმპორტთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება OIE–ს რეკომენდაციების მიხედვით განსაზღვრულ სტატუსს.

(d) წინამდებარე შეთანხმების  58-ე, მე-60 და 64-ე მუხლების დაურღვევლად და თუ იმპორტიორი მხარე არ იქნება წინააღმდეგი და არ მოითხოვს დამხმარე ან დამატებით ინფორმაციას ან კონსულტაციას და/ან გადამოწმებას, თითოეული მხარე დაუყოვნებლივ გაატარებს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ვაჭრობის დასაშვებად „a“, „b“ და „c“ ქვეპუნქტების მიხედვით.   

2. მავნებლებთან დაკავშირებით გატარდება შემდეგი ზომები:  

(a) მხარეები VI-B დანართის შესაბამისად ვაჭრობის მიზნით ცნობენ მათ იმ მავნებლებთან დაკავშირებულ მდგომარეობას, რომლებიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების V-B დანართში;

(b) წინამდებარე შეთანხმების 58-ე, მე-60 და 64-ე მუხლების დაურღვევლად და თუ იმპორტიორი მხარე არ იქნება წინააღმდეგი და არ მოითხოვს დამხმარე ან დამატებით ინფორმაციას ან კონსულტაციას და/ან გადამოწმებას, თითოეული მხარე დაუყოვნებლივ გაატარებს საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ვაჭრობის დასაშვებად წინამდებარე პუნქტის „a“ ქვეპუნქტის მიხედვით.   

რეგიონალიზაციის/ზონირების, მავნებლებისგან თავისუფალ  ზონების  (PFA) და დაცული ზონების (PZ) აღიარება

3. მხარეები ცნობენ რეგიონალიზაციისა და PFA–ს კონცეფციას, როგორც ეს მოცემულია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 1997 წლის მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციასა (IPPC)  და ფიტოსანიტარული ზომების საერთაშორისო  სტანდარტებში (ISPM) და დაცულ ზონებს 2000/29/EC დირექტივის მიხედვით, რომლის შესრულებაზეც ისინი თანხმდებიან მათ შორის ვაჭრობის მიზნით.  

4. მხარეები თანხმდებიან რომ რეგიონალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებები წინამდებარე შეთანხმების V-A დანართში მოცემულ ცხოველთა და  თევზის დაავადებებზე,  და წინამდებარე შეთანხმების V-B დანართში მოცემულ მავნებლებზე,  მიღებულ უნდა იქნას წინამდებარე შეთანხმების VI დანართის A და B ნაწილებში მოცემული დებულებების შესაბამისად.    

5. ცხოველთა დაავადებებთან დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების 58-ე მუხლზე დაყრდნობით, ექსპორტიორი მხარე იმპორტიორი მხარის მიერ მისი რეგიონალიზაციის აღიარების მიზნით ატყობინებს მიღებული ზომების შესახებ გადაწყვეტილებათა სრული აღწერითა და შესაბამისი მონაცემებით. წინამდებარე შეთანხმების 59-ე მუხლის პირობების დაურღვევლად და თუ იმპორტიორ მხარეს არ ექნება დასაბუთებული პრეტენზია და არ მოითხოვს დამატებით ინფორმაციას ან კოსულტაციას და/ან გადამოწმებას შეტყობინების მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში, ასე მიწოდებული რეგიონალიზაციის გადაწყვეტილება ჩაითვლება მიღებულად.

ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება ამ შეთანხმების 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. იმპორტიორი მხარე შეაფასებს დამატებით ინფორმაციას მისი მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტში მითითებული დამოწმება განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების 62-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნის მიღებიდან 25 სამუშაო დღის განმავლობაში.

6. მავნებლებთან დაკავშირებით თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მცენარეებით, მცენარეული პროდუქციით და სხვა ობიექტებით ვაჭრობისას გათვალისწინებულია მავნებლების მდგომარეობა მეორე მხარის მიერ აღიარებულ დაცულ ზონასა ან მავნებლებიასგან თავისუფალ ტერიტორიაზე PFA-ს აღიარების მაძიებელმა მხარემ უნდა აცნობოს მეორეს მის მიერ  გატარებული ღონისძიებების შესახებ და მოთხოვნის შესაბამისად უნდა მისცეს სრული ინფორმაცია და ახსნა-განმარტება მის შექმნასა  და შენარჩუნებაზე, FAO-ს ან IPPC-ის სტანდარტების, მათ შორის ISPM-ის მიხედვით. ამ შეთანხმების 64-ე მუხლის დაურღვევლად და თუ მხარე არ იქნება წინააღმდეგი და არ მოითხოვს დამატებით ინფორმაციას,  კონსულტაციას და/ან გადამოწმებას შეტყობინების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში, რეგიონალიზაციის გადაწყვეტილება მავნებლისგან თავისუფალ ტერიტორიაზე ჩაითვლება მიღებულად.

ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება წინამდებარე შეთანხმების 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. იმპორტიორი მხარე შეაფასებს დამატებით ინფორმაციას მისი მიღებიდან სამი თვის განმავლობაში. ამ პუნქტის პირველ ქვეპუნქტში მითითებული დამოწმება განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების 62-ე მუხლის შესაბამისად, დამოწმებაზე მოთხოვნის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში, განხილვის ქვეშ მყოფი მავნებლისა თუ მცენარის ბიოლოგიის გათვალისწინებით.   

7. მე-4 - მე-6 პუნქტებში მოყვანილი პროცედურების დასრულების შემდეგ და წინამდებარე შეთანხმების 64-ე მუხლის დაურღვევლად, თითოეული მხარე, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, გაატარებს აუცილებელ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ამ პირობებით ვაჭრობის დასაშვებად.

დანაწილება

8. მხარეები შესაძლოა ჩაერთონ დანაწილებასთან დაკავშირებულ შემდგომ განხილვებში.

მუხლი 57

ეკვივალენტურობის განსაზღვრა

1.    ეკვივალენტობა უნდა  იქნას აღიარებული შემდეგ შემთხვევებთან დაკავშირებით:

(a) ინდივიდიალური ღონისძიება; ან

(b) ღონისძიებების ჯგუფი; ან

(c) სისტემა სექტორის, ქვე-სექტორის, საქონლის ან საქონლის ჯგუფისთვის.

2. ეკვივალენტობის განსაზღვრისას, მხარეები უნდა მიყვნენ პროცესს, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტშია მოცემული. ეს პროცესი უნდა მოიცავდეს ეკვივალენტობის ობიექტურ  დემონსტრირებას ექსპორტიორი მხარის მიერ და მოთხოვნის ობიექტურ შეფასებას იმპორტიორი მხარის მიერ. ეს შეფასება შეიძლება მოიცავდეს ინსპექტირებას ან დამოწმებას.

3. ექსპორტიორი მხარის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ეკვივალენტობის აღიარების მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეებმა დაუყონებლივ, არაუგვიანეს სამი თვისა მას შემდეგ რაც იმპორტიორი მხარე მიიღებს ამგვარ  მოთხოვნას, ინიცირება უნდა  გაუკეთონ საკონსულტაციო პროცესს, რომელიც მოიცავს წინამდებარე შეთანხმების VIII დანართში გაწერილ ნაბიჯებს. ექსპორტიორი მხარის მიერ  რამდენიმე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მხარეები იმპორტიორი მხარის მოთხოვნით უნდა შეთანხდნენ ამ შეთანხმების 65-ე მუხლში მოცემულ SPS ქვეკომიტეტთან დროის განრიგზე, რომლის მიხედვითაც ისინი განახორციელებენ ამ პუნქტით განსაზღვრული პროცესის ინიცირებასა და განხორციელებას. 

4. საქართველომ უნდა შეატყობინოს ევროკავშირს, როდესაც დაახლოება მიღწეულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებისთვის, ღონისძიებათა ჯგუფისთვის ან სისტემისთვის, როგორც წინამდებარე შეთანხმების 55-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული მონიტორინგის შედეგი. ეს ფაქტი ჩაითვლება როგორც საფუძველი საქართველოსთვის მოითხოვოს ეკვივალენტობის აღიარების პროცესის დაწყება მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.

5. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, იმპორტიორი მხარე ვალდებულია დაასრულოს მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეკვივალენტობის აღიარების პროცესი ექსპორტიორი მხარის მოთხოვნის მიღებიდან 360 დღეში, მათ შორის დოსიე, რომელიც აჩვენებს ეკვივალენტობას. აღნიშნული დროის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს სეზონურ კულტურებთან მიმართებაში, როდესაც შეფასების დაყოვნება გამართლებულია იმისათვის, რომ დამოწმება განხორციელდეს სეზონური კულტურების ზრდის შესაბამისი პერიოდისთვის.   

6. იმპორტიორი მხარე განსაზღვრავს მცენარეებთან, მცენარეულ პროდუქტებთან და სხვა ობიექტებთან ეკვივალენტობას ფიტოსანიტარული ზომების საერთაშორისო  სტანდარტების (ISPM) მიხედვით.

7. იმპორტიორ მხარეს შეუძლია გააუქმოს ან შეაჩეროს ეკვივალენტობა, რომელიმე მხარის მიერ ზომებში ისეთი შესწორების შეტანის გამო, რომელიც გავლენას ახდენს ეკვივალენტობაზე, შემდეგი პროცედურის დაცვით:

(a) წინამდებარე შეთანხმების 58(2) მუხლის დებულებების შესაბამისად, ექსპორტიორმა მხარემ  უნდა აცნობოს იმპორტიორ მხარეს იმ ღონისძიებებში განსახორციელებელი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელთა ეკვივალენტობა უკვე აღიარებულია და ასევე შეთავაზებული ღონისძიებების სავარაუდო გავლენა უკვე განსაზღვრულ ეკვიავლენტობაზე,  აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში იმპორტიორმა მხარემ ექსპორტიორ მხარეს უნდა  შეატყობინოს გაგრძელდება თუ არა შეთავაზებული ღონისძიებების საფუძველზე ეკვივალენტობის ცნობა.

(b) წინამდებარე შეთანხმების 58(2) მუხლის დებულებების შესაბამისად, იმპორტიორმა  მხარემ დაუყონებლივ უნდა წარუდგინოს მის ღონისძიებეში შესატანი ცვლილებების შესახებ შეთავაზება, რომლის მიხედვითც მოხდა შესაბამისობის (ეკვივალენტობის) აღიარება.  უნდა გააგრძელოს თუ არა  იმპორტიორმა მხარემ ეკვივალენტობის აღიარება, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ პირობებზე, რომლის მიხედვითაც მოხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროცესის ხელმეორედ ინიცირება  შეთავაზებული  ზომების საფუძველზე.

8. ეკვივალენტობის აღიარებას, შეჩერებას ან გაუქმებას ახდენს მხოლოდ იმპორტიორი მხარე, რომელიც მოქმედებს  საკუთარ ადმინისტრაციულ და საკანონდმდებლო ფარგლებში. ამ მხარემ წერილობითი ფორმით უნდა წარუდგინოს ექსპორტიორ მხარეს დასაბუთებული ახსნა-განმარტება და შესაბამისი მონაცემები, რომელთა გამოყენება მოხდა ამ მუხლით გათვალისწინებული განსაზღვრებების და გადაწვეტილებების მიღებისას. ეკვივალენტობის აუღიარებლობის, შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, იმპორტიორმა მხარემ უნდა აცნობოს ექსპორტიორ მხარეს იმ გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს მე-3 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული პროცესის ხელახალი ინიცირება.

9. წინამდებარე შეთანხმების 64-ე მუხლის პირობების დაურღვევლად, იმპორტიორმა მხარემ შეიძლება არ გააუქმოს ან არ შეაჩეროს ეკვივალენტობა,  ვიდრე რომელიმე მხარის მიერ შეთავაზებული ახალი ზომები შევა ძალაში .

10. იმ შემთხვევაში, თუ ეკვივალენტობა ოფიციალურად აღიარებულ იქნა იმპორტიორი მხარის მიერ, წინამდებარე შეთანხმების VIII დანართის შესაბამისად გამართული კონსულტაციების საფუძველზე, SPS ქვეკომიტეტმა წინამდებარე შეთანხმების 65(5) მუხლით განსაზღვრული პროცედურის საფუძველზე უნდა მოახდინოს მხარეებს შორის ვაჭრობაში ეკვივალენტობის აღიარების დეკლარირება. ასეთმა გადაწყვეტილებამ  შეიძლება აგრეთვე განაპირობოს ფიზიკური შემოწმების შემცირება საზღვარზე, საწარმოებისთვის სერტიფიკატებისა და პროდუქციის გაყიდვამდე შემოწმების განსაზღვრული პროცედურების გამარტივება.

სტატუსი ეკვივალენტობის აღიარების შესახებ იქნება გაწერილი წინამდებარე შეთანხმების XII დანართში.

მუხლი 58

გამჭირვალობა და ინფორმაციის გაცვლა

1. წინამდებარე შეთანხმების 59-ე მუხლის პირობების დაურღვევლად  მხარეები ითანამშრომლებენ, რომ გაიზარდოს მეორე მხარის ოფიციალური კონტროლის სისტემისა და მექანიზმის ორმხრივი გაგება, რომლებიც გამიზნულია ამ შეთანხმების IV დანართში ჩამოთვლილი SPS ზომების განხორციელებისათვის, და ასეთი სტრუქტურისა და მექანიზმების ფუნქციონირების თაობაზე. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია, მათ შორის, საერთაშორისო აუდიტის ანგარიშების მეშვეობით, თუკი ის კეთდება საჯაროდ და მხარეებს შეუძლიათ გაცვალონ ინფორმაცია ასეთი აუდიტის შედეგებზე ან  სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

2. კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების  ფარგლებში წინამდებარე შეთანხმების 55-ე მუხლის შესაბამისად ან ეკვივალენტობის განსაზღვრის ფარგლებში 57-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები განახორციელებენ ერთმანეთის ინფორმირებას შესაბამის სფეროებში საკანონმდებლო ან სხვა პროცედურულ ცვლილებებზე.

3. აღნიშნულ კონტექსტში, ევროკავშირი თავის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამდე დროულად მოახდენს საქართველოს ინფორმირებას, რათა შესაძლებლობა მისცეს საქართველოს განიხილოს თავის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საკითხი.

თანამშრომლობის აუცილებელი დონე უნდა იქნეს მიღწეული, რათა ხელი შეეწყოს საკანონმდებლო დოკუმენტების გადაცემას ერთ–ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.

ამ მიზნით თითოეული მხარე მეორე მხარეს წარუდგენს საკონტაქტო პირს. მხარეები აგრეთვე შეატყობინებენ ერთმანეთს საკონტაქტო პირების საკითხთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ.


მუხლი 59

შეტყობინებები,  კონსულტაციები  და კომუნიკაციის ხელშეწყობა

1. თითოეული მხარე წერილობით ატყობინებს მეორე მხარეს ორი სამუშაო დღის განმავლობაში საზოგადოების, ცხოველთა ან მცენარეთა ჯანმრთელობისათვის სერიოზული ან მნიშვნელოვანი რისკების თაობაზე, მათ შორის სურსათის კონტროლთან მიმართებაში საგანგებო ვითარებაზე ან სიტუაციებზე, სადაც  ნათლად არის განსაზღვრული ჯანმრთელობაზე სერიოზული ზემოქმედების რისკი, რომელიც დაკავშირებულია ცხოველური ან მცენარეული პროდუქტის მოხმარებასთან, კერძოდ:

(a) ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც გავლენას ახდენს წინამდებარე შეთანხმების 56-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ რეგიონალიზაციის გადაწყვეტილებებზე;

(b) ცხოველთა ნებისმიერი დაავადებების არსებობა ან განვითარება, რომლებიც ჩამოთვლილია წინამდებარე შეთანხმების V-A დანართში ან იმ რეგულირებადი მავნებლების არსებობა ან განვითარება, რომლებიც ჩამოთვლილია წინამდებარე შეთანხმების V-B დანართში;

(c) ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობის შედეგები ან მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკები ცხოველთა დაავადებებთან ან მავნებლებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან მოცემული წინამდებარე შეთანხმების V-A და V-B დანართებში ან რომელიც არის ცხოველის ახალი დაავადება ან მავნებელი; და

(d) ნებისმიერი დამატებითი ღონისძიება, ძირითადი მოთხოვნების გარდა, ცხოველთა დაავადების, ან მავნებლების  კონტროლის ან აღმოფხრვისთვის, საზოგადოების ჯანდაცვის ან მცენარეთა დაცვისათვის, პროფილაქტიკის პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილება,  მათ შორის ვაქცინაციის პოლიტიკა.

2. შეტყობინებები ხორციელდება წერილობით, წინამდებარე შეთანხმების 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საკონტაქტო პირების მეშვეობით.

წერილობითი შეტყობინება ნიშნავს შეტყობინებას ფოსტით, ფაქსით ან ელ–ფოსტით.

3. როდესაც მხარეს აქვს სერიოზული ეჭვი ადამიანის, ცხოველის ან მცენარის  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკზე, ამ მხარის მოთხოვნის შესაბამისად კონსულტაციები აღნიშნულ მდგომარეობაზე უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერ შემთხვევაში მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. ასეთ გარემოებებში თითოეული მხარე წარადგენს ამომწურავ ინფორმაციას ვაჭრობაში შეფერხებების თავიდან ასაცილებლად და ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებაში.

4. მხარის მოთხოვნის შესაბამისად კონსულტაციები ცხოველთა კეთილდღეობაზე უნდა გაიმართოს რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა. ასეთ გარემოებებში თითოეული მხარე შეეცდება წარადგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

5. მხარის მოთხოვნის შესაბამისად კონსულტაციები, როგორც ეს აღნიშნულია მე-3 და მე-4 პუნქტებში, ტარდება ვიდეო ან აუდიო კონფერენციის სახით. მომთხოვნი მხარე უზრუნველყოფს კონსულტაციის ოქმის მომზადებას, რომელიც ოფიციალურად დადასტუდება მხარეების მიერ. აღნიშნულისთვის გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები.

6. ორმხრივად დანერგილი სწრაფი განგაშის სისტემა და ადრეული გაფრთხილების მექანიზმი ნებისმიერ ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ საგანგებო მდგომარეობაზე ამოქმედდება მოგვიანებით, მას შემდეგ რაც საქართველო მიიღებს აუცილებელ კანონმდებლობას აღნიშნულ სფეროში და შექმნის პირობებს აღნიშნული სისტემის ადგილზე სწორად ფუნქციონირებისთვის.

მუხლი 60

ვაჭრობის პირობები

1. იმპორტის პირობები ეკვივალენტობის აღიარებამდე

(a) მხარეები თანხმდებიან წინამდებარე შეთანხმების IV-A დანართით და IV-C (2) და (3) დანართებით განსაზღვრული ნებისმიერი საქონლის იმპორტი დაექვემდებაროს ეკვივალენტობის აღიარებამდე  პირობებს. წინამდებარე შეთანხმების 56-ე მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების დაურღვევლად იმპორტიორი მხარის იმპორტის პირობები გამოიყენება ექსპორტიორი მხარის მთელ ტერიტორიაზე. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ და ამ შეთანხმების 58-ე მუხლის შესაბამისად, იმპორტიორმა მხარემ უნდა შეატყობინოს ექსპორტიორ მხარეს წინამდებარე შეთანხმების IV-A და IV-C დანართებში მითითებულ საქონელზე თავისი სანიტარული და/ან ფიტოსანიტარული საიმპორტო მოთხოვნები. აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებისამებრ უნდა მოიცავდეს ოფიციალური სერტიფიკატების ან დეკლარაციების ან კომერციული დოკუმენტების ნიმუშებს, რომლებიც დაწესებულია იმპორტიორი მხარის მიერ; და

(b)

(i) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მითითებული პირობების ცვლილებები ან შეთავაზებული ცვლილებები  უნდა შეესაბამებოდნენ SPS შეთანხმებით განსაზღვრულ შესაბამისი შეტყობინების პროცედურებს;

(ii) წინამდებარე შეთანხმების 64-ე მუხლის დებულებების დაურღვევლად, იმპორტიორი მხარე ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეცვლილი პირობების ძალაში შესვლის თარიღის დადგენისას მხედველობაში მიიღებს მხარეებს შორის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროს; და

(iii) თუ იმპორტიორი მხარე ვერ შეასრულებს შეტყობინების შესახებ მოთხოვნებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ის გააგრძელებს იმპორტის პირობების ცვლილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში იმ სერტიფიკატებით ან მოწმობებით სარგებლობას რომლებიც აკმაყოფილებდა წინა პერიოდის მოთხოვნებს.

2. იმპორტის პირობები ეკვივალენტობის აღიარების შემდეგ

(a) ეკვივალენტობის აღიარებაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან 90 დღის განმავლობაში, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე შეთანხმების 57-ე მუხლის მე-10 პუნქტში, მხარეები მიიღებენ საჭირო საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს ეკვივალენტობის აღიარების განსახორციელებლად   და ამის საფუძველზე მათ შორის  წინამდებარე შეთანხმების IV-A და IV-C (2) (3) დანართში აღწერილი საქონლით ვაჭრობის დასაშვებად. აღნიშნულ საქონელზე იმპორტიორი მხარის მიერ მოთხოვნილი ოფიციალური სერტიფიკატი ან ოფიციალური დოკუმენტი შეიძლება ჩანაცვლდეს წინამდებარე შეთანხმების X-B დანართში მოცემული სერტიფიკატით;

(b) იმ სექტორების ან ქვესექტორების საქონლისთვის, რომლებისთვისაც  ყველა ზომა არ არის აღიარებული ეკვივალენტურად,  ვაჭრობა გრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ პუნქტში მოცემული პირობების დაცვით. ექსპორტიორი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში გამოყენებულ იქნება ამ მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები.

3. აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან საქონელი, რომელიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების IV-A და IV-C (2) დანართებში, არ საჭიროებს იმპორტის ნებართვას მხარეებს შორის.

4. იმ პირობებისთვის, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მოცემული საქონლით ვაჭრობაზე, ექსპორტიორი მხარის მოთხოვნით მხარეები დაიწყებენ კონსულტაციებს SPS ქვეკომიტეტის მეშვეობით წინამდებარე შეთანხმების 65-ე მუხლის დებულებების შესაბამისად, იმპორტიორ მხარესთან იმპორტის ალტერნატიულ ან დამატებით პირობებზე შეთანხმების მიზნით. ასეთი ალტერნატიული ან დამატებითი პირობები შეიძლება, საჭიროების შემთხვევაში, ეფუძნებოდეს ექსპორტიორი მხარის ზომებს, რომლებიც აღიარებული აქვს იმპორტიორ მხარეს როგორც ეკვივალენტური. შეთანხმების შემთხვევაში იმპორტიორი მხარე მიიღებს აუცილებელ  საკანონმდებლო  და/ან  ადმინისტრაციულ ზომებს შეთანხმებული იმპორტის პირობების საფუძველზე იმპორტის დასაშვებად 90 დღის განმავლობაში.

5. საწარმოების სია, წინასწარი აღიარება

(a) წინამდებარე შეთანხმების IV-A დანართის მე-2 ნაწილში მოცემული ცხოველური პროდუქციის იმპორტისას, ექსპორტიორი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი გარანტიები, იმპორტიორი მხარე საწარმოების ინდივიდუალური ინსპექტირების გარეშე პირობითად აღიარებს  ექსპორტიორი მხარის ტერიტორიაზე არსებულ გადამამუშავებელ საწარმოებს წინამდებარე შეთანხმების VII.2.1 დანართის შესაბამისად. ასეთი აღიარება უნდა იყოს წინამდებარე შეთანხმების VII დანართში მოცემული პირობებისა და დებულებების შესაბამისი გარდა იმ შემთხვევისა როდესაც დამატებითი ინფორმაციაა მოთხოვნილი, იმპორტიორი მხარე შესაბამისი გარანტიებით გამყარებული მოთხოვნის მიღებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებს ყველა აუცილებელ საკანონმდებლო ან/და ადმინისტრაციულ ზომას აღნიშნულის საფუძველზე იმპორტის დასაშვებად.

საწარმოების წინასწარი სიის დამტკიცება უნდა მოხდეს წინამდებარე შეთანხმების VII დანართის დებულებების შესაბამისად.

(b) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მოცემული ცხოველური საქონლის იმპროტისას, ექსპორტიორი მხარე მიაწოდებს იმპორტიორ მხარეს იმ საწარმოების სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ იმპორტიორი მხარის მოთხოვნებს.

6. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მეორე მხარე წარმოადგენს  საჭირო ახსნა-განმარტებებს და დამადასტურებელ ინფორმაციას იმ განსაზღვრებებსა და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც წინამდებარე მუხლშია მოცემული.

    
მუხლი 61

სერტიფიცირების პროცედურა

1. სერტიფიცირების პროცედურის, სერტიფიკატისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების გაცემისათვის მხარეები თანხმდებიან წინამდებარე შეთანხმების X დანართით განსაზღვრულ პრინციპებზე.

2. ელექტრონული სერტიფიცირების, სერტიფიკატის გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმების 65-ე მუხლის შესაბამისად SPS ქვეკომიტეტმა შეიძლება შეიმუშაოს წესები, რომლებიც უნდა იქნას დაცული მხარეების მიერ.

3. წინამდებარე შეთანხმების 55-ე მუხლით განსაზღვრული დაახლოებული კანონდებლობის ფარგლებში მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, თანხმდებიან   სერტიფიკატების საერთო ნიმუშებზე.

მუხლი 62

დამოწმება

1. ამ თავის დებულებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით თითოეულ მხარეს უფლება აქვს:

(a) განახორციელოს  მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოს ინსპექტირების და სერტიფიცირების სისტემის მთლიანი ან ნაწილობრივი დამოწმება, და/ან საჭიროებისამებრ სხვა ღონისძიების დამოწმება, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, სახელმძღვანელოებისა და კოდექს ალიმენტარიუსის, ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის რეკომენდაციების გათვალისწინებით;

(b) მიიღოს ინფორმაცია მეორე მხარისაგან მისი კონტროლის სისტემის შესახებ და იყოს ინფორმირებული ასეთი სისტემით განხორციელებული შემოწმების შედეგებზე, ორივე მხარისთვის მოქმედი კონფიდენციალურობის პირობების დაცვით.

2. ორივე მხარეს უფლება აქვს აცნობოს მესამე მხარეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მოცემული შედეგები დამოწმების დამტკიცების შესახებ და გახადოს ისინი საჯარო, ისე, როგორც ეს მოთხოვნილია ორივე მხარისათვის მოქმედ დებულებებში. საჭიროებისამებრ, კონფიდენციალურობის შესახებ დებულებები, რომელიც მოქმედია ორივე მხარისათვის, უნდა იქნეს გათვალისწინებული შედეგების მესამე მხარისათვის გაცნობისას ან/და გასაჯაროებისას.

3. თუ იმპორტიორი მხარე გადაწყვეტს განახორციელოს დამოწმების ვიზიტი ექსპორტიორ მხარესთან, იმპორტიორმა მხარემ აღნიშნულის შესახებ, ექსპორტიორ მხარეს უნდა აცნობოს დამოწმების ვიზიტამდე არანაკლებ 60 სამუშაო დღით ადრე, გამონაკლისია საგანგებო შემთხვევები ან თუ მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან. ასეთი ვიზიტის შესახებ ნებისმიერი ცვლილება უნდა შეთანხმდეს მხარეებს შორის.

4. ხარჯები, რომელიც გაწეულია მხარის კომპეტენტური ორგანოს ინსპექტირებისა და  სერტიფიცირების სისტემის ან/და სხვა ღონისძიების, მთლიანი ან ნაწილობრივი დამოწმების განხორციელებისთვის, ეკისრება დამოწმების ან ინსპექტირების განმახორციელებელ მხარეს.

5. დამოწმების დამტკიცების შესახებ წერილობითი ოქმის სამუშაო ვერსია  უნდა გადაეგზავნოს ექსპორტიორ მხარეს დამოწმების დასრულებიდან 60 სამუშაო დღის განმავლობაში. ექსპორტიორ მხარეს დამოწმების შესახებ წერილობითი ოქმის პროექტზე კომენტარების გაკეთებისათვის აქვს 45 სამუშაო დღე. ექსპორტიორი მხარის მიერ გაკეთებული კომენტარები თან უნდა დაერთოს და სადაც საჭიროა, გათვალისწინებული უნდა იქნას საბოლოო შედეგში. ამასთანავე, დამოწმების პროცესში ადამიანის, ცხოველთა ჯანმრთელობისათვის ან მცენარეების დაცვისათვის მნიშნვნელოვანი საფრთხის გამოვლენისას, ექსპორტიორ მხარეს უნდა ეცნობოს ამის შესახებ დაუყოვნებლივ, ნებისმიერ შემთხვევაში დამოწმების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

6. სიცხადისთვის, დამოწმების შედეგებმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს მხარეების ან მხარის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში, რომლებიც მითითებულია წინამდებარე შეთანხმების  55-ე, 57-ე  და 63-ე მუხლებში.


მუხლი 63

იმპორტის შემოწმება და ინსპექტირების მოსაკრებელი

1. მხარეები თანხმდებიან, რომ იმპორტის  შემოწმება, რომელიც ხორციელდება იმპორტიორი მხარის მიერ ექსპორტიორი მხარის საქონლის იმპორტირებისას, უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე შეთანხმების IX დანართის A ნაწილით გათვალისწინებულ პრინციპებს. ასეთი შემოწმების შედეგებმა შესაძლებელია ხელი შეუწყოს წინამდებარე შეთანხმების 62-ე მუხლში მოცემულ დამოწმების პროცესს.

2. თითოეული მხარის მიერ დადგენილი იმპორტის ფიზიკური შემოწმების სიხშირე განსაზღვრულია ამ შეთანხმების IX დანართის B ნაწილში. მხარეს შეუძლია ასეთი შემოწმების სიხშირე შეცვალოს მისი კომპეტენციისა და შიდა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, წინამდებარე შეთანხმების 55-ე, 57-ე და მე-60 მუხლების შესაბამისად მიღწეული პროგრესის შედეგად ან დამოწმებების, კონსულტაციებისა ან ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარების შედეგად. შესაბამისად, 65-ე მუხლით განსაზღვრულმა SPS ქვეკომიტეტმა თავისი გადაწყვეტილებით უნდა შეცვალოს ამ შეთანხმების IX დანართის B ნაწილი.

3. ინსპექტირების მოსაკრებელი, საჭიროებისამებრ, შეიძლება  ფარავდეს მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს მიერ იმპორტის შემოწმებისას გაწეულ ხარჯებს. მოსაკრებელი უნდა დაანაგრიშდეს იმავე საფუძველზე, როგორც ეს ანგარიშდება ადგილობრივი წარმოების  ანალოგიური პროდუქტის ინსპექტირებისას.

4. იმპორტიორმა მხარემ ექპორტიორ მხარეს, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა აცნობოს ყველა  ცვლილების შესახებ, მათ შორის ამ ცვლილებების მიზეზების  შესახებ, რომელიც შეეხება იმპორტის შემოწმებებს და ინსპექტირების მოსაკრებელს, ან ასეთი შემოწმების სხვა მნიშვნელოვან   ადმინისტრაციულ  ცვლილებებს.

5. წინამდებარე შეთანხმების 65-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული SPS ქვეკომიტეტის მიერ დადგენილი თარიღიდან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ  პირობებზე, რომლითაც აღიარებენ ერთმანეთის  კონტროლს, წინამდებარე შეთანხმების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „b“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ მიზნით, რომ  მიიღონ  და ორმხრივად შეამცირონ, სადაც ეს შესაძლებელია, იმპორტის ფიზიკური შემოწმების სიხშირე იმ საქონლისთვის, რომელიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების მე-60 მუხლის მე-2 „a“ ქვეპუნქტში.

ზემოაღნიშნული თარიღიდან, მხარეებს შეუძლიათ ორმხრივად აღიარონ  ერთმანეთის კონტროლი გარკვეულ საქონელზე და შესაბამისად ამ საქონელზე შეამცირონ ან ჩაანაცვლონ იმპორტის  შემოწმება.


მუხლი 64

დაცვითი ღონისძიებები

1. იმ შემთხვევაში თუ ექსპორტიორი მხარე ახორციელებს ღონისძიებებს თავის ტერიტორიაზე, რათა უზრუნველყოს ნებისმიერი რისკის კონტროლი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს ან რისკს წარმოადგენს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობისა და მცენარის სიჯანსაღისთვის, ექსპორტიორმა მხარემ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების დაურღვევლად, უნდა განახორციელოს ეკვივალენტური ღორნისძიებები, იმპორტორ ქვეყანის ტერიტორიაზე საფრთხის  ან რისკის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად.

2. ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის დასაცავად იმპორტიორ მხარეს შეუძლია განახორციელოს დროებითი ღონისძიებები. მხარეებს შორის ტვირთის ტრასპორტირებისას, იმპორტიორმა მხარემ უნდა მიიღოს მაქსიმალურად შესაფერისი და თანაზომადი  გადაწყვეტილება, რათა თავიდან აიცილოს შეფერებები მხარეთა შორის ვაჭრობაში.

3. მხარე, რომლიც ახორციელებს მე–2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების მიღებას, ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ამის შესახებ, არაუგვიანეს ღონისძიებების მიღებიდან ერთი სამუშაო დღისა. რომელიმე მხარის მოთხოვნისა და ამ შეთანხმების 59-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული დებულებების საფუძველზე, მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები, არსებული მდგომარეობის შესახებ, შეტყობინებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. მხარეებმა, მხედველობაში უნდა მიიღონ კონსულტაციის პერიოდში წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია და შეეცადონ თავიდან  აიცილონ  შეფერხებები ვაჭრობაში,  საჭიროებისამებრ გაითვალისწინონ წინამდებარე შეთანხმების 59-ე მუხლის მე–3 პუნქტის დებულებებით განსაზღვრული კონსულტაციების შედეგები.

მუხლი 65

სანიტარული და ფიტოსანიტარული ქვეკომიტეტი

1. SPS ქვეკომიტეტი ამიერიდან დაფუძნებულია. კომიტეტმა უნდა გამართოს შეხვედრა ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში, შემდეგ კი ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ან მინიმუმ  წელიწადში ერთხელ. თუ მხარეები შეთანხმდებიან, SPS ქვეკომიტეტის შეხვედრა შესაძლებელია გაიმართოს ვიდეო ან აუდიო კონფერენციის სახით. SPS ქვეკომიტეტმა შესაძლებელია ცალკეული საკითხების დასარეგულირებლად გამოიყენოს კორესპონდენცია.

2. SPS ქვეკომიტეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი ფუნქციები:

(a) ამ თავთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა;

(b) ამ თავის განხორციელებაზე მონიტორინგი და ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც შეიძლება წამოიჭრას მისი განხორციელებისას;

(c) ამ შეთნხმების IV - XII დანართების გადახედვა, კერძოდ ამ თავით გათვალისწინებული კონსულტაციებისა და პროცედურების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის კუთხით.

(d) საბოლოოდ განახორციელოს ცვლილებები ამ შეთანხმების IV - XII დანართებში, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მოცემული პირობის მიხედვით, ან მოცემული თავით გათვალისწინებული სხვა ფორმით და

(e) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისათვის მიაწოდოს მოსაზრებები და  რეკომენდაციები სხვა ორგანოებს, წინამდებარე შეთანხმების VIII კარით გათვალისწინებული პირობების მიხედვით (ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები).

3. მხარეები თანხმდებიან საჭიროებისამებრ შექმნან ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება მხარეთა ექსპერტებით. სამუშაო ჯგუფმა უნდა მოახდინოს ამ თავის განხორციელებიდან გამომდინარე ტექნიკური და სამეცნიერო საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარება. დამატებითი ექსპერტიზის საჭიროების შემთხვევაში  მხარეებმა შესაძლებელია ჩამოაყალიბონ დროებითი ჯგუფები, მათ შორის სამეცნიერო და ექსპერტთა ჯგუფები. ასეთი დროებითი ჯგუფების წევრობა არ უნდა იყოს შეზღუდული მხარეთა წარმომადგენლობით.

4. SPS ქვეკომიტეტმა რეგულარულად უნდა აცნობოს, ანგარიშების წარდგენის ფორმით, ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს, რომელიც შექმნილია წინამდებარე შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

5. SPS ქვეკომიტეტმა პირველივე შეხვედრაზე უნდა დაამტკიცოს თავისი სამუშაო პროცედურები.  

6. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რეკომენდაცია, ანგარიში ან სხვა ქმედება განხორციელებული SPS ქვეკომიტეტის ან SPS ქვეკომიტეტის მიერ შექმნილი სხვა ჯგუფის მიერ, დამტკიცებული უნდა იქნას მხარეთა შორის კონსენსუსის საფუძველზე.

თავი 5

საბაჟოსა და   ვაჭრობის ხელშეწყობა

მუხლი 66

მიზნები

1. მხარეები აღიარებენ  საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის მნიშვნელობას  ორმხრივ განვითარებად სავაჭრო გარემოში. მხარეები თანხმდებიან გააძლიერონ თანამშრომლობა აღნიშნულ სფეროში, რათა უზრუნველყონ კანონიერი ვაჭრობის განვითარების და ეფექტური კონტროლის განხორციელების მიზნების აღსრულება, როგორც შესაბამისი კანონმდებლობისა და პროცედურების, ასევე შესაბამისი  უწყებების ადმინისტრაციული შესაძლებლობების, როგორც მნიშვნელოვანი პრინციპის, გამოყენების გზით.

2. მხარეები აღიარებენ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საჯარო პოლიტიკის ამოცანებს, რომლებიც მოიცავს  ვაჭრობის ხელშეწყობას, უსაფრთხოებას, თაღლითობის თავიდან აცილებას და მათ შორის დაბალანსებულ მიდგომას.

მუხლი 67

კანონმდებლობა და პროცედურები

1. მხარეები თანხმდებიან როგორც ძირითად პრინციპზე, რომ მათი შესაბამისი საბაჟო და ვაჭრობის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა იყოს სტაბილური და ყოვლისმომცველი. ასევე დებულებები და პროცედურები უნდა იყოს პროპორციული, გამჭვირვალე, პროგნოზირებადი, არადისკრიმინაციული, მიუკერძოებელი და სრულდებოდეს ეფექტურად და ერთგვაროვნად, აგრეთვე უზრუნველყოს:

(a) ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობა და დაცვა საკანონმდებლო მოთხოვნების ეფექტური აღსრულების და შესაბამისობის ხარჯზე;

(b) ეკონომიკურ ოპერატორებზე ზედმეტი და დისკრიმინაციული ტვირთის დაკისრების თავიდან აცილება, თაღლითობის თავიდან აცილება და კანონმორჩილების მაღალი დონის მქონე ეკონომიკური ოპერატორების ხელშეწყობა;

(c) საბაჟო დეკლარირებისათვის ერთიანი ადმინისტრაციული დოკუმენტის გამოყენება;

(d) შესაბამისი ზომების გატარება საზღვარზე განხორციელებული საბაჟო პროცედურების ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და გამარტივების ზრდისთვის;

(e) საქონლის შემოტანა, გატანის და გაშვების გამარტივებისა და ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე საბაჟო ტექნიკის გამოყენება, რისკის შეფასების, გაფორმების შემდგომი კონტროლის და კომპანიის აუდიტის  მეთოდების ჩათვლით;

(f) ყველა ეკონომიკური ოპერატორის კანონმორჩილების დანახარჯების შემცირებისა და პროგნოზირების ზრდისკენ სწრაფვა;

(g) ობიექტური რისკის შეფასების კრიტერიუმებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, იმპორტით, ექსპორტით და ტრანზიტით გადაადგილებულ საქონელთან მიმართებაში არსებული მოთხოვნების და პროცედურების არადისკრიმინაციული ადმინისტრირება;

(h) საბაჟოსა და ვაჭრობის სფეროსთან დაკავშირებული საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (მსო)   დროებითი დაშვების შესახებ სტამბულის 1990 წლის კონვენციის,   ჰარმონიზებული სისტემის 1983 წლის საერთაშორისო კონვენციის,   ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის,   გაეროს 1975 წლის TIR კონვენციის,   საქონლის სასაზღვრო კონტროლის ჰარმონიზაციის შესახებ 1982 წლის კონვენციის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტების ჩათვლით; ამასთავე საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია მხედველობაში იქნეს მიღებული გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობის და უზრუნველოფის შესახებ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჩარჩო სტანდარტების და ევროკომისიის ისეთი სახელმძღვანელოს გათვალისწინება, როგორიცაა საბაჟო სახელმძღვანელო რეკომენდაციები;

(i) საბაჟო პროცედურების გამარტივების და ჰარმონიზების შესახებ განახლებული კიოტოს 1973 წლის კონვენციის დებულებების იმპლემენტაციასა და ასახვასთან დაკავშირებული ზომების მიღება;

(j) სატარიფო კლასიფიკაციის და წარმოშობის წესების შესახებ წინასწარი სავალდებულო რეგულაციების უზრუნველყოფა. მხარეები უზრუნველყოფენ რომ გადაწყვეტილება გაუქმდეს ან გაბათილდეს მხოლოდ დაინტერესებული ოპერატორის შეტყობინების შემდეგ და ყველანაირი უკუქმედების ძალის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არასწორი ან არასრული ინფორმაციის საფუძველზე;

(k) არადისკრიმინაციული და ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით უფლებამოსილ მოვაჭრეთათვის გამარტივებული პროცედურების დანერგვა და გამოყენება;

(l) საბაჟო რეგულაციების და პროცედურული მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებული ნებისმიერი ჯარიმის თანაზომადობისა და არადისკრიმინაციულობის უზრუნველმყოფი წესების შემოღება, ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ ამ წესების აღსრულებამ არ გამოიწვიოს გაუმართლებელი და უსაფუძვლო შეფერხებები;

(m) სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული მომსახურებისას გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და პროპორციული წესების გამოყენება, როცა ეს მომსახურება ასევე ხორციელდება კერძო სექტორის მიერ.

2. სამუშაო მეთოდების გაუმჯობესების, ასევე განხორციელებული ოპერაციების არადისკრიმინაციულობის, გამჭვირვალობის, ეფექტიანობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები:

(a) მიიღებენ შემდგომ ზომებს საბაჟო და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სტანდარტიზაციის, გამარტივებისა და  შემცირებისათვის;

(b) საქონლის სწრაფი გაშვებისა და გაფორმების უზრუნველყოფის მიზნით შეძლებისდაგვარად გაამარტივებენ მოთხოვნებსა და ფორმალურ მხარეს;

(c) საბაჟოზე  წარდგენილი საქონლის მიმართ, საბაჟო ან სხვა  შესაბამისი  უწყების მიერ მიღებული ადმინისტრაციული ზომების, გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების გასაჩივრების  უფლების გარანტირების მიზნით, უზრუნველყოფენ სწრაფ, ეფექტიან  და არადისკრიმინაციულ  პროცედურებს. აღნიშნული გასაჩივრების პროცედურები  უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი  და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი, გასაჩივრების უფლების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა იყოს  გონივრული  და უწყების მიერ გაწეული ხარჯების შესაბამისი;

(d) მიიღებენ შესაბამის ზომებს, როდესაც სადაო ადმინისტრაციული ზომები, გადაწყვეტილებები და დადგენილებები ექვემდებარება გასაჩივრებას, რათა მოხდეს  საქონლის დროული გაშვება, ხოლო გადასახდელების გადახდა გადავადდეს და დაექვემდებაროს, გადახდის უზრუნველმყოფელი ღონისძიებების გატარებას. საჭიროების შემთხვევაში საქონლის გაშვება დაექვემდებარება გარანტიის წარდგენას, როგორიცაა თავდებობა ან დეპოზიტი; და

(e) უზრუნველყოფენ, კონკრეტულად საზღვარზე, კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებას, ამ სფეროს შესაბამის საერთაშორისო კონვენციებსა და ინსტრუმენტებში, კერძოდ, საჭიროებისამებრ მსო-ს განახლებულ არუშას 2003 წლის დეკლარაციაში და ევროკომისიის  2007 წლის საბაჟო ეთიკის სახელმძღვანელო მითითებებში ასახულ პრინციპებზე დაყრდნობით.

3.    მხარეები თანხმდებიან  გააუქმონ:

(a) ნებისმიერი მოთხოვნა საბაჟო  ბროკერების  სავალდებულო გამოყენების შესახებ;

(b) ნებისმიერი მოთხოვნა გადაზიდვამდე წინასწარი შემოწმებისა ან დანიშნულების ადგილზე  შემოწმების სავალდებულო გამოყენების შესახებ  

4.    ტრანზიტთან დაკავშირებით:

(a) ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება ტრანზიტის წესები და  განმარტებები, რომლებიც განსაზღვრულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დებულებებით, კერძოდ 1994 წლის GATT-ის მე-5-მუხლით, და დაკავშირებული დებულებებით, ვაჭრობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული დოჰას მოლაპარაკებების რაუნდის შედეგად მიღებული განმარტებების და ცვლილებების ჩათვლით. აღნიშნული დებულებები ვრცელდება მაშინაც, როდესაც საქონლის ტრანზიტი იწყება ან მთავრდება  მხარის ტერიტორიაზე;

(b) მომავალში საქართველოს საერთო სატრანზიტო სისტემაში[2] მონაწილეობის გათვალისწინებით,  მხარეები  შეეცდებიან  მათი შესაბამისი საბაჟო სატრანზიტო სისტემების  განვითარებადი კავშირის  მიღწევას;

(c) ტრანზიტული მოძრაობის ხელშესაწყობად მხარეები უზრუნველყოფენ  მათ ტერიტორიაზე არსებულ  უწყებებსა და სამსახურებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას. ტრანზიტთან მიმართებაში მხარეები ასევე შეუწყობენ ხელს  სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას.

მუხლი 68

ურთიერთობები ბიზნეს სექტორთან

მხარეები თანხმდებიან:

(a) უზრუნველყონ  შესაბამისი კანონმდებლობის და პროცედურების გამჭვირვალობა და საჯაროობა, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული საშუალებებით, და იქონიოს მათი მიღების შესახებ დასაბუთება. გაიმართოს რეგულარული კონსულტაციები და განისაზღვროს გონივრული დროის მონაკვეთი ახალი ან შეცვლილი დებულებების გამოქვეყნებიდან მათ ძალაში შესვლამდე.

(b) საბაჟო და ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებთან და პროცედურებთან მიმართებაში სავაჭრო წარმომადგენლებთან დროული და რეგულარული კონსულტაციების გამართვის საჭიროებაზე.

(c) გაასაჯაროონ ადმინისტრაციული ხასიათის ინფორმაცია, უწყების მოთხოვნების, საქონლის შეტანის ან გატანის პროცედურების, პორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე საბაჟო სამსახურების სამუშაო საათებისა და სამუშაო პროცედურების შესახებ, ასევე ინფორმაციის მოსაძიებლად საკონტაქტო ინფორმაცია.

(d) ხელი შეუწყონ ოპერატორებსა და შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობას, არადისკრეციული და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი პროცედურების მეშვეობით, მათ შორის მსო-ს მიერ გამოქვეყნებულ პროცედურებზე დაყრდნობით; და

(e) უზრუნველყონ, რომ მათი შესაბამისი საბაჟო და საბაჟოსთან დაკავშირებული მოთხოვნები და პროცედურები პასუხობდეს სავაჭრო სექტორის კანონიერ საჭიროებებს, იხელმძღვანელონ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებით და შეძლებისდაგვარად ნაკლებად შეზღუდონ ვაჭრობა.

მუხლი 69

მოსაკრებლები და გადასახდელები

1. მხარეები აკრძალავენ იმპორტის ან ექსპორტის გადასახადების და სხვა მოსაკრებლების ეკვივალენტური ეფექტის მქონე ადმინისტრაციულ გადასახდელებს.

2. მხარის საბაჟო უწყების, ან მისი სახელით მოქმედი სხვა უწყების მიერ& იმპორტზე ან ექსპორტზე დაკისრებულ ან აღნიშნულთან დაკავშირებულ ყველა სახის მოსაკრებელთან და გადასახდელებთან მიმართებით და წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) პირველი თავის (ეროვნული რეჟიმი და საქონლის ბაზარზე დაშვება) შესაბამისი დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე:

(a) მოსაკრებლების და გადასახდელების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ დეკლარანტის მოთხოვნის საფუძველზე, საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო პირობების, საათებისა და ადგილებისაგან განსხვავებული პირობებით, საათებში და ადგილებზე გაწეული მომსახურების განხორციელებაზე, ასევე ამ მომსახურებასთან და ასეთი იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ფორმალურ მხარეებთან დაკავშირებით;

(b) მოსაკრებლების და გადასახდელების ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს მიწოდებული მომსახურების ხარჯებს;

(c) მოსაკრებლების და გადასახდელების გამოთვლა არ უნდა განხორციელდეს ადვალორულ პრინციპზე დაყრდნობით;

(d) გადასახდელების და მოსაკრებლების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ოფიციალურად განსაზღვრული მედია საშუალების მეშვეობით, შესაძლებლობის შემთხვევაში ოფიციალურ ვებ-გვერდზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მიწოდებულ მომსახურებაზე დაკისრებული გადასახდელის ან მოსაკრებლის მიზნობრიობას, ინფორმაციას პასუხისმგებელი უწყების შესახებ, ინფორმაციას დასაკისრებელი გადასახდელების და მოსაკრებლების შესახებ და როდის და როგორ უნდა განხორციელდეს გადახდა;

(e) ახალი ან შეცვლილი გადასახდელების და მოსაკრებლების დაკისრება  არ უნდა განხორციელდეს მანამ, სანამ აღნიშნული ინფორმაცია არ გამოქვეყნდება და არ გახდება ხელმისაწვდომი.

მუხლი 70

საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

1. მხარეებს შორის ვაჭრობაში, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების 1A დანართში აღნიშნული GATT 1994-ის მე-7 მუხლის განხორციელების შეთანხმების დებულებების მიხედვით. მისი დებულებები შესულია ამ შეთანხმებაში და წარმოადგენს მის ნაწილს. მინიმალური საბაჟო ღირებულება არ გამოიყენება.      

2. მხარეები ითანამშრომლებენ, რათა მიაღწიონ ერთიან მიდგომას საბაჟო ღირებულებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში.

მუხლი 71

საბაჟო თანამშრომლობა

მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას საბაჟო სფეროში რათა ეფექტიანი კონტროლის, უსაფრთხოების და თაღლითობის თავიდან აცილების უზრუნველყოფასთან  ერთად  უზრუნველყონ ამ თავში მოყვანილი  მიზნების განხორციელება და  ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობა.  აღნიშნული მიზნებისათვის მხარეები უფლებამოსილნი არიან საჭიროებისამებრ ნიმუშად გამოიყენონ ევროკომისიის  საბაჟო სახელმძღვანელო რეკომენდაციები.

ამ თავში აღნიშნული დებულებების დაცვის მიზნით მხარეები, აგრეთვე:

(a) გაცვლიან ინფორმაციას საბაჟო კანონმდებლობის და პროცედურების შესახებ;

(b) განავითარებენ ერთობლივ ინიციატივებს იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის პროცედურებთან დაკავშირებით, ისევე როგორც იმუშავებენ ბიზნეს სექტორისათვის ეფექტიანი სერვისის  მიწოდების მიმართულებით;

(c) ითანამშრომლებენ საბაჟოს და სხვა ვაჭრობასთან დაკავშირებული პროცედურების ავტომატიზების მიზნით;

(d) საჭიროებისამებრ გაცვლიან ინფორმაციას და მონაცემებს, კონფიდენციალურობისა და პირადი სახის ინფორმაციის დაცვის პრინციპების გათვალისწინებით;

(e) ითანამშრომლებენ საქონლით, მათ შორის თამბაქოს პროდუქტებით, უკანონო სასაზღვრო ვაჭრობასთან ბრძოლის და თავიდან აცილების მიზნით;

(f) გაცვლიან ინფორმაციას ან გამართავენ კონსულტაციებს, იქ სადაც შესაძლებელია, საბაჟო სფეროში ერთიანი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორებიცაა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამსოგაერო, გაერთიანებული ერების კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია;

(g) ითანამშრომლებენ ამ შეთანხმების შესაბამისი დებულებების მიხედვით საბაჟოსა და ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკური დახმარების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით;

(h) გაიზიარებენ საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებულ საუკეთესო პრაქტიკას, კერძოდ რისკის მართვაზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის სისტემების და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმართულებით, განსაკუთრებით ფალსიფიცირებულ საქონელთან მიმართებაში;

(i) საზღვრის გადაკვეთის პროცესის ხელშეწყობის და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ხელს შეუწყობენ მხარეთა ყველა სასაზღვრო უწყებას შორის კოორდინაციას, სადაც მიზანშეწონილი და შესაძლებელია საზღვრის ერთობლივი მართვის გათვალისწინებით; და  

(j) სადაც მიზანშეწონილი და შესაძლებელია, უზრუნველყოფენ სავაჭრო პარტნიორობის პროგრამების და საბაჟო კონტროლის ურთიერთაღიარებას, ვაჭრობის ხელშეწყობის ეკვივალენტური ზომების ჩათვლით.

მუხლი 72

ადმინისტრაციული ურთიერთდახმარება საბაჟო საკითხებში

წინამდებარე შეთანხმებით, კერძოდ 71-ე მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობის სხვა ფორმებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, მხარეები უზრუნველყოფენ საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციულ ურთიერთდახმარებას  წინამდებარე შეთანხმების საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ II ოქმის დებულებების შესაბამისად.

მუხლი 73

ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობათა განვითარება

ვაჭრობის ხელშეწყობისა და საბაჟო რეფორმების დანერგვის მიზნით მხარეები ითანამშრომლებენ ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობათა განვითარების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 74

საბაჟო ქვეკომიტეტი

1. აღნიშნული შეთანხმებით იქმნება საბაჟო ქვეკომიტეტი. ქვეკომიტეტი ანგარიშვალდებულია ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის წინაშე.

2. ქვეკომიტეტის ფუნქციები მოიცავს რეგულარული კონსულტაციების გამართვას და მონიტორინგს ამ თავის შესრულებასა და ადმინისტრირებაზე, საბაჟო თანამშრომლობის, საზღვართშორისი საბაჟო თანამშრომლობის და მართვის, ტექნიკური დახმარების, წარმოშობის წესების, ვაჭრობის ხელშეწყობის, და საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების  საკითხების ჩათვლით.

3.    საბაჟო ქვეკომიტეტი აგრეთვე უზრუნველყოფს:

(a) წინამდებარე თავისა და I და II ოქმების შესრულებას;

(b) წინამდებარე თავისა და I და II ოქმების განხორციელების მიზნით პრაქტიკული საკითხების, ზომების და გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის ინფორმაციის და მონაცემების გაცვლის, საბაჟო კონტროლისა და სავაჭრო პარტნიორობის პროგრამების ურთიერთაღიარების და ორმხრივად შეთანხმებული სარგებლის თაობაზე;

(c) საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე მოსაზრებათა გაზიარებას, გასატარებელი ღონისძიებებისა და მათი გამოყენებისა და განხორციელებისათვის საჭირო რესურსების შესახებ საკითხების ჩათვლით;

(d) საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავებას; და

(e) შიდა წესების და პროცედურების შემუშავებას.


მუხლი 75

საბაჟო კანონმდებლობის მიახლოება

წინამდებარე შეთანხმების XIII დანართის მიხედვით განხორციელდება ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან და საერთაშორისო კანონმდებლობის ცალკეულ აქტებთან.    

თავი 6

დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია

ნაწილი 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 76

მიზანი, მოქმედების სფერო და გავრცელება

1. მხარეები, ადასტურებენ რა საკუთარ ვალდებულებებს ვმო-ს შეთანხმების შესაბამისად, ადგენენ საჭირო ზომებს, ნაცვალგების პრინციპით  დაფუძნების და მომსახურებით ვაჭრობის თანმიმდევრული ლიბერალიზაციისათვის და თანამშრომლობისათვის ელექტრონული კომერციის სფეროში.

2. წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-8 თავი (საჯარო შესყიდვები) ეხება საჯარო შესყიდვებს და წინამდებარე თავში არაა განსაზღვრული საჯარო შესყიდვების შესახებ ნებისმიერი სხვა ვალდებულება

3. სუბსიდიების საკითხს ეხება წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-10 თავი (კონკურენცია) და ამ თავის დებულებები არ გამოიყენება მხარეების მიერ გაცემული სუბსიდიებისათვის.

4. ამ თავის დებულებების შესაბამისად, თითოეული მხარე იტოვებს უფლებას არეგულიროს და შემოიღოს ახალი რეგულაციები პოლიტიკის ლეგიტიმური მიზნების მიღწევისათვის.

5. მოცემული თავი არ გამოიყენება იმ ღონისძიებების მიმართ, რომლებიც გავლენას ახდენს მხარის დასაქმების ბაზარზე დაშვების მაძიებელ ფიზიკურ პირებზე, ასევე ეს თავი არ ეხება მოქალაქეობასთან, მუდმივ რეზიდენტობასა და დასაქმებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

6. ამ თავით განსაზღვრული არცერთი დებულება არ უნდა ზღუდავდეს მხარეს იმ ღონისძიებების გამოყენებისაგან, რომლებიც არეგულირებს მის ტერიტორიაზე ფიზიკური პირების შესვლას ან მათ დროებით ყოფნას, იმ ღონისძიებების ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია მისი საზღვრების ერთიანობის დასაცავად და მის საზღვრებზე ფიზიკური პირების მოწესრიგებული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ღონისძიებები არ გამოიყენება ისეთი სახით, რომ გააბათილოს ან შეამციროს სარგებელი, რომელსაც მხარე იღებს ამ თავითა და წინამდებარე შეთანხმების XIV დანართით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებებით[3].

მუხლი 77

ტერმინთა განმარტება

ამ თავის მიზნებისათვის:

(a) „ზომა“ გულისხმობს მხარის მიერ გამოყენებულ ნებისმიერ ზომას კანონის, რეგულაციის, წესის, პროცედურის, გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული ქმედების ან ნებისმიერი სხვა ფორმით;

(b) „მხარის მიერ მიღებული ან გამოყენებული ზომები“ გულისხმობს ზომებს, რომლებიც გამოიყენება:

(i) ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობების და ხელისუფლების მიერ; და

(ii) არასამთავრობო ორგანოების მიერ ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობების ან ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების შესრულების შემთხვევაში;

(c) „მხარის ფიზიკური პირი“ გულისხმობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან საქართველოს მოქალაქეს მათი შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად;

(d) „იურიდიული პირი“ გულისხმობს კანონმდებლობის შესაბამისად, მოგების მიღების ან სხვა მიზნებისათვის შექმნილ ან ორგანიზებულ სახელმწიფო ან კერძო იურიდიულ პირს, კორპორაციის, ტრასტის, პარტნიორობის, ერთობლივი საწარმოს, ინდივიდუალური მეწარმის ან ასოციაციის ჩათვლით;

(e) „მხარის იურიდიული პირი“ გულისხმობს (d) პუნქტით განსაზღვრულ და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია იურიდიული მისამართი, ცენტრალური მართვის ან ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი ტერიტორიაზე[4], რომელზეც ვრცელდება ხელშეკრულება ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ან საქართველოს ტერიტორიაზე;

თუ ამ იურიდიულ პირს გააჩნია მხოლოდ იურიდიული მისამართი ან ცენტრალური ადმინისტრაცია იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება ხელშეკრულება ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ან საქართველოს ტერიტორიაზე, ის არ განიხილება როგორც ევროკავშირის ან საქართველოს იურიდიული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის საქმიანობას აქვს რეალური და უწყვეტი კავშირი ევროკავშირის ან საქართველოს ეკონომიკასთან;

წინა პუნქტის დებულებების მიუხედავად, გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც დაფუძნებულები არიან ევროკავშირის ან საქართველოს ფარგლებს გარეთ და კონტროლდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან საქართველოს მოქალაქეების მიერ, ასევე უნდა სარგებლობდნენ ამ შეთანხმებით, თუ მათი სატრანსპორტო საშუალებები  დარეგისტრირებულია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ან საქართველოში კანონმდებლობის შესაბამისად და გადაადგილდება ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან საქართველოს დროშის ქვეშ;

(f) მხარის იურიდიული პირის „შვილობილი კომპანია“ გულისხმობს იურიდიულ პირს, რომელიც ეკუთვნის ან კონტროლდება იმ იურიდიული პირის მიერ[5];

(g) იურიდიული პირის „ფილიალი“ გულისხმობს საქმიანობის ადგილს, რომელსაც თავად არ აქვს დამოუკიდებელი სამართლებრივი სტატუსი, წარმოადგენს მუდმივ დაწესებულებას, როგორიცაა სათაო კომპანიის დანაყოფი, გააჩნია მმართველობის სტრუქტურა და არის მატერიალურად აღჭურვილი მესამე მხარეებთან  საქმიანობის წარმოებისათვის, ისე, რომ ამ მესამე მხარეებისთვის ცნობილია, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ჰქონდეთ სამართლებრივი კავშირი სათაო ოფისთან, რომელიც მდებარეობს საზღვარგარეთ, თუმცა, არაა საჭირო პირდაპირი ურთიერთობის დამყარება სათაო ოფისთან, რადგან ფილიალს შეუძლია საქმიანობის წარმოება ადგილზე;

(h) „დაფუძნება“ გულისხმობს:

(i) ევროკავშირის ან საქართველოს იურიდიულ პირებთან მიმართებაში, ეკონომიკური საქმიანობის წამოწყების და განხორციელების უფლებას, იურიდიული პირის შექმნის, მათ შორის შესყიდვის გზით და/ან ფილიალის ან წარმომადგენლობის შექმნით საქართველოში ან ევროკავშირში;

(ii) ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, ევროკავშირის ან საქართველოს ფიზიკური პირების უფლებას, წამოიწყონ და განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა, როგორც თვითდასაქმებულებმა და შექმნან მეწარმე სუბიექტები, განსაკუთრებით კომპანიები, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ;

(i) „ეკონომიკური საქმიანობა“ მოიცავს ინდუსტრიული, კომერციული და პროფესიული ხასიათის ღონისძიებებს და სახელობო საქმიანობას და არ მოიცავს მთავრობის ფუნქციების შესრულებისათვის განხორციელებულ ღონისძიებებს;

(j) „ღონისძიებები“ გულისხმობს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას;

(k) „მომსახურება“ მოიცავს მომსახურებას ნებისმიერ სექტორში, მთავრობის ფუნქციების შესრულებისათვის მიწოდებული მომსახურების გარდა;

(l) „მთავრობის ფუნქციების შესრულებისათვის მომსახურების მიწოდება და სხვა ღონისძიებების გატარება“ მოიცავს მომსახურებას ან ღონისძიებებს, რომლებიც არ ხორციელდება არც კომერციული მიზნებისათვის და არც კონკურენციის პირობებში ერთ ან მეტ ეკონომიკურ ოპერატორთან;

(m) ;მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება გულისხმობს მომსახურების მიწოდებას:

(i) ერთი მხარის ტერიტორიიდან მეორე მხარის ტერიტორიაზე (რეჟიმი I); ან

(ii) ერთი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის მომხმარებლისათვის (რეჟიმი II);

(n) მხარის „მომსახურების მიმწოდებელი“ გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც სურს მიაწოდოს ან აწვდის მომსახურებას;

(o) „მეწარმე“ გულისხმობს მხარის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც სურს განახორციელოს ან ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას დაფუძნების გზით.


ნაწილი 2

დაფუძნება


მუხლი 78

მოქმედების სფერო

ეს ნაწილი ეხება მხარეების მიერ მიღებულ ან გამოყენებულ ზომებს, რომლებიც გავლენას ახდენს დაფუძნებაზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში, გარდა:

(a) ბირთვული მასალების მოპოვება, გადამუშავება და წარმოება[6];

(b) სამხედრო და საომარი მასალების წარმოება და ვაჭრობა;

(c) აუდიო-ვიზუალური მომსახურება;

(d) ეროვნული საზღვაო კაბოტაჟი[7], და

(e) ადგილობრივი და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურება[8], რეგულარული ან არარეგულარული და მომსახურება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოძრაობის უფლებების განხორციელებას, გარდა შემდეგი მომსახურებისა:

(i) თვითმფრინავის მოვლისა და შეკეთების მომსახურება, რომლის დროსაც თვითმფრინავი ამოღებულია ექსპლუატაციიდან;

(ii) საჰარეო სატრანსპორტო მომსახურების გაყიდვა და მარკეტინგი;

(iii) კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის(CRS) მომსახურება;

(iv) სახმელეთო მომსახურება;

(v) აეროპორტის საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება .


მუხლი 79

ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი

1. ამ შეთანხმების XIV-E დანართში მითითებული დათქმების გათვალისწინებით, საქართველომ, შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტიდან, უნდა მიანიჭოს:

(a) ევროკავშირის შვილობილი კომპანიების, ფილიალების და იურიდიული პირების წარმომადგენლობების დაფუძნებას იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე იგი ანიჭებს საკუთარ იურიდიულ პირებს, მათ ფილიალებს და წარმომადგენლობებს ან რომელიმე მესამე ქვეყნის შვილობილ კომპანიებს, ფილიალებსა და წარმომადგენლობებს, რომელიც უფრო უკეთესი იქნება;

(b) საქართველოში ევროკავშირის შვილობილი კომპანიების, ფილიალების და იურიდიული პირების წარმომადგენლობების საქმიანობას, მათი დაფუძნების შემდეგ, იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ანიჭებს საკუთარ იურიდიულ პირებს, მათ ფილიალებს და წარმომადგენლობებს ან რომელიმე მესამე ქვეყნის შვილობილ კომპანიებს, ფილიალებსა და წარმომადგენლობებს, რომელიც უფრო უკეთესი იქნება[9].

2. ამ შეთანხმების XIV-A დანართში მითითებული დათქმების გათვალისწინებით, ევროკავშირმა, შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტიდან,  უნდა მიანიჭოს:

(a) საქართველოს შვილობილი კომპანიების, ფილიალებისა და იურიდიული პირების წარმომადგენლობების დაფუძნებას იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ევროკავშირი ანიჭებს საკუთარ იურიდიულ პირებს, მათ ფილიალებს და წარმომადგენლობებს ან რომელიმე მესამე ქვეყნის შვილობილ კომპანიებს, ფილიალებს და წარმომადგენლობებს, რომელიც უფრო უკეთესი იქნება;

(b) ევროკავშირში საქართველოს შვილობილი კომპანიების, ფილიალებისა და იურიდიული პირების წარმომადგენლობების საქმიანობას, მათი დაფუძნების შემდეგ, იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ანიჭებს საკუთარ იურიდიულ პირებს, მათ ფილიალებს და წარმომადგენლობებს ან რომელიმე მესამე ქვეყნის შვილობილ კომპანიებს, ფილიალებს და წარმომადგენლობებს, რომელიც იქნება უპირატესი[10].

3. ამ შეთანხმების XIV-A და XIV-E დანართებში მითითებული დათქმების გათვალისწინებით, მხარეებმა არ უნდა შემოიღონ ახალი რეგულაციები ან ზომები, რომლებიც მათ საკუთარ იურიდიულ პირებთან შედარებით გამოიწვევენ დისკრიმინაციას საქართველოს ან ევროკავშირის იურიდიული პირების დაფუძნებასთან მიმართებაში მათ ტერიტორიაზე ან მათ საქმიანობასთან მიმართებაში, დაფუძნების შემდეგ.

მუხლი 80

გადახედვა

1. დაფუძნების პირობების თანმიმდევრული ლიბერალიზაციის მიზნით, მხარეებმა რეგულარულად უნდა გადახედონ ამ ნაწილის დებულებებს და წინამდებარე შეთანხმების 79-ე მუხლით  გათვალისწინებულ დათქმებს, ასევე დაფუძნების გარემოს, საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების შესაბამისად.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადახედვის ფარგლებში, მხარეებმა უნდა შეაფასონ დაფუძნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბარიერი, რომელმაც იჩინა თავი. ამ თავის დებულებების გაღრმავების მიზნით, მხარეებმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოძებნონ შესაბამისი გზები ამ ბარიერების გადასალახად, რაც შეიძლება მოიცავდეს შემდგომ მოლაპარაკებებს, მათ შორის მოლაპარაკებებს ინვესტიციების დაცვასთან და ინვესტორისა და სახელმწიფოს დავების მოგვარების პროცედურებთან დაკავშირებით.

მუხლი 81

სხვა შეთანხმებები

ეს თავი გავლენას არ ახდენს მხარეების მეწარმეების უფლებებზე, რომლებიც მათ გააჩნიათ ინვესტიციებთან დაკავშირებული ნებისმიერი არსებული ან მომავალი საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომლის მხარესაც წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და საქართველო.


მუხლი 82  

ფილიალებისა და წარმომადგენლობების მოპყრობის სტანდარტი

1. წინამდებარე შეთანხმების 79-ე მუხლის დებულებები არ ზღუდავს მხარეებს, გამოიყენონ განსაკუთრებული წესები დაფუძნებასთან და მათ ტერიტორიაზე მეორე მხარის იურიდიული პირების ფილიალებისა და წარმომადგელობების საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი პირველი მხარის ტერიტორიაზე. ეს განსხვავებული წესები უნდა იყოს დასაბუთებული იმ ტექნიკური ან სამართლებრივი განსხვავებებით, რომლებიც არსებობს ამ ფილიალებსა და წარმომადგენლობებს და იმ იურიდიული პირების ფილიალებსა და წარმომადგენლობებს შორის, რომლებიც რეგისტრირებულია მხარის ტერიტორიაზე ან ფინანსურ მომსახურებასთან მიმართებაში, გამომდინარეობს გონივრული მიზეზებიდან.

2. განსხვავებული რეჟიმი არ უნდა გასცდეს იმ ფარგლებს, რაც უკიდურესად აუცილებელია სამართლებრივი და ტექნიკური თვალსაზრისით ფინანსური სერვისების კუთხით, გონივრული დასაბუთების საფუძველზე.

ნაწილი 3

მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება

მუხლი 83

მოქმედების სფერო

ეს ნაწილი ეხება მხარეების მიერ გატარებულ ზომებს, რომლებიც გავლენას ახდენს  მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე მომსახურების ყველა სექტორში, გარდა შემდეგისა:

(a) აუდიო-ვიზუალური მომსახურება;

(b) ეროვნული საზღვაო კაბოტაჟი[11] და,

(c) ადგილობრივი და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის მომსახურება[12], რეგულარული ან არარეგულარული და მომსახურება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოძრაობის უფლებების განხორციელებას, გარდა შემდეგი მომსახურებისა:

(i) თვითმფრინავის მოვლის და შეკეთების მომსახურება, რომლის დროსაც თვითმფრინავი ამოღებულია ექსპლუატაციიდან;

(ii) საჰარეო სატრანსპორტო მომსახურების გაყიდვა და მარკეტინგი;

(iii) კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის (CRS) მომსახურება;

(iv) სახმელეთო მომსახურება;

(v) აეროპორტის საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება.


მუხლი 84

ბაზარზე დაშვება

1. მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდების მეშვეობით ბაზარზე დაშვებასთან მიმართებაში, თითოეულმა მხარემ მეორე მხარის მომსახურებას და მომსახურების მიმწოდებლებს უნდა მიანიჭოს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ეს არის განსაზღვრული ამ შეთანხმების XIV-B და XIV-F დანართებში არსებული სპეციფიკური ვალდებულებებით.

2. იმ სექტორებში, სადაც მხარეები იღებენ ბაზარზე დაშვების ვალდებულებებს, მხარეებმა არ უნდა განაგრძონ ან წამოიწყონ შემდეგი ზომების გატარება, არც რეგიონულ საფუძველზე და არც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს არის მოცემული წინამდებარე შეთანხმების XIV-B და XIV-F დანართებში:

(a) შეზღუდვები მომსახურების მიმწოდებლების რაოდენობაზე, რაოდენობრივი კვოტების, მონოპოლიების, მომსახურების ექსკლუზიური მიმწოდებლების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნების ფორმით;

(b) შეზღუდვები მომსახურებასთან დაკავშირებული გარიგებების ან აქტივების მთლიან ღირებულებაზე, რაოდენობრივი კვოტების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით;

(c) შეზღუდვები მომსახურების ოპერაციების მთლიან რაოდენობაზე ან წარმოებული მომსახურების მთლიან რაოდენობაზე, გამოსახულს დადგენილ რაოდენობრივ ერთეულებში კვოტების ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით.

მუხლი 85

ეროვნული რეჟიმი

1. შეთანხმების XIV-B და XIV-F დანართებში მოცემულ სექტორებში, სადაც ბაზარზე დაშვების ვალდებულებები გაწერილია  და ექვემდებარება მოცემულ საერთო და საკვალიფიკაციო პირობებს, თითოეულმა მხარემ ყველა ღონისძიებაზე, რომელიც გავლენას ახდენს მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე, მეორე მხარის მომსახურებასა და მომსახურების მიმწოდებლებს უნდა მიანიჭოს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი, ვიდრე ის ანიჭებს საკუთარ მსგავს მომსახურებასა და მომსახურების მიმწოდებლებს.

2. მხარემ შეიძლება შეასრულოს პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები მეორე მხარის მომსახურებისთვის ან მომსახურების მიმწოდებლებისათვის ფორმალურად იდენტური ან ფორმალურად განსხვავებული რეჟიმის მინიჭებით, იმასთან შედარებით, რასაც ის ანიჭებს საკუთარ მსგავს მომსახურებას და მომსახურების მიმწოდებლებს.

3. ფორმალურად იდენტური ან ფორმალურად განსხვავებული რეჟიმი უნდა ჩაითვალოს ნაკლებ ხელსაყრელად, თუ ის ცვლის კონკურენციის პირობებს ერთი მხარის მომსახურების ან მომსახურების მიმწოდებლების სასარგებლოდ, მეორე მხარის მსგავს მომსახურებასთან ან მომსახურების მიმწოდებლებთან შედარებით.

4. ამ მუხლით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ ნებისმიერ მხარეს მოეთხოვოს კონკურენციის არსებული შეზღუდვიდან გამომდინარე შედეგების ანაზღაურება, რომელიც განპირობებულია შესაბამისი მომსახურების და მომსახურების მიმწოდებლების უცხოური ხასიათით.

მუხლი 86

ვალდებულებების ჩამონათვალი

ბაზარზე დაშვებისა და ეროვნული რეჟიმის შეზღუდვები, რომელიც ვრცელდება მეორე მხარის მომსახურებასა და მომსახურების მიმწოდებლებზე, ამ ნაწილისა და შესაბამისი ვალდებულებების შესაბამისად თითოეული მხარის მიერ ლიბერალიზებულ სექტორებში, განსაზღვრულია ვალდებულებების ჩამონათვალში, რომელიც მოცემულია წინამდებარე  შეთანხმების XIV-B და XIV-F დანართებში.


მუხლი 87

გადახედვა

მხარეებს შორის მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდების თანმიმდევრული ლიბერალიზაციის მიზნით, ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულმა ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა რეგულარულად უნდა გადახედოს ამ შეთანხმების 86-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების ჩამონათვალს. გადახედვისას გათვალისწინებული უნდა იყოს წინამდებარე შეთანხმების 103-ე, 113-ე, 122-ე და 126-ე მუხლებით განსაზღვრული ეტაპობრივი დაახლოების პროცესი და მისი გავლენა მხარეებს შორის მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე არსებული ბარიერების გაუქმებაზე.  


ნაწილი 4  

ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის

მუხლი 88

მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტება

1. ეს ნაწილი ეხება მხარეების მიერ გატარებულ ზომებს მათ ტერიტორიებზე ძირითადი პერსონალის, სტაჟიორების, ბიზნესის გამყიდველების, საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლების და დამოუკიდებელი პროფესიონალების  შესვლასთან და დროებით ყოფნასთან დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების 76-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად.

2. ამ ნაწილის მიზნებისათვის:

(a) „ძირითადი პერსონალი“ გულისხმობს ერთი მხარის იურიდიულ პირში, გარდა არამომგებიანი ორგანიზაციისა[13], დასაქმებულ ფიზიკურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაფუძნებაზე ან მეწარმე სუბიექტის კონტროლზე, ადმინისტრირებასა და საქმიანობაზე. „ძირითადი პერსონალი“ მოიცავს „ბიზნეს ვიზიტორებს“ დაფუძნების მიზნებისათვის და „კორპორაციის შიგნით გადაადგილებულ პირებს“.

(i) „ბიზნეს ვიზიტორები“ დაფუძნების მიზნებისათვის გულისხმობს ფიზიკურ პირებს, რომლებიც მუშაობენ მაღალ თანამდებობაზე და პასუხისმგებელნი არიან მეწარმე სუბიექტის დაფუძნებაზე. ისინი არ სთავაზობენ ან უწევენ ვინმეს მომსახურებას, აგრეთვე არ ერთვებიან სხვა რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობაში, გარდა იმისა, რაც საჭიროა დაფუძნების მიზნებისათვის. ისინი არ იღებენ ანაზღაურებას მიმღებ მხარეში არსებული წყაროდან.

(ii) „კორპორაციის შიგნით გადაადგილებული პირები“ გულისხმობს ფიზიკურ პირებს, რომლებიც დასაქმებულები არიან იურიდიულ პირში ან იყვნენ მისი პარტნიორები არანაკლებ 1 წლის განმავლობაში და რომლებიც დროებით არიან მივლენილები მეწარმე სუბიექტში, რომელიც შეიძლება იყოს მეორე მხარის ტერიტორიაზე საწარმოს/იურიდიული პირის შვილობილი კომპანია, ფილიალი ან სათავო კომპანია. აღნიშნული ფიზიკური პირი უნდა მიეკუთვნებოდეს ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

(1) მენეჯერები: იურიდიულ პირში მაღალ თანამდებობაზე მომუშავე პირები, რომლებსაც ზოგად ზედამხედველობას ან მართვას უწევს დირექტორთა საბჭო ან აქციათა მფლობელები ან მათი ეკვივალენტური სტრუქტურა, და ამავე დროს ეს პირები ახორციელებენ მეწარმე სუბიექტის მართვას, რაც მოიცავს:

- მეწარმე სუბიექტის, დეპარტამენტის ან ქვედანაყოფის მართვას;

- სხვა ზედამხედველების, პროფესიონალების ან მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობის ზედამხედველობას ან კონტროლს; და

- პერსონალურ უფლებამოსილებას სამსახურში აყვანაზე ან გაშვებაზე, ან რეკომენდაციის გაწევას სამსახურში აყვანაზე, გაშვებაზე ან პერსონალთან დაკავშირებულ სხვა ქმედებებზე;

(2) სპეციალისტები: იურიდიულ პირში მომუშავე პირები, რომლებსაც გააჩნიათ მეწარმე სუბიექტის წარმოების, კვლევებისათვის საჭირო მოწყობილობების, ტექნიკის, პროცესების, პროცედურების ან მართვის შესაბამისი ცოდნა. ამგვარი ცოდნის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული არა მხოლოდ მოცემული მეწარმე სუბიექტისთვის აუცილებელი სპეციფიკური ცოდნა, არამედ ის ფაქტიც, აქვს თუ არა პირს კვალიფიკაციის მაღალი დონე გარკვეული ტიპის სამუშაოსთან ან ვაჭრობასთან მიმართებაში, რომელიც მოითხოვს სპეციფიკურ ტექნიკურ განათლებას, მათ შორის აკრედიტებული პროფესიის წევრობას.

(b) „სტაჟიორები“ გულისხმობს ერთი მხარის იურიდიული პირის ან მისი ფილიალის მიერ არანაკლებ ერთი წლის ვადით დასაქმებულ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფლობენ უნივერსიტეტის დიპლომს და არიან დროებით მივლენილები მეორე მხარეში ამ იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ მეწარმე სუბიექტში, კარიერული განვითარების მიზნით ან ბიზნესის ტექნიკაში ან მეთოდებში ტრეინინგის მიღების მიზნით[14].

(c) „ბიზნესის გამყიდველები“[15] გულისხმობს ერთი მხარის მომსახურების ან საქონლის მიმწოდებლის წარმომადგენელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სურთ შესვლა და დროებითი ყოფნა მეორე მხარის ტერიტორიაზე მომსახურების ან საქონლის გაყიდვაზე მოლაპარაკებების წარმოების მიზნით, ან ამ მიმწოდებლისთვის მომსახურების ან საქონლის გაყიდვაზე ხელშეკრულების დადების მიზნით. ისინი არ ერთვებიან საზოგადოებისათვის პირდაპირ მიყიდვაში, არ ღებულობენ ანაზღაურებას მიმღებ მხარეში არსებული წყაროდან და არ წარმოადგენენ კომისიის აგენტებს.

(d) „საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლები“ გულისხმობს ფიზიკურ პირებს, დასაქმებულებს ერთი მხარის იურიდიულ პირში, რომელიც თავის მხრივ არ წარმოადგენს პერსონალის დასაქმების ან მომსახურების მიწოდების სააგენტოს და არ მოქმედებს ასეთი სააგენტოს მეშვეობით. ეს იურიდიული პირი არ არის დაფუძნებული მეორე მხარის ტერიტორიაზე და გაფორმებული აქვს რეალური კონტრაქტი მეორე მხარის საბოლოო მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდებისათვის, რაც მოითხოვს მისი დასაქმებულების მეორე მხარეში დროებით ყოფნას მომსახურების მიწოდებისათვის კონტრაქტის შესრულების მიზნით.

(e) „დამოუკიდებელი პროფესიონალები“ გულისხმობს ისეთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ჩართულები არიან მომსახურების მიწოდებაში და დაფუძნებულები არიან თვითდასაქმებულის ფორმით ერთ-ერთ მხარეში, არ არიან დაფუძნებულები მეორე მხარეში და გაფორმებული აქვთ რეალური კონტრაქტი (გარდა პერსონალის დასაქმების ან მომსახურების მიწოდების სააგენტოს მეშვეობით გაფორმებული კონტრაქტებისა) მეორე მხარეში საბოლოო მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდების მიზნით, რომელიც მოითხოვს მათ დროებით ყოფნას ამ მხარეში მომსახურების მიწოდებისათვის კონტრაქტის შესრულების მიზნით.

(f) „კვალიფიკაციები“ გულისხმობს დიპლომებს, სერტიფიკატებს ან (ფორმალური კვალიფიკაციის დამადასტურებელ) სხვა დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია კანონმდებლობით, მარეგულირებელი ან ადმინისტრაციული წესით განსაზღვრული უწყების მიერ და ადასტურებს პროფესიული ტრეინინგის წარმატებით დასრულებას.

 
მუხლი 89   

ძირითადი პერსონალი და სტაჟიორები

1. იმ სექტორებში, სადაც ვალდებულება აღებულია ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება) და ამ შეთანხმების XIV-A და XIV-E დანართებით ან, ამ შეთანხმების XIV-C და XIV-G დანართებით განსაზღვრული დათქმების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დართოს ნება მეორე მხარის მეწარმეებს, რომ მათ, მათ მიერ დაფუძნებულ მეწარმე სუბიექტში დაასაქმონ ამ მეორე მხარის ფიზიკური პირები, სადაც, ეს დასაქმებულები წარმოადგენენ ძირითად პერსონალს ან სტაჟიორებს, წინამდებარე შეთანხმების 88-ე მუხლის შესაბამისად. ძირითადი პერსონალის ან სტაჟიორების დროებითი შემოსვლა და დროებითი ყოფნა შესაძლებელია პერიოდით, რომელიც არ აღემატება 3 წელიწადს კორპორაციის შიგნით გადაადგილებული პირებისათვის, 90 დღეს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში ბიზნეს ვიზიტორებისათვის დაფუძნების მიზნით და 1 წელიწადს სტაჟიორებისათვის.

2. ყველა იმ სექტორებში, სადაც ვალდებულება აღებულია მოცემული თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება) შესაბამისად, ის ზომები, რომლებსაც არ იყენებს ან არ იღებს მხარე რეგიონული დაყოფის საფუძველზე და მთელს ტერიტორიაზე, როცა სხვაგვარად არ არის განსაზღვრული წინამდებარე შეთანხმების XIV-C და XIV-G დანართებით, განხილება,  როგორც შეზღუდვები მეწარმის მიერ დასასაქმებელი ფიზიკური პირების საერთო რაოდენობაზე, რომლებიც წარმოადგენენ ძირითად პერსონალს და სტაჟიორებს კონკრეტულ სექტორებში, რაოდენობრივი კვოტის ან ეკონომიკური საჭიროებების ტესტის მოთხოვნის ფორმით, და აგრეთვე დისკრიმინაციულ შეზღუდვებად.

მუხლი 90

ბიზნესის გამყიდველები

იმ სექტორებში, სადაც ვალდებულება აღებულია ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება) ან მე-3 ნაწილის (საზღვრებს გარეთ მიწოდება) და ამ შეთანხმების XIV-A, XIV-E დანართებით და XIV-B და XIV-F დანართებით განსაზღვრული დათქმების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დართოს ნება ბიზნესის გამყიდველებს, შემოვიდნენ და დროებით დარჩნენ არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში.

მუხლი 91

საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლები

1. მხარეები ადასტურებენ მათ ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს გენერალური შეთანხმებიდან მომსახურებით ვაჭრობის შესახებ (GATS), საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლების შესვლასთან და დროებით ყოფნასთან მიმართებაში. ამ შეთანხმების XIV-D და XIV-H დანართების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დართოს ნება მეორე მხარის საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლებს, მიაწოდონ მომსახურება მათ ტერიტორიაზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირობების გათვალისწინებით.

2. მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები ექვემდებარება შემდეგ პირობებს:

(a) ფიზიკური პირები, როგორც იმ იურიდიული პირის დასაქმებულები, რომელმაც მიიღო მომსახურების კონტრაქტი არაუმეტეს 12 თვის ვადით, დროებით უნდა იყვნენ ჩართულები მომსახურების მიწოდებაში;

(b) ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც შედიან მეორე მხარეში, უნდა შესთავაზონ მომსახურება როგორც იურიდიული პირის დასაქმებულებმა, რომელიც აწვდის მომსახურებას მეორე მხარეში, შესვლისათვის განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში. ამასთან ერთად, მეორე მხარეში შესვლისათვის განაცხადის წარდგენის მომენტისათვის, ფიზიკურ პირებს უნდა გააჩნდეთ არანაკლებ სამწლიანი პროფესიული გამოცდილება[16] საქმიანობის იმ სექტორში, რომელიც კონტრაქტის საგანს წარმოადგენს;

(c) ფიზიკურ პირებს, რომლებიც შედიან მეორე მხარეში, უნდა გააჩნდეთ:

i) უნივესტიტეტის დიპლომი ან ეკვივალენტური დონის[17] ცოდნის დამადასტურებელი კვალიფიკაცია და

ii) პროფესიული კვალიფიკაცია, სადაც ის არის მოთხოვნილი საქმიანობის განხორციელებისათვის იმ მხარის კანონების, რეგულაციების ან სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად, რომელშიც ხდება მომსახურების მიწოდება;

(d) ფიზიკურმა პირმა არ უნდა მიიღოს ანაზღაურება მეორე მხარეში მომსახურების მიწოდებისათვის, გარდა მისი დამსაქმებელი იურიდიული პირისაგან მიღებული ანაზღაურებისა.

(e) ფიზიკური პირის მხარეში შესვლა და დროებითი ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს სულ ექვსთვიან პერიოდს ან ლუქსემბურგის შემთხვევაში, 25 კვირას ნებისმიერი 12 თვის განმავლობაში ან კონტრაქტის მოქმედების ვადას, რომელიც უფრო ნაკლები იქნება;

(f) ამ მუხლის დებულებებით განსაზღვრული დაშვება უკავშირდება მხოლოდ კონტრაქტით განსაზღვრულ მომსახურებას და არ გულისხმობს იმ მხარის პროფესიული წოდების გამოყენებას, რომელშიც ხდება მომსახურების მიწოდება;

(g) მომსახურების კონტრაქტით განსაზღვრულ პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა კონტრაქტის შესრულებისათვის, როგორც ეს შეიძლება მოთხოვნილი იყოს იმ მხარის კანონებით, რეგულაციებით ან სხვა სამართლებრივი მოთხოვნებით, რომელშიც ხდება მომსახურების მიწოდება.

მუხლი 92

დამოუკიდებელი პროფესიონალები

1. ამ შეთანხმების XIV-D და XIV-H დანართების შესაბამისად, მხარეებმა უნდა დართონ ნება მათ ტერიტორიაზე მეორე მხარის დამოუკიდებელ პროფესიონალებს მომსახურების მიწოდებაზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

2. მხარეების მიერ აღებული ვალდებულებები ექვემდებარება შემდეგ პირობებს:

(a) ფიზიკური პირები დროებით უნდა იყვნენ ჩართულები მომსახურების მიწოდებაში, როგორც მეორე მხარეში თვითდასაქმებულები და უნდა გააჩნდეთ მომსახურების კონტრაქტი, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 12 თვეს;

(b) ფიზიკური პირები მეორე მხარეში შესვლისათვის განაცხადის წარდგენის მომენტისათვის უნდა ფლობდნენ არანაკლებ ექვსწლიან პროფესიულ გამოცდილებას საქმიანობის იმ სექტორში, რომელიც კონტრაქტის საგანს წარმოადგენს;

(c) ფიზიკურ პირებს, რომლებიც შედიან მეორე მხარეში, უნდა გააჩნდეთ:

(i) უნივერსიტეტის დიპლომი ან შესაბამისი დონის[18] ცოდნის დამადასტურებელი კვალიფიკაცია და

(ii) პროფესიული კვალიფიკაცია, სადაც ის არის მოთხოვნილი საქმიანობის განხორციელებისათვის იმ მხარის კანონების, რეგულაციების ან სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება;

(d) ფიზიკური პირის მხარეში შესვლა და დროებითი ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს ექვსთვიან მთლიან პერიოდს ან ლუქსემბურგის შემთხვევაში, 25 კვირას ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში ან კონტრაქტის მოქმედების ვადას, რომელიც უფრო ნაკლები იქნება;

(e) ამ მუხლის დებულებებით განსაზღვრული დაშვება უკავშირდება მხოლოდ კონტრაქტით განსაზღვრულ მომსახურებას და არ გულისხმობს იმ მხარის პროფესიული წოდების გამოყენებას, რომელშიც ხდება მომსახურების განხორციელება.

ნაწილი 5

საკანონმდებლო რეგულირება

ქვენაწილი 1

შიდა რეგულირება

მუხლი 93

მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტება

1. შემდეგი წესები მოქმედებს მხარეების მიერ გამოყენებულ ზომებზე, რომელიც უკავშირდება ლიცენზირების მოთხოვნებსა და პროცედურებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და პროცედურებს, რომლებიც გავლენას ახდენს:

(a) მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე;

(b) მათ ტერიტორიაზე იურიდიული და ფიზიკური პირების დაფუძნებაზე, ამ შეთანხმების 77-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად; და

(c) მათ ტერიტორიაზე ფიზიკური პირების კატეგორიების დროებით ყოფნაზე, ამ შეთანხმების 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა - ქვეპუნქტების შესაბამისად.

2. მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდების შემთხვევაში, ეს წესები უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ სექტორებზე, რომლებზეც მხარეებმა აიღეს სპეციფიკური ვალდებულებები და იმ მასშტაბით, რომლითაც ეს სპეციფიკური ვალდებულებები ვრცელდება ამ შეთანხმების XIV-B და XIV-F დანართების შესაბამისად. დაფუძნების შემთხვევაში, ეს წესები არ უნდა გავრცელდეს სექტორებზე იმ მასშტაბით, როგორც ეს არის განსაზღვრული შესაბამისი დათქმებით ამ შეთანხმების XIV-A და XIV-E დანართების შესაბამისად. ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობის შემთხვევაში, ეს წესები არ ვრცელდება სექტორებზე იმ მასშტაბით, როგორც ეს არის განსაზღვრული შესაბამისი დათქმებით ამ შეთანხმების XIV-C, XIV-D, XIV-G და XIV-H დანართების შესაბამისად.

3. ეს წესები არ უნდა გამოიყენებოდეს ზომების მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წარმოადგენენ შეზღუდვებს ამ შეთანხმების შესაბამისი დანართების მიხედვით.

4. ამ ნაწილის მიზნებისათვის:

(a) „ლიცენზირების მოთხოვნები“ წარმოადგენს არსებით მოთხოვნებს, განსხვავებულს საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან, რომლებთანაც ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია იყოს შესაბამისობაში, რათა მიიღოს, შეცვალოს ან განაახლოს ავტორიზაცია საქმიანობის განსახორციელებლად, როგორც განსაზღვრულია პირველი პუნქტის ა-გ ქვეპუნქტებში.

(b) „ლიცენზირების პროცედურები“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ან პროცედურულ წესებს, რომლებიც ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც სურს ავტორიზაციის მიღება, მათ შორის ლიცენზიის შეცვლა ან განახლება საქმიანობის განხორციელების მიზნით, განსაზღვრული პირველი პუნქტის ა-გ ქვეპუნქტებში, უნდა დაიცვას, რათა დაადასტუროს ლიცენზიის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

(c) „საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ გულისხმობს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომელიც უკავშირდება სერვისის მიწოდებისათვის საჭირო ფიზიკური პირის კომპეტენციას და რომლის ჩვენებაც საჭიროა მომსახურეობის მიწოდებისათვის ავტორიზაციის მოსაპოვებლად

(d) „საკვალიფიკაციო პროცედურები“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ან პროცედურულ წესებს, რომლებიც ფიზიკურმა პირმა უნდა დაიცვას, რათა დაამტკიცოს  მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო ავტორიზაციის ნებართვის მოსაპოვებლად.

(e) „კომპეტენტური ორგანო“ მოიცავს ნებისმიერ ცენტრალურ, რეგიონულ ან ადგილობრივ მთავრობებს და ხელისუფლებას ან არასამთავრობო ორგანოს ცენტრალური ან რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობების ან ხელისუფლების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების შემსრულებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მიწოდებისათვის ავტორიზაციის გაცემაზე მათ შორის მომსახურების გარდა სხვა ეკონომიკურ საქმიანობისთვის დაფუძნების ან დაფუძნებისათვის საჭირო ავტორიზაციის გაცემასთან დაკავშირებით.

მუხლი 94

ლიცენზირებისა და კვალიფიკაციის პირობები

1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ლიცენზირების მოთხოვნებთან და პროცედურებთან, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და პროცედურებთან დაკავშირებული ღონისძიებები დაეფუძნოს კრიტერიუმებს, რომლებიც ხელს უშლის კომპეტენტურ ორგანოებს თვითნებური ფორმით გამოიყენონ საკუთარი ძალაუფლება შეფასების დროს.

2. პირველ პუნქტში დასახელებული კრიტერიუმები უნდა იყოს:

(a) საჯარო პოლიტიკის მიზნების თანაზომადი;

(b) ნათელი და ცალსახა;

(c) ობიექტური;

(d) წინასწარ დადგენილი;

(e) საზოგადოებისთვის წინასწარ ცნობილი;

(f) გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი.

3. ავტორიზაცია ან ლიცენზია უნდა გაიცეს მაშინვე, როცა შესაბამისი გამოკვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ ავტორიზაციის ან ლიცენზიის მიღების პირობები იქნა დაკმაყოფილებული.

4. თითოეულმა მხარემ უნდა გამოიყენოს ან შექმნას სასამართლო, საარბიტრაჟო ან ადმინისტრაციული ორგანოები ან პროცედურები, რომლებიც დაზარალებული მეწარმეების ან მომსახურების მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე, განახორციელებენ დაფუძნებაზე, საზღვრებს გარეთ მომსახურების მიწოდებაზე ან საქმიანი მიზნებისათვის ფიზიკური პირების დროებით წარმომადგენლობაზე გავლენის მქონე ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ განხილვას და იქ, სადაც გამართლებულია, გაითვალისწინონ მათი გამოსწორებისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების შემოღება. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი პროცედურები დამოუკიდებელი არ არის იმ უფლებამოსილი ორგანოსაგან, რომელიც იღებს ასეთ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს, მხარე უზრუნველყოფს, რომ ეს პროცედურები, პრაქტიკულად, ითვალისწინებდეს ობიექტურ და მიუკერძოებელ განხილვას.

5. იმ შემთხვევაში, როცა მოცემული საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიების რაოდენობა არის შეზღუდული არსებული ბუნებრივი რესურსების ან ტექნიკური შესაძლებლობის სიმწირის გამო, თითოეულმა მხარემ უნდა გამოიყენოს პოტენციური კანდიდატების შერჩევის პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის სრულ გარანტიას, მათ შორის, ადეკვატურ საჯაროობას პროცედურის დაწყების, განხორციელების და დასრულების შესახებ.

6. ამ მუხლის დებულებების შესაბამისად, შერჩევის პროცედურის წესების დადგენისას, თითოეულ მხარეს შეუძლია მხედველობაში მიიღოს საჯარო პოლიტიკის მიზნები, მათ შორის, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.


მუხლი 95

ლიცენზირებისა და საკვალიფიკაციო პროცედურები

1. ლიცენზირებისა და საკვალიფიკაციო პროცედურები და ფორმალური მხარე უნდა იყოს გასაგები, უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ და განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ მათი განაცხადი განიხილება ობიექტურად და მიუკერძოებლად.

2. ლიცენზირებისა და საკვალიფიკაციო პროცედურები, ასევე ფორმალური მხარე უნდა იყოს რაც შეიძლება მარტივი და ზედმეტად არ უნდა გაართულოს ან შეაფერხოს მომსახურების განხორციელება. ნებისმიერი სალიცენზიო მოსაკრებელი[19], რომელიც შეიძლება დაეკისროს განმცხადებლებს მათი განაცხადიდან გამომდინარე, უნდა იყოს გონივრული და შესაბამისი ავტორიზაციის პროცედურის ხარჯის პროპორციული.

3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ლიცენზირების ან ავტორიზაციის პროცესში კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოყენებული პროცედურები და მიღებული გადაწყვეტილებები იყოს მიუკერძოებელი ყველა განმცხადებლის მიმართ. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული იმ მომსახურების რომელიმე მიმწოდებლის წინაშე, რომლისთვისაც საჭიროა ლიცენზიის ან ავტორიზაციის მიღება.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც განაცხადების მიღებისთვის დაწესებულია სპეციფიკური პერიოდი, განმცხადებელს უნდა მიეცეს განაცხადის წარდგენისათვის გონივრული ვადა. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა წამოიწყოს განაცხადის დამუშავება ზედმეტი შეფერხების გარეშე. სადაც შესაძლებელია,  განაცხადები უნდა იქნას მიღებული ელექტრონული ფორმით აუთენტურობის იგივე პირობებით, რაც არსებობს განაცხადის წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში.

5. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ განაცხადის დამუშავება, მათ შორის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, მოხდეს დასრულებული განაცხადის წარდგენიდან გონივრულ ვადაში. თითოეული მხარე მიზნად ისახავს განაცხადის დამუშავებისთვის გონივრული ვადის დაწესებას.

6. კომპეტენტურმა ორგანომ, იმ განაცხადის მიღებიდან, რომელსაც ის მიიჩნევს არასრულად, გონივრული ვადაში უნდა შეატყობინოს განმცხადებელს შესაძლებლობის ფარგლებში, რომ მან განაცხადის დასრულების მიზნით წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია და მისცეს მას საშუალება გამოასწოროს უზუსტობები.

7. სადაც შესაძლებელია, აუთენტური ასლები უნდა იქნას მიღებული ორიგინალი დოკუმენტების ნაცვლად.

8. თუ კომპეტენტურმა ორგანომ უარი თქვა განაცხადის მიღებაზე, განმცხადებელი დროულად უნდა იქნას ინფორმირებული წერილობითი ფორმით. მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებელი ასევე უნდა იქნას ინფორმირებული განაცხადის მიღებაზე უარის თქმის მიზეზებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადების შესახებ.

9. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ლიცენზია ან ავტორიზაცია, მისი გაცემის შემდეგ, ძალაში შედის შეფერხების გარეშე განსაზღვრული ვადების და პირობების შესაბამისად.


ქვენაწილი 2

ზოგადი დებულებები

მუხლი 96

ორმხრივი აღიარება

1. ამ თავის დებულებები არ უნდა ზღუდავდეს მხარეს, რომ მოითხოვოს ფიზიკური პირებისაგან მომსახურების მიწოდების ტერიტორიაზე მოთხოვნილი საჭირო კვალიფიკაციის და/ან პროფესიული გამოცდილების ფლობა საქმიანობის შესაბამის სექტორთან მიმართებაში.

2. თითოეულმა მხარემ უნდა წაახალისოს მათ ტერიტორიებზე შესაბამისი პროფესიული ორგანოები, ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტისთვის ორმხრივ აღიარებაზე რეკომენდაციების წარდგენისაკენ, მეწარმეებისა და მომსახურების მიმწოდებლების  მიერ, მთლიანად ან ნაწილობრივ, იმ კრიტერიუმების შესრულების მიზნით, რომელიც თითოეული მხარის მიერ გამოიყენება მეწარმეების და მომსახურების მიმწოდებლების და განსაკუთრებით, პროფესიული მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაციის, ლიცენზირების, საქმიანობის და სერტიფიცირებისათვის.

3. მეორე პუნქტში მითითებული რეკომენდაციების მიღებისას, ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა გონივრულ ვადაში უნდა განიხილოს ეს რეკომენდაცია იმ მიზნით, რომ დაადგინოს მისი შესაბამისობა ამ შეთანხმებასთან და არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეაფასოს:

(a) თითოეული მხარის მიერ, მომსახურების მიმწოდებლებისა და მეწარმეების ავტორიზაციის, ლიცენზირების, საქმიანობის და სერტიფიცირებისათვის გამოყენებული სტანდარტების და კრიტერიუმების დაახლოება და;

(b) ორმხრივი აღიარების შეთანხმების პოტენციური ეკონომიკური ღირებულება.

4. იმ შეთხვევაში, როდესაც ეს მოთხოვნები არის დაკმაყოფილებული, ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები მოლაპარაკებებისათვის და მხარეები, მათი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, უნდა ჩაერთონ მოლაპარაკებებში ორმხრივი აღიარების შეთანხმებაზე.  

5. ნებისმიერი ასეთი შეთანხმება უნდა იყოს შესაბამისობაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების შესაბამის დებულებებთან და განსაკუთრებით, GATS-ის მე-7 მუხლთან.

მუხლი 97

გამჭვირვალობა და კონფიდენციალური ინფორმაციის  გასაჯაროება

1. თითოეულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი მეორე მხარის ყველა მოთხოვნას სპეციფიკური ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც ეხება მის მიერ განხორციელებულ ზოგად ღონისძიებებს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლებიც ეხება ან გავლენას ახდენს წინამდებარე შეთანხმებაზე. გარდა ამისა, თითოეულმა მხარემ უნდა შექმნას ერთი ან რამდენიმე საკონტაქტო ერთეული მეორე მხარის მეწარმეებისა და მომსახურების მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე სპეციფიკური ინფორმაციის მიწოდების მიზნით. მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს შესაბამისი საკონტაქტო ერთეულების შესახებ ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან სამი თვის განმავლობაში. არ არის აუცილებელი, რომ აღნიშნული საკონტაქტო ერთეულები იყვნენ კანონებისა და რეგულაციების დეპოზიტარები.

2. არაფერი ამ შეთანხმებაში არ უნდა მოითხოვდეს მხარის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის წარდგენას, რომლის გასაჯაროებამ შეიძლება გამოიწვიოს კანონის აღსრულების შეფერხება ან სხვაგვარად მოვიდეს წინააღმდეგობაში საჯარო ინტერესთან ან ზიანი მიაყენოს კონკრეტული სახელმწიფო ან კერძო საწარმოების ლეგიტიმურ კომერციულ ინტერესებს.

ქვენაწილი 3

კომპიუტერული მომსახურება

მუხლი 98  

კომპიუტერულ მომსახურების გაგება

1. იმის გათვალისწინებით, რომ ვაჭრობისას კომპუტერული სერვისის ლიბერალიზაცია ხდება ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) მიხედვით,  მხარეებმა უნდა დაიცვან ამ მუხლის 2-ე, 3-ე და 4-ე პუნქტები

2. CPC[20] 84, გაეროს კოდი, რომელიც გამოიყენება კომპიუტერული და მასთან დაკავშირებული მომსახურების აღწერისთვის, მოიცავს ძირითად ფუნქციებს, რომლებიც გამოიყენება ყველა კომპიუტერული და მასთან დაკავშირებული მომსახურების უზრუნველსაყოფად:

(a) კომპიუტერული პროგრამები განსაზღვრულია, როგორც ინსტრუქციების კომპლექტი, რომლებიც საჭიროა კომპიუტერების მუშაობისთვის და ურთიერთკავშირებისთვის (მათი განვითარების და დანერგვის ჩათვლით);

(b) მონაცემთა დამუშავების და შენახვის; და

(c) მასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის, როგორიცაა კლიენტის თანამშრომლების კონსულტაციები და ტრეინინგები.

ტექნოლოგიური განვითარება იწვევს ამ მომსახურების მზარდ შეთავაზებას, როგორც  შესაბამისი მომსახურების პაკეტის, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ზოგიერთ ან ყველა ამ ძირითად ფუნქციებს. მაგალითად, ისეთი მომსახურება, როგორიცაა ვებ ან დომეინ ჰოსტინგი, მონაცემთა სიღრმისეული ანალიზი და განაწილებული გამოთვლები, თითოეული შეიცავს ძირითადი კომპიუტერული მომსახურების ფუნქციების კომბინაციებს.

3. კომპიუტერული და მასთან დაკავშირებული მომსახურება, იმის მიუხედავად არის თუ არა ის ქსელის საშუალებით, მათ შორის ინტერნეტით მიწოდებული, მოიცავს ყველა მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს:

(a) კონსულტაციას, სტრატეგიას, ანალიზს, დაგეგმარებას, სპეციფიკაციას, დიზაინს, განვითარებას, ინსტალაციას, განხორციელებას, ინტეგრაციას, ტესტირებას, გამართვას, განახლებას, მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას ან  მენეჯმენტს კომპიუტერებისთვის ან კომპიუტერული სისტემებისათვის;

(b) კომპიუტერულ პროგრამებს, განსაზღვრულს როგორც ინსტრუქციების კომპლექტი, რომელიც საჭიროა კომპიუტერების მუშაობისთვის და ურთიერთკავშირებისთვის (როგორც ასეთი), ასევე კონსულტაციას, სტრატეგიას, ანალიზს, დაგეგმარებას, სპეციფიკაციას, დიზაინს, განვითარებას, ინსტალაციას, განხორციელებას, ინტეგრაციას, ტესტირებას, გამართვას, განახლებას, ადაპტაციას, შენახვას, მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას, კომპიუტერული პროგრამების მენეჯმენტს ან გამოყენებას; ან

(c) მონაცემთა დამუშავებას, მონაცემთა შენახვას, მონაცემთა ჰოსტინგს ან მონაცემთა ბაზების მომსახურებას; ან ოფისის დანადგარების და მოწყობილობის მოვლას და შეკეთებას, კომპიუტერების ჩათვლით; ან კლიენტის იმ თანამშრომლების ტრეინინგს, რომლებიც კავშირში არიან კომპიუტერულ პროგრამებთან, კომპიუტერებთან ან კომპიუტერულ სისტემებთან და სხვაგან არსად არიან კლასიფიცირებულნი.

4. კომპიუტერული და მასთან დაკავშირებული მომსახურება უზრუნველყოს სხვა მომსახურების (მაგალითად, საბანკო საქმიანობა) განხორციელებას როგორც ელექტრონული, ისე სხვა საშუალებებით. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი  განსხვავება მომსახურების განხორციელების საშუალებასა (მაგალითად, ვებ-ჰოსტინგი ან აპლიკაციის ჰოსტინგი) და კონტენტ ან ძირითად  მომსახურებას შორის, რომელიც მიწოდებულია ელექტრონულად (მაგალითად, საბანკო საქმიანობა). ასეთ შემთხვევებში, კონტენტი ან ძირითადი მომსახურება არ იფარება CPC 84-ით.

ქვენაწილი 4

საფოსტო და საკურიერო მომსახურება

მუხლი 99

მოქმედების სფერო და განმარტებები

1. ეს ქვენაწილი ადგენს მარეგულირებელი სისტემის პრინციპებს ყველა საფოსტო და საკურიერო მომსახურებისთვის, რომელიც ლიბერალიზებულია ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) შესაბამისად.

2. ამ ქვენაწილის და ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) მიზნებისთვის:

(a) "ლიცენზია" გულისხმობს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ინდივიდუალური მიმწოდებელისთვის მინიჭებულ ავტორიზაციას, რომელიც მოითხოვება მომსახურების მიწოდების დაწყებამდე.

(b) „უნივერსალური მომსახურება“ გულისხმობს განსაზღვრული ხარისხის საფოსტო მომსახურების მუდმივ უზრუნველყოფას ტერიტორიის ყველა პუნქტის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად.

მუხლი 100

უნივერსალური მომსახურება

თითოეულ მხარეს აქვს უფლება განსაზღვროს ისეთი უნივერსალური მომსახურების ვალდებულება, როგორიც მას სურს. თავის მხრივ, ასეთი ვალდებულებები არ განიხილება როგორც ანტიკონკურენტული, იმ პირობით, რომ ისინი ადმინისტრირებულია გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ნეიტრალური წესით და არ წარმოადგენს იმაზე მეტად დამამძიმებელს, ვიდრე აუცილებელია  მხარის მიერ განსაზღვრული უნივერსალური მომსახურებისთვის.

მუხლი 101

ლიცენზიები

1. ლიცენზია შეიძლება იქნეს მოთხოვნილი მხოლოდ უნივერსალური მომსახურების ფარგლებში არსებული მომსახურებისთვის.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნილია ლიცენზია, შემდეგი საკითხები უნდა გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი:

(a) ლიცენზირების ყველა კრიტერიუმი და ვადები, რაც ჩვეულებისამებრ მოითხოვება ლიცენზიის განაცხადზე  გადაწყვეტილების მისაღებად და

(b) ლიცენზიის ვადები და პირობები.

3. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის მიზეზები განმცხადებლისთვის ცნობილი უნდა გახდეს მოთხოვნის საფუძველზე და თითოეული მხარის მიერ ჩამოყალიბდეს გასაჩივრების პროცედურა დამოუკიდებელი ორგანოს საშუალებით. ასეთი პროცედურა უნდა იყოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს.

მუხლი 102

მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა

მარეგულირებელი ორგანო უნდა იყოს იურიდიულად დამოუკიდებელი და არაანგარიშვალდებული ნებისმიერი საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიმწოდებლის მიმართ. მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და გამოყენებული პროცედურები უნდა იყოს მიუკერძოებელი ბაზრის ყველა მონაწილის მიმართ.

მუხლი 103

ეტაპობრივი დაახლოება

მომსახურებებით ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით, მხარეები აღიარებენ საქართველოს მოქმედი და მომავალი კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების მნიშვნელობას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, რომელიც მოცემულია ამ შეთანხმების XV-C დანართში.

ქვენაწილი 5

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები და მომსახურება

მუხლი 104  

გამოყენების სფერო და ტერმინთა განმარტება

1. ეს ქვენაწილი განსაზღვრავს რეგულირების პრინციპებს ყველა ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, რომელიც ლიბერალიზებულია ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) შესაბამისად.

2. ამ ქვენაწილის და ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) მიზნებისათვის:

(a) "ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება" გულისხმობს ყველა მომსახურებას, რომელიც ახორციელებს, სრულად ან ძირითადად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით სიგნალის გადაცემას, მაუწყებლობისათვის განკუთვნილი ქსელებით სატელეკომუნიკაციო და გადაცემის მომსახურების ჩათვლით. აღნიშნული მომსახურება არ მოიცავს იმ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს ან ახორციელებს სარედაქციო კონტროლს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და მომსახურების გამოყენებით გადაცემულ კონტენტზე;

(b) "საერთო სარგებლობის საკომუნიკაციო ქსელი" გულისხმობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც სრულად ან ძირითადად გამოიყენება საჯაროდ ხელმისაწვდომი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მისაწოდებლად;

(c) "ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი" გულისხმობს სიგნალების გადაცემა/გავრცელების  სისტემებს, ელექტრონული საინფორმაციო სიგნალების დამუშავების ან დამისამართების მოწყობილობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში და სხვა რესურსებს, რომლებიც  ელექტრონული სიგნალების სადენიანი, რადიოსიხშირული, ოპტიკურბოჭკოვანი ან სხვა ელექტრომაგნიტური საშუალებით გავრცელების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის თანამგზავრული, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, ინტერნეტის ჩათვლით) და მიწისზედა მობილური ქსელები, ელექტრო საკაბელო სისტემები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო სიგნალების გავრცელების მიზნით; ქსელები, რომლებიც გამოიყენება რადიო და ტელემაუწყებლობისთვის, საკაბელო სატელევიზიო ქსელები, იმის მიუხედავად, თუ რა სახის მონაცემთა გადაცემას ახორციელებენ;

(d)"მარეგულირებელი ორგანო" გულისხმობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ ორგანოს ან ორგანოებს, რომლის/რომელთა პასუხისმგებლობას წარმოადგენს ამ ქვე-ნაწილში განხილული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების რეგულირება;

(e) მომსახურების მიმწოდებელი ჩაითვლება "მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების" მქონედ იმ შემთხვევაში, თუ მას ბაზარზე ინდივიდუალურად ან ბაზრის სხვა მონაწილესთან (მონაწილეებთან) ერთობლივად გააჩნია დომინირებულის ეკვივალენტური პოზიცია, რაც გულისხმობს ეკონომიკურ უპირატესობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს ბაზარზე იმოქმედოს კონკურენტებისგან, კლიენტებისგან და მომხმარებელისაგან დამოუკიდებლად;

(f) "ურთიერთჩართვა" გულისხმობს საერთო სარგებლობის ქსელების ფიზიკურ და ლოგიკურ კავშირს, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული ქსელის ოპერატორი, რათა იმავე ან სხვა ელექტრონული ქსელის ოპერატორის მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს მისსავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით. მომსახურება შეიძლება მიწოდებული იყოს ჩართული მხარეების ან ქსელთან დაშვების მქონე სხვა მხარეების მიერ. ურთიერთჩართვა წარმოადგენს ქსელთან დაშვების სპეციფიკურ ტიპს, რომელიც ხორციელდება საერთო სარგებლობის ქსელის ოპერატორებს შორის;

(g) "უნივერსალური მომსახურება" გულისხმობს განსაზღვრული ხარისხის მომსახურების ერთობლიობას, რომელიც მისაწვდომ ფასად  ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მომხმარებლისათვის მხარეთა ტერიტორიაზე, მიუხედავად მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა. უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფისა და დანერგვის ფარგლები განისაზღვრება თითოეული მხარის მიერ;

(h) "დაშვება" გულისხმობს საშუალებების და მომსახურების წვდომის უზრუნველყოფას მომსახურების სხვა მიმწოდებლისთვის, განსაზღვრული პირობებით, ექსკლუზიურად ან არაექსკლუზიურად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს დაშვებას ქსელის ელემენტებთან და საშუალებებთან, რომელშიც შეიძლება იგულისხმებოდეს ფიქსირებული ან არაფიქსირებული  საშუალებებით ტექნიკური აპარატურის კავშირი (კერძოდ წვდომა ადგილობრივი დაშვების ქსელთან და იმ ინფრასტრუქტურულ ერთეულებთან, რომლებიც საჭიროა ადგილობრივი ქსელის მეშვეობით მომსახურების უზრუნველსაყოფად); ეს მოიცავს, აგრეთვე, დაშვებას ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან, მათ შორის, შენობებთან, საკანალიზაციო არხებთან, ჭებთან და ანძებთან; დაშვებას პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ოპერაციული სისტემების ჩათვლით; დაშვებას ნომრის ტრანსლირებასთან ან ეკვივალენტური ფუნქციის მქონე სისტემებთან; დაშვებას ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან, განსაკუთრებით როუმინგული მომსახურებისთვის; დაშვებას ციფრული სატელევიზიო მომსახურების კოდირებული წვდომის სისტემებთან და ვირტუალური ქსელის მომსახურებასთან;

(i) "საბოლოო მომხმარებელი" გულისხმობს მომხმარებელს, რომელსაც არ გააჩნია საერთო სარგებლობის ქსელი ან არ უზრუნველყოფს საჯაროდ ხელმისაწვდომ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას;

(j) "ადგილობრივი დაშვების ქსელი" გულისხმობს ფიზიკურ არხს, რომელიც აბონენტის შენობებში განთავსებულ ფიქსირებულ საერთო სარგებლობის ქსელში ქსელის დასრულების წერტილს აკავშირებს მთავარ საკომუტაციო ან მსგავსი ტიპის აპარატურასთან.

მუხლი 105  

მარეგულირებელი ორგანო

1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მარეგულირებელი ორგანო იურიდიულად განცალკევებული და ფუნქციონალურად დამოუკიდებელი იყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ნებისმიერი მიმწოდებლისგან. თუ რომელიმე მხარე ინარჩუნებს მფლობელობას ან ახორციელებს კონტროლს ელექტრონული კომუნიკაციის ქსელების ან მომსახურების მიმწოდებელთან მიმართებით, ამ მხარემ უნდა უზრუნველყოს  მარეგულირებელი ფუნქციის ეფექტური სტრუქტურული გამიჯვნა იმ საქმიანობისგან, რომელიც საკუთრებასთან ან კონტროლთან არის დაკავშირებული.

2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მარეგულირებელი ორგანო საკმარისად უფლებამოსილი იყოს შესაბამისი სექტორის ეფექტიანი რეგულირებისთვის. ამოცანები, რომლებსაც ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო, უნდა იყოს საჯარო, საზოგადოებისთვის მარტივად და ნათლად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ფუნქციები განაწილებულია რამდენიმე უწყებას შორის.

3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელებული პროცედურები იყოს მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ბაზრის ყველა მონაწილისთვის.

4. მარეგულირებელი ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, განახორციელოს ბაზრის ანალიზი იმ შესაბამისი საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე, რომლებიც ექვემდებარება ex ante რეგულირებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგულირებელმა ორგანომ, ამ შეთანხმების 107-ე მუხლის  შესაბამისად, უნდა განსაზღვროს, დააკისროს, შეუნარჩუნოს, შეუცვალოს ან შეუჩეროს თუ არა დაკისრებული ვალდებულება, მან ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს, არის თუ არა შესაბამისი ბაზარი კონკურენტული.

5. იმ შემთხვევაში როდესაც მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ შესაბამისი ბაზარი არ არის კონკურენტული, მან უნდა დაადგინოს ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მომსახურების მიმწოდებლები და დააკისროს, შეუნარჩუნოს ან შეასწოროს კონკრეტული ვალდებულებები ამ შეთანხმების 107-ე მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ ბაზარი კონკურენტულია, მან, ამ შეთანხმების 107-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებს არ უნდა დააკისროს ან ძალაში დატოვოს რაიმე სახის ვალდებულება.

6. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მომწოდებლებს, რომლებსაც ეხებათ მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო ორგანოში, რომელიც დამოუკიდებელია გადაწყვეტილებაში მონაწილე მხარეებისგან. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ საქმის არსებითი ვითარება სრულად იქნას მიღებული მხედველობაში. გასაჩივრების შედეგის მოლოდინის პერიოდში, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რჩება ძალაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააპელაციო ორგანო გადაწყვეტს სხვაგვარად. თუ სააპელაციო ორგანო არ წარმოადგენს სასამართლოს, მან უნდა წარმოადგინოს თავისი გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება და ეს გადაწყვეტილება უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. სააპელაციო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა ამოქმედდეს მიღებისთანავე.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც მარეგულირებელი ორგანო მიმართავს ამ ქვენაწილში განსაზღვრულ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს შესაბამის ბაზარზე, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ გათვალისწინებული იყოს დაინტერესებული მხარეების უფლება, გონივრულ ვადაში წარმოადგინონ თავისი კომენტარები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მარეგულირებლებმა უნდა გამოაქვეყნონ მათი საკონსულტაციო განხილვები. საკონსულტაციო განხილვების შედეგები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.

8. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და მომსახურების მიმწოდებლებმა წარმოადგინონ ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის, ფინანსური მონაცემები, რათა მარეგულირებელმა ორგანომ უზრუნველყოს გადაწყვეტილებების ამ ქვე-ნაწილთან შესაბამისობა. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, დროულად, მოთხოვნისთანავე  წარმოადგინონ აღნიშნული ინფორმაცია, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი განრიგის და დეტალების შესაბამისად. მარეგულირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა იყოს განსახილველი საკითხის თანაზომადი. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა განმარტოს აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველი.

მუხლი 106  

ავტორიზაცია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისთვის

1. თითოეული მხარე, შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მიწოდების ავტორიზაცია ხორციელდებოდეს მარტივი შეტყობინების საფუძველზე.

2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს ლიცენზიის შესაძლო საჭიროებას ნუმერაციისა და სიხშირეების საკითხის გადაწყვეტისას. აღნიშნული ლიცენზიის ვადები და პირობები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.

3. ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში, თითოეული მხარე უზრუნველყოფს შემდეგს:

(a) ლიცენზირების კრიტერიუმებისა და ლიცენზიასთან დაკავშირებულ განაცხადზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო გონივრული ვადის საჯაროობა;

(b) ლიცენზიის მინიჭებაზე უარის მიზეზი, მოთხოვნის შემთხვევაში, წერილობით უნდა ეცნობოს განმცხადებელს;

(c) იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს არსებითი საფუძვლის გარეშე უარი ეთქვა ლიცენზიის გაცემაზე, მას უნდა შეეძლოს მიმართოს სააპელაციო ორგანოს დახმარებისთვის;

(d) ლიცენზიის მოსაკრებელი[21], არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ლიცენზიის მართვის, კონტროლის და აღსრულების ადმინისტრაციულ ხარჯებს. მოცემული პუნქტი არ ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სალიცენზიო მოსაკრებელს.

მუხლი 107  

დაშვება და ურთიერთჩართვა

1. თიოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ პირს ჰქონდეს უფლება და ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკებები დაშვებასა და ურთიერთჩართვაზე საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების ოპერატორებთან და მომსახურების მიმწოდებლებთან. დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობები უნდა შეთანხმდეს მომსახურების მიმწოდებელ მხარეებს შორის მიმდინარე კომერციული მოლაპარაკებების საფუძველზე.   

2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მომსახურების მიმწოდებლების მიერ მოპოვებული ინფორმაცია გამოყენებული იქნას მხოლოდ დანიშნულებისამებრ და ინფორმაციის მიწოდების ან შენახვისას დაცული იქნას მისი კონფიდენციალურობა.  

3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ თუ მომსახურების შესაბამისი ბაზარი არ არის ეფექტურად კონკურენტული ამ შეთანხმების 105-ე მუხლის შესაბამისად, მარეგულირებელ ორგანოს ჰქონდეს უფლებამოსილება, მომსახურების მიმწოდებელი ცნოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად და დაშვებასა და/ან ურთიერთჩართვასთან მიმართებით დააკისროს მას ერთი ან რამდენიმე ქვემოთ მითითებული ვალდებულება:

(a) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი არსებითად მსგავს გარემოში, მსგავსი მომსახურების მიმწოდებელ სხვა ავტორიზებულ პირებს, სთავაზობს ეკვივალენტურ პირობებს და ასევე სხვა ავტორიზებულ პირებს უზრუნველყოფს იმავე ხარისხის მომსახურებით და ინფორმაციით და იმავე პირობებით, როგორც საკუთარ მომსახურებას ან მისი შვილობილი კომპანიების ან პარტნიორების მომსახურებას;

(b) ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიის ვალდებულება, გამჭვირვალე გახადოს მისი საბითუმო და შიდა ტრანსფერული ტარიფები, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების არსებობის და არასამართლიანი კროსსუბსიდირების თავიდან აცილების მიზნით. მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია განსაზღვროს ფორმატი და აღრიცხვის გამოსაყენებელი მეთოდოლოგია;

(c) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათთან დაკავშირებულ ტექნიკურ საშუალებებთან დაშვების და მათი გამოყენების ვალდებულება, მათ შორის, სააბონენტო წყვილებთან განცალკევებულად დაშვება, როდესაც მარეგულირებელი ორგანო თვლის, რომ დაშვებაზე უარის თქმა ან არაგონივრული პირობების შეთავაზება ხელს შეუშლის საცალო დონეზე მდგრადი, კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, ან არ შეესაბამება საბოლოო მომხმარებლის ინტერესებს;

მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან, ამ პუნქტში მითითებულ ვალდებულებებს დაამატონ პირობები სამართლიანობის, გონივრულობისა და განრიგის შესახებ.

(d) მესამე მხარისათვის გადაყიდვის მიზნით საბითუმო პირობებით სპეციფიკური მომსახურების მიწოდება; ტექნიკურ ინტერფეისებთან, პროტოკოლებთან და სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მომსახურებისა და ვირტუალური ქსელების ურთიერთთავსებადობისათვის; თანალოკაციის ფართით უზრუნველყოფა ან სხვა ტექნიკური საშუალებების გაზიარება, რაც მოიცავს კანალიზაციას, შენობებს, ანძებს; მომხმარებლისათვის მიწოდებული უწყვეტი მომსახურებების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფისათვის სპეციფიური მომსახურებების მიწოდება, ინტელექტუალური ქსელის მომსახურებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების ჩათვლით; მომსახურების მიწოდებისას კეთილსინდისიერი კონკურენციისათვის საჭირო საოპერაციო სისტემასთან ან მსგავს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაშვება; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ან მასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების ურთიერთჩართვა.

მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან, ამ პუნქტში მითითებულ ვალდებულებებს დაამატონ პირობები სამართლიანობის, გონივრულობისა და განრიგის შესახებ.

(e) ხარჯთაღრიცხვისა და ფასის კონტროლის ვალდებულება, რაც მოიცავს ფასების ხარჯზე ორიენტირებულობასა და ხარჯთაღრიცხვის სისტემასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, ურთიერთჩართვისა და/ან დაშვების სპეციფიკური ტიპების უზრუნველსაყოფად, ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომ ეფექტიანი კონკურენციის ნაკლებობამ, შესაძლოა გამოიწვიოს ოპერატორის მხრიდან მაღალი ფასის დაწესება ან ფასების შემცირება, საბოლოო მომხმარებელთა საზიანოდ.

არსებული რისკების გათვალისწინებით, მარეგულირებელმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ოპერატორის მიერ განხორციელებული ინვესტიცია და საშუალება მისცეს მას, მიიღოს გონივრული უკუგების განაკვეთი.

(f) ბაზრის შესაბამის პროდუქტთან/მომსახურებასთან და გეოგრაფიულ სეგმენტთან დაკავშირებით, მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომსახურების მიმწოდებლებზე დაწესებული სპეციფიკური ვალდებულების გამოქვეყნება. უახლესი ინფორმაცია, რომელიც არ არის კონფიდენციალური და არ მოიცავს ბიზნეს საიდუმლოებას, ყველა დაინტერესებული პირისათვის უნდა იყოს საჯარო და ადვილად ხელმისაწვდომი.

(g) ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, განსაკუთრებით იმ შემთხვევისთვის, როდესაც ოპერატორს დაკისრებული აქვს დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია, მოსთხოვოს ოპერატორს, გამოაქვეყნოს დეტალური შეთავაზების წინადადება, რომელიც ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე, დაყოფილი იქნება შესაბამის კომპონენტებად, ფასებისა და შესაბამისი პირობების ჩათვლით, რათა ავტორიზებულ პირს არ მოეთხოვოს ქსელის იმ ელემენტებისათვის, ტექნიკური საშუალებებისთვის ან ფუნქციონალური რესურსებისთვის დამატებითი საფასურის გადახდა, რომლებიც მას არ მოუთხოვია.   

4. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთან ურთიერთჩართვის მსურველ ავტორიზებულ პირს საშუალება ჰქონდეს, ურთიერთჩართვის და/ან დაშვების პირობებთან არსებულ დავასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს ან საჯაროდ ცნობილი დროის შემდეგ, დახმარებისათვის მიმართოს დამოუკიდებელ ადგილობრივ ორგანოს, რომელიც, შესაძლოა, იყოს მარეგულირებელი ორგანო, როგორც განსაზღვრულია ამ შეთანხმების 104-ე მუხლის მე-2 პუნქტის „d“ ქვეპუნქტში.  

მუხლი  108  

შეზღუდული რესურსები

1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ შეზღუდული რესურსების, მათ შორის სიხშირეების, ნუმერაციის და გატარების უფლების, განაწილებისა და გამოყენების ნებისმიერი პროცედურა წარიმართოს ობიექტურად, თანასწორად, დროულად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად. ინფორმაცია განაწილებული და გაცემული სიხშირული დიაპაზონის შესახებ უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. ეს მოთხოვნა არ ეხება მთავრობის სპეციალური გამოყენებისათვის განაწილებულ სიხშირულ დიაპაზონს.

2. სიხშირული სპექტრის ეფექტური და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, თითოეული მხარე უზრუნველყოფს მათ ტერიტორიაზე, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისათვის განკუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიან მართვას. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ სიხშირეებზე მოთხოვნა აღემატება მათ ხელმისაწვდომობას, აღნიშნული სიხშირეები უნდა განაწილდეს სათანადო და გამჭვირვალე პროცედურის დაცვით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ სიხშირეების გამოყენების ოპტიმიზაცია და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა.

3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ეროვნული ნუმერაციის რესურსის მინიჭება და ეროვნული ნუმერაციის გეგმის მართვა დაევალოს მარეგულირებელ ორგანოს.  

4. როდესაც სახელმწიფო ან ადგილობრივი უწყება ინარჩუნებს საკუთრებას ან ახორციელებს კონტროლს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და/ან მომსახურების ოპერატორზე, უნდა მოხდეს ეფექტური გამიჯვნა იმ სტრუქტურულ ერთეულებს შორის, რომელსაც ექნება უფლების მინიჭების  და საკუთრების ან კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობების განხორციელების უფლება-მოსილება.

მუხლი 109  

უნივერსალური მომსახურება

1. თითოეულ მხარეს უფლება აქვს, განსაზღვროს უნივერსალური მომსახურების ვალდებულების სახეები, რომლის დანერგვაც მას სურს.

2. ეს ვალდებულება თავისთავად არ ჩაითვლება ანტიკონკურენტულად, თუ მისი ადმინისტრირება ხორციელდება გამჭვირვალედ, ობიექტურად და არადისკრიმინაციულად. ასეთი ვალდებულების ადმინისტრირება ნეიტრალური უნდა იყოს, ასევე, კონკურენციის კუთხით და არ უნდა იყოს მხარის მიერ განსაზღვრული უნივერსალური მომსახურების პირობებზე მძიმე.

3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ყველა მიმწოდებელს ჰქონდეს უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის უფლება და არც ერთი მიმწოდებელი არ უნდა იყოს წინასწარ გამორიცხული. შერჩევა უნდა განხორციელდეს ეფექტიანი, გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული მექანიზმით. საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ მხარეს შეუძლია შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა უნივერსალური მომსახურება ამ მომსახურების გაწევისთვის შერჩეული კომპანიისთვის (კომპანიებისთვის) დამატებით ტვირთს. დასაბუთებულ გათვლებზე დაყრდნობით და იმ მარკეტინგული უპირატესობის გათვალისწინებით, რაც, შესაძლოა, დროთა განმავლობაში მოიპოვოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა კომპანიამ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მარეგულირებელმა ორგანომ, შესაძლოა, განსაზღვროს, არის თუ არა საჭირო მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებლების) კომპენსირების ან უნივერსალური მომსახურების ვალდებულების შესრულების წმინდა ხარჯის გაყოფის მექანიზმების ამოქმედება.

4. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სააბონენტო ცნობარი, დაბეჭდილი ან ელექტრონული ფორმით, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციებმა, რომლებიც აქვეყნებენ ასეთ ცნობარებს, მათთვის სხვა ორგანიზაციებიდან მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაიცვან არადისკრიმინაციის პრინციპი.  

მუხლი  110  

ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საზღვრებს გარეთ უზრუნველყოფა

არცერთ მხარეს არ აქვს უფლება მოსთხოვოს მეორე მხარის მომსახურების მიმწოდებელს, დააფუძნოს მეწარმე სუბიექტი ან იყოს მისი ტერიტორიის რეზიდენტი, მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდების მიზნებისათვის.

მუხლი 111  

ინფორმაციის კონფიდენციალურობა

თითოეული მხარე უზრუნველყოფს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მასთან დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის და საჯაროდ ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო მომსახურების ტრაფიკის მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვას, მომსახურებით ვაჭრობის შეზღუდვის გარეშე.  

მუხლი 112

დავები მომსახურების მიმწოდებლებს შორის

1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების ან მომსახურების მიმწოდებლებს შორის, ამ ნაწილში განხილულ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის მოგვარება, ერთ-ერთი მხარის მიერ მიმართვის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილების მიღების გზით, შესაძლოდ მოკლე ვადაში და ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს ოთხი თვისა.

2. მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, თუმცა, უნდა იყოს დაცული ბიზნეს კონფიდენციალურობა. ელექტორნული კომუნიკაციების ქსელების და მომსახურების შესაბამის მიმწოდებლებს ამომწურავად უნდა ეცნობოთ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები.      

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი დავა ეხება მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებას, შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანოებმა, დავის გადასაწყვეტად უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად.

მუხლი 113

ეტაპობრივი დაახლოება

მომსახურებით ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით, მხარეები აღიარებენ საქართველოს მოქმედი და მომავალი კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების აუცილებლობას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, რომელიც მოცემულია ამ შეთანხმების XV-B დანართში.

ქვენაწილი 6

ფინანსური მომსახურება

მუხლი 114  

მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტება

1. ეს ქვენაწილი განსაზღვრავს რეგულირების პრინციპებს ყველა ტიპის ფინანსური მომსახურებისთვის, რომელიც ლიბერალიზებულია წინამდებარე თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) შესაბამისად.

2. ამ ქვენაწილის და ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) ნაწილების მიზნებისთვის:

(a) „ფინანსური მომსახურება“ გულისხმობს მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ ფინანსური ხასიათის მომსახურებას. ფინანსური მომსახურება მოიცავს შემდეგ საქმიანობებს:

(i) დაზღვევა და დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურება:

(1) პირდაპირი დაზღვევა (მათ შორის თანადაზღვევა):

(a) სიცოცხლის;

(b) არა-სიცოცხლის;

(2) გადაზღვევა და რეტროცესია;

(3) სადაზღვევო შუამავლობა, როგორიცაა საბროკერო და სააგენტო მომსახურება; და

(4) დაზღვევის დამხმარე მომსახურება, როგორიცაა საკონსულტაციო, აქტუარული, რისკის შეფასებისა და ზარალის დარეგულირების მომსახურება.

(ii) საბანკო და სხვა ფინანსური მომსახურება (გარდა დაზღვევისა):

(1) საზოგადოებისგან დეპოზიტებისა და სხვა დაბრუნებადი სახსრების მიღება;

(2) ყველა სახის კრედიტების გაცემა, მათ შორის, სამომხმარებლო კრედიტი, იპოთეკური კრედიტი, ფაქტორინგი და კომერციული საქმიანობის დაფინანსება;

(3) ფინანსური ლიზინგი;

(4) ყველა სახის საგადახდო და ფულადი გადარიცხვის მომსახურება, მათ შორის, საკრედიტო და სადებეტო ბარათები, სამგზავრო ჩეკები და საბანკო ჩეკები;

(5) გარანტიები და პირობითი ვალდებულებები;

(6) საკუთარი ან კლიენტთა სახსრებით ბირჟაზე თუ ბირჟის გარეთ ვაჭრობა შემდეგი ინსტრუმენტებით:

(a) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები (მათ შორის ჩეკები, ობლიგაციები, სადეპოზიტო სერტიფიკატები)

(b) უცხოური ვალუტა;

(c) დერივატივები, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ფიუჩერსებითა და ოპციონებით;

(d) გაცვლითი კურსის და საპროცენტო განაკვეთის ინსტრუმენტები, მათ შორის, სვოპ და ფორვარდულ განაკვეთზე კონტრაქტები;

(e) მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები;

(f) სხვა სავაჭრო ინსტრუმენტები და ფინანსური აქტივები, მათ შორის, ზოდები.

(7) მონაწილეობა ყველა სახის ფასიანი ქაღალდის გამოშვებაში, მათ შორის, ანდერრაითინგსა და განთავსებაში აგენტის სტატუსით (საჯარო თუ კერძო შეთავაზების გზით) და ზემოაღნიშნულთან დაკავშირებული სხვა მომსახურების მიწოდებაში;

(8) საშუამავლო მომსახურება ფულადი ინსტრუმენტების ბაზარზე;

(9) აქტივების მართვა, როგორიცაა ნაღდი ფულის ან პორტფელის მართვა, ყველა სახის კოლექტიური ინვესტიციის მართვა, საპენსიო ფონდის მართვა, კასტოდიანური,  დეპოზიტარული და სატრასტო მომსახურება;

(10) ანგარიშსწორებისა და კლირინგის მომსახურება ფინანსური აქტივებისათვის, მათ შორის ფასიანი ქაღალდებისათვის, დერივატივებისა და სხვა სავაჭრო ინსტრუმენტებისათვის.

(11) ფინანსური ინფორმაციის მიწოდება და გადაცემა, ფინანსური მონაცემების დამუშავება და მასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფა.

(12) საკონსულტაციო, საშუამავლო და სხვა დამხმარე ფინანსური მომსახურება  ყველა იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოთვლილია 1-11 ქვეპუნქტებში, მათ შორის, საკრედიტო მდგომარეობის შემოწმება და ანალიზი, ინვესტიციებისა და პორტფელის გამოკვლევა და კონსულტაცია, კონსულტაცია შესყიდვებთან და კორპორაციულ რესტრუქტურიზაციასთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით.

(b) „ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი“ გულისხმობს მხარის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც სურს მიაწოდოს ან აწვდის ფინანსურ მომსახურებას. ტერმინი „ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი“ არ მოიცავს საჯარო უწყებას.

(c) „საჯარო უწყება“ გულისხმობს:

(i) მხარის მთავრობას, ცენტრალურ ბანკს ან მონეტარულ ორგანოს, ან უწყებას,   რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს მხარე, რომელიც ძირითადად ახორციელებს სამთავრობო ფუნქციებს ან საქმიანობებს სამთავრობო მიზნებისათვის, გარდა უწყებისა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ფინანსური მომსახურების მიწოდება კომერციული პირობებით; ან

(ii) კერძო კომპანია, რომელიც ასრულებს იმ ფუნქციებს, რომლებსაც ჩვეულებრივ    ცენტრალური ბანკი ან მონეტარული ორგანო ახორციელებს, ამ ფუნქციების შესრულებისას.

(d) „ახალი ფინანსური მომსახურება“ გულისხმობს ფინანსური ხასიათის მომსახურებას, მათ შორის არსებულ ან ახალ პროდუქციასთან დაკავშირებულ მომსახურებას, ან მიწოდების ისეთ სახეს, რომლის დროსაც ხდება იმ პროდუქტის მოწოდება,  რომლის მიმწოდებელი არის არა ამ მხარის, არამედ მეორე მხარის ტერიტორიის ფინანსური მიმწოდებელი.

მუხლი 115

გონივრული გამონაკლისი

1. თითოეულმა მხარემ გონივრული მიზნებისათვის შეიძლება შემოიღოს ან გამოიყენოს ისეთი ზომები, როგორიცაა:

(a) ინვესტორების, დეპოზიტარების, პოლისების მფლობელების ან იმ პირების დაცვა, რომელთა მიმართაც ფინანსური მომსახურების მიმწოდებელს აქვს ვალდებულება;

(b) მხარის ფინანსური სისტემის მთლიანობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

2. ეს ზომები არ უნდა იყოს უფრო დამამძიმებელი, ვიდრე საჭიროა დასახული მიზნის მისაღწევად და არ უნდა მოახდინოს მეორე მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის დისკრიმინაცია საკუთარი ფინანსური მომსახურების მიმწოდებლებთან შედარებით.

3. არაფერი ამ შეთანხმებაში არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ მოსთხოვოს მხარეს ინდივიდუალური მომხმარებლების საქმეებისა და ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ან საჯარო დაწესებულებების განკარგულებაში არსებული კონფიდენციალური ან კერძო საკუთრების ინფორმაციის გამჟღავნება.  

მუხლი 116

ეფექტიანი და გამჭვირვალე რეგულირება

1. თითოეული მხარე მაქსიმალურად ეცდება, რომ დაინტერესებულ პირებს წინასწარ წარუდგინოს ინფორმაცია იმ ზოგადი გამოყენების ზომების შესახებ, რომლის მიღებასაც გეგმავს მხარე, მასზე კომენტარების გაკეთების მიზნით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს:

(a) ოფიციალური გამოქვეყნების გზით; ან

(b) სხვა წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

2. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული პირების ინფორმირება იმ მოთხოვნების შესახებ, რომელიც საჭიროა ფინანსური მომსახურების მიწოდების მიზნით განცხადების შესავსებად.  

განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისმა მხარემ უნდა შეატყობინოს განმცხადებელს განცხადების სტატუსის შესახებ. თუ შესაბამისი მხარე მოითხოვს დამატებით ინფორმაციას განმცხადებლისგან, აღნიშნულის შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს ზედმეტი დაყოვნების გარეშე.

3. თითოეული მხარე მაქსიმალურად ეცდება, რომ უზრუნველყოს საკუთარ ტერიტორიაზე, ფინანსური მომსახურების სექტორის რეგულირების და ზედამხედველობის, გადასახადების გადაუხდელობასა და არიდებასთან  ბრძოლის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გამოყენება. ასეთი საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებია, მათ შორის, ბაზელის კომიტეტის „საბანკო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველობის ძირითადი პრინციპები“, დაზღვევის ზედამხედველების საერთაშორისო ასოციაციის „დაზღვევის ძირითადი პრინციპები“, ფასიანი ქაღალდების რეგულატორთა საერთაშორისო ორგანიზაციის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის ამოცანები და პრინციპები“, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) „შეთანხმება გადასახადებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლაზე“, დიდი ოცეულის (G20) „საგადასახო ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის დებულება“ და ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფის „ორმოცი რეკომენდაცია ფულის გათეთრებაზე“ და „ცხრა სპეციალური რეკომენდაცია ტერორიზმის დაფინანსებაზე“.

მხარეები, ასევე, მხედველობაში იღებენ დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მიერ გამოქვეყნებულ „ინფორმაციის გაცვლის ათ ძირითად პრინციპს“ და მიიღებენ ზომებს ორმხრივ ურთიერთობებში მათი გამოყენებისათვის.

მუხლი 117

ახალი ფინანსური მომსახურება

თითოეულმა მხარემ ნება უნდა დართოს მეორე მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებელს მიაწოდოს ისეთი ახალი ტიპის მომსახურება, რომლის განხორციელების უფლებასაც ის მისცემდა საკუთარ ფინანსური მომსახურების მიმწოდებელს მსგავს შემთხვევაში, ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში. მხარეს შეუძლია განსაზღვროს იურიდიული ფორმა, რომლის საშუალებითაც შეიძლება მომსახურების მიწოდება, და ასევე შეუძლია მოითხოვოს ავტორიზაცია მომსახურების გაწევაზე. როდესაც ავტორიზაცია არის სავალდებულო, გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული გონივრულ ვადებში და მასზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ გონივრული მიზნებიდან გამომდინარე.

მუხლი 118

მონაცემთა დამუშავება

1. თითოეულმა მხარემ ნება უნდა დართოს მეორე მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებელს, გადააგზავნოს ინფორმაცია ელექტრონული ან სხვა ფორმით მისი ტერიტორის ფარგლებში ან ტერიტორიის მიღმა მოცემული ინფორმაციის დამუშავების მიზნით, რაც საჭიროა მომსახურების მიმწოდებლის ბიზნესის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმის უზრუნველსაყოფად.

2. თითოეულმა მხარემ უნდა მიიღოს ადეკვატური დაცვის მექანიზმები ინდივიდუალური პირების კონფიდენციალურობის, თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიზნით, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.

მუხლი 119

განსაკუთრებული გამონაკლისები

1. ამ თავში არაფერი უნდა იქნას გაგებული ისე, რომ ხელი შეუშალოს მხარეს, მათ შორის საჯარო უწყებებს, საკუთარ ტერიტორიაზე ექსკლუზიურად განახორციელოს საქმიანობა ან იმ მომსახურების მიწოდება, რომელიც წარმოადგენს საჯარო საპენსიო სქემის ან სოციალური დაცვის კანონით განსაზღვრული სქემის ნაწილს, გარდა ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიწოდება ნებადართულია საჯარო უწყებებთან ან კერძო მიმწოდებლებთან კონკურენციის პირობებში.

2. მოცემული შეთანხმება არ ეხება ცენტრალური ბანკის ან მონეტარული ორგანოს ან სხვა ნებისმიერ საჯარო უწყების მიერ მონეტარული ან გაცვლითი კურსების პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს.

3. ამ თავში არაფერი უნდა იქნას გაგებული ისე, რომ ხელი შეუშალოს მხარეს, მათ შორის საჯარო უწყებებს, საკუთარ ტერიტორიაზე ექსკლუზიურად განახორციელოს საქმიანობა ან მომსახურების მიწოდება, მხარის ან მისი საჯარო უწყებების ფინანსური რესურსების ან გარანტიის გამოყენებით.

მუხლი 120

თვითრეგულირებადი ორგანიზაციები

როდესაც მხარე მეორე მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებლისაგან მოითხოვს ნებისმიერი თვითრეგულირებადი ორგანოს, ფასიანი ქაღალდების, ფიუჩერსული ბირჟის ან ბაზრის, საკლირინგო სააგენტოს ან სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის ან ასოციაციის წევრობას, მონაწილეობას ან მასზე წვდომას იმ მიზნით, რომ მეორე მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებელმა მიაწოდოს ფინანსური მომსახურება ამ მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებლებთან თანაბარ პირობებში, ან როდესაც მხარე მსგავს ერთეულებს პირდაპირ ან არაპირდაპირ ანიჭებს უპირატესობას ან პრივილეგიებს ფინანსური მომსახურების მიწოდების დროს, მხარემ უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების 79-ე და 85-ე მუხლებით გათვალისწინებული  შესაბამისი ვალდებულებების დაცვა.

მუხლი 121

კლირინგისა და საგადახდო სისტემები

იმ ვადებითა და პირობებით, რომლებიც ანიჭებს ეროვნულ რეჟიმს, თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე დაფუძნებული მეორე მხარის ფინანსური მომსახურების მიმწოდებლისთვის საჯარო უწყებების მიერ მართული საგადახდო და საკლირინგო სისტემების ხელმისაწვდომობა, და ასევე წვდომა ოფიციალური დაფინანსებისა და რეფინანსირების სახსრებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ბიზნესის ჩვეულებრივი მიმდინარეობისას. მოცემული მუხლის მიზანი არ არის წვდომის დაშვება მხარის ბოლო ინსტანციის კრედიტორის სახსრებთან.

მუხლი 122

ეტაპობრივი დაახლოება

მომსახურებით ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით მხარეები აღიარებენ საქართველოს მოქმედი და მომავალი კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების აუცილებლობას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან, რომელიც მოცემულია ამ შეთანხმების 116-ე მუხლის მე-3 პუნქტში და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, რომელიც წარმოდგენილია ამ შეთანხმების XV-A დანართში.

ქვენაწილი 7

სატრანსპორტო მომსახურება

მუხლი 123

მოქმედების სფერო

წინამდებარე ქვენაწილი ადგენს საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების ლიბერალიზაციის პრინციპებს ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) შესაბამისად.

მუხლი 124

საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტი

1. წინამდებარე ქვენაწილის და ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება), მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) და მე-4 ნაწილის (ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის) მიზნებისთვის:

(a) „საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტი” მოიცავს სატრანსპორტო ოპერაციებს ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტის მიმართულებით და მულტიმოდალურ სატრანსპორტო ოპერაციებს, რაც წარმოადგენს ერთზე მეტი სატრანსპორტო სახეობის მეშვეობით ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით ტვირთების გადაზიდვას ზღვის გამოყენებით და ამ მიზნით, უფლებას უშუალოდ დაიდოს ხელშეკრულება ტრანსპორტის სხვა სახეობის მომწოდებლებთან.

(b) „საზღვაო სატვირთო მომსახურება” გულისხმობს სტივიდორული კომპანიების, მათ შორის ტერმინალის ოპერატორების საქმიანობას, მაგრამ არ მოიცავს დოკერების უშუალო საქმიანობას, როდესაც ეს მუშახელი ორგანიზებულია სტივიდორული ან ტერმინალის ოპერატორი კომპანიებისაგან დამოუკიდებლად. მითითებული საქმიანობა მოიცავს შემდეგი ქმედებების ორგანიზებასა და ზედამხედველობას:

(i) ტვირთის დატვირთვა/გადმოტვირთვა გემზე/გემიდან;

(ii) ტვირთის შეკვრა/გახსნა;

(iii) ტვირთის მიღება/გადაცემა და შენახვა გადაზიდვამდე ან გადმოტვირთვის შემდეგ;

(c) „საბაჟო შემოწმების მომსახურება” (ან „საბაჟო საბროკერო მომსახურება”) გულისხმობს მეორე მხარის სახელით განხორციელებულ საბაჟო პროცედურებს, რომლებიც უკავშირდება იმპორტს, ექსპორტს ან ტვირთის გადაზიდვას, მიუხედავად იმისა, აღნიშნული მომსახურება მომსახურების მიმწოდებლის ძირითად თუ დამატებით საქმიანობას წარმოადგენს;

(d) „საკონტეინერო სადგური და სასაწყობე მომსახურება” გულისხმობს საქმიანობას, რომელიც შედგება კონტეინერების განთავსებისაგან როგორც ნავსადგურის ტერიტორიაზე, ასევე ხმელეთზე მათი შევსების/დაცლის, შეკეთებისა და გადაზიდვისათვის მომზადების მიზნით;

(e) „საზღვაო სააგენტოს მომსახურება” გულისხმობს საქმიანობას, რომელიც მოიცავს მოცემულ გეოგრაფიულ არეალში ერთი ან მეტი გადამზიდავი ხაზების ან გადამზიდავი კომპანიის ბიზნეს ინტერესების წარმოდგენას აგენტის სახით შემდეგი მიზნებისთვის:

(i) საზღვაო სატრანსპორტო ან მასთან დაკავშირებული მომსახურების მარკეტინგი და გაყიდვა ფასების კოტირებიდან ანგარიშ-ფაქტურის წარდგენამდე, კონოსამენტის გაცემა კომპანიების სახელით, აუცილებელი დამხმარე მომსახურების შესყიდვა და შემდგომი გაყიდვა, დოკუმენტების მომზადება და ბიზნეს ინფორმაციის მიწოდება;

(ii) იმ კომპანიების სახელით მოქმედება, რომლებიც ორგანიზებას უკეთებენ გემების შესვლას ან საჭიროების შემთხვევაში ტვირთების მიღებას;

(f) „ტვირთის გადაზიდვის მომსახურება” გულისხმობს საქმიანობას, რომელიც მოიცავს გადამზიდავების სახელით გადაზიდვის ოპერაციების ორგანიზებას და მონიტორინგს სატრასპორტო და მასთან დაკავშირებული მომსახურების მიღების, დოკუმენტების მომზადების და ბიზნეს ინფორმაციის მიწოდების გზით.

(g) „ფიდერული მომსახურება” გულისხმობს ზღვის მეშვეობით, საერთაშორისო ტვირთების, უმეტესწილად კონტეინერებით, წინასწარ ან შემდგომ გადაზიდვას მხარის ტერიტორიაზე მდებარე ნავსადგურებს შორის.

2. საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტთან მიმართებაში თითოეული მხარე თანხმდება კომერციულ საწყისებზე ტვირთებთან შეუზღუდავი დაშვების პრინციპის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფაზე, საერთაშორისო საზღვაო მომსახურების მიწოდების თავისუფლებაზე, ასევე, ეროვნული რეჟიმის გამოყენებაზე ასეთი მომსახურების მიწოდების ფარგლებში.

საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მხარეთა შორის არსებული ლიბერალიზაციის დონის გათვალისწინებით:

(a) თითოეული მხარე ეფექტიანად გამოიყენებს საერთაშორისო საზღვაო ბაზრებზე და ვაჭრობაში შეუზღუდავი დაშვების პრინციპს კომერციულ და არადისკრიმინაციულ საწყისებზე;

(b) თითოეული მხარე მიანიჭებს მეორე მხარის დროშის ქვეშ მცურავ ან მეორე მხარის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ოპერირებად გემებს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე ის ანიჭებს საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებში მონაწილე საკუთარ გემებს ან მესამე მხარის გემებს, იმის მიხედვით, თუ რომელია უკეთესი, შემდგომში ჩამოთვლილთან დაკავშირებით, მათ შორის: ნავსადგურში თავისუფალი შესვლა, ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გამოყენება, საზღვაო დამხმარე მომსახურების გამოყენება, ასევე მასთან დაკავშირებული საფასურები და გადასახდელები, საბაჟო საშუალებები და დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ნავმისადგომისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა.

3. აღნიშნული პრინციპების გამოყენებისას თითოეული მხარე:

(a) არ მოიცავს ღონისძიებებს ტვირთის განაწილების შესახებ მესამე ქვეყნებთან მომავალ შეთანხმებებში, რომლებიც შეეხება საზღვაო სატრანსპორტო მომსახურებას, მათ შორის მშრალ და თხევად ტვირთს და სახაზო გადაზიდვებს, და გონივრულ ვადაში გააუქმებს ღონისძიებებს ასეთი ტვირთის განაწილების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოდგენილია  წინა შეთანხმებებში; და

(b) ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ გააუქმებს და თავს შეიკავებს ნებისმიერი ცალმხრივი ღონისძიებების და ადმინისტრაციული, ტექნიკური და სხვა დაბრკოლებების შექმნისაგან, რაც შეიძლება წარმოადგენდეს ფარულ შეზღუდვას ან ჰქონდეს დისკრიმინაციული ეფექტი საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომსახურების თავისუფალ მიწოდებაზე.

4. თითოეული მხარე საკუთარ ტერიტორიაზე დაფუძნების ნებას რთავს მეორე მხარის საერთაშორისო საზღვაო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელს დაფუძნების და საქმიანობის იმ პირობებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი ან მესამე მხარის მომსახურების მიმწოდებლისათვის მინიჭებული პირობები, იმის მიხედვით, თუ რომელია უკეთესი.

5. თითოეულმა მხარემ მეორე მხარის საზღვაო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლებისთვის გონივრული და არადისკრიმინაციული წესებით და პირობებით ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ნავსადგურებში შემდეგი ტიპის მომსახურება: სალოცმანო გაცილება, გემის ჩაბმა და ბუქსირება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, გემის საწვავითა და წყლით გამართვა, ნარჩენების შეგროვება და ბალასტის ჩაბარება, ნავსადგურის კაპიტნის მომსახურება, სანავიგაციო დახმარება, გემის ოპერირებისთვის აუცილებელი სახმელეთო ოპერაციული მომსახურება, მათ შორის კომუნიკაციები, წყლის და ელექტროენერგიის მიწოდება, გადაუდებელი შეკეთებისთვის აუცილებელი აღჭურვილობა, ღუზაზე დგომა, ნავმისადგომები და სანავმისადგომე მომსახურება.

6. თითოეული მხარე დაუშვებს ისეთი მოწყობილობების გადაადგილებას, როგორიცაა ცარიელი კონტეინერები, რომელთა გადაზიდვა არ ხდება ტვირთის სახით თანხის გადახდის სანაცვლოდ, საქართველოს ნავსადგურებს ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნავსადგურებს შორის.

7. თითოეული მხარე კომპეტენტური ორგანოს ავტორიზაციის საფუძველზე უფლებას მისცემს მეორე მხარის საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლებს განახორციელონ ფიდერული მომსახურება მათ სახელმწიფო ნავსადგურებს შორის.

მუხლი 125

საჰაერო ტრანსპორტი

მხარეებს შორის საჰაერო ტრანსპორტის თანმიმდევრული ლიბერალიზაცია, რომელიც შესაბამისობაშია მათ ნაცვალგებით კომერციულ საჭიროებებთან და ბაზარზე ორმხრივი დაშვების პირობებთან, მოწესრიგდება ,,ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ, ერთის მხრივ, საქართველოსა, და მეორე მხრივ, ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების” შესაბამისად.


მუხლი 126

ეტაპობრივი დაახლოება

მომსახურებებით ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით მხარეები აღიარებენ საქართველოს მოქმედი და მომავალი კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების აუცილებლობას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, რომელიც მოცემულია ამ შეთანხმების XV-D დანართში.

ნაწილი 6

ელექტრონული კომერცია


ქვენაწილი 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 127

მიზნები და პრინციპები

1. მხარეები აღიარებენ რა, რომ ელექტრონული კომერცია მრავალ სექტორში ზრდის ვაჭრობის შესაძლებლობებს, თანხმდებიან, რომ ხელი შეუწყონ მათ შორის ელექტრონული კომერციის განვითარებას, განსაკუთრებით ურთიერთთანამშრომლობას იმ საკითხებში, რომელიც წარმოიშობა ელექტრონული კომერციით ამ თავის დებულებების შესაბამისად.

2. მხარეები თანხმდებიან, რომ ელექტრონული კომერციის განვითარება უნდა იყოს თავსებადი მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან ელექტრონული კომერციის მომხმარებელთა ნდობის უზრუნველყოფის მიზნით.

3. მხარეები თანხმდებიან, რომ ელექტრონული ტრანზაქციები უნდა იქნას  განხილული, როგორც მომსახურების უზრუნველყოფა ამ თავის მე-3 ნაწილის (მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდება) მიხედვით, რაც არ შეიძლება იყოს საბაჟო მოსაკრებლის საგანი.


მუხლი 128

თანამშრომლობა ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებით

1. მხარეებმა უნდა აწარმოონ დიალოგი ელექტრონული კომერციიდან წარმოშობილ რეგულირების საკითხებზე, რაც მათ შორის ეხება შემდეგ საკითხებს:

(a) საზოგადოებისთვის გაცემული ელექტრონული ხელმოწერების სერტიფიკატების აღიარებას და საზღვრებს გარეთ სერტიფიცირების მომსახურების გამარტივებას;

(b) საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობას ინფორმაციის გადაცემაზე ან შენახვაზე;

(c) ელექტრონული კომერციის კომუნიკაციებში თვითნებურ წვდომასთან  მიმართებას;

(d) მომხმარებელთა დაცვას ელექტრონული კომერციის ფარგლებში;

(e) ელექტრონული კომერციის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2.    თანამშრომლობამ შეიძლება მიიღოს აღნიშნულ საკითხებზე მხარეების შესაბამის კანონმდებლობისა და მისი განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ფორმა.

ქვენაწილი 2

საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობა

მუხლი 129

საშუამავლო მომსახურების გამოყენება

1. მხარეები აღიარებენ, რომ შუამავლების მომსახურება შეიძლება გამოყენებულ იქნას მესამე მხარის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის და საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლებისთვის უნდა იქნას უზრუნველყოფილი ამ ქვენაწილში განსაზღვრული ზომების გატარება[22].

2. ამ შეთანხმების 130-ე მუხლის მიზნებისთვის „მომსახურების მიმწოდებელი” გულისხმობს ციფრული ონლაინ კომუნიკაციებისათვის გადაცემის, მარშრუტიზაციის ან კავშირების მიმწოდებელს, მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ ორ ან მრავალ წერტილს შორის, მომხმარებლის მიერ არჩეული მონაცემებით, კონტენტის მოდიფიცირების გარეშე. ამ შეთანხმების 131-ე და 132-ე მუხლების მიზნებისთვის, „მომსახურების მიმწოდებელი“ ნიშნავს მიმწოდებელს ან საშუალებების ოპერატორს ონლაინ მომსახურებისთვის ან ქსელთან დაშვებისთვის.

მუხლი 130

საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობა:
„ინფორმაციის გადაცემა”

1. იმ შემთხვევაში, როცა საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება შედგება მომსახურების მიმღების მიერ საკომუნიკაციო ქსელში გადაცემული ინფორმაციისგან, ან საკომუნიკაციო ქსელთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისგან, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ  მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი გადაცემულ ინფორმაციაზე იმ პირობით, რომ მიმწოდებელი:

(a) არ ახდენს გადაცემის ინიცირებას;

(b) არ ირჩევს გადაცემული ინფორმაციის მიმღებს; და

(c) არ ირჩევს ან ცვლის გადაცემულ ინფორმაციას.

2. პირველ პარაგრაფში აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოიცავს გადაცემული ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და მოკლევადიან შენახვას იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია საკომუნიკაციო ქსელში გადაცემის განსახორციელებლად და იმ პირობით, რომ ინფორმაცია არ ინახება გადაცემისათვის საჭირო გონივრულ ვადაზე მეტ ხანს.

3. აღნიშნულმა მუხლმა გავლენა არ უნდა იქონიოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოების შესაძლებლობაზე, მხარეების სამართლებრივი სისტემის შესაბამისად მომსახურებების მიმწოდებელს მოსთხოვოს დარღვევის შეწყვეტა ან  აღკვეთა.

მუხლი 131

საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობა:
„ქეშირება”

1. იმ შემთხვევაში, როცა საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება მოიცავს მომსახურების მიმღების მიერ საკომუნიკაციო ქსელში მიწოდებულ ინფორმაციას, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მიმწოდებლები არ არიან პასუხისმგებელნი ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და მოკლევადიან შენახვაზე, თუ იგი განპირობებულია მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ  მომსახურების სხვა მიმღებების მოთხოვნით მათთვის ინფორმაცია იყოს ეფექტურად მიწოდებული იმ პირობით, რომ:  

(a) მიმწოდებელი არ ცვლის ინფორმაციას;

(b) მიმწოდებელი ასრულებს პირობებს ინფორმაციის წვდომაზე;

(c) მიმწოდებელი ასრულებს ინფორმაციის განახლების წესებს, რომელიც ფართოდ გავრცელებული და გამოყენებულია წარმოებაში;

(d) მიმწოდებელი არ ერევა იმ ტექნოლოგიების კანონიერ გამოყენებაში, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული და გამოყენებული წარმოებაში, რათა მიღებულ იქნას მონაცემები ინფორმაციის გამოყენებაზე; და

(e) მიმწოდებელი იღებს ოპერატიულ ზომებს მის მიერ შენახული ინფორმაციის წაშლაზე ან ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის შეწყვეტაზე იმის შემდეგ, რაც მისთვის ფაქტობრივად ცნობილი ხდება[23], რომ ინფორმაცია გადაცემის საწყის წყაროდან იყო ამოღებული ქსელიდან ან მასთან წვდომა იყო შეწყვეტილი, ან სასამართლომ ან ადმინისტრაციულმა ორგანომ მოითხოვა აღნიშნული ინფორმაციის წაშლა ან წვდომის შეწყვეტა.

2. აღნიშნულმა მუხლმა გავლენა არ უნდა იქონიოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობაზე, მხარეების კანონმდებლობის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებელს მოსთხოვოს დარღვევების შეწყვეტა ან  აღკვეთა.

მუხლი 132

საშუამავლო მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობა:
„ჰოსტინგი”

1. იმ შემთხვევაში, როცა საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება მოიცავს მომსახურების მიმღების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შენახვას, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მომსახურების მიმწოდებელი არ იყოს პასუხისმგებელი ინფორმაციაზე, რომელიც ინახება მომსახურების მიმღების თხოვნით იმ პირობით, რომ:

(a) მიმწოდებლისთვის ფაქტობრივად არ არის ცნობილი არაკონონიერი საქმიანობის ან ინფორმაციის შესახებ და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის კუთხით არ არის ინფორმირებული ფაქტების ან გარემოებების შესახებ, რომლებისგანაც არაკანონიერი საქმიანობა ან ინფორმაცია ხდება ნათელი; ან

(b) ასეთი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი მოქმედებს ოპერატიულად, რათა წაშალოს ან შეწყვიტოს წვდომა ინფორმაციაზე;

2. პირველი პარაგრაფი არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა მომსახურების მიმღები მოქმედებს მომსახურების მიმწოდებლის გავლენის ან კონტროლის ქვეშ.

3. აღნიშნულმა მუხლმა გავლენა არ უნდა მოახდინოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობაზე, მხარეების კანონმდებლობის შესაბამისად მოსთხოვოს მომსახურების მიმწოდებელს დარღვევის შეწყვეტა ან აღკვეთა, ასევე, არ უნდა იქონიოს გავლენა მხარის შესაძლებლობაზე, რომ შეიმუშაოს პროცედურები ინფორმაციაზე წვდომის შეწყვეტის ან აღკვეთის სამართავად.


მუხლი 133

მონიტორინგის ზოგადი ვალდებულების არარსებობა

1. ამ შეთანხმების 130-ე, 131-ე და 132-ე მუხლებით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფის დროს მხარეებმა მიმწოდებლებს არ უნდა დააკისრონ ზოგადი ვალდებულება ინფორმაციის მონიტორინგზე, რომელსაც ისინი გადასცემენ ან ინახავენ, ასევე მხარეებმა არ უნდა დააკისრონ ზოგადი ვალდებულება იმ ფაქტებისა და გარემოებების აქტიურ მოძიებაზე, რომლებიც მიუთითებენ არაკანონიერ საქმიანობაზე.

2. მხარეს შეუძლია დააწესოს ვალდებულებები საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიმწოდებლებისთვის, რათა დაუყოვნებლივ აცნობონ კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს განხორციელებული არაკანონიერი საქმიანობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ან მომსახურების მიმღების მიერ მიწოდებული ინფორმაციის  ან ვალდებულებების შესახებ, რომ მიაწოდონ ინფორმაცია კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის შემთხვევაში, რომელიც იმ მომსახურების მიმღებების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა, ვისთანაც მათ შენახვის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული.

ნაწილი 7

გამონაკლისები

მუხლი 134

ზოგადი გამონაკლისები

1. ამ შეთანხმების 415-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი გამონაკლისებისთვის ზიანის მიყენების გარეშე ამ თავისა და ამ შეთანხმების XIV-A და XIV-E, XIV-B და XIV-F, XIV-C და XIV-G, XIV-D და XIV-H დანართების დებულებები წარმოადგენს ამ მუხლში მითითებული გამონაკლისების საგანს.

2. იმ პირობით, რომ ასეთი ზომები არ იქნება გამოყენებული იმგვარად, რომ შექმნას თვითნებური ან დაუსაბუთებელი დისკრიმინაცია ქვეყნებს შორის, სადაც არსებობს მსგავსი პირობები ან ფარული შეზღუდვა დაფუძნებაზე ან მომსახურების საზღვრებს გარეთ მიწოდებაზე, წინამდებარე თავში არაფერი უნდა უშლიდეს ხელს ნებისმიერ მხარეს იმ ზომების მიღებასა და გამოყენებაში, რომლებიც:

(a) საჭიროა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი მორალის დაცვისათვის ან საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისთვის;

(b) საჭიროა ადამიანების, ცხოველების ან მცენარეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვისთვის;

(c) უკავშირდება ამოწურვადი რესურსების კონსერვაციას, თუ ასეთი ზომები გამოიყენება ადგილობრივ მეწარმეებზე დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ან მომსახურების ადგილობრივ მიწოდებასა და მოხმარებაზე;

(d) საჭიროა მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული საგანძურის დასაცავად;

(e) საჭიროა იმ კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის დასაცავად, რომლებიც შეუსაბამობაში არ მოდის ამ თავის დებულებებთან, მათ შორის ისეთის, რომელიც უკავშირდება:

(i) შეცდომაში შემყვანი და არაკეთილსინდისიერი საქმიანობის აღკვეთას ან კონტრაქტების შეუსრულებლობის შედეგებთან გამკლავებას;

(ii) ინდივიდუალურ პირთა პირად ცხოვრებაში ჩაურევლობას, პერსონალური ინფორმაციის გადამუშავებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით და ინდივიდუალური ჩანაწერების და ანგარიშების კონფიდენციალურობის დაცვას;

(iii) უსაფრთხოებას.

(f) არ არის შესაბამისობაში ამ შეთანხმების 79-ე და 85-ე მუხლებთან იმის გათვალისწინებით, რომ განსხვავებული მოპყრობა მიმართულია მეორე მხარის ეკონომიკური საქმიანობის, მეწარმეების ან მომსახურების მიმწოდებლების მიმართ პირდაპირი გადასახადების ეფექტიანი ან სამართლიანი დაწესების ან ამოღების უზრუნველყოფაზე[24].

3. ამ თავის და ამ შეთანხმების XIV-A და XIV-E, XIV-B და XIV-F, XIV-C და XIV-G, XIV-D და XIV-H დანართების დებულებები არ ეხება მხარეების შესაბამის სოციალური დაცვის სისტემებს ან მხარის ტერიტორიაზე ისეთ საქმიანობას, რომელიც თუნდაც შემთხვევით უკავშირდება ოფიციალური ძალაუფლების გამოყენებას.

მუხლი 135

საგადასახადო ზომები

ამ თავის დებულებების შესაბამისად მინიჭებული უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი არ უნდა გამოიყენებოდეს საგადასახადო რეჟიმის მიმართ, რომელსაც მხარეები იყენებენ ან გამოიყენებენ მომავალში მხარეებს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე.

მუხლი 136

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

1. არაფერი ამ შეთანხმებაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ:

(a) მოსთხოვოს ნებისმიერ მხარეს, წარადგინოს ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებას ის მიიჩნევს თავისი უსაფრთხოების არსებითი ინტერესების საწინააღმდეგოდ;

(b) შეზღუდოს მხარე ისეთ ღონისძიებების გატარებისაგან, რომელსაც ის მიიჩნევს აუცილებლად თავისი უსაფრთხოების არსებითი ინტერესების დასაცავად და რომელიც:

(i) უკავშირდება იარაღის, აღჭურვილობის ან საომარი მასალების წარმოებას ან ვაჭრობას;

(ii) უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ხორციელდება სამხედრო დაწესებულების მომარაგების მიზნით;

(iii) უკავშირდება გახლეჩად და თერმობირთვულ მასალებს ან იმ მასალებს, რომლისგანაც ისინი მიიღება; ან

(iv) მიღებულია ომის ან საერთაშორისო ურთიერთობებში შექმნილი სხვა სახის საგანგებო მდგომარეობის დროს; ან

(c) შეზღუდოს მხარე იმ ღონისძიების შესრულებისაგან, რომელიც მან ვალდებულების სახით აიღო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

თავი 7

მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაობა

მუხლი 137

მიმდინარე გადახდები

მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების VIII მუხლის შესაბამისად არ დააწესებენ შეზღუდვებს და დაუშვებენ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, მხარეებს შორის ნებისმიერ გადახდებსა და ტრანსფერებს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშზე.

მუხლი 138

კაპიტალის მოძრაობა

1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან საგადასახდელო ბალანსის კაპიტალისა და ფინანსურ ანგარიშთან მიმართებაში მხარეები უზრუნველყოფენ კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას იმ პირდაპირ ინვესტიციებთან, მათ შორის, უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება მიმღები მხარის კანონმდებლობის შესაბამისად იმ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-6 თავის (დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია) დებულებების შესაბამისად და ინვესტირებული კაპიტალის და მისგან გამომდინარე ნებისმიერი მოგების განაღდებას ან რეპატრიაციას.

2. ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან საგადასახდელო ბალანსის კაპიტალისა და ფინანსურ ანგარიშზე განხორციელებულ გარიგებებთან მიმართებაში, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებებისა, ამ შეთანხმების სხვა დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე თითოეული მხარე უზრუნველყოფს:

(a) იმ კრედიტებთან დაკავშირებული კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება ისეთ კომერციულ გარიგებებს ან მომსახურების გაწევას, რომელშიც მონაწილეობს ერთ-ერთი მხარის რეზიდენტი;

(b) იმ კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, რომელიც უკავშირდება მხარის ინვესტორების პორტფელურ ინვესტიციებს, ფინანსურ სესხებსა და კრედიტებს.

მუხლი 139

დაცვითი ზომები

განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც გადახდები ან კაპიტალის მოძრაობა იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს ევროკავშირის ერთ ან მეტ წევრ სახელმწიფოში ან საქართველოში გაცვლითი კურსის პოლიტიკის ან მონეტარული პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული სერიოზული სირთულეები, მათ შორის სერიოზული სირთულეები საგადასახდელო ბალანსთან დაკავშირებით, მხარეებმა შეიძლება შემოიღონ დაცვითი ზომები არაუმეტეს ექვსი თვის ვადით, თუ ასეთი ზომები წარმოადგენს აუცილებლობას. მხარემ, რომელიც ახორციელებს დაცვითი ზომების შემოღებას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს და ასევე, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, ასეთი დაცვითი ზომების გაუქმების შესაბამისი ვადები.

მუხლი 140

გამარტივებისა და განვითარების დებულებები

1. მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები, მათ შორის კაპიტალის მოძრაობის გამარტივების მიზნით, რათა ხელი შეუწყონ ამ შეთანხმების მიზნების მიღწევას.

2. ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან პირველი ოთხი წლის განმავლობაში მხარეებმა უნდა მიიღონ ზომები კაპიტალის თავისუფალ მოძრაობაზე ევროკავშირის წესების შემდგომი ეტაპობრივი გამოყენებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.

3. ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან მეხუთე წლის ბოლოს, ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით, უნდა განიხილოს მიღებული ზომები და განსაზღვროს შემდგომი ლიბერალიზაციის პირობები.

თავი 8

საჯარო შესყიდვები

მუხლი 141

მიზნები

1. მხარეები აცნობიერებენ გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული, კონკურენტული და ღია ტენდერის წვლილს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში და მიზნად ისახავენ თავიანთი შესაბამისი შესყიდვების ბაზრების ეფექტიან, ნაცვალგებით და ეტაპობრივ გახსნას.

2. ეს თავი ითვალისწინებს ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე როგორც ტრადიციული სექტორის, ასევე კომუნალური მომსახურების სექტორის საჯარო ხელშეკრულებებისა და კონცესიებისათვის ეროვნული რეჟიმის პრინციპის საფუძველზე საჯარო შესყიდვების ბაზრების ორმხრივ ხელმისაწვდომობას. ეს თავი ითვალისწინებს საქართველოში საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან ევროკავშირში საჯარო შესყიდვების მმართველ პრინციპებსა და იმ ტერმინებსა და განმარტებებზე დაყრდნობით, რომლებიც მოცემულია ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 31 მარტის N2004/18/EC დირექტივაში სამუშაოების, საქონლის მიწოდებისა და მომსახურების საჯარო ხელშეკრულების დასადებად გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურების კოორდინაციის შესახებ (დირექტივა 2004/18/EC) და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 31 მარტის N2004/17/EC დირექტივაში წყლის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საფოსტო მომსახურების სექტორში მოქმედი ორგანიზაციების მიერ შესყიდვების პროცედურების კოორდინაციის შესახებ (დირექტივა 2004/17/EC).  

მუხლი 142

მოქმედების სფერო

1. ეს თავი ვრცელდება სამუშაოს, საქონლის მიწოდების და მომსახურების საჯარო ხელშეკრულებებზე, ასევე კომუნალური მომსახურების სექტორში სამუშაოს, საქონლის მიწოდებისა და მომსახურების საჯარო ხელშეკრულებებზე და სამუშაოს და მომსახურების კონცესიებზე იმ შემთხვევაში და იქ, სადაც ასეთი ხელშეკრულებები გამოიყენება.

2. ეს თავი ვრცელდება ნებისმიერ შემსყიდველ სახელმწიფო ორგანოსა და შემსყიდველ ორგანიზაციაზე, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის განმარტებებს (შემდგომში მოიხსენიება როგორც „შემსყიდველი ორგანიზაცია“). ის ასევე ვრცელდება საჯარო სამართალს დაქვემდებარებულ ორგანოებსა და კომუნალური მომსახურების სექტორში მოქმედ საწარმოებზე, როგორიცაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის საქმიანობას და კერძო საწარმოები, რომლებიც კომუნალური მომსახურების სექტორში მოქმედებენ სპეციალური ან ექსკლუზიური უფლებების საფუძველზე.[25]

3. ეს თავი ვრცელდება ხელშეკრულებებზე, რომელთა ღირებულება აღემატება ამ შეთანხმების XVI-A დანართით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.

4. საჯარო ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულების გამოთვლა უნდა მოხდეს დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე სრულად გადასახდელი თანხის საფუძველზე. აღნიშნული მონეტარული ზღვრების გამოყენებისას საქართველომ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების ღირებულების გაანგარიშება და კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის გამოყენებით.

5. მონეტარული ზღვრები უნდა გადაიხედოს რეგულარულად ყოველ ორ წელიწადში ერთხელ დაწყებული ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლიდან და უნდა დაეფუძნოს ევროს საშუალო დღიურ ღირებულებას, გამოსახულს სპეციალურ სასესხო უფლებებში (SDR). საანგარიშო პერიოდი არის გადახედვამდე 24 თვე, რომელიც მთავრდება აგვისტოს ბოლო დღეს. გადახედილი ზღვარი ძალაში შედის პირველი იანვრიდან. ამგვარად გადახედილი მონეტარული ზღვრები, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დამრგვალდეს სიმცირისკენ უახლოეს ათასეულ ევრომდე. გადახედილი მონეტარული ზღვარი უნდა დაამტკიცოს ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულმა ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა.

მუხლი 143

ინსტიტუციური გარემო

1. თითოეულმა მხარემ უნდა დააფუძნოს ან შეინარჩუნოს საჯარო შესყიდვების სისტემის სათანადო ფუნქციონირებისა და ამ თავის პრინციპების განხორციელებისათვის აუცილებელი  შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩო და მექანიზმები.

2. საქართველომ უნდა განსაზღვროს, კონკრეტულად:

(a) ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო, რომლის ამოცანაა თანმიმდევრული პოლიტიკის უზრუნველყოფა და მისი განხორციელება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ ყველა სფეროში. აღნიშნულმა  ორგანომ ხელი უნდა შეუწყოს და  კოორდინირება გაუწიოს ამ თავის განხორციელებას და უხელმძღვანელოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოების პროცესს ამ შეთახმების XVI-B დანართის შესაბამისად.

(b) მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო, რომლის ამოცანაა შემსყიდველი სახელმწიფო ორგანოების ან შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების დასადებად გამარჯვებულის გამოვლენისას მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა. ამ კონტექსტში „დამოუკიდებელი“ გულისხმობს იმას, რომ ეს ორგანო უნდა იყოს საჯარო დაწესებულება, რომელიც განცალკევებულია ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისაგან და ეკონომიკური ოპერატორებისაგან. ასეთი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლო გასაჩივრება უნდა იყოს შესაძლებელი.

3. თითოეული მხარე უზრუნველყოფს ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებული ეკონომიკური ოპერატორების საჩივრების განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიან აღსრულებას.

მუხლი 144

ხელშეკრულების დადების მარეგულირებელი ძირითადი სტანდარტები

1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 წლისა, მხარეებმა უნდა შეასრულონ ამ მუხლის 2-15 პუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების  ძირითადი სტანდარტები. აღნიშნული ძირითადი სტანდარტები უშუალოდ გამომდინარეობს ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობით რეგულირებული საჯარო შესყიდვების წესებიდან და პრინციპებიდან, მათ შორის, არადისკრიმინაციულობის, თანასწორი მოპყრობის, გამჭვირვალობის და პროპორციულობის პრინციპებიდან.

გამოქვეყნება

2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს ყველა დაგეგმილი შესყიდვის მედიის სათანადო საშუალებებში გამოქვეყნებას იმ წესით, რაც საკმარისია[1]:

(a) კონკურენციისათვის ბაზრის გასახსნელად; და

(b) ნებისმიერი დაინტერესებული ეკონომიკური ოპერატორისთვის დაგეგმილ შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციის სათანადო ხელმისაწვდომობისათვის ხელშეკრულების დადებამდე და ხელშეკრულების მისაღებად თავისი ინტერესის გამოსახატად.

3. გამოქვეყნება უნდა იყოს ეკონომიკური ოპერატორების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკონომიკური ინტერესის შესაბამისი.

4. გამოქვეყნებული ინფორმაცია სულ მცირე უნდა შეიცავდეს დასადები ხელშეკრულების არსებით დეტალებს, თვისობრივი შერჩევის კრიტერიუმებს, ხელშეკრულების დადების მეთოდს, ხელშეკრულების დადების კრიტერიუმებს და სხვა დამატებით ინფორმაციას, რისი ცოდნაც ლოგიკურად ესაჭიროება ეკონომიკურ ოპერატორს, რათა მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოსაპოვებლად ინტერესის გამოხატვის შესახებ.

ხელშეკრულების დადება

5.ხელშეკრულების დადება უნდა მოხდეს გამჭვირვალე და მიუკერძოებელი პროცედურების გამოყენებით, რაც ხელს შეუშლის კორუფციულ პრაქტიკას. მიუკერძოებლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნას, კერძოდ, ხელშეკრულების პირობების არადისკრიმინაციული აღწერით, ყველა ეკონომიკური ოპერატორისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობით, სათანადო ვადების დადგენით და გამჭვირვალე და ობიექტური მიდგომით.

6. შემსყიდველმა ორგანიზაციამ, მოთხოვნილი სამუშაოს, საქონლის ან მომსახურების მახასიათებლების აღწერისას უნდა გამოიყენოს შესრულების და ფუნქციების ზოგადი აღწერა და საერთაშორისო, ევროპული ან ეროვნული სტანდარტები.  

7. სამუშაოს, საქონლის ან მომსახურების მოთხოვნილი მახასიათებლების აღწერისას დაუშვებელია კონკრეტული მოდელის, წყაროს, ცალკეული პროცესის, სასაქონლო ნიშნის, პატენტის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი მითითება დასაბუთებულია ხელშეკრულების პირობებით და აღწერას თან ერთვის ტერმინები „ან ექვივალენტური“. უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციების ზოგად აღწერას.

8. შემსყიდველმა ორგანიზაციამ არ უნდა დააწესოს ისეთი პირობა, რომლის შედეგია მეორე მხარის ეკონომიკური ოპერატორების პირდაპირი ან არაპირდაპირი დისკრიმინაცია, როგორიცაა მოთხოვნა, რომ ეკონომიკური ოპერატორი, რომელიც გამოხატავს ხელშეკრულებისადმი ინტერესს, უნდა იყოს დაფუძნებული იმავე ქვეყანაში, რეგიონში ან ტერიტორიაზე, სადაც შემსყიდველი ორგანიზაცია.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ხელშეკრულების სპეციფიკური გარემოებებით დასაბუთებული აუცილებლობა, გამარჯვებულ განმცხადებელს შეიძლება მოეთხოვოს ცალკეული ბიზნეს ინფრასტრუქტურის დაფუძნება შესრულების ადგილას.  

9. ინტერესის გამოსახატად და სატენდერო წინადადების წარსადგენად განსაზღვრული ვადა უნდა იყოს საკმარისი, იმისათვის, რომ მეორე მხარის ეკონომიკურმა ოპერატორმა შეძლოს ტენდერის გონივრული შეფასება და სატენდერო წინადადების მომზადება.

10. ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნოს მოქმედ წესებს, შერჩევის კრიტერიუმებს და ხელშეკრულების დასადებად გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს. ეს წესები თანაბრად გამოიყენება ყველა მონაწილის მიმართ.

11. შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ მოიწვიონ განმცხადებელთა შეზღუდული რაოდენობა შეთავაზების წარსადგენად  იმ პირობით, რომ:

(a)  აღნიშნული გაკეთდა გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით; და

(b) შერჩევა ეფუძნება მხოლოდ ობიექტურ ფაქტორებს, როგორიცაა განმცხადებლის   გამოცდილება შესაბამის სექტორში, ბიზნესის ზომა და ინფრასტრუქტურა ან მათი ტექნიკური და პროფესიული შესაძლებლობები.

წინადადების წარსადგენად შეზღუდული რაოდენობის განმცხადებელთა მოწვევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას სათანადო კონკურენციის უზრუნველყოფის საჭიროება.

12. შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ მოლაპარაკების პროცედურა მხოლოდ გამონაკლისის სახით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც ასეთი პროცედურის გამოყენება ფაქტიურად არ ზღუდავს კონკურენციას.

13. შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენონ შეფასების სისტემა მხოლოდ იმ პირობით, რომ კვალიფიციურ ეკონომიკურ ოპერატორთა სია შედგენილია ამის თაობაზე განცხადების საკმარისად გავრცელების, გამჭვირვალე და ღია პროცედურის გზით. ამ სისტემის ფარგლებში ხელშეკრულება უნდა იქნეს დადებული ასევე არადისკრიმინაციულ საფუძველზე.

14. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ გამჭვირვალე პროცედურების გზით დაიდოს ხელშეკრულება იმ პრეტენდენტთან, რომელმაც წარმოადგინა ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი წინადადება ან წარადგინა ყველაზე დაბალი ფასი, ტენდერის კრიტერიუმებისა და პროცედურული წესების საფუძველზე, რომელიც დადგენილი და ცნობილი იყო წინასწარ. საბოლოო გადაწყვეტილება ეცნობება ყველა განმცხადებელს დაუყოვნებლივ. დამარცხებულ განმცხადებლს მოთხოვნის საფუძველზე უნდა ეცნობოს გადაწყვეტილების მიზეზი ისეთი დეტალებით, რაც საკმარისი იქნება ასეთი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის.   

სასამართლო წესით დაცვა

15. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ან შეიძლება ჰქონდეს ინტერესი ხელშეკრულების მოსაპოვებლად და რომელსაც მიადგა ან შეიძლება მიადგეს ზიანი შესაძლო დარღვევის შედეგად, ჰქონდეს ეფექტიანი, მიუკერძოებელი სასამართლო წესით დაცვის უფლება ხელშეკრულების დამდები ორგანიზაციის ნებისმიერი გადაწყვეტილებისგან, რაც დაკავშირებულია ხელშეკრულების დადებასთან. ასეთი გასაჩივრების პროცედურის მსვლელობისას მიღებული და საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს იმ საშუალებით, რაც საკმარისი იქნება ყველა დაინტერესებული ეკონომიკური ოპერატორის ინფორმირებისათვის.

მუხლი 145

ეტაპობრივი დაახლოების დაგეგმვა

1. ეტაპობრივი დაახლოების დაწყებამდე საქართველომ უნდა წარუდგინოს ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს ამ თავის განხორციელების ყოვლისმომცველი სამუშაო გეგმა, ვადების და ეტაპების მითითებით, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა იმ რეფორმას, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს ამ შეთანხმების XVI-B დანართით დადგენილ ეტაპებსა და დროის განრიგს.

2. ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მიერ მოწონების შემდეგ აღნიშნული სამუშაო გეგმა განიხილება ამ თავის განხორციელებისთვის სარეკომენდაციო დოკუმენტად. ევროკავშირი მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს სამუშაო გეგმის განხორციელებაში.

მუხლი 146

ეტაპობრივი დაახლოება

1. საქართველომ უნდა უზრუნველყოს მისი საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან.

2. ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება უნდა განხორციელდეს თანმიმდევრული ეტაპების მიხედვით, როგორც დადგენილია ამ შეთანხმების XVI-B დანართით და შემდგომში დაკონკრეტებულია XVI-C - XVI-F, XVI-H, XVI-I და XVI-K დანართებით. ამ შეთანხმების XVI-G და XVI-J დანართები განსაზღვრავენ არასავალდებულო ელემენტებს, რომლებთან დაახლოება არ არის საჭირო, მაშინ, როდესაც ამ შეთანხმების XVI-L - XVI-O დანართები განსაზღვრავენ ევროკავშირის კანონმდებლობის იმ ელემენტებს, რომლებიც რჩება ეტაპობრივი დაახლოების მიღმა. ამ პროცესში ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს ევროპის სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებს და ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ საიმპლემენტაციო ღონისძიებებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მოცემულ მომენტში ევროკავშირის კანონმდებლობის ნებისმიერ ცვლილებას. თითოეული ეტაპის განხორციელება უნდა შეაფასოს ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულმა ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა და ამ კომიტეტის მიერ დადებითი შეფასების შემთხვევაში უნდა მოხდეს ბაზრის ორმხრივი გახსნა, როგორც მოცემულია ამ შეთანხმების XVI-B დანართში. ევროკომისიამ საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ევროკავშირის კანონმდებლობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ. ევროკომისია, მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამის კონსულტაციას და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საქართველოს აღნიშნული ცვლილების განხორციელების მიზნით.

3. ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა შემდგომი ეტაპის შეფასება უნდა განაგრძოს მხოლოდ მაშინ, როდესაც წინა ეტაპის განხორციელების ღონისძიებები გატარდება და მოწონებულ იქნება მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.

4. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ საჯარო შესყიდვების ის ასპექტები და სფეროები, რომლებზეც არ ვრცელდება ეს მუხლი, შესაბამისობაშია ამ შეთანხმების 144-ე მუხლით განსაზღვრულ გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და თანასწორი მოპყრობის პრინციპებთან.


მუხლი 147

ბაზარზე დაშვება

1. მხარეები თანხმდებიან, რომ მათი შესაბამისი ბაზრების ეფექტიანი და ნაცვალგებითი გახსნა უნდა მოხდეს ეტაპობრივად და ერთდროულად. საკანონმდებლო დაახლოების პროცესში, ორმხრივად მინიჭებული ბაზარზე დაშვების არეალი დაკავშირებულია ამ შეთანხმების XVI-B დანართით განსაზღვრულ პროცესში მიღწეულ პროგრესთან.    

2. ბაზრის გახსნის შემდგომ ეტაპზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მიღებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების, ასევე პრაქტიკაში მისი განხორციელების საფუძველზე. აღნიშნული შეფასება უნდა განხორციელდეს რეგულარულად ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მიერ.

3. თუ ერთმა მხარემ, ამ შეთანხმების XVI-B დანართის შესაბამისად, გახსნა თავისი შესყიდვების ბაზარი  მეორე მხარისათვის:

(a) ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს  ხელშკერულების დადების პროცედურების ხელმისაწვდომობა საქართველოს კომპანიებისათვის, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა ეს კომპანიები ევროკავშირში, ევროკავშირის კომპანიებისათვის მინიჭებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით ევროკავშირის საჯარო შესყიდვების წესების მიხედვით.

(b) საქართველომ უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადების პროცედურების ხელმისაწვდომობა ევროკავშირის კომპანიებისათვის, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა ეს კომპანიები საქართველოში, საქართველოს კომპანიებისათვის მინიჭებულ რეჟიმზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით ეროვნული შესყიდვების წესების მიხედვით.

4. ეტაპობრივი დაახლოების პროცესის ბოლო ეტაპის განხორციელების შემდეგ მხარეები იმსჯელებენ ბაზრის ორმხრივად გახსნის შესაძლებლობაზე იმ შესყიდვებისათვის, რომელთა ღირებულება ამ შეთანხმების XVI-A დანართით განსაზღვრულ მონეტარულ ზღვრებს ქვემოთაა.  

5. ფინეთი აკეთებს დათქმას ალანდის კუნძულებთან მიმართებაში.

მუხლი 148

შეტყობინება

1. თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციები და ეკონომიკური ოპერატორები კარგად იყვნენ ინფორმირებულები  საჯარო შესყიდვების პროცედურების შესახებ, მათ შორის, ყველა შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული აქტების გამოქვეყნების გზით.

2. თითოეული მხარე უზრუნველყოფს ტენდერების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი გავრცელებას.


მუხლი 149

თანამშრომლობა

1. მხარეებმა უნდა გააღრმაონ თანამშრომლობა საკუთარი საუკეთესო პრაქტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლის გზით.

2. ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს ამ თავის განხორციელებას, მათ შორის, ტექნიკური დახმარების გაწევის გზით იქ, სადაც ეს შესაფერისი იქნება. ცალკეული გადაწყვეტილება ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ მიღებულ უნდა იქნას ევროკავშირის მხარის დაფინანსების შესაბამისი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ამ შეთანხმების VII კარში (ფინანსური დახმარების და ანტი-კორუფციული და კონტროლის წესები) მოცემული ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ნორმების შესაბამისად.

3. თანამშრომლობის საკითხთა საორიენტაციო სია მოცემულია ამ შეთანხმების XVI-P დანართში.

თავი 9

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

ნაწილი 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 150

მიზნები

წინამდებარე თავის მიზნებია:

(a) ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქტების წარმოებისა და კომერციალიზაციის ხელშეწყობა მხარეებს შორის, და

(b) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების ადეკვატური და ეფექტიანი დონის მიღწევა.

მუხლი 151

ვალდებულებების არსი და ფარგლები

1. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დადებული იმ საერთაშორისო შეთანხმებების ადეკვატური და ეფექტიანი განხორციელება, რომლის ხელმომწერებიც თავად არიან და რომლებიც მოიცავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS შეთანხმება). წინამდებარე თავის მოთხოვნები უნდა ავსებდეს და დამატებით აკონკრეტებდეს TRIPS-ის შეთანხმებით და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს.

2. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, „ინტელექტუალური საკუთრება“ ეხება ინტელექტუალური საკუთრების მინიმუმ ყველა იმ კატეგორიას, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე შეთანხმების 153 - 189 მუხლები.

3. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მოიცავს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაცვას, როგორც ეს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის (1967) 10bis მუხლითაა დარეგულირებული (პარიზის კონვენცია).

მუხლი 152

უფლებების ამოწურვა

თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ამოწურვის ადგილობრივი ან რეგიონული რეჟიმი.

ნაწილი  2

ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული სტანდარტები

 ქვენაწილი 1

საავტორო და მომიჯნავე უფლებები

მუხლი 153

დაცვის მინიჭება

მხარეები განამტკიცებენ მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებას ქვემოთ ჩამოთვლილთან დაკავშირებით:

(a) ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებთა დაცვის შესახებ ბერნის კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებზე და მოვალეობებზე (ბერნის კონვენცია);

(b) შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ რომის კონვენციაზე (1961);

(c) TRIPS შეთანხმებაზე;

(d) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებაზე საავტორო უფლებების შესახებ;

(e) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებაზე შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ.

მუხლი 154

ავტორები

მხარეები ანიჭებენ ავტორებს განსაკუთრებულ უფლებას ნება დართონ ან აკრძალონ:

(a) მათი ნაწარმოების პირდაპირი ან არაპირდაპირი, დროებითი ან მუდმივი რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ;

(b) ნებისმიერი ფორმით მათი ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის საზოგადოებაში გავრცელება გაყიდვის ან სხვა გზით;

(c) მათი ნაწარმოების ნებისმიერი საჯარო შესრულება სადენიანი ან უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით მათ შორის იმგვარად, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების წევრებისთვის მათ მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

მუხლი 155

შემსრულებლები

მხარეები ანიჭებენ შემსრულებლებს განსაკუთრებულ უფლებას:

(a) ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების ჩაწერა (ფიქსაცია)[27];

(b) ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების ჩანაწერის პირდაპირი ან არაპირდაპირი, დროებითი ან მუდმივი, ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით მთლიანი ან ნაწილობრივი რეპროდუცირება;

(c) საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მათი შესრულების ჩანაწერი  გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით  გადაცემის გზით;

(d) ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების ჩანაწერის გადაცემა სადენიანი ან უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით, ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების წევრებისთვის მათ მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

(e) ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების გადაცემა უკაბელო საშუალებებით და საზოგადოებისთვის მიწოდება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული შესრულება წარმოადგენს ეთერში ადრე გადაცემულ ან ჩაწერილ შესრულებას.

მუხლი 156

ფონოგრამების დამამზადებლები  

თითოეული მხარე ანიჭებს ფონოგრამების დამამზადებლებს განსაკუთრებულ უფლებას:

(a) ნება დართონ ან აკრძალონ მათი ფონოგრამების პირდაპირი ან არაპირდაპირი, დროებითი ან მუდმივი, ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანი ან ნაწილობრივი რეპროდუცირება;

(b) საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მათი ფონოგრამები, მათ შორის ფონოგრამის ასლები, გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით  გადაცემის გზით;

(c) ნება დართონ ან აკრძალონ მათი ფონოგრამის გადაცემა სადენიანი ან უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების წევრებისთვის მათ მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

მუხლი 157

მაუწყებლობის ორგანიზაციები

თითოეული მხარე ანიჭებს მაუწყებლობის ორგანიზაციას განსაკუთრებულ უფლებას ნება დართოს ან აკრძალოს:

(a) მათი გადაცემის ჩაწერა;

(b) მათი გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება;

(c)მათი გადაცემის ჩანაწერის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა სადენიანი ან უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით,

(d) მათი გადაცემის ხელახალი გადაცემა უსადენო საშუალებებით და ასევე საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

მუხლი 158

მაუწყებლობა და საზოგადოებისთვის მიწოდება

1. თითოეული მხარე ადგენს უფლებას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას მომხმარებლის მიერ სათანადო ერთჯერადი ჰონორარის  გადახდა, თუ მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამა ან ასეთ ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოები გამოიყენება ეთერში გადასაცემად უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ან საჯარო გადაცემის ნებისმიერი სახით და ამასთან, უზრუნველყოფილ იქნას აღნიშნული ჰონორარის განაწილება შესაბამის შემსრულებლებსა და ფონოგრამის დამამზადებლებს შორის. 

2.    თითოეული მხარე უფლებამოსილია, შემსრულებლებსა და ფონოგრამის დამამზადებლებს შორის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში დაადგინოს მათ შორის ჰონორარის განაწილების პირობები.

მუხლი 159

დაცვის ვადა

1. ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოების ავტორის უფლებები ბერნის კონვენციის მე–2 მუხლის თანახმად მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ მიუხედავად იმისა, თუ როდის გახდა კანონიერად ნაწარმოები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

2. ტექსტის მქონე მუსიკალური ნაწარმოების დაცვის მოქმედების ვადა იწურება ავტორთაგან უკანასკნელი ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ეს პირები მითითებული თანაავტორებად; ეს პირები არიან: ტექსტის ავტორი და მუსიკალური ნაწარმოების ავტორი თუ ორივეს წვლილი მიმართული იყო მოცემული ტექსტიანი მუსიკალური კომპოზიციის შესაქმნელად.

3. შემსრულებლის უფლება იწურება შესრულების თარიღიდან არანაკლებ 50 წლის გასვლის შემდეგ, თუმცა:

(a) თუ ამ ვადაში შესრულების ჩანაწერი, არა ფონოგრამის სახით, გამოცემის ან საზოგადოებისთვის მიწოდების გზით კანონიერად ხელმისაწვდომი გახდა, უფლებები იწურება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის შემდეგ,

(b) თუ ამ ვადაში ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულება გამოცემის ან  საზოგადოებისათვის მიწოდების გზით კანონიერად ხელმისაწვდომი გახდა, უფლებები იწურება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 70 წლის შემდეგ.

4. ფონოგრამის დამამზადებლის უფლებები იწურება ჩაწერიდან არანაკლებ 50 წლის შემდეგ. თუმცა: