Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0020 464528 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



ევროკავშირის წესები: სახელმწიფო დახმარებები
 
ბოლო განახლება: 2016-01-01

იხ. კონკურენციის დაცვა ევროკავშირში

ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის სადამფუძნებლო შეთანხმების[1] 92-ე მუხლი[2] კრძალავს ნებისმიერი სახის სახელმწიფო დახმარებებს, რომელსაც „რომელიმე მეწარმის ან პროდუქტის ხელშეწყობის გამო შეუძლია შეაფერხოს კონკურენცია“. ამავე დროს, იგივე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო დახმარებების დაშვებულ ფორმებს. კერძოდ, დაშვებულია:

  • სოციალური დახმარებები ინდივიდუალური მომხმარებლებისადმი
  • დახმარებები სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

გარდა ამისა,  „შესაძლოა დაშვებული იქნას“ სახელმწიფო დახმარებები:

  • შედარებით ჩამორჩენილი ან მაღალი უმუშევრობის დონით გამორჩეული რეგიონების ეკონომიკის ასაღორძინებლად;
  • ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად;
  • კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად;
  • დახმარებები ეკონომიკის ცალკეული სფეროებისთვის - ე.წ. სექტორული დახმარებები, - „თუკი ეს არ აფერხებს ვაჭრობას იმდენად, რომ საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საზიანო იყოს“.

შეთანხმების 93-ე მუხლის[3] მიხედვით სახელმწიფო დახმარებების შესაბამისობა ამ კრიტერიუმებთან ევროკომისიამ უნდა დაადგინოს. ამისთვის კი მთავრობებმა შესაბამისი ინფორმაცია მას დროულად, როგორც წესი დახმარების გაცემამდე უნდა წარუდგინონ.

ევროკომისიის გადაწყვეტილება კონკრეტული დახმარების ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან, და შესაბამისად, საერთო ბაზართან შეუსაბამობის თაობაზე მთავრობამ შეიძლება გააპროტესტოს ევროპის საბჭოში, რომელსაც აქვს მინიჭებული უფლება გააფართოვოს დასაშვები სახელმწიფო დახმარებების წრე  ან მიიჩნიოს რომელიმე კონკრეტული დახმარება ბაზრის შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ იგი 92-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებში არ ჯდება. თუ მთავრობის მიმართვას საბჭოს ამგვარი რეაქცია არ მოჰყვა, მთავრობა ვალდებულია დადგენილ ვადებში გააუქმოს ევროკომისიის მიერ დაწუნებული დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკომისია მიმართავს ევროპის სასამართლოს.

სადამფუძნებლო შეთანხმებით დადგენილმა ამ ზოგადმა ჩარჩომ მომდევნო წლებში მასიური ნორმატიული ბაზის განვითარება გამოიწვია. მათ უმრავლესობას შეადგენს გადაწყვეტილებები  კონკრეტულ დახმარებებთან დაკავშირებით. თუმცა თანდათანობით შემუშავდა ერთიანი მიდგომები, პირველ რიგში სექტორული დახმარებების მიმართულებით. 

ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო დახმარებების ყველაზე ინტენსიური მიმართულებები იყო და დღემდე რჩება:

  • გემთმშენებლობა,
  • შავი მეტალურგია,
  • ქვანახშირის მოპოვება,
  • ტრანსპორტი,
  • სოფლის მეურნეობა,
  • მეთევზეობა.

ყველა ამ მიმართულებით ჩამოყალიბებულია სექტორული მიდგომები და რეგულაციები სახელმწიფო დახმარებების უნიფიცირებისა და ეტაპობრივი შემცირების მიზნით.

გარდა ამისა, 80-ანი წლების მეორე ნახევრიდან თანდათან ჩამოყალიბდა სახელმწიფო დახმარებების მარეგულირებელი უფრო ზოგადი, ე.წ. ჰორიზონტალური დახმარებების წესები. ისინი მოიცავენ დახმარებებს:

  • კვლევა-განვითარების ხელშეწყობისთვის[4],
  • გარემოს დაცვისა და ენერგოეფექტურობისთვის,
  • რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის,
  • ეკონომიკის ძველი სექტორების გადარჩენა-გარდაქმნისთვის,
  • დახმარებებს  მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის[5].

ამავე პერიოდში დადგინდა დახმარებების ე.წ. de minimis პრინციპი, რომლის მიხედვით მცირე ზომის სახელმწიფო დახმარებები კონკურენციაზე უმნიშვნელო ზემოქმედების მქონედ იქნა მიჩნეული. 1992 წლის მდგომარეობით ასეთად ჩაითვალა 3 წლის განმავლობაში საწარმოსთვის ჯამურად 50 ათასი ეკიუს ტოლი სახელმწიფო დახმარების გამოყოფა. დღეის მდგომარეობით[6] ეს ზღვარი აწეულია და შეადგენს ჯამურ 200 ათას ევროს 3 წლის განმავლობაში[7].

ამჟამად ევროკავშირში დაშვებული სახელმწიფო დახმარებები დიაგრამაზეა ასახული

ევროკავშირში დაშვებული სახელმწიფო დახმარებები. წყარო: http://ec.europa.eu/competition/state_aid/scoreboard/index_en.html

წყარო: http://ec.europa.eu/competition/state_aid/scoreboard/index_en.html

ყველა დახმარება, როგორც წესი, ექვემდებარება  ევროკომისიისათვის წინასწარი შეტყობინების პროცედურას. გამონაკლისია მხოლოდ de minimis დახმარებები და ჰორიზონტალური დახმარებები, რომელიც ე.წ. „ზოგადი ჯგუფური გამონაკლისის რეგულაციით“[8] არის დაშვებული. ესენია:

  • საინვესტიციო და დასაქმების დახმარებები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის;
  • დახმარება ქალ-მეწარმეების მიერ მცირე საწარმოების შესაქმნელად;
  • დახმარება გარემოსდაცვითი ზომების გასატარებლად, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად და არსებულზე უფრო მკაცრი გარემოსდაცვითი სტანდარტების დასანერგად
  • დახმარებები სარისკო კაპიტალის სახით (სახელმწიფოს მონაწილეობა საინვესტიციო ფონდებში)
  • დახმარებები კვლევა-განვითარებასა და ინოვაციებისთვის, ტრენინგებისთვის, კონსულტაციებისთვის, მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტების დასაქირავებლად, სამეწარმეო გამოფენებში მონაწილეობისთვის, ინტელექტუალური საკუთრების შეძენისთვის და სხვა;
  • დახმარება სოციალურად დაუცველი ან შეზღუდული შესაძლებლობის პირების დასაქმებისთვის.
  • რეგიონული დახმარებები, დამტკიცებული მრავალწლიანი გეგმის ფარგლებში[9].

თითოეული ამ ტიპის დახმარებისთვის დადგენილია დამატებიტი მოთხოვნები და ზღვრები, რომელთა დაცვის შემთხვევაში მათზე მოქმედებს ჯგუფური გამონაკლისი. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დახმარების გასაცემად არ არის საჭირო ევროკომისიის თანხმობა. საკმარისია შესაბამისი მთავრობის მიერ ევროკომისიის მხოლოდ ინფორმირება - და ისიც დახმარების გაცემის შემდგომ.

ყველა სხვა დახმარებების თაობაზე ევროკომისია წინასწარ ინფორმირებული უნდა იყოს. ევროკომისიის მიერ სახელმწიფო დახმარებების შეტყობინებების განხილვის ჩვეულებრივი პროცედურა მოიცავს წინასწარ განხილვას 2 თვის განმავლობაში, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს უფრო დეტალური შესწავლა-გამოკვლევის 18-თვიანი  პროცედურა[10]. ზოგიერთი იოლად განსახილველი, ტიპიური დახმარებებისათვის გამოიყენება განხილვის დაჩქარებული 1 თვიანი პროცედურა.[11]

ევროკომისიას აგრეთვე შეუძლია გამოიძიოს დახმარება, რომლის თაობაზე მას შესაბამისი მთავრობისგან წინასწარი შეტყობინება არ მიუღია, ან დახმარება, რომელიც ევროკომისიის მიერ ადრე მიჩნეული იქნა დასაშვებად, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ იგი არასათანადოდ იყო გამოყენებული. თუკი ევროკომისია დაასკვნის, რომ უკვე გაცემული დახმარება უკანონოა, წევრი-ქვეყანა ვალდებულია გაცემული დახმარება და შესაბამისი პროცენტი ბენეფიციარს უკან დააბრუნებინოს[12].

განსაკუთრებული შემთხვევაა სახელმწიფო შესყიდვები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იკრძალება ნებისმიერი საშუალებით გაწეული სახელმწიფო დახმარებები. დაფუძნებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით სახელმწიფო დახმარებად მიიჩნევა აგრეთვე ის თანხა, რომელიც საჯარო შესყიდვებისას პროდუქტის საბაზრო ფასზე გადამეტებით იქნა გადახდილი[13]. თუმცა, საკომპენსაციო თანხა, რომელსაც სახელმწიფო უხდის კერძო მეწარმეს, იმისათვის რომ მან საზოგადოებისთვის საჭირო, თუმცა კომერციული თვალსაზრისით წამგებიანი მომსახურება (მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტი) უზრუნველყოს, სახელმწიფო დახმარებად არ მიიჩნევა. მაგრამ ამისათვის აუცილებელია დაცული იყოს შემდეგი პირობები[14]:

  • კომპენსაციის მიმღებ საწარმოს უნდა ეკისრებოდეს მკაფიოდ განსაზღვრული საზოგადოებრივი მომსახურება;
  • კომპენსაციის გამოსაანგარიშებელი პარამეტრები უნდა იყოს ობიექტური, გამჭვირვალე და წინასწარ დადგენილი (თუკი მომსახურების ეკონომიკური წამგებიანობა გაირკვა მომსახურების გაწევის შემდგომ და სახელმწიფოს მოუწია დანაკარგების კომპენსაცია, ეს თანხა მიიჩნევა სახელმწიფო დახმარებად);
  • კონპენსაცია არ უნდა აჭარბებდეს გაწეული საზოგადოებრივი მომსახურების ხარჯებს, გონივრული მოგების გათვალისწინებით;
  • თუკი საწარმო არ შეირჩევა საჯარო ტენდერის გზით (რომელიც სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა ყველაზე ნაკლები ფასის მომთხოვნი მიმწოდებელი შეერჩია), მაშინ კომპენსაცია  ტიპიური კარგად-მართული კომპანიის ხარჯების საფუძველზე უნდა დაანგარიშდეს.

რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოებს, სადამფუძნებლო შეთანხმების 90-ე მუხლის[15] მიხედვით მათზე ვრცელდება კონკურენციის იგივე წესები, რაც კერძო საწარმოებზე. დამატებით კი მათზე მოქმედებს გამჭვირვალობის მოთხოვნები[16].

წყარო: ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ზემოქმედება ქართველ მომხმარებლებზე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, 2015 წ.

[1] იგულისხმება 1957 წლის რომის შეთანხმება ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ (Treaty Establishing the European economic Community, Treaty of Rome). 1992 წლის მაასტრიქტის ხელშეკრულებით (the Treaty on European Union)  ხელშეკრულების დასახელება შეიცვალა და მას დაერქვა ''შეთანხმება ევროპული თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ'' (Treaty Establishing European Community). 2007 წლის ლისაბონის ხელშეკრულებით (Treaty of Lisbon amending the Treaty on European Union and the Treaty establishing the European Community) ხელშეკრულების დასახელება კვლავ შეიცვალა. დღეს მას ჰქვია ''შეთანხმება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ'' (Treaty on Functioning of the European Union, TFEU). რომის ხელშეკრულებაში კონკურენციის დაცვის თავი წარმოდგენილია 85-94 მუხლებით; იგივე დებულებები „ევროპული თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ“ შეთანხმებაში წარმოდგენილია 81-89 მუხლებით, ხოლო „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ“ შეთანხმებაში - 101-109 მუხლებით.

[2] შემდგომში ეს მუხლი გახდა 87-ე მუხლი „ევროპული თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ“ შეთანხმებაში, შემდგომ კი - 107-ე მუხლი „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ“ შეთანხმებაში.

[4] Community framework for State aids for research and development: 1986, 2006, 2014.

[5] Community guidelines on State aid for small and medium-sized enterprises: 1992, 2006.

[6] Commission Regulation (EU) No 1407/2013 of 18 December 2013 on the application of Articles 107 and 108 of the Treaty on the Functioning of the European Union to de minimis aid. ამ აქტის მოქმედების ვადაა 2014 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

[7] გარდა საგზაო გადაზიდვებისა. ამ საქმიანობისთვის ზღვარი შეადგენს 100 ათას ევროს 3 წლის განმავლობაში.

[8] Commission Regulation (EU) No 651/2014 of 17 June 2014 declaring certain categories of aid compatible with the internal market in application of Articles 107 and 108 of the Treaty. 2014 წლის 1 ივლისიდან ამ რეგულაციამ ჩაანაცვლა 800/2008 რეგულაცია, რომელიც მანამდე მოქმედებდა. თავის მხრივ ამ უკანასკნელმა კი ჩაანაცვლა მანამდე მოქმედი რეგულაციები: რეგულაცია 70/2001 მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებებთან დაკავშირებით,  რეგულაცია 2204/2002 დასაქმების მიზნით გაწეულ დახმარებებთან დაკავშირებით, რეგულაცია 68/2001 - დახმარებები თრენინგებში, და აგრეთვე მოიცვა ეროვნული დონის დახმარებები რეგიონებისთვის (Guidelines on national regional aid for 2007-2013).

[9] ამჟამად მოქმედი გეგმა დამტკიცებულია დოკუმენტით Guidelines on regional State aid for 2014-2020.

[10] პროცედურა დადგენილია 2015/1589 რეგულაციით, რომელმაც ჩაანაცვლა ადრე მოქმედი 659/1999 რეგულაცია.

[12] მოქმედებს 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის გასვლის შემდეგ მიღებული დახმარება დაბრუნებას აღარ ექვემდებარება.

[16] დადგენილია 2006/111/EC დირექტივით.