Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0014 464704 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ევროკავშირის წესები: კარტელები
 
ბოლო განახლება: 2019-01-01

იხ. კონკურენციის დაცვა ევროკავშირში

ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის საერთო ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად პირველ რიგში აუცილებელია მეწარმეებს შორის კარტელური გარიგებების არ-დაშვება. ამისათვის ჯერ კიდევ 1957 წელს, ეკონომიკური თანამეგობრობის სადამფუძნებლო დოკუმენტის[1] (შემდგომში: რომის შეთანხმება) 85-ე მუხლით[2] საერთო ბაზარზე აიკრძალა მეწარმეთა ისეთი გარიგებები, კოლექტიური გადაწყვეტილებები ან ერთობლივი ქმედება, რომელთა მიზანს ან შედეგს კონკურენციის შეზღუდვა ან შეფერხება წარმოადგენდა.

პირველ რიგში აიკრძალა:

  • ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების დაფიქსირება;
  • ბაზრების განაწილება;
  • წარმოების, ბაზრების, ტექნოლოგიური განვითარების ან ინვესტიციების შეზღუდვა ან კონტროლი;
  • განსხვავებული პირობების დადგენა სხვადასხვა სავაჭრო პარტნიორებთან ერთსა და იმავე ტრანსაქციისათვის, მათი წამგებიან მდგომარეობაში ჩასაყენებლად;
  • გარიგების მხარისათვის ისეთ დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან;

მეწარმეებს შორის დადებული ასეთი გარიგებები ავტომატურად ბათილად გამოცხადდა.თუმცა, ეკონომიკური თანამეგობრობის დამფუძნებლებს კარგად ესმოდათ, რომ ზოგ შემთხვევაში გარიგებები, რომელიც ერთი შეხედვით კონკურენციას ზღუდავს,  ტექნიკური და ეკონომიკური პროგრესისთვის სასარგებლო და აუცილებელიცაა. ამიტომ რომის შეთანხმების 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ასეთი გარიგებების დაშვებას ისეთ შემთხვევებში, როცა გარიგება ხელს უწყობს პროდუქციის წარმოებას, გავრცელებას, ტექნიკურ ან ეკონომიკურ პროგრესს და ამ გზით მიღებული სარგებლის „სამართლიან წილი“ მომხმარებელსაც ერგება. თუმცა გადამეტება დაუშვებელია - არ შეიძლება ისეთი შეზღუდვების შემოღება, რომელიც აღწერილ მიზნების მისაღწევად აუცილებელი არაა[11].

გამონაკლისები

კონკურენციის დაცვის დეტალური წესები, მათ შორის „საზოგადოებისთვის სასარგებლო“ ანტიკონკურენტული შეთანხმებების გამონაკლისების დასადგენი დეტალური განმარტებები ევროპის საბჭოს, ან მის მიერ დელეგირებული უფლებების საფუძველზე - ევროკომისიას უნდა დაედგინა. თუმცა ასეთი დეტალური წესების გაწერას კონკურენციის სფეროს რეგულირების დიდი გამოცდილება სჭირდებოდა, რომელიც თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს იმ პერიოდში ჯერ არ გააჩნდათ[3]. ამიტომ პირველ პერიოდში (რომელიც 40 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, 1962 წლის 13 მარტიდან 2004 წლის 1 მაისამდე.) ევროკომისიას დაევალა ყველა იმ კერძო ხელშეკრულების ან გადაწყვეტილების განხილვა და კონკურენციის თვალსაზრისით შეფასება, რომელსაც მას მეწარმეები წარუდგენდნენ. ვინაიდან კონკურენციის დამრღვევი ხელშეკრულებები და გადაწყვეტილებები ბათილად გამოცხადდა, და ცხადია მეწარმეები დაინტერესებულნი იყვნენ თავისი ხელშეკრულებების/გადაწყვეტილებების სამართლებრივი მდგომარეობა გაერკვიათ, ისინი მონდომებით აგზავნიდნენ თავის დოკუმენტებს ევროკომისიაში შესაფასებლად, ასე რომ პირველივე წლებიდან ევროკომისიას წელიწადში 10 ათასამდე ხელშეკრულების/გადაწყვეტილების შესწავლა უხდებოდა. ძალიან მალე ევროკომისიამ დაიწყო ხელშეკრულებების/გადაწყვეტილებების ისეთი ტიპების გამოყოფა, რომელიც კონკურენციის დარღვევის თვალსაზრისით დიდ საშიშროებას არ წარმოადგენდა. ინფორმაცია ასეთი ხელშეკრულებების/გადაწყვეტილებების თაობაზე ევროკომისიის ნოტიფიკაციების სახით ვრცელდებოდა და მიმართული იყო იმისკენ, რომ მეწარმეებს ამგვარი ხელშეკრულებები/გადაწყვეტილებები ევროკომისიისთვის აღარ წარედგინათ (თუმცა 2004 წლის მაისამდე მეწარმეებს მაინც რჩებოდათ ევროკომისიის მიერ შესაფასებლად ნებისმიერი ხელშეკრულების/გადაწყვეტილების წარდგენის უფლება). თანდათანობით ყველა ასეთი „ჯგუფური გამონაკლისი“ დროებითი რეგულაციების სახით ჩამოყალიბდა და 2004 წლიდან (მას მერე რაც ამოქმედდა 2003/1 რეგულაცია) ევროკომისია ასეთ ხელშეკრულებებს/ გადაწყვეტილებებს განსახილველად აღარ იღებს.[4]

დღეის მდგომარეობით კონკურენციის მოთხოვნებიდან დროებითი გამონაკლისები[5]  ვრცელდება მეწარმეებს შორის დადებულ შემდეგი ტიპის ხელშეკრულებებზე ან გადაწყვეტილებებზე:

  1. ვერტიკალური გარიგებები -  თუკი მხარეების წილი შესაბამის ბაზარზე 30%-ს არ აღემატება. აქ შედის პირველ რიგში „ექსკლუზიური ურთიერთობების“ დამდგენი გარიგებები მწარმოებელსა და დისტრიბუტორ(ებ)ს ან მოვაჭრეს შორის. 1999 წლიდან ამ ჯგუფური განთავისუფლების ფარგლები გაფართოვდა და მოიცვა პროდუქციის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვერტიკალური გარიგება (მათ შორის ისეთიც, როცა პროდუქციის შეძენა მის სხვა პროდუქციაში ინკორპორირების მიზნით ხდება). განთავისუფლება მოიცავს აგრეთვე ფრანჩაიზის გარიგებებს და ქვეკონტრაქტებს.[6]
  2. ჰორიზონტალური გარიგებებიდან: კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული გარიგებები და სპეციალიზაციასთან დაკავშირებული გარიგებები
  3. ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებული გარიგებები.
  4. გარიგებები/ერთობლივი ქმედებები, რომელთა მონაწილეების ზეგავლენა საერთო ბაზარზე უმნიშვნელოა - ე.წ. de-minimis პრინციპი. მხედველობაში მიიღება კომპანიების „სიმცირის“ორი კრიტერიუმი: კომპანიების საბაზრო წილი და წლიური ბრუნვა. ამჟამად მოქმედი წესებით[7] ჰორიზონტალური გარიგებებისათვის მონაწილე კომპანიების ერთობლივი საბაზრო წილი შესაბამის ბაზარზე არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, ხოლო ვერტიკალური გარიგებებისათვის კი მონაწილე კომპანიების ინდივიდუალური წილი შესაბამის ბაზარზე არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. რაც შეეხება მონაწილე კომპანიების ზომას, ისინი უნდა წარმოადგენდნენ მცირე და საშუალო საწარმოებს, რაც ნიშნავს დამოუკიდებელ საწარმოს, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 50 მილიონ ევროს (ან წლიური ბალანსი - 43 მილიონ ევროს) და რომელშიც 250-მდე ადამიანია დასაქმებული[8].

თუმცა ეს ჯგუფური გამონაკლისები არ არის უპირობო. ყველა მათგანი შეიცავს აკრძალულ ქმედებათა ჩამონათვალს, რომლის დარღვევის შემთხვევაში გამონაკლისი აღარ მოქმედებს. პირველ რიგში ესაა ე.წ. „მძიმე დარღვევები“ (Hardcore restrictions). ესენია:

  • მესამე მხარისთვის პროდუქციის მისაყიდი (მინიმალური) ფასის დადგენა;
  • წარმოების ან გაყიდვების მოცულობის შეზღუდვა;
  • ბაზრის ან მომხმარებლების განაწილება.

გარდა ამისა, მოქმედებს სხვა პირობებიც: მაგალითად, ვერტიკალური შეთანხმება არ უნდა ადგენდეს "გაუმართლებელ გეოგრაფიულ შეზღუდვებს"; შეთანხმების ვადა როგორც წესი არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს; ცალკეულ სფეროებში[9] (მაგალითად ავტომობოლებით ვაჭრობასა და მომსახურებაში[10]) დამატებით განსაკუთრებული მოთხოვნებია დაწესებული.  ევროკომისიას გამოცემული აქვს მთელი რიგი განმარტებითი დოკუმენტები ამ გამონაკლისების და მათი პირობების უკეთ ასახსნელად. 2013 წლის 1 ივლისის მდგომაროებით ყველა ეს განმარტება ხელმისაწვდომია კრებულში  EU Competition law , Rules Applicable to Antitrust Enforcement –  General Block ExemptionRegulations and Guidelines

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა ჯგუფური გამონაკლისი დროებითია - შესაბამის რეგულაციებს აქვთ წინასწარ დადგენილი მოქმედების ვადა. გარდა ამისა, დაშვებულია ჯგუფური გამონაკლისის მოქმედების გაუქმება რომელიმე კონკრეტული გარიგების მიმართებაში - ამის უფლება 2004 წლამდე მხოლოდ ევროკომისიას ჰქონდა, 2004 წლიდან კი უკვე შესაბამის ეროვნულ  უწყებებსაც მიენიჭათ. თუმცა ასეთ შემთხვევაში კონკურენციის დამრღვევი გარიგება კი არ ბათილდება, არამედ უქმდება - ანუ ის სამართლებრივ ძალას მხოლოდ ევროკომისიის (ან ეროვნული უწყების) მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან კარგავს, ამ მომენტის წინა პერიოდისთვის იგი ძალაშია. გარდა ამისა, ცხადია, მეწარმეს შეუძლია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ეროვნულ ან თანამეგობრობის სასამართლოში.

წყარო: ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ზემოქმედება ქართველ მომხმარებლებზე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, 2015 წ.

[1] იგულისხმება 1957 წლის რომის შეთანხმება ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ (Treaty Establishing the European economic Community, Treaty of Rome). 1992 წლის მაასტრიქტის ხელშეკრულებით (the Treaty on European Union)  ხელშეკრულების დასახელება შეიცვალა და მას დაერქვა ''შეთანხმება ევროპული თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ'' (Treaty Establishing European Community). 2007 წლის ლისაბონის ხელშეკრულებით (Treaty of Lisbon amending the Treaty on European Union and the Treaty establishing the European Community) ხელშეკრულების დასახელება კვლავ შეიცვალა. დღეს მას ჰქვია ''შეთანხმება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ'' (Treaty on Functioning of the European Union, TFEU). რომის ხელშეკრულებაში კონკურენციის დაცვის თავი წარმოდგენილია 85-94 მუხლებით; იგივე დებულებები „ევროპული თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ“ შეთანხმებაში წარმოდგენილია 81-89 მუხლებით, ხოლო „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ“ შეთანხმებაში - 101-109 მუხლებით.

[2] შემდგომში ეს მუხლი გახდა 81-ე მუხლი „ევროპული თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ“ შეთანხმებაში, შემდგომ კი - 101-ე მუხლი „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ“ შეთანხმებაში.

[3] White paper on modernisation of the rules implementing Articles 85 and 86 of the EC, Commission Programme No 99/027 (1999/C 132/01), Official Journal C 132 of 12.5.1999

[4] თუმცა, თუკი საკითხი ეხება რაიმე ახალი ტიპის ურთიერთობებს და მათი შეფასება კონკურენციის თვალსაზრისით კითხვებს ბადებს, მეწარმეებს შეუძლიათ მიმართონ დახმარებისთვის ევროკომისიას და მიიღონ მისგან არაფორმალური განმარტებები ან მითითებები ე.წ. „სახელმძღვანელო წერილის“ (Guidance letter) სახით. ასეთი მიმართვები ევროკომისიის მიერ განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკითხი რეალურია, მართლა ახალია, მნიშვნელოვანია (მხედველობაში მიიღება: შესაბამისი საქონლის ან მომსახურების ეკონომიკური მნიშვნელობა მომხმარებლებისათვის;  ამგვარი პრაქტიკის ეკონომიკური გამოყენების არსებული ან მოსალოდნელი მასშტაბი; ტრანსაქციით გათვალისწინებული ინვესტიციების და მონაწილე კომპანიების ზომა, აგრეთვე კონცენტრაცია, რომელიც ამ ტრანსაქციამ შეიძლება გამოიწვიოს.) და არც კანონმდებლობა, არც სასამართლო გადაწყვეტილებები და არც ევროკომისიის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალა მის განმარტებას არ იძლევა და გარდა ამისა საქმე უკვე არ იხილება ეროვნული „ანტიმონოპოლური“ უწყების, სასამართლოს ან თავად ევროკავშირის მიერ (იხ. Commission Notice on informal guidance relating to novel questions concerning Articles 81 and 82 of the EC Treaty that arise in individual cases (guidance letters),  პუნქტები 8-10).

[5] მოქმედების ვადებია 2022-23 წლებამდე.

[6] ეს გამონაკლისი მოქმედებს 1967 წლიდან. თავდაპირველად დადგინდა 19/65/EEC რეგულაციით, მისი ვადის დასვლის შემდეგ ჩანაცვლდა 1983/83 რეგულაციით ექსკლუზიური მიწოდების ხელშეკრულებების თაობაზე  და 1984/83 რეგულაციით ექსკლუზიური გაყიდვის ხელშეკრულებების თაობაზე. 1988 წელს მათ დაემატა 4087/88 რეგულაცია ფრანჩაიზის თაობაზე. 2000 წლის 1 იანვარს სამივე ამ რეგულაციას გაუვიდა ვადა და ჩანაცვლდა 2790/1999 რეგულაციით ვერტიკალური ხელშეკრულებების თაობაზე. ამ უკანასკნელის ვადა ამოიწურა 2010 წლის 1 ივნისს და ამ თარიღიდან მოქმედებს 330/2010 რეგულაცია, რომელიც ძალაშია 2022 წლის 31 მაისამდე. ამ გამონაკლისის გამოყენების დეტალური გაიდლაინები დადგენილია ევროკომისიის 2010 წლის საინფორმაციო შეტყობინებით (Commission notice - Guidelines on Vertical Restraints).

[7] Commission Notice on agreements of minor importance which do not appreciably restrict competition under Article 81(1) of the Treaty establishing the European Community (de minimis), 2001/C 368/07 (2014 წლის აგვისტოს შეიცვალა).

[8]  Commission Recommendation of 6 May 2003 concerning the definition of micro, small and medium-sized enterprises.

[9] კონკურენციის წესებისგან გამონაკლისები დადგენილია ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და დაზღვევის საქტორებისთვის.

[10] მაგალითად იკრძალება ავტომობილების სათადარიგო ნაწილების გაყიდვის შეზღუდვა, ან მათი სპეციფიკაციების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ან ამ სათადარიგო ნაწილებზე მწარმოებლის სავაჭრო მარკის დატანის შეზღუდვა. ეს გამონაკლისები პირველად დადგინდა 1985 წელს, 123/85 რეგულაციით, რომელსაც ვადა გაუვიდა 1995 წლის 30 სექტემბერს. იგი ჩანაცვლდა 1475/95 რეგულაციით, რომელიც 2002 წლის 1 ოქტომბრიდან შეიცვალა 1400/2002 რეგულაციით, ეს უკანასკნელი კი 2010 წლის 1 ივნისიდან - 461/2010 რეგულაციით. ამ უკანასკნელის მოქმედების ვადაა 2023 წლის 31 მაისი.  

 [11] გარიგება დაშვებულად შეიძლება იყოს ცნობილი, თუკი ერთდროულად სრულდება შემდეგი ოთხი პირობა:

(ე.წ. დადებითი კრიტერიუმები:)

1. გარიგება ზრდის ეკონომიკურ ეფექტიანობას (კერძოდ, ხელს უწყობს წარმოების ან მიწოდების გაუმჯობესებას, ტექნიკურ ან ეკონომიკურ პროგრესს);

2. გარიგების შედეგად სარგებელს იღებს მომხმარებელი.

(ე.წ. უარყოფით კრიტერიუმები:)

3. არ წესდება ისეთი შეზღუდვა, რომელიც საჭირო არ არის მიზნის მისაღწევად. ანუ იგივე მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი შეზღუდვით შეუძლებელია;

4. კონკურენცია არ იზღუდება შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე.

წყარო: სოლომონ მენაბდიშვილი, საქართველოს კონკურენციის სამართლის შესაბამისობა ევროკავშირის კონკურენციის  სამართლის ნორმებთან, 2018.