Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0012 465056 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები
 
ბოლო განახლება: 2021-03-28

„ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში“ ნიშნავს ქვეყნების მიერ, მათ ტერიტორიაზე სარეალიზაციო პროდუქციისადმი წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელთა განსხვავებულობა ქვეყნებს შორის ვაჭრობას აფერხებს. უცხო ქვეყნის მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფა მეწარმისთვის ყოველთვის დამატებითი ხარჯია, რაც იმპორტულ საქონელს აძვირებს და მომხმარებლისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის. უფრო მეტიც, ასეთი „ტექნიკური“ მოთხოვნები შესაძლოა სწორედ ეროვნული ნაწარმის შეფარული პროტექციონიზმისთვის წესდებოდეს.

ამგვარი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზანი აქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საგანგებო შეთანხმებას „ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების“ თაობაზე (ე.წ. TBT-შეთანხმება). იგი ითხოვს, რომ ეროვნული ტექნიკური რეგულაციები რაც შეიძლება გამარტივდეს და ერთმანეთს დაუახლოვდეს. კერძოდ, ამ შეთანხმების მიხედვით, სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნები ქვეყნებმა შეიძლება დააწესონ მხოლოდ ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა:

  • სახელმწიფო უსაფრთხოება;
  • მომხმარებელთა შეცდომაში შემყვანი პრაქტიკის აღკვეთა;
  • ადამიანთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • ცხოველებისა და მცენარეების ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა.

ამ შემთხვევებშიც, დაწესებული ნორმა/მოთხოვნა უნდა იყოს საშიშროების პროპორციული, ანუ არ უნდა იყოს იმაზე მეტად შემზღუდავი (ვაჭრობისთვის), ვიდრე ეს მიზნის მისაღწევად აუცილებელია. და თუკი სხვა ქვეყანა იმავე მიზანს სხვა ნორმის/მოთხოვნის დაწესების საშუალებით აღწევს, ეს ნორმები ექვივალენტურად უნდა ჩაითვალოს და შესაბამისი პროდუქციის იმპორტს ხელი არ უნდა შეეშალოს.

ტექნიკური მოთხოვნების მეტი უნიფიცირებისთვის TBT-შეთანხმება მოუწოდებს ქვეყნებს, რომ თავისი ტექნიკური რეგულაციების თუ ეროვნული სტანდარტების შემუშავებისას მათ საფუძვლად მაქსიმალურად გამოიყენონ საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული ნორმები (თუკი ისინი არსებობს). შეთანხმება განასხვავებს ტექნიკური ნორმების დამდგენ ორი ტიპის დოკუმენტებს - ტექნიკურ რეგულაციებს, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა ქვეყანაში მოქმედი ყველა ოპერატორისთვის, და სტანდარტებს, რომელთა შესრულება/დაცვა ზოგადად სავალდებულო არ არის, არამედ ნებაყოფლობითია. შეთანხმება ითხოვს, რომ შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნები - რეგულაციები არ იყოს ზედმეტად დეტალიზებული. ისინი არ უნდა ადგენდეს ამა თუ იმ პროდუქციის დიზაინს, არამედ უნდა აწესებდეს მხოლოდ პროდუქციის მუშაობისა თუ გამოყენების პროცესის მახასიათებლებს. გარდა ამისა, ტექნიკურ რეგულაციებთან თუ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის პროცედურა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი როგორც შიდა, ასევე გარე მეწარმეებისთვის. და ბოლოს, ყველა შემთხვევაში აუცილებელია გამჭვირვალობა - ქვეყანაში არსებული ვაჭრობის შემზღუდველი ნორმების ან მათი შემუშავების თაობაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სხვა წევრების წინასწარი ინფორმირება.