Notice: Undefined index: lastart in D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php on line 111 Call Stack: 0.0010 465168 1. {main}() D:\wwwroot\csrdg\asocireba.ge\httpdocs\show_article.php:0



კონკურენციის დაცვა ევროკავშირში
 
ბოლო განახლება: 2016-01-01

იხ. კონკურენციის დაცვის საერთაშორისო ნორმები

კონკურენციის დაცვა საქართველოში

 

"ერთიანი ბაზარი საუკეთესო პირობაა ევროპის მდგრადი ზრდისთვის. ეფექტური ბაზრისთვის ორი პირობაა საჭირო: ქვეყნებს შორის საბაჟო ბარიერების მოსპობა და  კონკურენციის პოლიტიკა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირება არ შეფერხდეს კომპანიების ანტიკონკურენციული ქმედებებით ან სახელმწიფოების მიერ რომელიმე მოთამაშის მფარველობით."
(COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE COUNCIL, THE EUROPEAN ECONOMIC AND SOCIAL COMMITTEE AND THE COMMITTEE OF THE REGIONS EU State Aid Modernisation)

 

ევროკავშირის საფუძველს ევროპის კონტინენტის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა წარმოადგენს. არსებითად ეს არის ერთობლივი ბაზარი, რომელზეც თითოეულ ქვეყანაში წარმოებული საქონელი[1] თავისუფლად მოძრაობს. ამ ბაზრის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის კი აუცილებელია, რომ კონკურენცია დაცული იყოს. ევროპული თანამეგობრობის დამფუძნებლებს კარგად ესმოდათ[2], რომ ერთიანი და თავისუფალი ბაზრის შესაქმნელად მხოლოდ ქვეყნებს შორის არსებული საბაჟო გადასახადების გაუქმება და სხვა საბაჟო ბარიერების ეტაპობრივი მოხსნა არ იქნებოდა საკმარისი, ვინაიდან ბაზრის თავისუფლების ერთ-ერთ  მნიშვნელოვან საფრთხეს თავად მეწარმეები წარმოადგენენ -  ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ქვეყნების მიერ გახსნილი ბაზარი მონოპოლისტი კომპანიების ან კარტელების მიერ ხელახლა გადანაწილდეს და დანაწევრდეს, რაც მთავრობების მიერ გაწეულ ძალისხმევას ფაქტობრივად აბათილებს. ამიტომ თავიდანვე, ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის ჩამოყალიბებისთანავე, მის სადამფუძნებლო დოკუმენტში[3] შევიდა არა მარტო საერთო ბაზარის ჩამოყალიბების, არამედ ამ ბაზარზე კონკურენციის დაცვის ქმედითი ზომების ჩამონათვალი, კონკურენციის დაცვის უზრუნველყოფა კი ევროკომისიას[4] დაეკისრა.

ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის  სადამფუძნებლო დოკუმენტით, ე.წ. რომის შეთანხმებით[5], დადგენილია კონკურენციის დარღვევების სამი ძირითადი ტიპი:

კონკურენციის დამცველი ორგანოები

ევროკავშირში კონკურენციის დამცავ უმაღლეს ორგანოს ევროკომისია წარმოადგენს. 2004 წლის 1 მაისამდე მხოლოდ მას გააჩნდა უფლება მეწარმეთა შეთანხმებების ან ერთობლივი ქმედებების კონკურენციის თვალსაზრისით მისაღებობა შეეფასებინა.  2004 წლის 1 მაისიდან კი (მას მერე რაც ამოქმედდა 2003/1 რეგულაცია) ეს უფლება ეროვნულ „ანტიმონოპოლურ“ უწყებებსაც გააჩნიათ.

იმისთვის, რომ ევროკომისიის და სხვადასხვა ეროვნული "ანტიმონოპოლური" უწყებების გადაწყვეტილებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს, ჩამოყალიბებულია ევროპის კონკურენციის ორგანოების ერთიანი ქსელი (European Competition Network) ევროკომისიის ხელმძღვანელობით, რომლის ფარგლებში ხორციელდება საქმეთა წარმოების და გადაწყვეტილებათა მიღების ძალიან მჭიდრო კოორდინირება, რაც გამორიცხავს ერთსა და იმავე საქმის პარალელურ განხილვას ან ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას[6]. პირველ რიგში ეს ხორციელდება იმის ხარჯზე, რომ ევროკომისიის მიერ მიღებული  რეგულაციები ან ინდივიდუალური გადაწყვეტილებები ეროვნული სასამართლოებისთვის სავალდებულო ხასიათისაა. ამიტომ, თუ ეროვნული სასამართლო იხილავს საქმეს, რომელიც ეხება მეწარმეთა შეთანხმებას, რომელზეც ევროკომისიას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს - ეროვნული სასამართლო ამ გადაწყვეტილებას უნდა დაეყრდნოს (ან მიმართოს ევროპის სასამართლოს ევროკომისიის გადაწყვეტილების კანონიერების განხილვის თხოვნით). იმ შემთხვევაში, თუკი ევროკომისია მხოლოდ იკვლევს საქმეს და გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ეროვნულ სასამართლოს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია საქმის მიმდინარეობისა და მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ და ამის მიხედვით განაგრძოს სასამართლო განხილვა, ან შეაჩეროს საქმის განხილვა ევროკომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.[7] თავის მხრივ ევროკომისიისთვის პრიორიტეტულია იმ საქმეების დროულად განხილვა, რომლის შედეგსაც ეროვნული სასამართლო ელოდება. ეროვნულ სასამართლოებში განხილულ ყველა ასეთ საქმეებზე ევროკომისიას შეუძლია წარადგინოს თავისი მოსაზრებები - როგორც სასამართლოს მოთხოვნით, ასევე საკუთარი ინიციატივით. ეს მოსაზრებები სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის, თუმცა მას შეუძლია ისინი გაითვალისწინოს. სასამართლოს მოთხოვნით ევროკომისია მას გადასცემს საქმის თაობაზე მის ხელთ არსებულ მთელ ინფორმაციას.[8]

კონკურენციის დარღვევის საქმეების განხილვა

კონკურენციის წესების დარღვევების აღმოჩენის ერთ-ერთი მეთოდია დაინტერესებული მხარეების ოფიციალური საჩივრები. ევროკომისიისთვის საჩივრის წარდგენის უფლება აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ან იმ პირებს, რომელთაც საკითხისადმი „კანონიერი ინტერესი“ (legitimate interest) გააჩნიათ. ევროკომისია თავის საინფორმაციო დოკუმენტში განმარტავს, რომ ასეთი ინტერესის მქონედ მას მიაჩნია:

  • მეწარმეები, რომელიც იმავე ბაზარზე ოპერირებენ და რომელთა ინტერესი ზიანდება, ან
  • მომხმარებლები, რომელთა ეკონომიკურ ინტერესზე საკითხი უარყოფით გავლენას ახდენს და მომხმარებელთა ასოციაციები.

მისთვის წარდგენილ საჩივრებს ევროკომისია სწავლობს და იღებს გადაწყვეტილებას (როგორც წესი 4 თვის განმავლობაში) - განაგრძოს საკითხის უფრო დეტალური კვლევა თუ არა. როგორც წესი, გადაწყვეტილება მიიღება თანამეგობრობისათვის საკითხის აქტუალობიდან (Community interest) გამომდინარე.[9] სავარაუდო დარღვევის უმნიშვნელობა, ევროკომისიის მიერ მისი გამოკვლევისთვის საჭირო დროსა და ძალისხმევასთან შედარებით, საქმის კვლევის დაწყებაზე უარის მიზეზი შეიძლება გახდეს[10]. ასეთ შემთხვევაში მომჩივანს შეუძლია მიმართოს ეროვნულ ანტიმონოპოლურ სამსახურს ან ეროვნულ სასამართლოს.

თუ საჩივრით მიწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია საქმის აღძვრისათვის, ევროკომისია აცნობებს მომჩივანს ამის თაობაზე და აძლევს ერთ თვეს დამატებითი დასაბუთების წარმოსადგენად.[11] თუ ასეთი ინფორმაცია წარმოდგენილი არ იქნა, საჩივარი გატანილად ითვლება. თუ დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილი იქნა, ევროკომისიამ უნდა აღძრას საქმე ან უარყოს საჩივარი.

მეწარმ(ეებ)ის წინააღმდეგ კონკურენციის სავარაუდო დარღვევაზე საქმის აღძვრის შემთხვევაში ევროკომისია მას/მათ ამის შესახებ საგანგებო უწყებით (notice of objections) აცნობებს  და აძლევს მას/მათ თავიანთი მოსაზრებების წარმოდგენის საშუალებას - როგორც წერილობით, ასევე ზეპირი მოსმენის გზით. გარდა ამისა, ევროკომისიას შეუძლია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია მხარისგან, დაკითხოს მისი წარმომადგენელი, შევიდეს საწარმოს ტერიტორიაზე[12] და ადგილზე გაეცნოს ფაქტებს ან დოკუმენტებს, გადაიღოს ასლები, დალუქოს დოკუმენტები ან მთლიანად საწარმო. საქმის განხილვისას თავისი მოსაზრებების წერილობით და ზეპირად წარმოდგენის საშუალება აქვს მომჩივანსაც. თუ საქმისთვის აუცილებელია, საქმის გამოკვლევის ეტაპზე ევროკომისიამ შეიძლება მეწარმეს რაიმე ქმედების განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მოსთხოვოს (ე.წ. დროებითი ზომა, interim measure).

გარდა ოფიციალური საჩივრებისა, მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს შეუძლიათ ინფორმაცია კონკურენციის წესების სავარაუდო დარღვევის თაობაზე ევროკომისიას არაოფიციალურად მიაწოდონ, ელექტრონული წერილის გაგზავნით მისამართზე comp-market-information@ec.europa.eu ან ჩვეულებრივი წერილის გაგზავნით მისამართზე: European Commission, Directorate-General for Competition, Antitrust Registry, B-1049 Brussels, Belgium. ასეთი სახით მიწოდებულ ინფორმაციას ევროკომისია თავის შეხედულებისამებრ იყენებს, დარღვევების გამოსავლენად და საკუთარი ინიციატივით გამოკვლევების საწარმოებლად.

თუ საქმის გამოკვლევის შედეგად ევროკომისიამ დაადგინა, რომ მეწარმის/მეწარმეების მიერ კონკურენციის წესები ირღვევა, იგი მათ უგზავნის წინასწარ დასკვნას (preliminary assessment). ეს საშუალებას აძლევს მეწარმეს თავად ჩამოაყალიბოს და ნებაყოფლობით შესთავაზოს ევროკომისიას დარღვევის გამოსწორების ზომები, რომელიც შემდგომ, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, მეწარმისთვის სავალდებულო ხდება. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე ევროკომისია აქვეყნებს საქმის შინაარსისა და დარღვევის გამოსწორებისათვის დაგეგმილი ზომების შემცველ ინფორმაციას, რათა დაინტერესებულმა პირებმა შეძლონ თავისი მოსაზრებების წარმოდგენა.

თუ წინასწარი შეფასების პასუხად მეწარმემ ევროკომისიას დარღვევის გამოსწორების ზომები არ შესთავაზა, ევროკომისია გამოსცემს გადაწყვეტილებას კონკურენციის დარღვევის აღმოჩენის თაობაზე, რომლითაც თავად დააწესებს ის ზომებს, რომლითაც დარღვევა უნდა აღმოიფხვრას. მას შეუძლია მეწარმეს მოსთხოვოს როგორც საქმიანობის ცვლილება (behavioural remedy) ასევე სტრუქტურის შეცვლა (struqtural remedy), თუმცა ეს უკანასკნელი მოთხოვნილი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმის ქცევის/საქმიანობის ცვლილებით დარღვევის აღმოფხვრა შეუძლებელია.

ჯარიმები

თუ დადგინდა, რომ მეწარმე თავისი მოქმედებებით კონკურენციას ზღუდავს ან აფერხებს, მას ეკისრება ჯარიმა. ერთჯერადი ჯარიმის მაქსიმალური ზომაა მეწარმის წლიური ბრუნვის 10%. გარდა ამისა, იმისთვის რომ მეწარმეს დარღვევის სწრაფად აღმოფხვრისადმი უბიძგოს, ევროკომისიას შეუძლია მას ყოველდღიური ჯარიმებიც დაუწესოს, დღიური ბრუნვის 5%-მდე ზომით. ასეთივე ჯარიმები შეიძლება დაეკისროს მეწარმეს თუკი იგი არ ასრულებს ევროკომისიის ბრძანებით დადგენილ დროებით ზომას, ან დარღვევის აღმოსაფხვრებლად თავისივე შეთავაზებულ ზომებს, ან თუკი საქმის გამოძიებისას იგი არ დაუშვებს ევროკომისიის წარმომადგენელს საწარმოს და დოკუმენტაციის შესამოწმებლად. ჯარიმებით ისჯება აგრეთვე ევროკომისიისთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება, მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობა ან ევროკომისიის წარმომადგენლის მიერ დადებული ლუქის თვითნებურად მოხსნა. ასეთ შემთხვევები ისჯება ერთჯერადი ჯარიმით, რომლის ზომა წინა წლის ბრუნვის 1%-ს არ აღემატება.

ჯარიმის ზუსტ ზომას, ზემოთ მითითებული ლიმიტის ფარგლებში, ევროკომისია იმის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რამდენად მძიმეა და ხანგრძლივია დარღვევა. ევროკომისიის სახელმძღვანელო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯარიმას უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი, როგორც იმ მეწარმისთვის, რომელიც ჯარიმდება, აგრეთვე სხვებისთვის, რათა მათ „არც კი იფიქრონ“ უკანონო საქმიანობაში ჩაბმაზე. ამიტომ ჯარიმის ზომა შეირჩევა ისე, რომ მეწარმისთვის ის საკმარისად საგრძნობი იყოს, თუმცა არა გამანადგურებელი. ამისთვის კი ჯარიმა აუცილებლად უნდა აღემატებოდეს იმ მოგებას, რაც ამ დარღვევის შედეგად მეწარმემ მიიღო, თუმცა ჯარიმამ არ უნდა გამოიწვიოს მეწარმის განადგურება - „საწარმოს ეკონომიკური ფასეულობის შეუქცევადი კარგვა და მისი აქტივების სრული გაუფასურება“.

ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისთვის მთავარი მაჩვენებელია დარღვევასთან დაკავშირებული გაყიდვების წლიური მოცულობა (value of sales)[13]. ჯარიმის საბაზისო დონედ მიიჩნევა ამ მოცულობის 30%-მდე,[14] გამრავლებული იმ წლების რაოდენობაზე, რომლის განმავლობაში ხდებოდა დარღვევა[15]. გარდა ამისა, თუკი საქმე ეხება ე.წ. „მძიმე დარღვევებს“, როგორიცაა ფასებზე შეთანხმება, ბაზრების დანაწილება ან პროდუქციის გამოშვების განგებ შეზღუდვა, ჯარიმის საბაზისო დონეს (განსაკუთრებული სასჯელის სახით) ემატება თანხა, რომელიც დაკავშირებული საქონლის წლიური გაყიდვების კიდევ 15-25% უდრის. თუმცა, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ჯარიმის ზომა ამ საბაზისო დონესთან შედარებით შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. შემარბილებელ გარემოებებად მიიჩნევა მეწარმის თანამშრომლობა გამოძიებისას, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ევროკომისიისთვის, მისი მზადყოფნა დარღვევის შეწყვეტისა და აღმოფხვრისათვის, აგრეთვე მისი პასიური როლი კანონდარღვევაში. დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევა დარღვევების ჯიუტად განმეორება[16], უარი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, აგრეთვე კანონდარღვევის ინიციატორობა ან ლიდერობა (სხვა მეწარმეების წაქეზება ან იძულება კანონდარღვევაში მონაწილეობისთვის). ჯარიმა შეიძლება გაიზარდოს იმისთვისაც, რომ მეწარმისთვის საკმარისად „საგრძნობი“ გახდეს (მაგალითად როცა მეწარმის ჯამური ბრუნვა ძალზე დიდია, ხოლო ამ კონკრეტული საქონლის გაყიდვებს მასში შედარებით მოკრძალებული წილი უკავია და ამიტომ ამ წილზე დაყრდნობით გაანგარიშებული ჯარიმა მისთვის უმნიშვნელოა). თუმცა ცალკეულ შემთხვევებში (სათანადო დასაბუთებით) ევროკომისიას შეუძლია მეწარმეს მხოლოდ მცირე, სიმბოლური ჯარიმა დააკისროს.

მეწარმეებთან თანამშრომლობის პროგრამები

ჯარიმის შემცირების ან მთლიანად გაუქმების განსაკუთრებული შემთხვევაა ევროკომისიის მიერ შემოღებული ე.წ. „ლმობიერების“ წესები (leniency rules), რომლის მიხედვით კარტელის  მონაწილე, რომელიც ევროკომისიას ამ კარტელის თაობაზე ინფორმაციას მიაწვდის,  ჯარიმებისგან სრულ ან ნაწილობრივ „იმუნიტეტს“ იძენს[17]. ჯარიმისგან სრულ იმუნიტეტს იღებს კარტელის ის მონაწილე, რომელიც ევროკომისიას პირველი მიმართავს, თუკი ის მიაწვდის ევროკომისიას ისეთ ინფორმაციას, რომელიც მას მანამდე არ გააჩნდა და რომელიც  ევროკომისიას მისცემს საშუალებას ინსპექტირების გზით აღმოაჩინოს ის დოკუმენტები, რომელიც კარტელის არსებობას დაამტკიცებს. კარტელის ყოველი შემდეგი წევრი, რომელიც ევროკომისიას მიმართავს და საქმის გამოკვლევისთვის მნიშვნელოვან დამატებით ინფორმაციას მიაწვდის, ჯარიმებისგან თავისუფლდება ნაწილობრივ: პირველი 30-50%-ით, მეორე 20-30%-ით, ყოველი შემდეგი - 20%-ით.[18] თუმცა ეს წესი მოქმედებს მანამ, სანამ ევროკომისია მოპასუხე მეწარმეებს „საპრეტენზიო უწყებას“ (notice of objections) გაუგზავნის. უწყების გაგზავნის შემდეგ, შესაბამისი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იმუნიტეტის საფუძველს აღარ წარმოადგენს. ლმობიერების რეჟიმი აგრეთვე არ ვრცელდება მეწარმეზე, რომელიც კარტელის ინიციატორი ან ლიდერია. და ცხადია, ჯარიმისგან იმუნიტეტი არ იცავს მეწარმეს შესაძლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისგან.

ჯარიმის შემცირების კიდევ ერთი საშუალებაა ე.წ. მორიგება (settlement of case), რომელიც ევროკომისიამ კარტელის წევრებს შეიძლება შესთავაზოს, საქმის გამოძიებისა და დარღვევის აღმოფხვრის დაჩქარების მიზნით. ასეთი შეთავაზება ევროკომისიას შეუძლია გააკეთოს საქმის აღძვრის შემდეგ, მხარეებისთვის „საპრეტენზიო უწყების“ (notice of oblections) გაგზავნამდე. თუკი კარტელის რომელიმე წევრი (ან წევრები) ასეთ შეთავაზებაზე დაანხმდა, მას ეძლევა საშუალება წინასწარ გაეცნოს ევროკომისიაში ამ კარტელთან დაკავშირებით არსებულ საქმეს[19] და მოსალოდნელი ჯარიმების ფარგლებს. ამის შემდეგ ევროკომისია მას აძლევს ვადას (როგორც წესი 2 კვირას), რომლის განმავლობაში მას შეუძლია წარადგინოს „მორიგების განაცხადი“ (settlement submission), სადაც იგი აღიარებს დარღვევას, აღწერს მას, აგრეთვე საკუთარ როლს მასში და მონაწილეობის ხანგრძლივობას და მიუთითებს ჯარიმის მაქსიმალურ ზომას, რომელიც მისთვის მისაღებია. თუ ეს შეთავაზება ევროკომისიისთვის მისაღებია, იგი მის საფუძველზე მოამზადებს „საპრეტენზიო უწყებას“ კარტელის ყველა წევრისათვის, შემდგომ კი მეწარმის ამ მოთხოვნებს ითვალისწინებს საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებაშიც. ასეთი მეწარმის ჯარიმა მცირდება 10%-ით, ხოლო საგანგებო „დამსჯელი ეფექტი“ შემოიფარგლება თანხის გაორმაგებით. თუ მეწარმე ამავე დროს „ლმობიერების“ პროგრამაშიც მონაწილეობდა, ორივე გზით მიღებული შეღავათი იკრიბება.[20] 

წყარო: ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ზემოქმედება ქართველ მომხმარებლებზე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, 2015 წ.


[1] ევროპული თანამეგობრობის საერთო ბაზრის მიზანია არა მხოლოდ საქონლის, არამედ აგრეთვე მომსახურების, სამუშაო ძალისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება ქვეყნებს შორის, ე.წ. "ოთხი თავისუფლება" (Four Freedoms), რომელიც ქვეყნებს შორის ვაჭრობისათვის ბარიერების მოხსნით ამ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

[2] იხ. მაგალითად ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის შექმნის მიზნით ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სპააკის, ხელმძღვანელობით მომზადებული ე.წ. „სპააკის ანგარიში". იგი რეკომენდაციას იძლევა, რომ თანამეგობრობის სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგინდეს ქმედებები კარტელებისა და მონოპოლიების მიერ ქვეყნებს შორის ვაჭრობის შემაფერხებელ  ისეთ საქმიანობებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია, ბაზრების დანაწილება, გარკვეული პროდუქტის წარმოების შეზღუდვა და ბაზრის გაკონტროლება.

[3] ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის სადამფუძნებლო დოკუმენტია 1957 წლის რომის შეთანხმება ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის შექმნის თაობაზე (იხ. ინგლისური ოფიციალური თარგმანი). კონკურენციის დაცვის დებულებები ასახულია მის 85-90 და 92-94 მუხლებში. დღეს შეთანხმების ტექსტი სახეცვლილია - მისი დასახელებაა "შეთანხმება ევროკავშირის ფუნქციონირების თაობაზე" (არ აგერიოთ: ცალკეა 1992 წლის შეთანხმება ევროკავშირის თაობაზე) და კონკურენციის დაცვის დებულებები ასახულია მის 101-109 მუხლებში.

[4] ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს.

[5] იგულისხმება ზემოთ მოხსენიებული 1957 წლის რომის შეთანხმება ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ (Treaty Establishing the European economic Community, Treaty of Rome). 1992 წლის მაასტრიქტის ხელშეკრულებით (the Treaty on European Union)  ხელშეკრულების დასახელება შეიცვალა და მას დაერქვა ''შეთანხმება ევროპული თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ'' (Treaty Establishing European Community). 2007 წლის ლისაბონის ხელშეკრულებით (Treaty of Lisbon amending the Treaty on European Union and the Treaty establishing the European Community) ხელშეკრულების დასახელება კვლავ შეიცვალა. დღეს მას ჰქვია ''შეთანხმება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ'' (Treaty on Functioning of the European Union, TFEU). რომის ხელშეკრულებაში კონკურენციის დაცვის თავი წარმოდგენილია 85-94 მუხლებით; იგივე დებულებები „ევროპული თანამეგობრობის ჩამოყალიბების შესახებ“ შეთანხმებაში წარმოდგენილია 81-89 მუხლებით, ხოლო „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ“ შეთანხმებაში - 101-109 მუხლებით.

[6] იხ. Commission Notice on cooperation within the Network of Competition Authorities.

[7] იხ. Commission Notice on the co-operation between the Commission and the courts of the EU Member States in the application of Articles 81 and 82 EC.

[8] კონფიდენციალური ინფორმაცია და ბიზნეს-საიდუმლოება (business secrets) გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო იძლევა მათი არ-გამხელის გარანტიას, ე.წ. „თანამშრომლობის“ (lienency) ფარგლებში მიღებული ინფორმაცია კი - მხოლოდ ინფორმაციის მომწოდებლის თანხმობით.

[9] Commission Notice on the handling of complaints by the Commission under Articles 81 and 82 of the EC Treaty.

[10] ევროკომისიის საინფორმაციო დოკუმენტში საგანგებოდ განმარტებულია, რომ ევროკომისია ადმინისტრაციული ორგანოა და საჯარო ინტერესებს ემსახურება. იმისთვის რომ ეს ფუნქცია ეფექტურად შეასრულოს, განსახილველი საქმეებიდან, სწორედ საჯარო ინტერესის შესაბამისად, მან უნდა გამოჰყოს პრიორიტეტები და თავისი ძალისხმევა მათზე მიმართოს.

[11] Commission Regulation (EC) No 773/2004 of 7 April 2004 relating to the conduct of proceedings by the Commission pursuant to Articles 81 and 82 of the EC Treaty.

[12] მეწარმეს წინასწარ ეცნობება ინსპექტირების თარიღი და მიზანი. თუ მეწარმე წინააღმდეგობას უწევს ევროკომისიის მიერ მის ინსპექტირებას, ინსპექტორს შესაბამისი ქვეყნის  პოლიცია უნდა დაეხმაროს. თუ ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით საწარმოში შესასვლელად სასამართლო ბრძანებაა საჭირო, ეროვნული „ანტიმონოპოლური“ უწყება წინასწარ მიმართავს ეროვნულ სასამართლოს და მოიპოვებს ამ უფლებას.

[13] იგულისხმება დარღვევასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული საქონლის გაყიდვები შესაბამის გეოგრაფიულ ბაზარზე. მაგალითად, თუ კანონდარღვევა ეხებოდა შეთანხმებას რაიმე პროდუქტის ფასთან დაკავშირებით, კალკულაციაში შევა როგორც ამ პროდუქტის გაყიდვები, ასევე სხვა პროდუქტების გაყიდვები, რომელთა ფასზე ამ შეთანხმებამ იმოქმედა (ერთ პროდუქტზე ფასის დაფიქსირება თამაშობს ფასის განმსაზღვრელის როლს უფრო უკეთეს და უფრო უარესი პროდუქტებისთვის).

[14] ამ პროცენტის განსაზღვრა ხდება ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, როგორიცაა დამრღვევთა წილი ბაზარზე, ტერიტორია, რომელსაც დარღვევა მოიცავდა და აგრეთვე ის გარემოება, თუ რამდენად არის დარღვევა განხორციელებული.

[15] კონკურენციის სფეროში დარღვევის ხანდაზმულობის ზოგადი ვადაა 5 წელი. შესაბამისად, წლების კოეფიციენტი მაქსიმუმ 5 შეიძლება იყოს.

[16] თუ ევროკომისიის ან ეროვნული „ანტიმონოპოლური“ უწყების მიერ კანონდარღვევის აღმოჩენის შემდეგ მეწარმე ამ კანონდარღვევას კვლავ იმეორებს, ჯარიმას ხელახლა ემატება  საბაზო ოდენობა, ყოველი გამეორებისთვის.

[17] Commission Notice on Immunity from fines and reduction of fines in cartel cases.

[18] იმუნიტეტის მომთხოვნი მეწარმე ვალდებულია სრულად ითანამშრომლოს ევროკომისიასთან, არ გაანადგუროს ან შეცვალოს კარტელის არსებობის დამამტკიცებელი დოკუმენტები, არ გაამხილოს თავისი თანამშრომლობა ევროკომისიასთან (უწყების გამოცემამდე).

[19] გარდა ევროკომისიის შიდა დოკუმენტებისა, კონკურენციის ქსელის წევრი უწყებების მიმოწერისა და დოკუმენტების იმ ნაწილისა, რომელიც მათი წარმდგენი მეწარმის მოთხოვნით კლასიფიცირებული იქნა როგორც ბიზნეს-საიდუმლო (business secrets) ან სხვა ტიპის კონფიდენციალური ინფორმაცია (იხ. Commission Notice on the rules for access to the Commission file in cases pursuant to Articles 81 and 82 of the EC Treaty, Articles 53, 54 and 57 of the EEA Agreement and Council Regulation (EC) No 139/2004)

[20] Commission Notice on the conduct of settlement procedures in view of the adoption of Decisions pursuant to Article 7 and Article 23 of Council Regulation (EC) No 1/2003 in cartel cases.